ადამ მიხნიკი: “მინდა ყველამ იცოდეს, რომ ლეღვის ფოთლად ვერავინ გამომიყენებს...”
“მედიის სინდისმა” ხელისუფლებას წამმზომი ჩაურთო
თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ “ტელეიმედს” მაუწყებლობა აუკრძალა. მთელი ამ ხნის მანძილზე დასავლეთის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკური მოღვაწენი თუ სახელმწიფოს ლიდერები რჩევებით, რეკომენდაციებითა და შეფასებებით ცდილობდნენ დაენახვებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი პრინციპია და განსხვავებული აზრისთვის ჟურნალისტი და მით უფრო ტელეკომპანია ავტომატის ძალით არ უნდა დაადუმო. ამის დასტურად საქართველოში არაერთი ვიზიტიც კმარა.
ამჯერად ევროკავშირმა პრობლემის მოსაგვარებლად თბილისში გაზეთ “ვიბორჩის” რედაქტორი, პოლონელი ადამ მიხნიკი მოავლინა. ამ პერსონის ავტორიტეტი დასავლურ სამყაროში საკმაოდ მაღალია. მიხნიკი დიდი ხნის მანძილზე სწორედ თავისუფალი სიტყვის გამოხატვისთვის გახლდათ დაპატიმრებული და ამდენად, მას მშვენივრად მოეხსენება, თუ რას ნიშნავს დემოკრატიის განუყოფელ ნაწილზე - მედიაზე ზეწოლა. ადამ მიხნიკი იმითაც არის ცნობილი, რომ მას დასავლეთში “მედიის სინდისს” უწოდებენ და ამით ალბათ ყველაფერია ნათქვამი.
პოლონელი დისიდენტი როგორც ქართველ ჟურნალისტებს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა და თავისი პრინციპული პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ვიზიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხნიკმა მის მიერ სხვის დუდუკზე ცეკვის ალბათობა კატეგორიულად გამორიცხა. ყველას გასაგონად დემოკრატიის ბრძოლის გზაზე არსებული სირთულეებიც ახსენა (ქართველებმა ვიცოდით, რომ დემოკრატია ლობიოობა არ იყო, თურმე არც სეირნობა ყოფილა!) და პირდაპირ განაცხადა, რომ “ტელეიმედის” ეთერში გაუსვლელობის შემთხვევაში მისი აზრი ქართული დემოკრატიის შესახებ მთელი მსოფლიოსთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ადამ მიხნიკი: - საქართველოში ევროკავშირის, ჩემი ამერიკელი მეგობრებისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნით ჩამოვედი. მოვუსმინე მხარეებს და უკან უკეთესის იმედით მივემგზავრები. მე მქონდა პატივი და საშუალება მესაუბრა ქართული ჟურნალისტიკის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ერთი შემიძლია გადაჭრით ვთქვა: ყველა ქართველ ჟურნალისტს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ ტელეკომპანია “იმედი” უნდა გაიხსნას. ასევე მქონდა საშუალება შევხვედროდი საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელსაც. ეს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს უაღრესად რთული დიალოგი იყო. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვიცი ბოლომდე, როგორი იქნება ამ დიალოგის შედეგები. ყველა მეუბნებოდა, რომ “იმედი” სუ=ლ მალე აუცილებლად განაახლებდა მაუწყებლობას. მაგრამ როგორც ხედავთ, დღეს უკვე ჩემი ვიზიტის მესამე დღეა, “იმედში” კი ჯერ ტექნიკური პერსონალიც არ შეუშვიათ. მეორე მხრივ, მოვისმინე ქვეყნის ყველაზე მთავარი და ავტორიტეტული პირის დაპირება, რომ უკვე ორშაბათიდან ამ კუთხით მნიშვნელოვანი და დადებითი ძვრები დაიწყება. ხელისუფლების მხრიდან მოვისმინე ბევრი პრეტენზიაც. ქართული კანონმდებლობისა და მედიის სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ თუ ნოემბრის დღეებში მართლაც იყო ღია მოწოდებები ძალადობისკენ, ეს ევროპის ყველა ფასეულობას ეწინააღმდეგება. ასევე უნდა ითქვას, რომ როგორც მთავრობის, ისე ჟურნალისტთა მხრიდან არის სურვილი, ჩემი ხელმძღვანელობით ხუთი კაცისგან შემდგარმა კომისიამ იმუშაოს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კვირის განმავლობაში გაშვებული მასალების ეთიკურ და პროფესიულ მხარეებს განიხილავს. ამ შემთხვევაში, ჩემი პრინციპული მოთხოვნაა, ეს ჯგუფი მხოლოდ და მხოლოდ ჩემ მიერ შერჩეული პირებით დაკომპლექტდეს და არა ხელისუფლების ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებით. ამ თემაზე კონკრეტული პირები უკვე შერჩეული მყავს, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევად მეჩვენება. ჩემი ხუთეულის წევრებს მხოლოდ მას შემდეგ დავასახელებ, როცა “იმედის” ეთერში პირველი გადაცემა გავა. იმიტომ, რომ ხელისუფლების პირობის მიუხედავად, მახსოვს ძველი ანდაზა: “ენდე, მაგრამ შეამოწმე”.
- როგორი იქნება თქვენი რეაქცია, თუ ტელეკომპანია “იმედი” ეთერში ერთი კვირის შემდეგაც არ გავა?
- თუ ერთი კვირის შემდეგ “იმედი” არ გაიხსნება, მე უბრალოდ, ვალდებული ვიქნები მსოფლიოს ყველა მედიასაშუალებაში განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს პლურალიზმი და არჩევნებისთვის სპეციალურად ბლოკავს დამოუკიდებელ ტელეკომპანიას. თუ “იმედი” ერთ კვირაში არ გაიხსნება, მთელ მსოფლიოს ვეტყვი, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის. ვიტყვი იმასაც, რომ მთელი ეს შეხვედრები და დაპირებები ხელისუფლების მხრიდან ტყუილი იყო; რომ მე მხოლოდ იმისთვის მომიწვიეს, რათა ხელისუფლებას დემოკრატიის ალიბი ჰქონოდა. მე კი არასოდეს, ჩემი ცხოვრების მანძილზე არც ერთი ხელისუფლების ალიბი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ასეთ შემთხვევაში ლეღვის ფოთლად ნამდვილად არავის გამოვადგები. მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ ამის ნაცვლად, ერთი კვირის შემდეგ კარგ ამბავს გამცნობთ - რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ გზას დაადგა.
- “იმედის” თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ მათზე ზეწოლა ხდებოდა მუქარისა და სხვადასხვა შეთავაზების სახით.
- ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ვესაუბრე და პასუხი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან პოლონეთშიც ასე ხდებოდა. მითხრეს, რომ არანაირი ზეწოლა არ არის და მოითხოვეს კონკრეტული პირების დასახელება. მუქარა კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ პირებს თავიანთი თავის დასახელებისა შეეშინდებათ. როგორც გითხარით, ასეთი შემთხვევები ჩვენს ქვეყანაშიც ხდებოდა. მაგრამ ერთი ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, “დემოკრატიისთვის ბრძოლა ნევის პროსპექტზე სეირნობა არ არის”. ბუნებრივია, იქნება მუქარაც და იქნება ზეწოლაც - მაგრამ ვისაც დემოკრატიისთვის ბრძოლა გადაუწყვეტია, ამასაც უნდა გაუძლოს და უარესსაც. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ტელემაუწყებლობა მაინცდამაინც მომავალ ორშაბათს უნდა აღდგეს. ეს არის უკიდურესი, ბოლო ვადა - ამ დღეს, როდესაც ტელევიზორს ჩართავთ, “იმედის” არხზე გადაცემა უნდა იხილოთ. მიმაჩნია, რომ “იმედის” მაუწყებლობა ჯერ კიდევ გუშინ ან დღეს მაინც უნდა აღმდგარიყო. და თუ ეს ერთ კვირაში მაინც არ მოხდება, გამოდის, რომ ჩემი დებიუტი, როგორც დიპლომატისა, არ შედგა. ასეთ შემთხვევაში, მე მსოფლიოს აუცილებლად ვამცნობ იმას, რასაც დაგპირდით...
როგორც ხედავთ, “ტელეიმედის” ჩართვის აუცილებლობა არა მარტო ქართველი ხალხის აზრია, არამედ დასავლეთის პრინციპული პოზიციაც. ამ დღეებში ხელისუფლების წინაშე დგას უმძიმესი დილემა ანუ “ტელეიმედის” “ჩართვა-არჩართვაზე” დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს, როგორც დემოკრატიული იმიჯის მქონე ქვეყნის “ყოფნა-არყოფნა”. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელისუფლებო წრეებში “იმედთან” დაკავშირებული ძირითადი მოსაზრებები ორ ნაწილად იყოფა: ერთნი თვლიან, რომ “იმედის” ჩართვა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების თვალში მნიშვნელოვნად აანაზღაურებდა იმ მორალურ ზარალს, რაც მიადგა საქართველოს ამ ტელეკომპანიის დახურვით, მეორენი კი პირიქით - ამტკიცებენ, რომ ამ საქმეში კომპრომისი არ შეიძლება. ასეა თუ ისე, “იმედის” გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა იმხელა საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, რომ მისი უგულებელყოფა ზოგიერთისთვის შესაძლოა მართლა ყოფნა-არყოფნის საკითხად გადაიქცეს. ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვისთვის რა შედეგი მოჰყვება “იმედის” ჩართვა-არჩართვას, მაგრამ ამ დილემით ქვეყნის პრესტიჟის “ყოფნა-არყოფნა” დგას სასწორის პინაზე და ხალხს რა ურჩევნია და საქართველოსთვის რა არის უმჯობესი, “საკითხავი, აი, ეს არის”!
ზვიად სეხნიაშვილი
http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm