
ქვედა ეგვიპტის ძველ სამეფოში ტარდებოდა ბეჰემოთის დღესასწაული, რომელზეც მეფე ჰკლავდა თეთრ ბეჰემოთს. ამასთან მეფე ხორუსად (ძვ. ეგვიპტ. ღვთაება - რედ.) მიიჩნეოდა, რომელიც ცხოველის სახით გარდაქმნილ ღვთაება სეთს ჰკლავს. რა თქმა უნდა, საჭიროა მივუთითოთ ეგვიპტის ახალი სამეფოს კედლის მხატვრობაზეც, სადაც გამოსახულია ნადირობა ბეჰემოთზე (მაგალითად, ტუტანჰამონის აკლდამაში). ედფუს ტაძარში მრავალ ნახატზე ხორუსი მახვილით გმირავს "საძაგელთ ბეჰემოთის სახით". ეგვიპტის ახალ სამეფოში მიცვალებულთა საწოლის ხის ჩარჩოებს ბეჰემოთის ფორმას აძლევდნენ. აქ სქელკანა ცხოველს აპოტროფული მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა ამისა ბეჰემოთი ქალის ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნეოდა და გამოდიოდა დემონ თოერისის დამცველის სახით. და ბოლოს, საჭიროა ვახსენოთ ბეჰემოთების მშვენიერი ლურჯი ფიგურები შუა სამეფოს აკლდამების ფაიანსებიდან
აპოპი

ეგვიპტურ მითოლოგიაში აპოპი არის უზარმაზარი გველი, რომელიც განასახიერებს ბნელეთსა და ბოროტებას. ის არის მზის ღმერთ რა-ს დაუძინებელი მტერი. აპოპის საწინააღმდეგო შელოცვები მუდმივად გვხვდება სოლარული მითების ტექსტებში, სადაც ის მზის ყველა მოწინააღმდეგეთა კრებით ხატად გამოდის. აპოპი მიწისქვეშეთში ცხოვრობს, სადაც ის ებრძვის ღმერთ რა-ს.
ღამით, როდესაც რა იწყებდა ცურვას მიწისქვეშა ნილოსზე, აპოპი სვამდა მთელ წყალს მდინარედან (ყოველ ღამე), ამიტომ რას უწევდა მასთან შებრძოლება. აპოპი იმდენად ძლიერი და დიდი იყო, რომ მხოლოდ სხვა ღმერთების დახმარებით შეეძლო მზის ღმერთს მისი დამარცხება, იგი აიძულებდა აპოპს დაებრუნებინა წყალი ნილოსში, რათა მას შესძლებოდა ოქროს ნავით მიწისქვეშა სამყაროდან თავის დაღწევა და ცაზე დაბრუნება, გველი კი ისევ და ისევ ელოდა დაღამებას, რათა განეახლებინა ბრძოლა მზის ღმერთთან.
ძველ მითებში წითურ კატად გადაქცეული რა თავს აჭრის გველ აპოპს.
ეგვიპტელებს სძულდათ და ეშინოდათ აპოპის, მაგრამ ჰიქსოსების ორმა მმართველმა მისი სახელი კორონაციისთვის გამოიყენა (თუმცა სხვაგვარი დაწერილობით) ( ჰიქსოსები - ეგვ. "ჰეკაუ-ხასუტ", ანუ "მთიანი ქვეყნების", ანუ "უცხო ქვეყნის მეუფეები" - აზიელი ტომები, რომლებიც დაახლოებით ძვ. წ. 1720 წელს წინა აზიიდან შეიჭრნენეგვიპტეში, დამკვიდრდნენ ნილოსის დელტაში (თითქმის 140 წელი იბატონეს) და დააარსეს თავიანთი დედაქალაქი ავარისი).
ძველ პერიოდში ეგვიპტელები აპოპს სეთთან აიგივებდნენ. სეთი (სეტხი, სუტეჰი, სუთა, სეთი) - მრისხანების, ნგრევის, ქაოსის, ომისა და სიკვდილის ღმერთი იყო ძველ ეგვიპტეში.