”ჩემი რეკლამა შენსას ჯობია...”
სარეკლამო ბაზრის გამოცოცხლება თებერვლის ბოლოდანაა მოსალოდნელი
სარეკლამო ბაზარზე საახალწლო ციებ-ცხელება ჩაცხრა. ახლა ის დროა, როცა კომპანიებს წლევანდელი სარეკლამო კამპანია და მისი ბიუჯეტი უკვე განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთებას ჯერ არ დაშურებიან. მიზეზი კი სარეკლამო ბაზარზე პრიორიტეტების გადანაწილებაა. ყველაზე საგრძნობი ზრდა ინტერნეტსეგმენტშია. რაც უფრო იზრდება მოსახლეობის ინტერნეტით უზრუნველყოფის დონე, მით უფრო იზრდება ინტერნეტრეკლამით დაინტერესება.
გიორგი ბროძელი (სარეკლამო კომპანია ”მაქსპრომჯგუფის” ხელმძღვანელი): ”კრიზისის შემდეგ კომპანიებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს სარეკლამო ბიუჯეტები და ძირითადად პოლიგრაფიულ რეკლამაზე გადავიდნენ. ბოლო ორი თვის განმავლობაში, ანუ საახალწლოდ, შეკვეთების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით ესეც შემცირებული იყო.
სატელევიზიო მილოცვების ნაცვლად, წლეულს კომპანიებმა საახალწლო რეკლამირება სასაჩუქრე პაკეტებით, კალენდრებით, მისალოცებითა და სხვა პოლიგრაფიული საშუალებებით გააკეთეს. კრიზისამდე კი მოთხოვნა ძირითადად სატელევიზიო რეკლამაზე იყო. ახლა უფრო ხშირია შეკვეთები პიარსტატიებზე პრესაში, პრომოაქციებზე, გარერეკლამაზე, ბილბორდებზე, რაც გაცილებით იაფი ჯდება. სხვათა შორის, ბოლო დროს აქტუალური გახდა ინტერნეტრეკლამა.
ხალხი ფაქტობრივად მიჯაჭვულია კომპიუტერსა და ინტერნეტს და ამის გამო ინტერნეტში რეკლამის განთავსებაზე მოთხოვნაც დიდია. რაც უფრო მაღალია საიტის რეიტინგი, მით უფრო ხელსაყრელია მასზე რეკლამის განთავსება. ყველაზე რეიტინგული სოციალური ქსელებია, შემდეგ მოდის საინფორმაციო საიტები და საიტები, სადაც ყიდვა-გაყიდვის შესახებ არის ინფორმაცია. ასეთი საიტების საშუალებით, უშუალოდ შენს სამომხმარებელო სეგმენტზე გადიხარ”.
თამარ ციცვიძე (ჰოლდინგ ”საქართველოს მედიის გაერთიანების” სარეკლამო სამსახურის ხელმძღვანელი): ”გაგიკვირდებათ და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ვინ რამდენს დახარჯავს რეკლამაში ამ წლის განმავლობაში. არადა, ამ დროს ყოველთვის გვქონდა ინფორმაცია კომპანიების სარეკლამო ბიუჯეტების შესახებ. რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას, კომპანიები ძირითადად ეკონომპაკეტებით სარგებლობენ და არა განთავსებითი რეკლამით, როცა წუთის ღირებულება უფრო ძვირია. დამკვეთს ურჩევნია ნაკლები გადაიხადოს. ეკონომიური სარეკლამო პაკეტის ნაკლია იმის განუსაზღვრელობა, რა დროს და რომელი გადაცემის სარეკლამო ჭრაში მოხვდება რეკლამა.
იანვარი და თებერვლის პირველი ნახევარი, სარეკლამო ბაზრისთვის მაინც ”მკვდარი სეზონია”. გამოცოცხლება თვის მეორე ნახევრიდან დაიწყება. თუმცა ბეჭდურ მედიასა და გარერეკლამაზე მოთხოვნა ახლაც თვალში საცემია. ზოგჯერ ქალაქში ცარიელი ბილბორდი არ არის, რომ რეკლამა განათავსო”.
თეიმურაზ ხაინდრავა (ინტერნეტსაიტ ”ტოპ.გეს” ადმინისტრატორი, მფლობელი): ”ნებისმიერმა საიტმა, რომელიც ჩვენი რეიტინგის მონაწილეა და გაიარა რეგისტრაცია, თავის საიტზე უნდა განათავსოს ”ტოპ.გეს” მთვლელის კოდი, რომლის მეშვეობით საიტის მნახველები აღირიცხება. რეიტინგი დგება უნიკალური მისამართებიდან საიტზე შემსვლელთა რაოდენობის მიხედვით, ანუ რამდენი სტუმარი შედის ყოველდღიურად თითოეულ საიტზე.
რა თქმა უნდა, ზოგი საიტი ცდილობს რეიტინგის გააყალბებას, მაგრამ ჩვენ თუ ასეთ ფაქტებს აღმოვაჩენთ, რეაგირებას ვახდენთ. პირველ და მეორე შემთხვევაზე დროებით, ხშირად განმეორების შემთხვევაში კი საიტს სამუდამოდ ვბლოკავთ. რეიტინგის გაყალბების მიზანია, უშრომლად მიაღწიონ წარმატებას, შექმნან ილუზია, თითქოს საიტი პოპულარულია და რეკლამა მოიზიდონ. მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და როცა რეკლამის შემკვეთი ნახავს, რომ თვალწარმტაცი რეიტინგის მიუხედავად, მისი რეკლამა არ მუშაობს, მიხვდება, რომ ფული წყალში გადაყარა და მეორედ რეკლამას იქ აღარ შეუკვეთავს. ამიტომ რეიტინგების გაყალბებას არავის ვურჩევ.
სოლიდურ საიტს, როგორც წესი, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის მთვლელი და სტატისტიკა აქვს. რეკლამის დამკვეთმა, ვიდრე არჩევანს გააკეთებდეს, ეს რეიტინგები ერთმანეთს უნდა შეადაროს. თუ ერთი რეიტინგით საიტი პოპულარულია, ხოლო მეორის მიხედვით -დაბალი, ესე იგი, აქ რაღაც ამბავია. კიდევ არსებობს საერთაშორისო სტატისტიკის საიტი ალეხა.ცომ, რომელიც სხვა ტექნიკური საშუალებებით ადგენს საიტების პოპულარობას. იქ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვითაა მოცემული და შესაძლებელია იქაც შემოწმდეს საიტის რეიტინგი.
დამკვეთმა ათჯერ უნდა გაზომოს და ერთხელ გადაწყვიტოს, სად განათავსებს ინტერნეტრეკლამას. ნახოს საიტის შინაარსობრივი მხარეც, სხვადასხვა პარამეტრით შეაფასოს, რამდენად განახლებადია მასზე ინფორმაცია, შეხედოს, როგორია ამ საიტის დინამიკა, წარსულში როგორი რეიტინგი ჰქონდა და ახლა როგორია. თუ არაბუნებრივად მაღალი ზრდის დინამიკა აქვს, მაშინ მასთან თანამშრომლობა საფრთხილოა.
”ტოპ.გეზე” შემსვლელს შეუძლია ნახვა, კონკრეტული საიტის სტუმრები კიდევ რომელ სხვა 20 საიტს სტუმრობენ. ეს ზოგიერთი უცნაურობის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ბიზნესკატეგორიაში ლიდერი საიტებიდან ზოგიერთის მნახველები ასევე საქმიან საიტებზე შედიან. ხოლო კატეგორიის სხვა ”ლიდერების” სტუმრები კი თითქოს გასართობი და პორნოპორტალების მომხმარებლების ნაკრებია. ალბათ, დაკვირვებული შემკვეთისთვის ეს მონაცემები სწორი დასკვნის საფუძველი იქნება.
”ეკოპალიტრა” This post has been edited by imageexpress on 10 Feb 2010, 13:00
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]