მოდი მე მთლიანად 125-ე მუხლს დავდებ, სხვებსაც დასჭირდებათ ალბათ შემდეგში

შენ რომელ წესებშიც ნახე ეგ დიდი ხნის ძალადაკარგულია. დღეს ესაა მოქმედი 125-ე მუხლი.
ცუდია ამხელა ჯარიმა რომ დაგიწერეს.
მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა (28.04.2006. N2962)
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –
გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას ერთი თვის ვადით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
6. საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
61. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, –
გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით. (17.07.2009. N1505)
7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, – (30.12.2008 N 956)
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
9. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, ან შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, რამაც გამოიწვია საცობის შექმნა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
10. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
შენიშვნა:
1. მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე ან განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. თუ სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანა შეუძლებელია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დადგენის შემდეგ დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა ამ კოდექსით დადგენილი წესით. (20.10.2009. N1812)
2. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.(2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
21. ამ მუხლის 61 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, აგრეთვე ამ მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
41. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. (30.12.2008 N 956)
42. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (30.12.2008 N 956)
5. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
6. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (8.05.2007 N4707)