screamin2u
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 605
წევრი No.: 62160
რეგისტრ.: 24-May 08
|
#14961356 · 4 Aug 2009, 12:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შემოდგომის სუსხნარევი სიო უბერავდა და ბებერ ჭადრებსა და მის ხმელ,ნესტიანსა და ქვაფენილზე უხვად მიმოფანტულ ფოთლებს აშრიალდება.სანახევროდ მოქუფრული ზეცა ამაყად დასცქეროდა ზანტად მრხეველ ნახევრადშიშველ ხეებს,ბუჩქებსა და ერთ პატარა,ჟრიამულსმოკლებულ სკვერს.ბუნების ესოდენ შერწყმული იდუმალებისა მეშინოდა,ამიტომ მივაბიჯებდი ჩუმად.ფილტვებში ღრმად ვუშვებდი შემოდგომის სურნელოვან ჰაერს.რაღაცის მეშინოდა,რაღაც მიხაროდა... სკვერი სანახევროდ გადავიარეთ და ნახევრად ჯანგმოდებული რკინის ძელზე,ჯაჭვებზე ჩამობმული "საქანელების" წინ შევჩერდით.ისინი ნელ-ნელა ქანაობდნენ ქარის ბიძგებით და ჟრუანტელის მომგვრელ ყრუ ჭრიალის ხმას გამოსცემდნენ. _რა ხდება?_მარია,ჩემი ჩუმი ნაბიჯის შეჩერებასთან ერთად შედგა. _ყური დაუგდე,რა საოცარი სიწყნარეა...ბუნების ჰარმონია თითქოს მოკვდავთა არყოლას ზეიმობს...ყური დაუგდე. ქალი ერთხანს უხმოდ იდგა,შემდეგ შევერცხლილ თმებზე საგვარეულო სამკაულებით დამშვენებული თხელი,მაგრამ დრო-ჟამისაგან დაკოჟრილი თითები გადაისვა. ჩვენ წინ,რამდენიმე მეტრის მოშორებით ძველი,ალაგ-ალაგ ხავსმოდებული,მაგრამ მაინც საუცხოო ელფერის მქონე შადრევანი მიყუჩებულიყო.ქოლგიანი ქალის ქანდაკება,რომელსაც ქოლგის წვერიდან ოდესღაც მჩქეფარე წყლის ნაკადი გადმოდიოდა,საცოდავად გაქვავებულიყო. სუსტი ნიავი ისევ უბერავდა."საქანელებიც",ჩვეულებისამებრ,ეულად ქანაობდნენ. _აქ ჩამოვსხდეთ._ვუთხარი მარიას და პასუხის მოლოდინში სახეზე შევხედე.მისი დიდი,კუპრისფერი სათვალის მინებიდან რუხადმომზირალი შადრევნის სილუეტი კრთოდა.მან ხელკავი გამომდო და ჩემს მოქმედებას დაელოდა. ჩვეული სიჩუმით კიდევ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი და ერთ_ერთი "საქანელის" წინ შევჩერდით,რომელმაც,რატომღაც ჩვენს მისვლასთან ერთად ჰაერში ქანაობას უკლო.ძველებური სამადგილიანი და აქა-იქ ამოტკეჩილი "საქანელის" სკამი უხვად დაფარულიყო ეული წვეთებით,რომლებიც ჩვენთან შეხებისას სადღაც გაქრნენ,თითქოს სხეულში შეგვისახლდნენ,შეგვეწებნენ... ნახევრადგახუმებული საწვიმარი მანტიის ჯიბიდან,აგრეთვე,არანაკლებ გაქუცული თუ გახუმებული პერგამენტი ამოვაძვრე და გავშალე.სიძველისგან ფურცელზე წარწერები აქა-იქ უკვალოდ გამქრალიყო. _წავიკითხო?_ვკითხე ქალს. _როგორც გენებოს..._ქალს სახეზე მკრთალმა ვარდისფერმა გადაჰკრა. _"1937 წლის 3 ნოემბერი,ოთხშაბათი..."_სიტყვებს ნელ-ნელა ვადევნებდი ერთმანეთს.კითწვა რატომღაც მიძნელდებოდა._"სიტყვები არ მყოფნის,საიდან დავიწყო.ალბათ,ჩემს ცხოვრებას _ცხოვრება მაშინ დაერქვა,რაც თქვენ გამოჩნდით.მაშინ,როდესაც შემოაღეთ საკლასო ოთახის კარი.მე გრძნობის დამალვა არ მჩვევია.ალბათ,ეგეთი გუნება დამყვა.მე თქვენ მიყვარხართ და ამ სიტყვების არანაირად არ მეშინია,პირიქით,თითქოს ვძლიერდები.რა არის სიყვარული?ეს უფაქიზესი გრძნობის სათავეა,ულამაზესი განცდის საწყისი.ამ დროს სამყარო უფრო ლამაზი გვეჩვენება .ეს აღტაცებაა,შეგრძნებაა,თითქოს პირველად შევხვდი საოცრებას,ამავე დროს ეს საოცრება უკვე ნაცნობია ჩემთვის.მე თქვენმა ხასიათმა მომაჯადოვა.ვიფქრობ,რომ კარგი ხასიათი უფრო იმსახურებს შექებას,ვინემ გამორჩეული ნიჭი.უმეტესწილად,ნიჭი საჩუქარია,ხოლო,ამის საპირისპიროდ,კარგ ხასიათს არავინ გვაჩუქებს.გინდა გაიგოთ როგორ მიყვარხართ?წვიმიან დღეს გამოდით გარეთ,გაშალეთ ხელები და რამდენ წვეთსაც დაიჭერთ თქვენი,ხოლო რასაც ვერა_ჩემი სიყვარული იქნება."_აქ პატარა პაუზა გავაკეთე."_ახლა ღამეა,მალე საათი თორმეტს ჩამოჰკრავს.ისევ მიილევა ერთი დღე უთქვენოდ...ისევდაისევ მიილევა მოგონებები და აუტანელი მონატრებით გამოწვეული ტკივილი.ღამის მიუხედავად ირგვლივ აუტანელი ხმაურია,მე კი ჩუმად,ეული ვარ.მარტო ვარ და ვეზებ თავშესაფარს ჩემს ფიქრებში.ფიქრებში,რომლებსაც მხოლოდ თქვენი სახელი ჰქვია...ოჰ,ბედი ზოგჯერ,მაგრამ მე კი,სამწუხაროდ,მუდამ დამცინის..." _გაჩუმდი,გაჩუმდი,გთხოვ..._ახლაღა შევამჩნიე მარია ცახცახებდა,ჩაბურული სათვალის მიღმა ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. პერგამენტი ორად გავკეცე და მუხლებზე დავიდე.დავინახე,თუ როგორ დაეცა ქარის მონაბერი წვეთი,რომელმაც,თავის ზომასთან შედარებიტ,საკმაოდ დიდი კვალი დაამჩნია რუხი ფერის ქაღალდს. _გრძნობაზე წინ გულიდან ნაკარნახევს ვაყენებდი ყოველთვის.მარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩვენი ერთად ყოფნა,სიყვარული,სითბო,ვნება...ჩვენ ორ ურთიერთგანსხვავებულ თაობას ვეკუთნით... _ადამიანთა შორის განსხვავებას მე არ ვაღიარებ_დამტკბარი ხმით ვიპასუხე მას. _არა,სწორედ რომ უნდა აღიარებდე.მე მასწავლებელი,შენ კი ჩემი მოსწავლე იყავი... წამიერად ორივე დავდუმდით.მასწავლებლისა და მოსავლის ხსენებამ თითქოს ჩვენთან ერთად გარინდული გარემო ორმაგად მიაყუჩა. დუმილი მე დავარღვიე. _ჩვენ ერთმანეთის სამყაროს ესიერად არც კი ვიცნობთ.უფრო სწორად,მე თქვენსას კარგად ვიცნობ,მაგრამ თქვენ ჩემსას_არა.მე ისტორია ყოველთვის ჯიბით დამაქვს,თითოეული დღის ავკარგიანობას ვინიშნავ,ასე უფრო იმედიანად ვგრძნობ თავს._თვალის კუთხიდან ვხედავდი მარიას უცნაურ ქცევას,რომელიც,ალბათ,ჩემი ისტორიის ჯიბით ტარების თქმას მოჰყვა,ამიტომ ლაპარაკი სასწრაფოდ განვაგრძე._დღიურს ვგულისხმობ.ბავშვობაში დედამ მისახსოვრა და მას მერე მოყოლებული ყოველდღე ვწერ.წერაში შეგიძლია გამოხატო შენი გრძნობები და ხორცი შეასხა შემს ფიქრებს_ვიღაც ბრძენს უთქვამს.იცით,მინდა,რომ წაგიკითხოთ.გთხოვთ მომისმინეთ,სწორედ ისე,როგორც უწინ,სკოლაში.დავიწყო? დუმილი თანხმობის ნიშანია,გავიფიქრე და ხელი წავიღე ყველაზე ღმა ჯიბისკენ,საიდანაც პერგამენტის მსგავსად,ნახევრადგაქუცული და გახუმებული,ტყავისყდიანი დღიური ამოვაძვრე.დღიური_ეს იყო გზა ჩემი წარსულისკენ. მარიამ აბრეშუმისთათმანიანი ხელი გადმოაფათურა და დღიურს შეახო. _წარსულის აჩრდილს გვერდიდან არ იშორებ,რატომ?იქ რა დაგრჩენია?_ქალმა ხელი საწყის მდგომარეობაში დააბრუნა. _იქ თქვენ დამრჩით.იქ თქვენ ხართ,_ვუპასუხე მას._ამას კარგად დაგიდასტურებთ თითოეულ დღეზე ჩანიშნული მოგონება,რომელთაგან შვიდ დღეს განსაკუთრებით გამოვარჩევ.და აი,შვიდივეს წაგიკითხავთ,ოღონდ მომისმინეთ. დღიური გადავშალე.ანაზდად ქარმა მძლავრად მოუბერა და ფურცლები სპორედ იმ დათარიღებულ გვერდზე გადაშალა,რომლის წაკითხვაც მსურდა.ეს ფაქტი ჩემს გონებაში უკომენტაროდ დავტოვე. "1930 წლის 14 ივნისი,ოთხშაბათი. არც კი ვიცი რა ვიფიქრო,არადა საფიქრელი უზღვავად მაქვს.ჩემი ტოლი ბავშვები არ ფიქრობენ წარსულზე და არც მომავალზე.ამის გამოა,რომ წარსულის ნაშთი,ხსოვნა თუ მოგონება მათ გულსა და გონებაში მალე სუსტდება,მკრთალდება,მაგრამ ჩემ შემთხვევაში ამგვარად არაა.რატომ?მეც ხომ ბავშვი ვარ,მათი თანატოლი.ნუთუ იმის გამო,რომ მე უკვე სამი თვეა,რაც დედამ დამტოვა და სამუდამოდ გაემგზავრა იქ,საიდანაც აღარ ბრუნდებიან?ან,იმის გამო ხომ არა,ახლა დედის საფლავზე ცივი მარმარილოს აკლდამის მოგრძო სკამზე გაუნძრევლად რომ ვზივარ,არაბავშვური მიზნებითა და ოცნებებით შეპყრობილი?! ვიმედოვნებ,რომ არა..."_გაკრული ხელით ნაწერის კითხვა გავათავე და მარიას გავხედე.მან ოდნავ ამოიოხრა. _ვწუხვარ_და კვლავ მიყუჩდა. "1937 წლის 14 ოქტომბერი,ოთხშაბათი..."_დღიურის დალაქავებული ფურცლები ახალ გვერდზე გადავშალე."_არ ვიცი რა მემართება.მოსვენებას ვეღარ ვპოულობ,თითქოს სულში ქაოსი მაქვს.სულ ერთ ქალზე ვფიქრობ,გამუდმებით მასზე ვოცნებობ...არადა,ისიც კარგად ვიცი,რომ მასზე არ უნდა ვიფიქრო.მარია ლუიზიანა პერსივალი_ჩემი ახალგაზრდა და ფრანგულის ახალი მასწავლებელი_ჩემი ოცნების სათავე. ყველაზე სამხუწარო მოგონებასავით,ზედმიწევნით კარგად მახსოვს მისი პირველი გაელვება,ოთახის კარის ნაზად შემოღება თუ პირველი სალამი,მაზი და დატაფლული ხმისა.ის ხშირად იღიმის და მეც გასაოცარ ხასიათზე მაყენებს,მაცოცხლებს...განა საკმარისია 17 წლის მოზარდისთვის ის,რომ ამგვარი შინაგანი შფოთის მიზეზი,ულამაყესი,მაგრამ ჩემთვის აქამდე უცხო გრძნობის გამოვლინებას მივაწერო?! მეშინია ამის აღიარების,მეშინია...ყოველთვის სხვებისგან განსხვავებული რატომ ვარ?არადა,მეც მინდა ვიყო ამ ერთგვარი სამყაროს ერთფეროვანი ინდივიდი,ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი...ამიტომ,ხშირად დედის საფლავს მივაშურებ,ეგებ ერთადერთმა,მაგრამ ფიქრებითა და მოგონებებით ჩემს გონებაში შექმნილმა "დედამ" გამიგოს,მანუგეშოს და ერთი ისეთი სიტყვაც მითხრას,ჩვილი ბავშვისთვის დედის რძის დაგემოვნებაზე უკეთესი რომ იყოს.მაგრამ არა!ალბათ,დედაც აღშფოთებულია ჩემი ჩემი საქციელითა და მისწრაფებებით...ყველაზე მეტად ის მიხარია,რომ დედის საფლავზევე მომეცა ძალა იმისა,რომ ჩემი შინაგანი ქაოსისთვის სახელი მიმეცა.დედამ სიტყვის თქმაზე მეტად,ალბათ,ჩემი გაძლიერება ისურვა..უკვე მე აღარ მეშინია ამ სიტყვების აღიარებისა:"მარია ლუიზიანა პერსივალ,მე თქვენ მიყვარხართ!"_დღიურის ერთი გვერდის კითხვა ჩავათავე,მაგრამ აღარ გადამიფურცლავს მის გასაგრძელებლად.ალამცერად გვხედავდი ხოლმე მარიას,ის ისევე წყნარად იყო,მაგრამ ვგრძნობდი,რომ მთელი გულისყურით მისმენდა. დღიურის რამდენიმე ფურცელი მოურიდებლად და ხმაურით გადავშალე და იმ გვერდზე შევჩერდი,სადაც ერთი ფურცელი აკლდა.ადრე,წლების წინ გამოგლეჯილს,ნახევის კვალი კარგად ეტყობოდა. _"1937 წლის 3 ნოემბერი,ოთხშაბათი.."._მარიას მზერა სადღაც ჰაერში გაეაშტერებინა.არ შემინიშნავს,როგორ აიღო ჩემს მუხლებზე დადებული პერგამენტის ნაგლეჯი,რომელშიც მას სიყვარულს ვუხსნიდი.ქალმა ხელი გამოაცურა და დღიურის იმ ნაწილზე დაადო,სადაც ფურცელი აკლდა. _ეს პერგამენტი ამ დღიურიდანაა,ხომ?_და პერგამენტი ხელის ცეცებით ზუსტად მოარგო დღიურის ამოგლეჯილ ნაწილს."" მარია მართალი იყო,მაგრამ მე ვერც კი ვიხსენებდი,თუ როდის ამოვხიე ეს გვერდი.არადა,წესით აუცილებლად უნდა მხომებოდა... _რა მნიშვნელობა აქვს?_ქალი თითქოს ჩემს ფიქრებში იხედებოდა. _არავითარი._ვიპასუხე მას და მელმით მოთხუპნული გვერდები 1937 წლის 19 დეკემბრის ოთხშაბათ დღეზე გადავშალე.გამიკვიდა ტექსტის სიმცირისა,ერთ გვერდსაც კი არ ავსებდა. "_გაცდენებს საგრძნობლად მოვუკელი.სკოლაში ყოველდღე ვარ,თითქმის ყველგან მარიას კვალდაკვალ.ფრანგული ენა საშინლად მეზიზღება ჩემი ბებრუხანა და თავის ბუნჩულა გარეგნობასთან შედარებით,გაათმაგებული სიმკაცრის მასწავლებლის გადამკიდე.მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მარია ლუიზიანას გამოჩენასთან ერთად.ფრანგულს პირველ რიგში ფრიადზე ვამზადებ,თითქოს მშობლიურ ენაზე წინაც კი ვაყენებ.ვსწავლობ ფრანგულს,მაგრამ პედაგოგი ვერც კი ამჩნევს თავის მოსწავლეს.ნუთუ, იმის გამო,რომ მისი ეზოს ბაღში ჩუმად გადავიპარე,ღამით და ზედ კარის ზღურბლთან დავუდე ჩემი აღსარება,სასიყვარულო წერილი.არა,ამას ვერ დავიჯერებ... ეს დღე ზედმეტად ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის.ჩემმა ყეყეჩმა თანაკლასელმა ფრედი ფინიგანმა წარმოსთქვა ისეთი სიტყვები,რომელმაც ჩემში მიძინებული მონსტრი გააღვიძა."_მარიას მაგარი უკანალი აქვსო."_ ამ სიტყვების თქმა იყო,რომ გონებაც სანახევროდ დამიბნელდა.ბუნდოვნად მახსოვს,თუ როგორ გვაზავებდნენ ბავშვები,როდესაც ფინიგანს ზედ მასწავლებლის მაგიდაზე ვახრჩობდი,შეუძლებელია წესიერად მხსომებოდა ისიც,მთელი ძალ-ღონით რომ ვცემდი მას,მაგრამ მარია ლუიზიანას ხმა კი კარგად დამამახსოვრდა:"_შეჩერდით!რას ჩადიხართ?!"_ეს იყო ორ მოჩხუბარ და გაცოფებულ ძაღლზე ცივი წყლის გადასხმის ტოლფასი.მაშინ მარიამ პირველად მომმართა ამაღლებული და მასწავლებლური სიმკაცრით. მცირედი ამოსუნთქვა გავაკეთე.ქარი კვლავ აჟღარუნებდა ეულად მოქანავე "საქანელებს".დღიურის კითხვა უცნაურ,მაგრამ სასიამოვნო ხასიათზე მაყენებდა,ამიტომ არ შევჩერდი და წარსულის კიდევ ერთი დღის გასახსენებლად მოვემზადე.ფურცლების წყება ამჯერად უხვად გადავშალე,თითქოს ათეულობით წლები ხელის ერთი მოსმით მოვიტოვე უკან. "_1969 წლის 24 მარტი,ოთხშაბათი,"_წამიერად ამ თარიღმა ჟრუანტელი მომგვარა."_ხანდახან ჩემს განვლილ ცხოვრებას თვალს რომ გადავავლებ,თავის მოკვლის სურვილი მიჩნდება.არც კი ვიცი რატომ,მაგრამ ჩემს ადგილას,კაცს,რომელსაც წლების წინ ერთადერთმა ქალმა უარი უთხრა და ხელი აუკრა სიყვარულზე,რომელიც ფრანგულის მასწავლებლის,თავისი პირველი და განუმეორებელი სიყვარულის კვალდაკვალ სხვა ქალაქში გადასახლდა და ბედისაგან დაჩაგრულს,ერთადერთი საგანძურიც,სამხატვრო სახელოსნოც ხანძარმა გაუცამტვერა,_სხვა რაღა უნდა იფიქროს,გარდა თვითმკვლელობისა?!თვითმკვლელობაზე იოლი არაფერია,მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევს ძილი,უფრო სწორად სიზმრები.იქ,ყოველთვის ვპოულობ ჩემს საოცნებო სამყაროს.იქ მელის მარიაც.ოღონდ,სიზმრებში ისევ 17 წლის ვარ,ისევ თავქარიანი არასრულწლოვანი...დედის საფლავი ძალიან მენატრება,ჩემს ნაცვლად,ალბათ,ბარდა და სურო მიცოცდებიან და დაეკონებიან შავ მიწას,როგორ მე,წლების წინ. უნდა ვთქვა,რომ უსახლკაროები ყოველთვის მეცოდებოდა და ახლა კი ორმაგად მეცოდებიან,იმიტომ რომ ახლა მეც მათ რიცხვს ვეკუთვნი..!" მარიამ ღრმად ამოისუნთქა და მკლავზე ხელი დამადო.მუქი სათვალის მიუხედავად მის ცრემლმორეულ თვალებს ვარჩევდი.ორივე გავჩუმდით.ასე გავიდა 10 თუ 15 წუთი.მერე ისევ დღიურს მივუბრუნდი.ამჯერად რამდენიმე ფურცელი გადავშალე და წითელი მელნით ნაწერ ტექსტზე შევჩერდი. "1971 წლის 31 მაისი,ოთხშაბათი. ღვთისნიერი ადამიანდბი ჯერ კიდევ არსებობენ და გვილამაზებენ ამ ცოდვითსავსე წუთისოფელს.ერტ_ერთი საქველმოქმედო აქციის შედეგად მზრუნველობასმოკლებულ პირთა თავშესაფარში აღმოვჩნდი.ვფიქრობ,რომ ამჯერად გამიმართლა.აქ კარგი გარემოა,მომსახურე პერსონალი,არ ვიცი პირფერობით თუ ჭეშმარიტებით,კარგად გვექცევიან.აქ მივხვდი,რომ ეული არ ვყოფილვარ,არ ვყოფილვარ ერთადერთი,რომელიც უბედობით იტანჯება.ის კიარა,პატარა სახელოსნოც კი მაქვს,სადაც ჩემთან ერთად რამდენიმე მოყვარული მხატვარი ვხატავთ.ვხატავთ ყველაფერზე,_ეს შეუზღუდავია.შემდეგ ჩვენს ნახატებს,სხვა მზრუნველობასმოკლებულის შემოქმედებას შეუერთებდნენ და ეწყობოდა საკმაოდ დიდი გამოფ_გაყიდვა.ლამაზად ნაქსოვი ფარდაგები,ნახატები თუ ნაძერწი ფიგურები,_გამოფენაზე ყველაფერს იხილავდით."ძალიან გამართლებაში" არა თავშესაფარი,არამედ თვით ამ თავშესაფარში მომხდარი ამბავი მივიჩნიე.ერთ_ერთ გამოფენაზე,ხალხის გარემოცვაში ჩემი ყურადღება ერთმა,ხანში შესულმა,დაახლოვებით 65 წლამდე ასაკის ქალბატონმა მიიპყრო.მის არისტოკრატულ გარეგნობას,მაღალი და მოქარგული ბერეტის,კუბოკრული კაბისა და სხვა აგრეთვე საუცხოო სანკაულით მორთულს ხიბლს ერთი ორად მატებდა მისი ერთობ უცნაური ქცევა.თითოეული ქანდაკების წინ ჩერდებოდა,წინ იხრებოდა და თათმანიან თითებს ნაზად აცურებდა ქანდაკების გლუვ ზედაპირებზე.ხალხის მასამ დარბაზის სიღმისკენ გამიტაცა და ქალბატონიც გაქრა ჩემი თვალთახედვის არედან.მე კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ ბედმა ძალიან გამიმართლა.ერთ_ერთ სურათს გამეტებით ვაკვირდებოდი,რომესაც უკნიდან მოულოდნელად დავეჯახე ადამიანს,რომელიც ჩემგან ზურგით იდგა,მაგრამ,რა თქმა უნდა,ჩაცმულობაზე მივხვდი,რომ ის უცნაური ქალბატონი იდგა ჩემ წინ.ქალს დაჯახებისას ანაზდად ხელიდან გაუვარდა პატარა ქალური ჩანთა,რომელიც გლუვი იატაკის შეხებისას შუაზე გადაიხსნა და რაც კი რამ იდო,იატაკზე მიმოიფანტა.ძირითადად ფურცლების წყება ამოცვენილიყო. _ქალბატონი ბრმა არის და გთხოვთ ნივთები აუკრიფეთ._მომმართა სხაპასხუპით მომსახურე პერსონალის ერთ_ერთმა პირმა,რომელიც მძიმე ჩარჩოს სადღაც მიაქანებდა. _უკაცრავად,ქალბატონო!შემთხვევით მომივიდა.ახლავე ავკრეფ..._მოვიბოდიშე და ახლაღა შევამჩნიე მის სახელზე,რომელიც გვერდზე მიებრუნებინა,მუქი სათვალეები,ჩვეულებრივ, ბრმის "სამკაული".მისმა სიბრმავემ რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე.ქაღალდები საჩქაროდ შევაგროვე და უკან,ჩანთაში ჩავაბრუნე,მაგრამ ერთი,მუქი ფერის პერგამენტი გამომრჩენოდა,რომელიც 2 თუ 3 მეტრის მოშორებით,კედლის კუთხეში ეგდო.სასწრაფოდ წავიღე ხელი და მათი წინამორბედების მსგავსად უნდა ჩამებრუნებინა,როცა ერთ ადგილას გავქვავდი,გავირინდე,გავიყინე.პერგამენტზე ჩემი ინიციალები და ბავშვობის დროიდან შემორჩენილი ჩემი გაკრული ხელნაწერი ვიცანი. "1937 წლის 3 ნოემბრის ოთხშაბათით" დათარიღებული _ეს იყო სასიყვარულო ბარათი ჩემი ფრანგული ენის მასწავლებლისადმი,მარია ლუიზიანა პერეველისათვის. _ეს პერგამენტი თქვენ საიდან?_წამიერად გავაცნობიერე,რომ ქალბატონს ზედმეტად მაღალი ხმით მივმართე._საიდან?საიდან?ნუთუ თქვენ...მარია...მარია..._ფეხები თვითნებურად მომეკეცა და ქალს მუხლებზე მოვეხვიე._მე თქვენ გიპოვეთ,მარია,გიპოვეთ..._ორივე ვცახცახებდით.დარბაზში შეკრებილი ხალხი მოგვშტერებოდა. არაფრის მრცხვენოდა,არც არავის რიდი მქონდა.მე დაკარგული და აკრძალული სიყვარული ვიპოვე.ბრმა,მაგრამ ჩემი მზერით გამტკიცებული გრძნობა..."_პირველი შემთხვევა იყო,რომედესაც დღიურის კითხვა მოჭარბებული ემოციის გამო შევწყვიტე და დავხურე,ოღონდ სანიშნად თითი ჩავატანე. მარია მომეკვრა და ჩვეულებისამებრ,მიყუჩდა,თუმცა მის გაბულ ცახცახსა და პერიოდულ თრთოლვას ვგრძნობდი. _ექვსი გამორჩეული დღე დღიურის ცხოვრებიდან,არადა შვიდს ველოდი._ქალმა თავი ჩემსკენ მოაბრუნა. _არა,გეშლებათ.შვიდი გამორჩეული დღე.მეშვიდე დღეს დაიბადება..._ჯიბიდან ძველი კალმისტარი ამოვაძვრე და თითდატანებული დღიური ისევ გადავშალე.ბოლო გვერდზე,სადაც თეთრი,სუფთა ფურცელი მეგულებოდა გადავშალე და სანამ უშუალოდ რაიმეს დავწერდი,ვიკითხე: _დღეს რა დღეა? ქალი ოდნავ დაფიქრდა. _ოთხშაბათი. _გმადლობთ._ვუპასუხე და ფურცელზე გაკრული ხელით ასოები ამოვხაზე.თან ვწერდი,თან მარიას ვუკითხავდი:"_1971 წლის 14 ივნისი,ოთხშაბათი."_ვგრძნობდი,რომ საჭირო სიტყვებს დღეს იოლად ვიპოვიდი,ამიტოვ წერას სასწრაფოდ შევედექი."_გუშინ,სიზმარში დედა ვნახე,ოღონდ მე არა 17 წლის,არამედ ახლანდელი ასაკისა გახლდით.მარიაც ჩემთან ერთად იყო,ოღონდ ის იმდენისა,რამდენიც ჩემი სწავლის წლებში,27-ის.მასავლებელი მარია ლუიზიანა პერსივალი ჩემზე უფროსი აღარ იყო...ჩვენ შორის უხერხული თუ ასაკობრივი სხვაობა სადღაც გამქრალიყო.დედა ორივეს გვლოცავდა,სათითაოდ გვიხუტებდა გულში და გვეალერსებოდა.დღეს ჩემზე ბედნიერი კაცი ქვეყანაზე არც კი მოიზებნება,გვერდით მყავს ის,ვინც ჩემთვის საკუთარ თავზე უმჯობესია.ესაა ჩემი ფრანგულის მასწავლებელი..!"_წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი დავსვი და კალამშიც მელანი საბოლოოდ ამოიწურა.დღიურის უკანასკნელი სუფტა გვერდიც გადაიფურცლა. მარია მკერდზე მეკვროდა.მე ხელი მოვხვიე და შუბლზე ვაკოცე.ის ჩურჩულებდა,თუმცა ხმა გარკვევით ჩამესმოდა: "_არ არსებობს მასწავლებელი,არ არსებობს მოსწავლე,არ არსებობს ზღვარი.არსებობს მხოლოდ სიყვარული..."
|