ნუ, მე თუ მკითხავ - პარლამენტში ჯდომა ციხეა, თავისთავად
ეს კი ლევან ვარაზის (ეგააო სტუმარი, კონტრალტო-ბიჭმა) სტატია. გასაგებია ყველაფერი
‘საქართველო თავისუფლებას ვეღარ გადაურჩება’
ლევან ვარაზი
ჟან-პოლ სარტრის გამონათქვამის ეს პერიფრაზი ორიგინალისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ "საქართველომ" აქ "ევროპელი ადამიანის" ადგილი დაიკავა, ვინაიდან ამჟამად სარტრის პარადოქსული "მუქარა" ჩვენთვის არის აქტუალური.
ფრანგებს საერთოდ უყვართ პარადოქსები: პარადოქსი ხომ გარეგნულად დახვეწილი ფიგურაცაა და სამყაროს წინააღმდეგობრივ მოწყობაზე საიდუმლო მითითებაც. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სარტრმა არა მთლიანად ბუნების, არამედ კერძოდ ადამიანური ბუნების ამბივალენტობას გაუსვა ხაზი: ადამიანი მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როდესაც თავისუფალია; ამავე დროს მას არაფრის ეშინია ისე, როგორც თავისუფლების.
კოლექტივის გაღმა დარჩენის ატავისტური შიში და საკუთარი ინდივიდუალობის დამკვიდრების წმინდა ადამიანური ინსტიქტი ჩვენი ორმაგი ბუნების დიალექტიკურ განხეთქილებას ასახავს. ხოლო ის, თუ როდის რომელი საწყისი იმარჯვებს, კულტურულ სივრცეზე, ეპოქაზე და ცალკეული ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული. ეს ყოველივე მთლიანად ერზეც ვრცელდება: თუ ერი ხვდება, რომ ის დიდ სამყაროში არაკონკურენტუნარიანია, მან შეიძლება ციხეში ყოფნის ვადა გაიხანგრძლივოს ან სულაც თავი მოიკლას (განთავისუფლების წინა ღამეს ტუსაღების მიერ ჩადენილი სუიციდი ხომ საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა). საქართველოში 2007 წლის ნოემბერის არეულობა სწორედ ამ გახანგრძლივების ან თვითმკვლელობის მცდელობას ჰგავდა.
დაახლოებით იგივე შეიძლება აფხაზეთზეც ითქვას, თუმცა მისი "თავისუფლებისგან გადარჩენის" ტექნოლოგია მაინც სხვაა (აქ უფრო ციხის ადმინისტრაციასთან შერწყმის მცდელობას ვხედავთ).
პოსტსაბჭოურ "ზონაში" თავისუფლების ეს მასობრივი ფობია ალბათ იმით აიხსნება, რომ სსრკ-ს იერარქიული სისტემა საყოველთაო კონფორმიზმს გულისხმობდა, ხოლო კონფორმიზმი მე-ს, ე.ი. ინდივიდუუმის არსებობას გამორიცხავს. ანუ ჩვენ, სსრ კავშირში გაჩაღებული "ინდივიდუალიზმთან ომის" შედეგად, მეობა ტოტალურად გვაქვს დაკარგული, რადგან სხვანაირად "აზიურ" სისტემაში ვერ ვიარსებებდით. და ესეც პარადოქსია: "მეშჩანობასთან" ბრძოლა, "თანასწორუფლებიანი სახელმწიფოს" დეკლარირება, და ამასთანავე სასტიკი "აზიური" იერარქიულობა...
საბჭოთა კონფორმიზმი კერძო საკუთრებასთან (ე.ი. პირველ რიგში - საკუთარ მეობასთან) ომის პარადოქსული ნაყოფია. პარადოქსული იმიტომ, რომ პირადი კეთილდღეობის დაგმობამ სწორედ რომ პირადი კეთილდღეობისკენ მანიაკალური ლტოლვა წარმოშვა. ეს ლტოლვა ფარული, არალეგალური იყო და ჩვეულებრივ ქურდობას ნიშნავდა. ქურდი კი თვისობრივად ანონიმურია, რაც ისევ და ისევ მეობის არქონას (ან დამალვას) ნიშნავს. ასე ჩვენ ჩაკეტილ წრეში აღმოვჩნდით: მეობასთან (კერძო საკუთრებასთან) ბრძოლამ ჩვენი პიროვნება დათრგუნა და კონფორმისტებად გვაქცია, ხოლო კონფორმიზმის მიზანი პირადი კეთილდღეობაა, რომელსაც ინკოგნიტოდ, ქურდობით ვაღწევდით.
ასეა თუ ისე, გუშინდელი იერარქიულის საწინააღმდეგოდ, ევროპული დემოკრატიის ჰორიზონტალური წყობილება დღეს ინდივიდუალიზმს გვთავაზობს. უფრო ზუსტად კი - გვიბრძანებს ინდივიდუუმები ვიყოთ და გვქონდეს ის, რაც აღარც კი გვახსოვს, როგორ გამოიყურება. ჩვენ, რომლებმაც "მეობის ამპუტაცია" გადავიტანეთ (ფაშისტურ გერმანიაში აინშტაინისეული "ტვინის ამპუტაციის" მაგვარი) და თეთრს შავისგან ვეღარ ვარჩევთ, ახლა ლიბერალების მიერ თავს მოხვეული ჭადრაკი უნდა ვითამაშოთ. შეიძლება ძალიანაც გვინდოდეს ამ თამაშის მიღება, მაგრამ რითი უნდა ვითამაშოთ ეს ჭადრაკი? პოსტსაბჭოთა მოსახლეობის ინტელექტუალური მდგომარეობა ხომ ინსულტის შემდგომ პერიოდს ჰგავს, როდესაც მოზრდილ ადამიანს ნივთების სახელწოდებებს საბავშვო სურათების მეშვეობითღა თუ გაახსენებ.
როცა საკუთარი თავიც კი ბუნდოვნად გახსოვს, საიდანღა უნდა იცოდე, თუ რას ნიშნავს, მაგალითად, "ილიას გზა"? მითუმეტეს, თუ ამ გზაზე შემობიჯებას ყოფილი რაიკომის მდივანი გთავაზობს? ილია ჭავჭავაძე "თერგდალეულია", რაც იმას ნიშნავს, რომ ის რუსეთში სწავლობდა; რაიკომის მდივანიც რუსეთში სწავლობდა (და ახლაც იქ სწავლობს); მაშასადამე, რაიკომის მდივნის მიერ დასახული მიმართულება ალბათ "რუსეთისკენ თერგის გავლით მიმავალ გზას" უნდა ნიშნავდეს. ასეთი ინტერპრეტაცია მეტნაკლებად ლოგიკური მაინც იქნება, რადგან ილია ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებული სხვა საქმეები საქართველოში ისედაც კეთდება: ლიტერატურაში რეალიზმის ტრადიცია გრძელდება, საბანკო საქმე ვითარდება, რუსეთის წინააღმდეგ ნაციონალურ-განმათავისუფლებელი ბრძოლაც მიმდინარეობს (და ის უფრო შედეგიანად წარიმართებოდა, რაიკომის მდივანი რუსეთს ასე ხშირად რომ არ სტუმრობდეს).
თუკი ამ აღმოჩენის შემდეგ ფორმალური გამონათქვამების შეუმოწმებლად მიღებას შევეშვებით და ოდნავ მაინც დავფიქრდებით, თუ რას ნიშნავს, მაგალითად, ღვინის ფალსიფიკატორის უკმაყოფილება "ქართული ტრადიციების განადგურებით", მივხვდებით, რომ "ღვინის ფალსიფიცირება ქართული ტრადიციაა" (ამ ფალსიფიკატორის თვალსაზრისით). ასე, ადრე თუ გვიან, ჩვენ შეიძლება უფრო მოულოდნელ აღმოჩენამდეც მივიდეთ, რომელიც ჩვენი ინტელექტის სიმშვიდეს სამუდამოდ დაარღვევს.
თურმე მთელი ცხოვრების განმავლობაში დამოუკიდებლად თითქმის სულ არ გვიაზროვნია და მხოლოდ სტერეოტიპული "გამონათ-გვამებით" ვსარგებლობდით. ამის შეგნებისთანავე ირგვლივ ტერმინოლოგიურ სასაფლაოს ვიხილავთ და ფრანც კაფკასავით თავს ძილის სამყაროში გამოღვიძებულებად ვიგრძნობთ. ამ "კაფკიანური" (ან "ჰამლეტური") მარტოობის წარმოსადგენად არ არის აუცილებელი ლიტერატურულ ანტიუტოპიებს მივმართოთ - მკვდარი დეფინიციებით გაუაზრებელი სარგებლობის შემთხვევებს ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით. ამის ტიპური მაგალითი თუნდაც ჩემი მეგობრის ერთ ნაცნობ ქალთან "უმნიშვნელო" საუბარია, როდესაც ამ უკანასკნელმა მას ლუთერანობის ეშმაკისეულ ბუნებაზე განუცხადა. მეგობრის კითხვაზე, თუ რა არის მისი აზრით "ლუთერანობა", მართლმადიდებელმა ქალბატონმა უპასუხა: ლუთერანობა ქრისტიანობაში მარტინ ლუთერ კინგის მიმდინარეობააო. ე.ი., ამ ქალბატონის ვერსიით, პროტესტანტიზმი არა ხუთასი წლის წინ, ვიტენბერგში, არამედ ორმოცდაათი წლის წინ, ამერიკაში გაჩნდა; მისი დამფუძნებელი კი აშშ-ს შავკანიანი მოსახლეობის უფლებების დამცველი ყოფილა, რომელიც რასისტებმა მოკლეს. დავუშვათ, რომ ეს მართლაც ასე იყოს, მაგრამ რატომღა არის ამ შემთხვევაში ლუთერანობა "ეშმაკისეული"? მარტინ ლუთერ კინგი ხომ წმიდათაწმიდას - ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურებოდა და ამ საქმეს სიცოცხლეც კი შეწირა...
უმაღლესი განათლების მქონე ქალბატონის ეს ამბავი ჩვენში ფართოდ გავრცელებული აქტიური უცოდინრობის ერთ-ერთი შემთხვევაა. "აქტიურის" იმიტომ, რომ პასიური უცოდინრობა არ შეიცავს ცოდნის ამბიციას - ის უბრალოდ დუმილს ამჯობინებს (ისევე, როგორც ჩვენი ოპოზიციის აქტიური უნიჭობა პასიური უნიჭობისგან იმით განსხვავდება, რომ პირველი ქმედითია, და მაშასადამე სახიფათო, მეორე კი მხოლოდ უწყინარ არაფრისკეთებას ნიშნავს). აქტიური უცოდინრობა, რომელიც განსაკუთრებული სიამოვნებით გლობალურ საკითხებს ეხება, თავისთავად წვრილმანებზეც ვრცელდება. ჩვენი ტელეჟურნალისტები, რომლებისთვისაც "უცხო სიტყვათა ლექსიკონი" სამაგიდო წიგნი უნდა იყოს, ეკონომიკურ რეფორმებს "ეკონომიურს" უწოდებენ, პრეცედენტს – "პრეცენდენტს", კონსტატაციას – "კონსტანტაციას", პერსონა ნონ გრატას – "პერსონა ნონ გრანტას" და ა.შ..
მარტინ ლუთერ კინგის მოულოდნელმა გავლენამ ეკლესიის განხეთქილებაზე და ბახის შემოქმედებაზე მხატვარი ვან-გოგენი და "ტიხიი დონ"-ის პერსონაჟი, სანჩო-პანჩო გამახსენა; შემდეგ კი იმაზეც დამაფიქრა, თუ რა იცის საერთოდ ამ ლუთერანობისადმი "მტრულად" განწყობილმა ქალბატონმა (ანუ - საქართველოს საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ) ზედმიწევნით? იქნებ ჩვენთვის, "სუფროსნებისთვის", კვალიფიკაციის ამაღლების კი არა - საწყისი განათლების კურსები ან თუნდაც საბავშვო ტელეგადაცემების სპეციალური ციკლი იქნებოდა უფრო სასარგებლო?
წარმოვიდგინოთ ასეთი ტელეპროექტი. გამოდის წამყვანი და გვეუბნება: "ბავშვებო (ჩვენ ხომ ორმოცწლიან მამაკაცებს ისედაც ბავშვებს ვუწოდებთ), შუა ქუჩაში ჩაკუზულ მდგომარეობაში ჯდომა არ ვარგა; თუნდაც იმიტომ, რომ ამ პოზაში გოგონები შარდავენ, თქვენ კი ამით თქვენი ვაჟკაცობა გინდათ გამოამჟღავნოთ. გოგონებმა კი საზოგადოებრივ ადგილებში მზესუმზირა არ უნდა მიირთვან – ფურთხებით სიარულს ისევ ქუჩაში სიგარეტის მოწევა აჯობებს. არც ყოველ ნაბიჯზე ჯვრის გადაწერაა ლამაზი (ეს გოგონებსაც და ბიჭებსაც ეხება); განსაკუთრებით, როდესაც ერთ ხელში მობილური, მეორეში კი - მოძრავი ავტომობილის საჭე გიჭირავთ. გარდა იმისა, რომ საავტომობილო გზის აკრძალულ მონაკვეთზე გადამრბენი თანამოქალაქე შეიძლება გაიტანოთ (მისი ყურადღებაც ხომ ჯვრის გადაწერით არის გაფანტული), ეს უბრალოდ ცუდი ტონიცაა. რადგან რელიგიურობა ყოველი ჩვენგანის საკრალური საკითხია, ხოლო საკრალურის საჯარო დემონსტრაციას ჩვენს გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს".
"საბავშვო სურათების" საშუალებით ეს თავისებური (ან პლატონისეული) გახსენება რომ განვაგრძოთ, შეიძლება ნელ-ნელა დამოუკიდებელ აზროვნებაზეც "შევჯდეთ" და მკვდარი სტერეოტიპების მიღმა (როგორიც, მაგალითად, ჩვენი "კულტურულობაა") ჯერ ჩვენი უკულტურობა დავინახოთ, შემდეგ კი ძველებური ნივთებისა თუ წესების არსიც ამოვქექოთ (როგორიცაა, მაგალითად, ეკლესიური საცეცხლურის დეზოდორაციულ-ნარკოტიკული ფუნქცია). ამასობაში იმასაც მივხვდებით, რომ ისეთ მნიშვნელოვან ადათს, როგორიც ქართველების სტუმართმოყვარეობაა, არ შეიძლება უწინ ძირითადი დანიშნულება არ ჰქონოდა.
სტუმართმოყვარეობა, ფილანთროპიის გამომჟღავნების გარდა, არქაულ სამყაროში მტრის გაშიფრვის საუკეთესო საშუალება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ის მხოლოდ კაცთმოყვარეობას ემყარებოდა, ჩვენ აბსურდულ სურათს მივიღებდით: ექსტრემალურ პირობებში მცხოვრები მცირე ერი ყოველ გამვლელ-გამომვლელს სახლის კარს უღებს და გულსაც უხსნის... საერთოდ, თუკი უწინ, როდესაც მთელი კაცობრიობა დამპყრობით ომში იყო ჩაბმული, რაიმე მხოლოდ "სილამაზისთვის" არსებობდა, ის "სილამაზეც" ფუნქციური უნდა ყოფილიყო. მაგალითად, რესტორანში საჭმლის დატოვება დღეს ცუდ ტონად ითვლება, ჩვენი წინაპრებისთვის კი ეს "ლამაზი" ჟესტი აუცილებელი იყო, რათა მტერს უნდა ცოდნოდა, რომ მოწინააღმდეგე მდიდარია.
მტრის გამოაშკარავების ძველებური ტექნოლოგიით ალბათ ისიც აიხსნება, რომ საქართველოს ყოველთვის მძლავრი სპეცსამსახურები და არანაკლებად ძლიერი სამსახიობო სკოლა ჰყავდა: ქართველ მოღალატეებს ხომ დამაჯერებლად უნდა ეთამაშათ თავიანთი როლი, რათა "მაყურებლებს" სუფრაზე ისინი სიყალბეში არ გამოეჭირათ; მეორეს მხრივ, თავად მასპინძლებსაც არანაკლები არტისტიზმი უნდა გამოეჩინათ სტუმრის მიღებისას.
ამ თვალსაზრისით (იქნებ საეჭვო, მაგრამ ინდივიდუალური თვალსაზრისით) სა-ქართველოს მოსახლეობა ორ ძირითად ჯგუფად იყოფოდა: გამყიდველები, რომლებიც ერთგული მამულიშვილების როლს თამაშობდნენ; და პატიოსანი მამულიშვილები, რომლებიც გულუბრყვილო სტუმართმოყვარე მასპინძლის სახელმწიფოებრივ მისიას ასრულებდნენ. ანუ ჩვენი ხალხი ოდითგანვე ორი ნაწილისგან შედგებოდა: ბოროტი მატყუარებისგან და კეთილი მატყუარებისგან.
სტრატეგიულ სიცრუეს ჩვენი მენტალიტეტის (და არა მხოლოდ ჩვენი - ეს ყველა არქაულ ერს ეხება) კიდევ ერთი ძველებური თვისება ემატებოდა: ხმის გავრცელების თავდაცვითი მექანიზმი. სულ ერთია - იქნება ეს მტრის დასაბნევად ყალბი ინფორმაციის განგებ გახმაურება, თუ საკუთარი ჯაშუშებისთვის პირადი ლეგენდის გასამყარებლად ხელოვნურად წარმოქმნილი მითქმა-მოთქმა.
ამ ორმა სასიცოცხლო მნიშვნელობის მექანიზმმა (იძულებითმა ცრუობამ და დამბნევი მითების წარმოებამ) ცივილიზებულ სამყაროში უკვე დიდი ხანია სტრატეგიული ფუნქცია დაკარგა, ჩვენ კი ის თვალთმაქცობისა და საყოფაცხოვრებო ჭორაობის სახით შემოგვრჩა. მაგალითად, თანამედროვე საქართველოში ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ლეგენდა ამ ადამიანის ნამდვილ სახესთან შედარებით იმდენადვე უფრო მნიშვნელოვანი და რეალურია, რამდენადაც ბიუროკრატიულ რუსეთში სპრავკა არის მის მფლობელზე "ცოცხალი".
ორპირობა და ტყუილი (მათ შორის - თავის მოტყუებაც) საქართველოს და რუსეთის ღრმა ფსიქოლოგიური კავშირის საფუძველია. ამიტომ არის რუსეთი ასე გაოგნებული: "ერთად ვატყუებდით მთელ სამყაროს, ერთად ვიპარავდით, ერთად ვაციმბირებდით მათ, ვინც არ ტყუვდებოდა... ახლა რაღა მოუვიდათ ქართველებს?" ჩვენთვის (ე.ი. რუსებისთვის და ქართველებისთვის) სიცრუე მართლაც სავსებით ბუნებრივია, პოლიტიკოსებისგან ტყუილის მოსმენა - აბსოლუტური ნორმა; იმიტომ, რომ ნებისმიერი ჩვენგანი ამ პოლიტიკოსების ადგილზე ზუსტად იგივეს იზამდა. ანუ: ზედა ფენების სიცრუე და ქურდობა ქვედა ფენების რეალიზებული ოცნებაა.
მაგრამ ქართველი ხალხისთვის მოულოდნელად, თანამედროვე საქართველოში, ზედა (პროდასავლურმა) ფენებმა ქვედა (პრორუსულ) ფენებს, ოცნება წაართვეს. ხოლო ის, თუ რამდენად ღრმადაა გაიგივებული ჩვენი პირადი ოცნებები ძალაუფლებასთან, ხალხის მთავრობაზე ჭორაობის აკვიატებული თემებიდან ჩანს. ძირითადად, ეს სამი მთავარი თემაა: მთავრობის სიმდიდრე, მთავრობის "პაეზდკები" და მთავრობის სექსუალური ცხოვრება. ეს "სამი სპილო", რომელზედაც ჩვენი პიროვნების ნარჩენებია მოთავსებული, საბჭოური ადამიანის სამ მთავარ კომპლექსს განასახიერებს; ამავე დროს ეს "მაგიური სამეული" მისი ფასეულობათა იერარქიის სამი პირველი პუნქტიცაა (მეოთხე და მეხუთე ადგილს ალბათ ავტომანქანა და მობილური იკავებს). ჩვენთვის მთავრობაში ყოფნა მხოლოდ ამ მოთხოვნილებების თავდავიწყებულ დაკმაყოფილებასთან არის ასოცირებული, სხვა მიზნები კი (როგორიც არის, მაგალითად, სამარცხვინო ქვეყნის ცივილიზებულად ქცევა) აბსოლუტურად გაუგებარია ან ქურდობის შენიღბვის მორიგ საშუალებად აღიქმება. ის კი, რომ საქართველოს დღევანდელ მთავრობას (როგორი "გარყვნილიც" არ უნდა იყოს ის ჩვენი გარყვნილი წარმოდგენით) ნამდვილად სურს ნატო-ში შესვლა, რაც უამრავი სტანდარტის დაცვას გულისხმობს (მათ შორის – კორუფციასთან ბრძოლასაც) - ანუ ის, რომ თვით ნატო-ში გაწევრიანების სურვილი ხელისუფლებაში ქურდობას გამორიცხავს - ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. უფრო ზუსტად, ეს ჩვენთვის, კონფორმისტებისთვის, დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგანაც "ნატო-ს სტანდარტებს" თვითონვე, ჩვენი "საბჭოური სტანდარტებით" დათრგუნული ან დამახინჯებული პიროვნების დონეზე ვერ ვაკმაყოფილებთ.
საქართველოში მართლაც უნიკალური რამ მოხდა: თუკი თაღლითობაში გამობრძმედილი რუსეთის მოსახლეობა სავსებით შეესაბამება საკუთარ მატყუარა მთავრობას, ჩვენი მატყუარა ხალხი ინტელექტუალურად "ვერ ეწევა" დასავლური ყაიდის მმართველობას, რადგან დასავლური ცივილიზაცია ინდივიდუალიზმთან ერთად სიმართლეზეა დამკვიდრებული. იმიტომ კი არა, რომ დასავლელები ჩვენზე გულუბრყვილონი არიან - ისინი სწორედ ჩვენზე ბევრად პრაგმატულები და წინდახედულები აღმოჩნდენ (ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ხომ საბჭოთა კავშირის ნაცვლად კაპიტალისტური დასავლეთი დაინგრეოდა). ტრადიციული თავის მოტყუება კი ამ აშკარა ფაქტის აღიარებასაც გვიშლის: ჩვენ მაინც დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპელები "ამ ცხოვრების აზრზე არ არიან"; დარწმუნებულები ვართ მიუხედავად იმისა, რომ "იმ ცხოვრებაზეც" (ანუ მეტაფიზიკაზეც) თუ კი რამე ვიცით, ისევ ევროპული ფილოსოფიის დამსახურებაა.
მას მერე, რაც ჩვენი განვითარება ბავშვობაშივე შეწყდა, დასავლური მეტაფიზიკა რაციონალიზმამდე გაიზარდა; რაციონალიზმმა "ამ ცხოვრებას" ზუსტი მეცნიერებანი მოუტანა; ამ უკანასკნელებმა კი, თავის მხრივ, ადამიანს ის ატრიბუტები აჩუქა, რომლის გარეშეც დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა (მაგალითად, ავტომანქანა "BMW", რომლის გულისთვისაც ჩვენ შეიძლება კაცი მოვკლათ).
დასავლეთის ცივილიზაცია "უარყოფის უარყოფაზე", ე.ი. ანტიკური დიალექტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპზე დგას; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპელი ადამიანისთვის მთავარია დროზე აღიაროს, რომ გუშინ ცდებოდა. ანუ მისი პრაგმატულობა და წინდახედულობა არ აძლევს მას საშუალებას საკუთარი თავი ატყუოს. ხოლო სიმართლის გამუდმებული ძიების, ე.ი. გუშინდელი "უარყოფის" დღევანდელი გადამოწმების შემთხვევაში, განვითარება გრძელდება. ჩვენი კულტურა კი დოგმაზე, ანუ ერთხელ და სამუდამოდ დაკანონებულ წესებზეა დამყარებული და მოდერნიზაციას ეწინააღმდეგება. ხოლო როდესაც მოძველებული დოგმა ცხოვრების ახალ წესებს აღარ აკმაყოფილებს, ტყუილი აუცილებელი ხდება - განვითარების ხილულობა რომ შეიქმნას. ამიტომაა, რომ მითოლოგია და მკვდარი სტერეოტიპები ჩვენთვის რეალობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
რეალობა ასეთია: ჩვენ, ზღვის პირას მცხოვრებ ხალხს, არც ერთი გემი არ აგვიშენებია. სტერეოტიპი კი - ასეთი: "ისინი (ევროპელები) ტყეში დარბოდნენ, ჩვენ რომ სახარებას ვთარგმნიდით". დავუშვათ, არც ეს სტერეოტიპია რეალურ საფუძველს მოკლებული, მაგრამ ევროპელები რომ არა, ჩვენ დღეს ვირბენდით ტყეში.
რეალობა: ჩვენი ქალები ქუჩაში სიგარეტს არ ეწევიან, "მარხვასაც" იცავენ; თუმცა ეწევიან კაფეს ვიტრინას "ამოფარებულები", სადაც "სამარხვო" ლიქიორიან შოკოლადს მიირთმევენ (ჩვენს ყოველდღიურობაზე წერისას თითქმის ყოველი სიტყვის ბრჭყალებში ჩასმა ხდება აუცილებელი); ისინი ქმრებსაც ღალატობენ (რაშიც მათ არც ქმრები ჩამორჩებიან); თუმცა შემდეგ პირადი მამაოსაგან "ინდულგენციას" ყიდულობენ და ამავე დროს ლუთერანობას "ეშმაკისეულს" უწოდებენ (მიუხედავად იმისა, რომ ის სწორედ ინდულგენციებთან ომით დაიწყო). სტერეოტიპი: "ევროპელი ქალები ბოზები არიან". ბოზების რაოდენობა პროცენტულად თითქმის ყველგან ერთნაირია, საქართველოსავით გაჭირვებულ ქვეყნებში კი ბევრად უფრო მეტი, ვიდრე განვითარებულებში. სამაგიეროდ, გულწრფელ ევროპაში ნაკლებია სქესობრივი კავშირის მიზნით შექმნილი (და რამდენიმე თვეში დანგრეული) ოჯახების რიცხვი.
და აი, ჩვენი ყველაზე პარადოქსული, ანუ პროდასავლური რეალობა: მთავრობა ამბობს იმას, რასაც გულისხმობს ("დაკარგულ ტერიტორიებს დავაბრუნებთ" – დაკარგული ტერიტორიების ნახევარი დაბრუნდა, "ენერგეტიკას აღვადგენთ" - ენერგეტიკა აღდგა და ა.შ.), ჩვენ კი ინსტიქტურად, სიცრუეს მიჩვეულებს, მითოლოგიისა უფრო გვჯერა: "ამ მთავრობამ ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა". შეიძლება ეს მართლაც ასეა, თუკი დავუშვებთ, რომ ჩვენთვის ილუზიის არქონა კატასტროფას უდრის. ანუ მიღება რეალობისა, რომელშიაც ჩვენ შეიძლება ერთ-ერთი ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, კატასტროფულია იმ სტერეოტიპთან შედარებით, რომლის მიხედვითაც ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ.
რაც არქაულ პირობებში პროდუქტიული იყო (მაგალითად, ”თავდაცვითი სიცრუე"), შეცვლილ გარემოში შეიძლება სასაცილო გახდეს; რაც საბჭოურ ცხოვრებაში ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრებოდა (მაგალითად, ინდივიდუალიზმი), დღეს, თავისუფლების "სახიფათო პირობებში", აუცილებელია. მაგრამ ნამდვილი თავისუფლებისთვის ჯერ მეობის გახსენება მოგვიწევს; შემდეგ კი, თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, მუდმივი ცვლილება დაგვჭირდება. და ეს პიროვნების განვითარების მთავარი პარადოქსია.