"საშიშროება, რომ ატესტატის გარეშე ბევრი დარჩება, არ არსებობს!''23 მაისს, სრულიად საქართველოს მასშტაბით, საატესტატო გამოცდების ციებ-ცხელება დაიწყება. დაახლოებით, 48 ათასზე მეტი მეთორმეტეკლასელი გამოცდას 8 საგანში ჩააბარებს. არის თუ არა საშიშროება, მათი უმრავლესობა უატესტატოდ დარჩეს? არის თუ არა საატესტატო გამოცდების ტესტები მისაღები გამოცდების ტესტებზე უფრო რთული? რა პერსპექტივა აქვთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდებს ვერ ჩააბარებენ და შეძლებენ თუ არა ისინი ე.წ. კატის მეთოდით ცოდნის გამომჟღავნებას? საზოგადოებაში გაჩენილ ამ და სხვა საინტერესო კითხვებს, ასევე განათლების ექსპერტთა ბრალდებებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი "ვერსიასთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში უპასუხებს.
- საატესტატო გამოცდებს ჩააბარებენ ის მეთორმეტეკლასელები, ვისაც აქვთ სურვილი აიღონ ატესტატი და სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძონ. ვისაც არ სურს, სერტიფიკატს მიიღებს, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი 12 წელი დადიოდნენ სკოლაში. მათ შეეძლებათ დაიწყონ მუშაობა, ან სწავლა პროფკოლეჯში გააგრძელონ. აპრობაციები უკვე ყველა რეგიონში ჩავატარეთ. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ახალ ტექნოლოგიას ითვისებს. ჩამოვიტანეთ და დავამონტაჟეთ ამიერკავკასიაში ყველაზე ძლიერი სერვერები, რომლებზეც სკოლების გადართვა ხდება. ასევე, სკოლებში შეგვაქვს სპეციალიზებული კომპიუტერები...
- "ვერსიის'' ინფორმაციით, აპრობაციის პროცესში, განსაკუთრებით რეგიონებში, ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა. 23 მაისამდე მოესწრება ყველა ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება?
- რა თქმა უნდა. პრობლემები, პირველ რიგში, დაკავშირებულია ინტერნეტპროვაიდერებთან. ბევრი რამ უკვე გამოსწორდა. 23 მაისამდე უზრუნველვყოფთ, რომ გამოცდების ჩაბარების საშუალება, ყველა ბავშვს ჰქონდეს. ფორსმაჟორული სიტუაციებიც გავითვალისწინეთ. ამისათვის სარეზერვო ცენტრები შეიქმნება. თუ რომელიმე სკოლაში, რაიმე ტექნიკური პრობლემა გაჩნდება, გამოცდა შესაბამის სარეზერვო ცენტრში ჩატარდება.
- რაც შეეხება ტესტების დონეს, რა შედეგები აჩვენა აპრობაციამ? ექსპერტების მტკიცებით, საატესტატო გამოცდების ტესტები, მისაღები გამოცდების ტესტებზე რთულია. საკითხების გამარტივება მოსალოდნელია?
- აპრობაციის დროს, ძირითადად, ლოჯისტიკა, ქსელები გამოიცადა. ტესტები იგივე დონის იქნება, რადგან შეკითხვები ისედაც ძალიან მარტივ, მარტივ და საშუალო სირთულის კითხვებადაა დახარისხებული. გარწმუნებთ, ტესტები ორიენტირებულია ბავშვებზე, მოსწავლეებზე, რომლებიც სკოლაში დადიოდნენ და განათლებას იღებდნენ.
- და არ სწავლობდნენ, მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნებს, რომელთა ჩაბარებაც ახლა უწევთ.
- ამ არგუმენტს არცერთი მასწავლებელი და მოსწავლე არ იშველიებს. მაპატიეთ, მაგრამ ყველა მოსწავლეს, ყველა საგანში აქვს წლიური ნიშანი. თუ ვინმე ამბობს, რომ რაღაც არ უსწავლია, მე, როგორც მინისტრს, მაქვს უფლება, გადავამოწმო, როგორ შეფასდა ბავშვი ამ საგანში. გარდა ამისა, წელიწადნახევრის წინ განვაცხადე, რომ გამოცდები ჩატარდებოდა. უფასოდ ტარდება აბიტურიენტის გაკვეთილებიც, სადაც მოსწავლეები სკოლის პროგრამას იმეორებენ. წლევანდელ მეთორმეტე კლასელებს გაუმართლა, რადგან ძალიან დაბალი, მინიმალური კომპეტენციის გადალახვა უწევთ. მომავალ წელს ეს ციფრი 2-ჯერ მაინც გაიზრდება. 2013 წელს კი, იმ შედეგამდე აიწევს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. - საქართველოში, ყველა მოსწავლემ კარგად იცის კომპიუტერი და აქვს უნარი, CAT-ის მეთოდით ჩააბაროს გამოცდა? ექსპერტების მტკიცებით, ეს მეთოდი ბავშვებს აბნევს.
ბავშვებს საშუალება აქვთ, გამოცდამდე 24 საათის განმავლობაში გადახედონ, რა პრინციპით უწევთ გამოცდის ჩაბარება. აპრობაციამ აჩვენა, რომ ამ მხრივ, პრობლემა არ შეიქმნება. მსგავს შეფასებებს რეტროგრადული, მარგინალი ადამიანები აკეთებენ. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ისინი მე-19 საუკუნეში ჩარჩნენ. ფიქრობენ, რომ კომპიუტერი ეშმაკის სიმბოლოა, წილადი სატანისაა, მინისტრი სატანაა, რადგან წილადებს არ აუქმებს... დღეს კომპიუტერი უცხო არავისთვის არის. თუ პროგრესი გვინდა, მსოფლიოსთან ერთად უნდა განვვითარდეთ. - თუმცა, CAT-ის მეთოდის შემოღებას პროგრესს კი არა, მიაწერენ სამინისტროს მზაკვრულ გეგმას - რაც შეიძლება მეტი მოსწავლე დარჩეს ატესტატის გარეშე, რათა შემდეგ პროფსასწავლებელში გადავიდეს და, საბოლოოდ, მომსახურე ერად ჩამოვყალიბდეთ.
საშიშროება, რომ ატესტატის გარეშე ბევრი დარჩება, არ არსებობს! რას ნიშნავს მომსახურე ერად ჩამოყალიბება? სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, თითქოს წარმატებული ადამიანი მაინცდამაინც სავარძელში უნდა იყოს მოკალათებული. ყველა პროფესიას უნდა ვცეთ პატივი. ყველა მშრომელი ადამიანი ღირსეულია. ამიხსნას ვინმემ, შემდუღებელი, მეეზოვე, ოფიციანტი... რით არის სხვებზე ნაკლები? რაც შეეხება პროფსასწავლებლებს, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც შეთქმულების თეორიები ელანდებათ. ისინი შორს არიან განათლების სისტემისგან, მაგრამ თავი ექსპერტებად მოაქვთ. გულახდილად გეტყვით, განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი შინაარსობრივი, ობიექტური კრიტიკის ნაკლებობაა. ე.წ. ექსპერტების ბრალდებების 98% არარეალურია. მაგალითად, პარლამენტში ჩემს გამოსვლამდე, ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ 5 წლის ასაკში შვილის სკოლაში მიყვანის საკითხი მშობლის გადასაწყვეტი არ არის. აბა, მე უნდა გადავწყვიტო, თქვენ, თუ ექსპერტმა? ადრეც ბევრს მიჰყავდა ბავშვი სკოლაში 5 წლის ასაკში. ჩვენ, ეს პროცედურა, უბრალოდ, გავამარტივეთ.
http://www.facebook.com/notes/2011-%E1%83%...210866648933164