სამხატვრო აკადემიის III კურსის სტუდენტთა ჯგუფის მიმართვა
აკადემიის სტუდენტებისა და პედაგოგებისადმი.
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში გადავწყვიტეთ გიორგი კევლიშვილის ვიზუალური ხელოვნების სახელოსნოში გაგვეგრძელებინა სწავლა. მიგვაჩნია რომ ეს სახელოსნო ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენი განვითარებისა და საერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოებაში ინტეგრირების ინტერესებს. ამავე დროს ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა საფუძვლიან ნდობას აღნიშნული პიროვნების კვალიფიციურობისადმი და მისი პროგრამის კონკრეტულ წარმატებებს. თუმცა განცხადების შეტანის შემდეგ გაირკვა, რომ ეს სახელოსნო აღარ არსებობს. ჩვენ აკადემიის ადმინისტრაციას მივმართეთ კითხვით - რატომ დაიხურა სახელოსნო, და ამავე დროს ვითხოვეთ მისი აღდგენა ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. რექტორთან საუბრიდან გამომდინარე დავრწმუნდით, რომ სახელოსნოს დახურვის რეალური მიზეზი გახდა კევლიშვილის ყოფილი სტუდენტების ჟურნალ ‘აბარტში’ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიები. ეს ჩვენ სახელოსნოს დახურვისთვის საკმარის საფუძვლად ვერ მივიჩნიეთ და კვლავ მოვითხოვთ მის აღდგენას. სამწუხაროდ, აკადემიის ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენი ინტერესების იგნორირება და პროცესების გაჭიანურება აფერხებს სასწავლო პროცესს.
არსებული სიტუაცია ააშკარავებს აკადემიაში არსებულ უფრო ფუნდამენტურ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა ჩვენი ღრმა რწმენით, ყველა ჩვენგანის ინტერესებშია.
I პროცესთა ღიაობისა და საჯაროობის პრობლემა
აკადემიაში სწავლის პროცესი არ მიმდინარეობს დისკუსიის რეჟიმში. არ ხდება სტუდენტების ინფორმირება და დირექციის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებათა საჯარო განხილვა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება სტუდენტების ინტერესებს. რეალურად აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნა ხდება ხელმძღვანელობის პირადი ინტერესების მიხედვით. სტუდენტებს არ ეძლევათ საშუალება გაეცნონ დანიშნულ ლექტორთა სწავლების პროგრამას და გააკეთონ თავისუფალი არჩევანი.
II სტუდენტისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის პრობლემა
აკადემიის, და ხშირ შემთხვევაში, მთლიანად საქართველოს განათლების სისტემა სწავლის პროცესის განმავლობაში ცდილობს დაარწმუნოს სტუდენტი, რომ მან არ იცის, და არც შეიძლება იცოდეს რა უნდა. დგას პედაგოგების მიერ ჩვენი ინდივიდად აღქმის პრობლემა. ლექტორებს არ აინტერესებთ სტუდენტების აზრი და შესაბამისად იმისათვის რომ დიპლომი მივიღოთ, გვიწევს მათი, და არა საკუთარი ინტერესების მიხედვით მუშაობა. როგორც წესი, ყველა პრობლემა ისე ‘წყდება’ როგორც ეს პედაგოგთა და ადმინისტრაციისათვისაა ხელსაყრელი. ყველა ეს ფაქტორი სტუდენტებთან მიმართებაში დისკრიმინაციულ გარემოს აყალიბებს.
III სასწავლო პროცესის თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობის პრობლემა
რასაც აკადემიაში გვასწავლიან, სოციუმის განვითარებისათვის არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. ‘ისწავლება’ მხოლოდ სახელობო-ტექნიკური ხერხები, რა და როგორ უნდა აკეთო და არა - რატომ. ასეთი ტექნიკური ‘ცოდნის’ საჭიროების დამაჯერებელი ახსნა კი ლექტორებს არ გააჩნიათ. ფაქტია, რომ დღეს სასწავლო პროცესი აკადემიაში არ ეფუძნება სტუდენტის განვითარების ინტერესებს. აკადემია არ იძლევა შესაბამის ცონდას იმისათვის რომ მისმა კურსდამთავრებულებმა ადგილი დავიმკვიდროთ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში.
ყველა ზემოთაღნიშნული პრობლემა ცხადყოფს, რომ აკადემია, როგორც საგანმანათლებლო სისტემა რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს!
ასეთ პირობებში გადავწყვიტეთ ჩვენი პოზიცია გავაცნოთ სტუდენტებს და ფართო საზოგადოებას. იმედი გვაქვს, თქვენი მხარდაჭერა ვიზუალური ხელოვნების სახელოსნოს აღდგენის საკითხში შესაძლებელს გახდის თუნდაც პირველი ნაბიჯები გადავდგათ სტუდენტთა ინტერესებზე დაფუძნებული, სრულფასოვანი სასწავლო პროცესის ფორმირებისათვის.
თუ ამ ტექსტის შინაარსს იზიარებთ, გთხოვთ, თქვენი მხარდაჭერა ხელმოწერით დაადასტუროთ.
11 ნოემბერს, 11 საათიდან, აკადემიის ეზოში
http://www.facebook.com/group.php?gid=175394428737&ref=mf