11:16 / 10-01-2013
20 ათასი ადამიანი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდებს ხელმეორედ ჩააბარებს
ყველა ამნისტირებულს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 173-ე მუხლებით) იყო გასამართლებული, მართვის მოწმობის ასაღებად თეორიული გამოცდის ჩაბარება ხელახლა მოუწევს. ასეთი კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით 20 ათასია.
"სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა;
ბ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება.
აღნიშნული ცვლილება "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2008 წელს შევიდა.
ნარკომომხმარებლებს რომ შეზღუდვები უნდა ჰქონდეთ დაწესებული, ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მართვის მოწმობასთან დაკავშირებული საკითხი გვაინტერესებს... სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების მიხედვით, თუ აკრძალვა ერთ წელზე მეტია, ამ შემთხვევაში, ნებისმიერმა პიროვნებამ თეორიული გამოცდა თავიდან უნდა ჩააბაროს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ ვერანაირ შემამსუბუქებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, თუ სასამართლო დადგენილებას არ შეცვლის. თუმცა, რა იგულისხმება შემამსუბუქებელ გარემოებაში, ჯერ არავინ იცის. ამის
თაობაზე არც სასამართლოში უფიქრია ვინმეს. ყოველ შემთხვევაში, ვინც ავტომობილის მართვას გადაწყვეტს, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს ძველ მართვის მოწმობას და ხელახლა სცადოს ბედი. რამდენად შეძლებენ ნარკომომხმარებლები ამას, ეს უკვე სხვა საკითხია.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი "ალია"
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/samartali/69031-20-at...l#ixzz2HYp47MJX