სკოლების წარუმატებლობა, დაბალი მაჩვენებლები ტესტებში და სულ უფრო და უფრო
შემცირებული ბიუჯეტი - ეჭვს გარეშეა, რომ ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემას
რეფორმირება სჭირდება, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები? პოლიტიკოსების,
მასწავლებლების, სტუდენტებისა და მშობლებისთვის რეფორმა ყოველთვის იყო და
მომავალშიც უცილობლად იქნება წინააღმდეგობრივი. უახლოეს წარსულში, ისეთი
პროგრამები, როგორიცაა ”არც ერთი ჩამორჩენილი ბავშვი” (No Child Left Behind) და
”მწვერვალისკენ სწრაფვა“ ( Race to the Top) მიზნად ისახავდა მასწავლებლების მოტივირებასა
და საზოგადოების მობილიზებას სკოლების გარშემო. სამწუხაროდ, ამ რეფორმებმა მხოლოდ
მცირედი შედეგი გამოიღო. ზოგიერთი იმასაც კი ირწმუნება, რომ ამ პროგრამებმა უფრო
მეტად მავნე შედეგი მოიტანეს ვიდრე კარგი. მაშ, რა შეიძლება იყოს ნამდვილი რეფორმა
ამერიკის სკოლებისათვის?
ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ფინეთის საგანმანათლებლო სისტემას ბევრი აღიქვამს,
როგორც მოდელს, რომელიც ნამდვილად მუშაობს. გასული ათწლეულის განმავლობაში,
ფინელი მოსწავლეები ეკონომიკური თუ სოციალური ფონის მიუხედავად საერთაშორისო
შეფასებებში უმაღლეს ან უმაღლესთან მიახლოებულ ქულებს მყარად ინარჩუნებენ. ფინელი
მოსწავლეები სკოლაში უფრო მცირე დროს ატარებენ ვიდრე მათი ამერიკელი თანატოლები.
ზოგიერთი ამერიკელი რეფორმატორი ცდილობს საკუთარ სასკოლო უბანზე, ასეთივე
განსაცვიფრებელ წარმატებას მიაღწიოს. ადვილი სათქმელია! ფინეთის საგანმანათლებლო
სისტემა რადიკალურად განსხვავდება აშშ-ს, ან თუნდაც მეზობელი სკანდინავიის ქვეყნების
საგანმანათლებლო სისტემისაგან. ბევრი ფინეთის განათლების სისტემას აღიქვამს, როგორც
იმედის მომცემ მოდელს და ძნელი მისახვედრი არაა, თუ რატომ.
რატომ არიან ესოდენ დიდი რაოდენობის საგანმანათლებლო რეფორმატორები აღტყინებული
ფინეთის განათლებით? რა შეიძლება ვისწავლოთ ფინეთისგან ჩვენი საკუთარი სისტემის
რეფორმირების თვალსაზრისით?
1. ფინელი მოსწავლეები უმაღლეს ქულებს იღებენ საერთაშორისო
ტესტებში.
PISA-ს კვლევა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის მიერ ჩატარდა, ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ქვეყნებში 15 წლის
მოსწავლეების შედეგებს წიგნიერებაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში.
ფინეთი სამივე საგანში უმაღლესთან მიახლოებულ ქულას ინარჩუნებს კორეასა და
სინგაპურთან ერთად. აშშ-ს საშუალო დონის მაჩვენებლები აქვს, იმის მიუხედავად, რომ
ისინი უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, მოსწავლეები უფრო მეტ საშინაო დავალებებს
აკეთებენ და უფრო მეტ დროს ატარებენ სკოლაში. ამერიკელი მოსწავლეების
აკადემიური მოსწრება ვერ შეედრება ფინელი მოსწავლეებისას. სწორედ ესაა ერთი
მიზეზი, რატომ არიან საგანმანათლებლო რეფორმატორები მთელი მსოფლიოს
მასშტაბით ფინური საგანმანათლებლო მოდელით შეპყრობილნი.
2. სკოლაში მოსწავლეებს არ აძლევენ ბევრ საშინაო დავალებას.
ფინელმა მოსწავლეებმა საერთაშორისო შეფასებაში უმაღლესი ადგილი მოიპოვეს,
თუმცა მათ სხვა წარმატებული ქვეყნების: სამხრეთ კორეის, სინგაპურისა და ჩინეთის
მოსწავლეებისგან განსხვავებით, არ უწევთ საშინაო დავალებების შესრულება. ფინური
სკოლები ბევრად ნაკლებ საშინაო დავალებას აძლევენ მოსწავლეებს ვიდრე, აშშ-ს
სკოლები. უფროსკლასელებს იშვიათად აქვთ საშინაო დავალება, რომლის
მომზადებასაც ნახევარ საათზე მეტი სჭირდება. დაწყებითი და საბაზო კლასების
მოსწავლეებს კი საერთოდ არ აქვთ საშინაო დავალება. ფინეთის საგანმანათლებლო
მოდელი დაფუძნებულია იდეაზე, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ დრო, რომ იყვნენ
უბრალოდ ბავშვები, ხოლო თინეიჯერ მოსწავლეებს არ უნდა ამძიმებდეს
მრავალსაათიანი საშინაო დავალებები. როგორც ხედავთ, ეს მოდელი ძლიერ
განსხვავდება ბევრი ამერიკული საგანმანათლებლო რეფორმისაგან, რომელიც
ადვოკატირებას უწევს უფრო ხანგრძლივ და ინტენსიურ მეცადინეობას ნებისმიერ
ასაკში. ამიტომაც ბევრს უჭირს გაიგოს როგორ აღწევენ ფინელი მოსწავლეები ამდენს
იმ მცირე დროის პირობებში, რომელსაც ისინი გაკვეთილებზე დასწრებასა
დავალებების მომზადებაში ხარჯავენ.
3. მასწავლებლები პასუხისმგებელნი არიან
ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის წარმატების ამოსავალი წერტილი
მასწავლებელია. ფინელ მასწავლებლებს ამერიკელი კოლეგებისაგან განსხვავებით
უზარმაზარი ავტონომია და ნდობა აქვთ მინიჭებული. ფინეთს გააჩნია ეროვნული
სასწავლო გეგმა, მაგრამ ის მხოლოდ ზოგადი წესების ნაკრებია და არა მკაცრი
პროგრამა. ფინური ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ინსტრუქციებს, თუ რა და
როდის უნდა გაიარონ მასწავლებლებმა სასწავლო წლის განმავლობაში.
მასწავლებლები უმეტესწილად საკუთარი სასწავლო გეგმის შემუშავებაზე,
მოსწავლეთა პროგრესის შეფასებასა და საგანმანათლებლო პროცესის ყველა სხვა
დანარჩენ აუცილებელ ასპექტზე არიან პასუხისმგებელნი. ამგვარი ნდობა
პრობლემურია ამერიკელი მასწავლებლებისათვის. მათ საკლასო ოთახში მცირე
ავტონომია აქვთ, მოეთხოვებათ ასწავლონ, რომ მათ მოსწავლეებს ტესტებში მაღალი
შეფასებები ჰქონდეთ. ისინი არ აღიქმებიან ნამდვილ პროფესიონალებად. აშშ-ში
განხორციელებული რეფორმა რამდენიმე ნაკლოვანების აღმოფხვრაზე იყო
მიმართული, თუმცა შედეგმა გვაჩვენა, რომ მხოლოდ პირველი დიდი ნაბიჯი
გადაიდგა ამერიკული განათლების სისტემაში არსებული ნაკლოვანებების
აღმოსაჩენად.
4. სწავლა-სწავლების პროცესი ფოკუსირებულია კრეატიულობაზე.
იმის ნაცვლად, რომ ინფორმაციის დამახსოვრებაზე იმუშაონ ან შეისწავლონ თემები,
რომლებიც სტანდარტიზებულ ტესტში იქნება მოცემული, ფინელი მოსწავლეები
წახალისებულნი არიან კრეატიული აზროვნებისა და შემოქმედებითი სწავლისაკენ.
კრეატიული თამაშები და პრობლემის გადაჭრა საკლასო ოთახში ცენტრალურ როლს
თამაშობს და კლასში არაფორმალური და მშვიდი გარემო ყალიბდება. ამგვარი
გარემო, სადაც ერთი შეხედვით ,,ცოტა რამ ხდება“, ბევრი ამერიკელი
განმანათლებელისათვის საკმაოდ უცხოა (იმის მიუხედავადა, რომ მონტესორის
სკოლები იყენებენ მსგავს მოდელს) და შესაძლოა ვერ იმუშავოს არსებულ
საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ტესტების
ქულებზე. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ეს მიდგომა მხოლოდ ფინეთში მუშაობს,
ფინელი მოსწავლეები კი არა მხოლოდ საერთაშორისო შეფასებებში აჩვენებენ მაღალ
ქულებს, არამედ სხვა მოზარდებს შორის გამოირჩევიან მაღალი სააზროვნო უნარებით.
5. ფინეთში ყველა სკოლა საჯაროა.
ფინეთში არ არსებობს ცნება კერძო სკოლა. სწორედ ეს არის ყველაზე კონტრასტული
ბევრი სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო მოდელთან, აშშ-ს ჩათვლით, სადაც ბევრი
მშობელი ფოკუსირებულია სკოლის არჩევაზე. ფინეთშიც არსებობს სკოლის არჩევანი,
თუმცა ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ყველა არჩევანი ერთი და იგივეა. ფინეთში
დამოუკიდებელი სკოლების მცირე რაოდენობაა, მაგრამ ყველა სახელმწიფოს მიერ
ფინანსდება. სკოლებს არ აქვთ უფლება შეცვალონ სწავლის ღირებულება. უმაღლესი
განათლების მიმართაც ამგვარი მიდგომაა. ყველა ფინური უნივერსიტეტი საჯაროა.
შედეგად, სოციალური წარმოშობის მიუხედავად ყველა მოსწავლისთვის
საგანმანათლებლო რესურსები ერთნაირად ხელმისაწვდომია. ვერაფერი ვერ იქნება
ამერიკული განათლებისაგან იმაზე უფრო განსხვავებული, ვიდრე აღწერილი მოდელი.
მითუმეტეს კი დღეს, როდესაც საჯარო სკოლები, განსაკუთრებით ახელმწიფო
დაფინანსების მქონე დამოუკიდებელი სკოლები (charter school) განიხილება, როგორც
ამერიკუ8ლი განათლების ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზა.
6. არ არსებობს სტანდარტიზებული ტესტები.
ფინური საგანმანათლებლო სისტემისთვის უცხოა სტანდარტიზებულ ტესტებზე
ამერიკული აკვიატება. მოსწავლეების უმრავლესობა სკოლაში მხოლოდ ერთხელ
გადის ნებაყოფლობით ტესტირებას, როდესაც აბარებს სახელმწიფო საატესტატო
გამოცდებს (National Matriculation Exam)საშუალო განათლების ზედა საფეხურის
დასრულებისას. უხეშად რომ ვთქვათ, ამერიკული უმაღლესი სკოლის (high school)
განათლების ექვივალენტს. მრავალეტაპიანი ტესტების ნაცვლად, მასწავლებლები
გადამზადებას გადიან ბავშვების მიერ საკლასო ოთახში დაწერილი ტესტების
შეფასებაზე, რომლებსაც ისინი თავად ადგენენ, ხოლო მოსწავლეები ყოველწლიურად
შემთხვევითი შერჩევით გადიან ტესტირებას განათლების სამინისტროში. რატომ ასეთი
ანტიპათია ტესტების მიმართ? ფინელი განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ
განათლების პირველი წლები არ უნდა იყოს აკადემიურ წარმატებაზე
ორიენტირებული, ბავშვებს უნდა ასწავლო როგორ იცხოვრონ, ისწავლონ და
აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები. ეს შესაძლოა ერთმნიშვნელოვნად რთული
განსახორციელებელია ამერიკული საგანმანათლებლო სისტემისათვის, რამდენადაც
მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ტესტირება წარმოადგენს საგამანათლებლო
სისტემის ყველა ასპექტის სისხლხორცეულ ნაწილს.
7. მასწავლებლობა ბევრ ტრენინგსა და განათლებას გულისხმობს.
ფინეთში ძველებური გამოთქმა „ვისაც შეუძლია ქმნის, ვისაც შექმნა არ შეუძლია-
ასწავლის” - არ მოქმედებს. სწავლება მოიაზრება, როგორც ერთერთი ყველაზე
პრესტიჟული და ძნელად მისაღწევი პროფესია. იმისათვის, რომ მასწავლებლად
იმუშაო, აუცილებელია მაგისტრის ხარისხი. მასწავლებელთა ტრენინგ პროგრამები
დანერგილია ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ პროფესიულ სკოლებში. 10-დან მხოლოდ
ერთი შეიძლება კვალიფიცირდეს და ჩაირიცხოს მასწავლებლის მოსამზადებელ
პროგრამაზე, სადაც კვლავ ტრენინგებს გაივლის ყველა ტიპის მოსწავლეებთან
(შეზღუდული შესაძლებლობის, ენობრივი ბარიერის მქონე და აშ) მუშაობის შესახებ,
ასევე, გადიან ტრენინგებს, სხვა სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებში. საკუთარი
სასწავლო გეგმის შემუშავებასა თუ მოსწავლეების პროგრესის შეფასებაში.
ამავდროულად, ტრენინგებზე ისინი ეტაპობრივად აუმჯობესებენ სწავლების საკუთარ
მეთოდებს. მასწავლებლის განათლებაზე ფოკუსირება არ მთავრდება მასწავლებლობის
უფლების მოპოვებისთანავე. მასწავლებლებს სპეციალურად უხდიან იმისთვის, რომ
საკუთარი კარიერის განმავლობაში კვირაში 2 საათი პროფესიულ განვითარებას
მოანდომონ. იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს ფინეთის მთავრობა მასწავლებლებს
ეხმარება დააფინანსონ საკუთარი განათლება, რაც ესოდენ ძნელი წარმოსადგენია
ამერიკაში.
8. მასწავლებლებს საზოგადოება დიდ პატივს სცემს, როგორც
პროფესიონალებს.
აშშ-ში მასწავლებლები არ არიან განსაკუთრებით პატივცემულნი, ის კი არა და ბოლო
წლებში ისინი დაუკავშირეს და დაადანაშაულეს კიდეც ამერიკის საგანმანათლებლო
რეფორმის წარუმატებლობაში. ეს სულაც არ არის სამართლიანი შეფასება და თუკი
სწორება ფინეთზეა, მაშინ მასწავლებლებს ყველაზე ნაკლები წვლილი აქვთ
განათლების სისტემის წარუმატებლობაში. ფინეთში განსხვავებით აშშ-საგან,
მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს დიდი ავტორიტეტი და სათანადო აღიარება
აქვთ. მასწავლებლობა და სკოლის ადმინისტრატორობა ძალიან დიდი
პასუხისმგებლობაა. ისინი საუკეთესო პროფესიონალები არიან. ფინეთში უფრო
რთულია განათლებაში მოხვდე, ვიდრე სამართალსა თუ მედიცინაში. მხოლოდ
საუკეთესოებსა და გამორჩეულებს შეუძლიათ გახდნენ მასწავლებლები. შედეგად,
ახალგაზრდებს შორის მასწავლებლობა ერთერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია
მიუხედავად საკმაოდ დაბალი საწყისი ხელფასისა, რომელიც წლიურად 29 000
დოლარს შეადგენს (აშშ-ში საშუალო ხელფასი წლიურად 36 000 დოლარია). შტატებში
ბევრად ადვილია გახდე მასწავლებელი, თუმცა ეს პროფესია საზოგადოებისაგან არ
იმსახურებს პიროვნულ თუ პროფესიონალურ პატივისცემას. ბოლო დროის
საგანმანათლებლო რეფორმები თითქოს ამ სიტუაციის გაუმჯობესებაზე იყო
მიმართული, თუმცა ამის პარალელურად მასწავლებლებს ხელფასები
უმცირდებოდათ, არ იყვნენ წახალისებულნი დამატებითი განათლების მისაღებად და
რაც მთავარია, ძირითადი აქცენტი მოსწავლეების მიერ ჩაბარებული ტესტების
ქულები იყო, ის განსაზღვრავდა მასწავლებლის საქმიანობის ავკარგიანობას.
9. ფინეთის საგანმანათლებლო სისტემაში ყველაფერი თანამშრომლობაზეა
დაფუძნებული და არა კონკურენციაზე
ამერიკული სკოლები ყველაფერში პირველობას ცდილობენ, იქნება ეს რეიტინგი
საერთაშორისო შეფასებაში, ტესტირება და ასე შემდეგ. ბედის ირონიაა, მაგრამ
შესაძლოა სწორედ ეს პირველობის ძიება უკან სწევს ამერიკულ საგანმანათლებლო
სისტემას. ფინელებს სჯერათ, რომ გამარჯვებისთვის შეჯიბრი არაა საჭირო. ეს
ამერიკულისაგან სრულიად განსხვავებული ხედვაა. ფინეთში, არ არსებობს საუკეთესო
სკოლების ან მასწავლებლებისა რეიტინგი. საგანმანათლებლო პოლიტიკის
წარმმართველი ძირითადი ფაქტორი არის არა მასწავლებლებსა და სკოლებს შორის
კონკურენცია, არამედ, თანამშრომლობა. ვინაიდან სკოლები არ იბრძვიან პირველი
ადგილის მოპოვებისთვის, მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ და ერთად მივიდნენ
საუკეთესო გადაწყვეტილებამდე, რადგან სწამთ, რომ გადაწყვეტილება
თანამშრომლობის პროცესში ჩართული ყველა სკოლისთვის მომგებიანია. აშშ-ში
საგანმანათლებლო სისტემა არ იძლევა ამგვარი თანამშრომლობის შესაძლებლობას.
სკოლები პირველობისთვის იბრძვიან, რაც ნეგატიურად აისახება განათლების
ხარისხზე.
10. ფინური სისტემა დაფუძნებულია სამართლიანობაზე და არა
სრულყოფილებაზე.
დაახლოებით სამი ათეული წლის წინ, ფინეთის საგანმანათლებლო სისტემა
რეფორმირებას საჭიროებდა. ფინეთის საგანმანათლებლო პოლიტიკის
წარმმართველებმა ფოკუსირება სკოლების ერთიანი დონის და არა საუკეთესო
სკოლების შექმნაზე მოახდინეს. ყველა სკოლას სწავლისათვის თანაბარი რესურსები
უნდა შეეთავაზებინა მოსწავლეებისთვის. თითოეულ ბავშვს უნდა გააჩნდეს
განათლების მიღების ზუსტად ერთნაირი შესაძლებლობა, მიუხედავად ოჯახური
მდგომარეობისა, შემოსავლისა თუ გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა, ეს ფინური
განათლების მთავარი წარმმართველი იდეაა. ფინეთში მოქმედებს სკოლების
დაფინანსების ისეთი ფორმულა, რომელიც ყველა სკოლას შორის რესურსების
თანაბრად გადანაწილების გარანტიას იძლევა, ადგილმდებარეობის და თემის
ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად. და რაც უფრო მნიშვნელოვანია,
უმაღლესი განათლება ფინელი სტუდენტებისათვის უფასოა. ამგვარი თანასწორობა
აშშ-ში სულ ახლახანს აქტიურად განიხილებოდა, განსაკუთრებით კი
საზოგადოებრივი მოძრაობა Occupy-ს მსვლელობის ფონზე. სამწუხაროდ, ეს სწორედ
იმ პრობლემის ნაწილია, რომელიც ფინეთის ბევრი წარმატებული რეფორმის
იმპორტირებას აშშ-ში შეუძლებელს ხდის, რადგან თანასწორობა ფინეთის
საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგია, რომელიც სავარაუდოდ ძალიან
არაპოპულარული იქნებოდა შტატებში.
11. ფინეთში საგანმანათლებლო წარმატება უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ
გაკვეთილები.
ფინელი მოსწავლეების წარმატება, მხოლოდ საგანმანათლებლო რესურსების
ხელმისაწვდომობაში არ არის. ფინური სკოლები ფინანსდებიან ბავშვების საყოველთაო
კეთილდღეობის ხელშეწყობის პრინციპით. ბავშვთა კეთილდღეობა, კი მოქმედი
კანონმდებლობის საფუძველზე მოითხოვს, რომ თითოეულ სკოლაში იყოს უფასო
საკვები, ჯანმრთელობის დაცვაზე ხელმისაწვდომობა. ყველა სკოლაში უნდა იყოს
გუნდი, რომელიც ზრუნავს ყველა ბავშვის, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე ბავშვების კეთილდღეობაზე სკოლაში, უზრუნველყოფს მათთვის
უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას. ფინეთში ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
მანამ იწყება, სანამ ბავშვი სკოლაში შევა. დგინდება სკოლამდელ განათლებაზე
ხელმისაწვდომა ბავშვის თემში. ამერიკელი მოსწავლეებიც სარგებლობენ მსგავსი
უპირატესობებით, მაგრამ არა თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით და
ბიუჯეტიდან თანხის გაღების ხარჯზე. ამასთან, ბევრ ხელმოკლე მოსწავლეს არ
შეუძლია ჰქონდეს საკვების მიღების ან გაკვეთილების შემდგომი აქტივობებში
ჩართვის იმედი საკუთარ სკოლაში.
12. ფინეთში გაზრდილმა ემიგრნტებმა ვერ შეცვალა ტესტის შედეგები.
ბევრი საგანმანათლებლო რეფორმატორი ამტკიცებს, რომ ფინური განათლების
მოდელი ვერ იმუშავებს შტატებში, რადგან ფინეთი ბევრად პატარა და ჰომოგენური
ქვეყანაა, ვიდრე აშშ. ამაში არის გარკვეული ლოგიკა, ვინაიდან ფინეთში ცხოვრობს
მხოლოდ 4.6%-ია არაფინური წარმოშობის მოქალაქე. ეს მაჩვენებელი ამერიკაში 12.7%-
ს შეადგენს. თუმცა, ეს მაინც არ ნიშნავს რომ ეს მოსაზრება სწორია. 2000-2010 წლებში
ფინეთში ემიგრანტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა საერთაშორისო შეფასებაში
ფინეთის შედეგები მაინც მსოფლიოს საუკეთესო მაჩვენებლებში შევიდა, ტესტებში იმ
სკოლებმაც მაღალი შედეგები აჩვენა, სადაც ძალიან ბევრი არაფინური წარმოშობის
მოსწავლე სწავლობდა. უფრო მეტიც, თუ შევადარებთ ფინეთს სხვა მსგავს ქვეყნებს,
როგორიცაა მაგალითად ნორვეგია, ფინეთი მაინც პირველ ადგილზეა. ნორვეგია
ძალიან ჰგავს ფინეთს, პრაქტიკულად უმცირესი განსხვავებაა მათ შორის, მაგრამ მისი
საგანმანათლებლო სისტემა, უფრო პრო-ამერიკულია, ვიდრე პრო-ფინური.
ნორვეგიელმა მოსწავლეებმა შუალედური შედეგი აჩვენეს PISA-ს კვლევაში. იგივე
შეიძლება ითქვას შვედეთზე, შვეიცარიასა და დანიაზე. ბევრ რამეში შტატები უფრო
მეტად შეიძლება ჰგავდეს ფინეთს ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, თუკი შევადარებთ იმ
18 ქვეყანას, სადაც სხვა ეროვნების მოსწავლეების მაჩვენებელი იდენტური, ან
მნიშვნელოვნად უფრო მცირეა ფინეთის მაჩვენებელთან მიმართებაში. უფრო სწორი
იქნება, რომ ვაღიაროთ, საგანმანათლებლო პოლიტიკა და პრაქტიკა წარმატების უფრო
მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ვიდრე მოსახლეობის რაოდენობა ან ეთნიკური
შემადგენლობა - ესეც ნათელი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის, ვინც იბრძვის
მკვეთრად მრავალეროვანი მოსწავლეების ჯგუფისა თუ ახალი ემიგრანტების
განსახლებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
13. ფინეთი ცდილობს შექმნას ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა.
ამერიკის შეერთებული შტატებსა და ფინეთს ერთი რამ აქვთ საერთო: მათ სურთ
შექმნან ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა. შტატები იბრძვის მრეწველობის
არსებული მოდელი მაღალ ტექნოლოგიური მრეწველობითა და მომსახურებით
ჩაანაცვლოს, ფინეთს ბევრად უფრო ბედნიერი ხანა უდგას. 1970 წლიდან
მოყოლებული ფინელი პოლიტიკოსები აცნობიერებდნენ, რომ მათ არ შეუძლიათ
მომავალი აშენონ საკუთარი ბუნებრივი რესურსებისა და მცირე ინდუსტრიის
იმედით. ამის სანაცვლოდ, მათ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შენება დაიწყეს.
საგანმანათლებლო სისტემა გახდა საზოგადოებრივი მისიის ნაწილი. მისია კი
გულისხმობდა, არა ზოგიერთი მოსწავლის, არამედ ყველა მათგანის სწავლის დონის
გასაუმჯობესებას. შედეგად, ფინელი სტუდენტები უკეთ მომზადებული და
კონკურენტუნარიანი არიან საერთაშორისო ეკონომიკაში, მაშინ როცა შტატებში
კვლავაც დიდია ამის სურვილი და საჭიროება. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ,
ის ძირითადი გაკვეთილები, რომლებსაც ფინური სკოლები გვასწავლიან პოლიტიკაზე
უნდა აისახოს. საუკეთესო სკოლების არსებობა საკმარისი არ არის, თუკი მათზე
თანაბარი ხელმისაწვდომობა არ აქვს ყველა სტდენტს.
14. ფინური სკოლებში პოზიტიური სასწავლო გარემოა.
მიდით ფინეთის ნებისმიერ სკოლაში და თქვენ ნახავთ კლასებს, რომლებიც
უსაფრთხოა, გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. და ხანდახან
შთამბეჭდავი არქიტექტურითა და დიზაინითაც კი გამოირჩევა. ამას გარდა, საკლასო
ოთახები პატარაა და არაა გათვლილი 24 და მეტ მოსწავლეზე. უმრავლეს კლასში 24
მოსწავლეზე ბევრად ნაკლები სწავლობს. მოსწავლეები წახალისებულნი არიან, რომ
ითამაშონ, გაერთონ და აითვისონ ხელოვნება. ფინეთის ყველა სკოლაში დაახლოებით
იმდენივე მასწავლებელია, რამდენიც მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკის ყველა სკოლაში,
მაგრამ ბევრად ნაკლები მოსწავლე სწავლობს. ფინეთის სკოლებში 600 000 მოსწავლე
სწავლობს, ხოლო ნიუ-იორკში 1.1 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მეტი
მასწავლებლი აქცევს ყურადღებას ბავშვებს და ყველა ბავშვი, განსაკუთრებით კი ისინი
ვისაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ იღებენ მეტ ყურადღებასა და
მხარდაჭერას. მხოლოდ ზოგიერთ ამერიკულ საკლასო ოთახშია მსგავსი სიტუაციაა,
მაგრამ უმრავლესობაში ვერა. ამერიკაში მასწავლებლებზე, რესურსებსა და ხელოვნების
დარგებზე ხელმისაწვდომობა დიდწილად მშობლების ეკონომიკურ პრივილეგიებზეა
დაფუძნებული.
15. ფინეთის წარმატების ძირითადი ელემენტი- ნდობაა.
16. ფინეთში დიდია სკოლებისა და მასწავლებლების მიმართ ნდობა, რადგან მათ
ბავშვების განთლების უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მოსწავლეთა
პროგრესის მუდმივი მონიტორინგისთვის არ არსებობს სკოლების ინსპექცია ან
სტანდარტიზებული ტესტირება. მშობლები ენდობიან მასწავლებლებს, როგორც
კვალიფიცირებულ პროფესიონალებს, მასწავლებლები ენდობიან ერთმანეთს და
თანამშრომლობენ რათა გადაჭრან საერთო პრობლემები, ხოლო დირექტორები
ენდობიან თავიანთ მასწავლებლებს, რადგან ისინი ერთ დროს თავადაც
მასწავლებლები იყვნენ. ეს იმდენად პოზიტიური სისტემაა, რომ მხოლოდ ძალიან
მცირე რაოდენობის მოსწავლე თუ ირიცხება სკოლიდან (1%-ზე ნაკლები), ხოლო
მასწავლებელთა რიცხვი პრაქტიკულად არ მცირდება.
ოცდაათი წლის წინ ფინეთის საგანმანათლებლო სისტემა ისეთივე უღიმღამო და
არათანასწორი იყო, როგორიც დღეს ამერიკის შეერთებული შტატებია. ის ეყრდნობოდა
წარმატების განმსაზღვრელ იმავე ფაქტორებს (მაგალითად, სტანდარტიზებული ტესტები და
მასწავლებლებზე დაკვირვება), რომლებსაც დღეს შტატებში ეყრდნობიან. მასწავლებლებს
განათლების განსხვევევული დონე ჰქონდათ და მოსწავლეებს არ ჰქონდათ თანაბარი
ხელმისაწვდომობა რესურსებზე. მათ მოახერხეს ყველაფერი შეეცვალათ სამ დეკადაში.
მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ ვერა ამერიკის შეერთებული შტატები ზოგიერთი იმ
ფაქტორის იმპორტირებას რაც ესოდენ წარმატებულს ხდის ფინეთის სკოლებს, მას შეუძლია
ჰქონდეს იმედი, რომ გონივრულ რეფორმებს შეუძლიათ ნამდვილი და მდგრადი შედეგის
მოტანა ქვეყნის საგანმანათლებლო პოტენციალისათვის, რაც ფინეთის საგანმანათლებლო
სისტემის მკვეთრმა ცვლილებებმა დაადასტურეს.
სტატიის ორიგინალის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე:
http://www.onlineuniversities.com/blog/201...FB_SOURCE=AGGREGATION&FB_AGGREGATION_ID=288381481237582