აი ნახე.....
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №14
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 ნოემბრის №660 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სპეციალური სამთავრობო დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფოს შინაგან უშიშროებას საშინაო და საგარეო წყაროებისაგან მომდინარე საფრთხისაგან.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან საერთაშორისო ნარკობიზნესის, ტერორიზმისა და სხვა საერთაშორისო ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, თავისი ნამდვილი და პირობითი სახელწოდებით და დამოუკიდებელი ბალანსი. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესით. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 9 აპრილის ქუჩა №4.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
6. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონი „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა კანონები, ეს დებულება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას.
7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაში არიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები, სამინისტროს ქ. თბილისის, სამხარეო, რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო უშიშროების ორგანოები, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებანი.
II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
8. სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფა.
9. სამინისტროს ამოცანებია:
ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებისაგან;
ბ) სახელმწიფოს უშიშროებისათვის არსებითი საფრთხის შემქმნელი, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ორგანიზებული ხასიათის დანაშაულების გამოვლენა და თავიდან აცილება, საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება, მოკვლევა და წინასწარი გამოძიება;
გ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა – სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებში და ამ საქმიანობის კოორდინაცია.
10. მისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) კონტრსადაზვერვო საქმიანობა უცხოეთის სპეცსამსახურებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო და მტრული საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
ბ) სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტრსადაზვერვო საქმიანობა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სასაზღვრო ჯარებში, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ სხვა შეიარაღებულ ფორმირებებში;
გ) კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის ფარული ვიდეო - და აუდიოჩაწერა, კინო - და ფოტოგადაღება, ელექტრონული კონტროლი, კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან (ტელეფონი, ტელეგრაფი, ფაქსი, ტელექსი, რადიოკავშირი და სხვ.) ინფორმაციის მოპოვება, გარე მეთვალყურეობა, იმ საქმეების მოკვლევა და წინასწარი გამოძიება, რომლებიც კანონმდებლობით მის კომპეტენციას განეკუთვნება, დანაშაულში ეჭვმიტანილ ან დამნაშავე პირთა ძებნა და დაკავება;
დ) პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ დანაშაულთა პროფილაქტიკა, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად სამინისტროს ქვემდებარეა;
ვ) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დროებითი ყოფნის იზოლატორის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს თანამშრომელთათვის იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სპეცსაშუალებების შენახვისა და ტარების ნებართვის მიცემა, რომელთა გამოყენება მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად;
თ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციებსა და საწარმოებში მისი დაცვის კონტროლი, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;
ი) დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან;
კ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით;
ლ) სათანადო უწყებებთან ერთად შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს საზღვრების, ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული დანიშნულების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს ქვემდებარე ობიექტების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა უშიშროების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების გაფრთხილება იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს უშიშროებას;
მ) საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და დაინტერესებული უწყებების ინფორმირება სახელმწიფო უშიშროებისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ;
ნ) დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის ოპერატიული უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან თანამშრომლობით;
ო) დადგენილი წესით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან და სხვა სათანადო უწყებებთან თანამშრომლობით თანამდებობის პირების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეფონო, სატელეგრაფო, რადიო - და სხვა კავშირებით უზრუნველყოფა;
პ) სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად, კონტრსადაზვერვო საქმიანობით საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის წარმომადგენლობების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების უშიშროების უზრუნველყოფა;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის ან პარლამენტის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა უშიშროების უზრუნველყოფა;
რ) სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ს) სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ტ) საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა.
III. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
11. სამინისტროს ხელმძღვანელობს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
12. მინისტრი:
ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;
ვ) განსაზღვრავს სამინისტროს ქვედანაყოფების უფროსთა უფლებამოსილებას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს;
თ) ანიჭებს სამხედრო წოდებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას;
კ) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით, კონტრაქტის საფუძველზე, ცალკეულ შემთხვევებში ადგენს პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს;
ლ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს საკანონმდებლო აქტების პროექტებსა და წინადადებებს სახელმწიფო უშიშროების საკითხებზე;
მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე:
ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს უწყებრივ აქტებს და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ო) თავისი მმართველობის სფეროში, თავისივე ბრძანებით, ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას, განსაზღვრავს მის მოვალეობას და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მის მუშაობას;
პ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისივე ბრძანებით ქმნის კომისიებს სათათბირო ხმის უფლებით;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს თანამშრომლებს აძლევს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;
ს) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული უშიშროების საბჭოში სამინისტროს იმ ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ წარდგენის თაობაზე, რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს;
ტ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში;
უ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
ფ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
ქ) ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
IV. მინისტრის მოადგილეები
13. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი.
14. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
15. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
16. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მინისტრის არყოფნისას.
17. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრის დავალებით, ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
V. სამინისტროს სტრუქტურა, ტერიტორიული ორგანოები, მათი ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
18. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები არიან:
ა) კონტრდაზვერვის სამსახური;
ბ) სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახური;
გ) კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახური;
დ) ანტიტერორისტული ცენტრი (სამსახური);
ე) საგამოძიებო სამსახური;
ვ) ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური;
ზ) უშიშროების საკითხებში ოფიცერთა ჯგუფი (სამსახური);
თ) სამინისტროს ადმინისტრაცია (სამმართველო);
ი) კადრების სამმართველო;
კ) სამეურნეო სამმართველო;
ლ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო;
მ) კავშირგაბმულობის სამმართველო;
ნ) საკუთარი უშიშროების სამმართველო;
ო) საფინანსო სამმართველო.
19. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;
გ) ქ. თბილისის სამმართველო;
დ) რეგიონალური სამმართველოები;
ე) რაიონული (საქალაქო) განყოფილებები.
20. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი;
ბ) აკადემია;
გ) სამხედრო-სამედიცინო ნაწილი.
21. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:
ა) კონტრდაზვერვის სამსახური ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას უცხოეთის სპეცსამსახურებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
ბ) სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახური ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას სამხედრო ძალებში, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით საზოგადოებრივი უშიშროების მიზნით შექმნილ შეიარაღებულ ფორმირებებში;
გ) კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახური სპეცსამსახურის საქმიანობის ფორმებითა და მეთოდებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით იცავს სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემას და ხელისუფლებას არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან, უზრუნველყოფს ფულად-საკრედიტო და საფინანსო საბიუჯეტო სისტემაში ორგანიზებული ხასიათის, მათ შორის კორუფციული სამოხელეო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას;
დ) ანტიტერორისტული ცენტრის (სამსახურის) ძირითადი ამოცანაა ტერორიზმის, საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, კერძოდ მასობრივი მოსპობის იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ცალკეული დანაშაულების გამოვლენა და თავიდან აცილება;
ე) საგამოძიებო სამსახური ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა წინასწარ გამოძიებას, დროებითი ყოფნის იზოლატორის ფუნქციონირებას;
ვ) ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის ძირითადი ფუნქცია ოპერატიული სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფა სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელებით;
ზ) უშიშროების საკითხებში ოფიცერთა ჯგუფში შედიან სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც „სახელმწიფო უშიშროების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად ინიშნებიან სახელმწიფო უშიშროებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში და ახორციელებენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას, აგრეთვე სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ოფიცრები უშიშროების საკითხებში ექვემდებარებიან სახელმწიფო უშიშროების მინისტრის სამსახურებრივ ზედამხედველობას და ადმინისტრირებას, აგრეთვე შესაბამისი უწყებისა და დაწესებულების შინაგანაწესს.
იმ უწყებათა და დაწესებულებათა ჩამონათვალი სადაც ინიშნებიან უშიშროების ოფიცრები, განისაზღვრება ამ დებულებით (დანართი). ცალკეულ შემთხვევებში უშიშროების ოფიცრები შეიძლება დაინიშნონ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის და შესაბამისი უწყებისა და დაწესებულების ხელმძღვანელის შეთანხმებით;
თ) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ქვედანაყოფების მუშაობის ინსპექტირება, საინფორმაციო ბანკის შევსება, ოპერატიული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების ორგანიზება, სამინისტროს დანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება, ოპერატიული აღრიცხვის, საკანცელარიო და საარქივო საქმიანობის წარმოება;
ი) კადრების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და საბრძოლო და ფიზიკური მომზადებისა და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, დისციპლინური წარმოება;
კ) სამეურნეო სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
ლ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ფუნქციებია სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებსა და საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე წინასაგამოძიებო შემოწმების, მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების უზრუნველყოფა საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევებითა და დასკვნებით;
მ) კავშირგაბმულობის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფთან ერთად უზრუნველყოფს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო „მაღალი სიხშირისა“ და რადიო-სატელეფონო კავშირებით, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს შიფრული კავშირებით უზრუნველყოფას;
ნ) საკუთარი უშიშროების სამმართველო უზრუნველყოფს შიდაუწყებრივ უშიშროებას;
ო) საფინანსო სამმართველო ახორციელებს სამინისტროს საქმიანობის საფინანსო უზრუნველყოფას;
პ) სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო-გამოყენებითი ხასიათის სამუშაოებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებით და მათ უზრუნველსაყოფად;
ჟ) აკადემია – სამინისტროს სასწავლო-სამეცნიერო ქვედანაყოფია;
რ) სამხედრო-სამედიცინო ნაწილი უზრუნველყოფს თანამშრომელთათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროულ აღმოჩენას, სამხედრო-სამედიცინო კომისიის ორგანიზაციასა და ჩატარებას.
22. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს ცალკეულ ქვედანაყოფთა დასახელება, შინაგანი სისტემა და კომპეტენცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. მათ დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.
23. სამინისტროს საიდუმლო ნორმატიული აქტები კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვთ სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში.
24. სამინისტროს დებულება და სტრუქტურა მოქმედებს უწყების საერთო რეფორმირებამდე.
დანართი
იმ უწყებათა და დაწესებულებათა ნუსხა, სადაც ინიშნებიან ოფიცრები უშიშროების საკითხებში
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო
3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო
6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
7. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
8. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო
9. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
12. საქართველოს კონტროლის პალატა
13. საქართველოს ეროვნული ბანკი
14. სახელმწიფო დეპარტამენტი „საქსტანდარტი“
15. სს „თბილგაზი“
16. თბილისის მერია
17. სს „მეტროპოლიტენი“
18. სს „საქნავთობი“
19. სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი
20. სს „თბილსრესი“
21. „საქაერონავიგაცია“
22. სს „აეროპორტი თბილისი“
23. კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი
24. საავიაციო გაერთიანება „ავიამშენი“
25. სს „საქართველოს რკინიგზა“
26. ქუთაისის აეროპორტი
27. სენაკის აეროპორტი
28. ფოთის ნავსადგური
* შენიშვნა: უშიშროების საკითხებში ოფიცერთა რაოდენობა და სტატუსი განისაზღვრება უწყების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.