http://banksandfinance.ge/society/2502-sakutreba.htmlდაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობს – არის მომხმარებელი, ანუ პირი, რომელიც უკვეთავს, იძენს ან იღებს ნებისმიერი ტიპის პროდუქტს თუ მომსახურებას პირადი მოხმარებისთვის – არასამეწარმეო მიზნისთვის. არავის გაგიჭირდებათ ისეთი შემთხვევის გახსენება, როცა თქვენი, როგორც მომხარებლის უფლება უგულებელყვეს და დაარღვიეს. მნიშვნელოვანი და მომხარებელსა და მომწოდებელს შორის ურთიერთობის განმსაზღვრელი კი ასეთ დროს სწორედ თქვენი რეაქციაა.
პარადოქსულია, მაგრამ ჩვენთან მომხარებლის უფლების დარღვევაში მთავარი დამნაშავე თვითონ მომხმარებელია. რამდენჯერ დაგვზარებია, მოგვრიდებია, გადაგვიდია ან ყურადღება არ მიგვიქცევია დარღვევისთვის და არასათანადო მომსახურებისთვის?!
ამის შედეგია ის, რომ იგივე განმეორდება ხვალაც, ზეგაც და მანამ, სანამ თვითონ არ შევცვლით ჩვენსავე სამომხარებლო კულტურას. ხშირ შემთხვევაში, ისიც კი არ ვიცით, რისი უფლება გვაქვს და როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა სკანდალის გარეშე, კანონის დაცვით. ამის პრეცენდენტები, თითზე ჩამოსათვლელია და იმდენად გაუხმაურებელია, რომ რაიმე ცვლილებას და ვითარების გაუმჯობესებას ხელს ვერ უწყობს. განვითრებულ ქვეყნებში კი სამომხარებლო კულტურაზე უფრო აქტუალური ცნება სამომხარელო ექსტრემიზმია.
მომხმარებლის მიერ იურიდიული ნორმებით მანიპულირება მწარმოებლისგან ან გამყიდველისგან მოგების მიღების მიზნით. ყველას გექნებათ გაგონილი ცნობილი და „მოარული“ ისტორია ერთ ქალზე, რომელმაც "მაკდონალდს" უჩივლა მდუღარე ყავის და არარსებული მარკირების გამო და დიდი თანხაც "ჩაიჯიბა". შესაძლოა, ვინმეს ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ ამ „გაკვეთილით“ ჭკუანასწავლი მწარმოებლები მართლაც საოცარ და ფანტასტიკურ ინსტრუქციებს აყოლებენ ნაწარმს. ასე მაგალითად, სუპერმენის ფორმას აქვს ინსტრუქცია – "არ დაფრინავს". ასევე საინტერესოა მიკროტალღური ღუმელის ინსტრუქცია – `არ გამოიყენება ცოცხალი ცხოველებისთვის". კედლების გასახვრეტი ელექტროხელსაწყოს ინსტრუქცია – "არ გამოიენება კბილების გასაბურღად~, ერთი სიტყვით, უამრავი ასეთი მაგალითის გახსენება შეიძლება.
სამომხმარებლო ექსტრემიზმს თავი დავანებოთ, აქაურ მწარმოებლებს და მომწოდებლებს შეუძლიათ ამ მხრივ მშვიდად იყვნენ, რადგან კარგა ხანს არ ემუქრებათ ეს საფრთხე.
სამომხმარებლო კულტურა ვახსენე და ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით, რისი უფლება გვაქვს და როგორ მოვიქცეთ, თუკი ჩვენი უფლება დაირღვა.
ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, სამომხმარებლო ბაზარზე ერთმანეთს უპირისპირდება გამყიდველი – პროფესიონალი (გათვლილი სტრატეგია, წინასარშედგენილი ხელშეკრულება, სადაც ყველაზე საგულიხმო ინფორმაცია უწვრილესი შრიფტითაა მოცემული, ფსიქოლოგიური ზეწოლა...) და დილეტანტი მყიდველი (კანონის არცოდნაზე რომ არაფერი ვთქვათ, უმეტესწილად ისიც კი არ ვიცით, როგორ მივიღოთ საჭირო ინფორმაცია თუნდაც – ეტიკეტიდან).
ძალათა არათანაბარი გადანაწილებაა, დამეთანხმეთ!
ჰოდა, იმისთვის, რომ საჭირო წონით კატეგორიაში მოვხვდეთ, აუცილებელია მეტი ვიცოდეთ საკუთარი უფლებების და მეტიც, მოვალეობების შესახებ.