http://presa.ge/index.php?text=news&i=11947 რით ხსნიან ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ქართველი მეცნიერები
სიახლე — თავფურცელი
11:47 24.01.2010
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[მანანა ნოზაძე]
ატლანტის ოკეანეში მდებარე ბერმუდის სამკუთხედს მეორენაირად „ეშმაკის ზღვას“, „ატლანტიკის სასაფლაოს“ და „დაწყევლილ გზასაც“ უწოდებენ, რადგან აქ უამრავი გემი და თვითმფრინავი გაუჩინარებულა. თუმცა რამდენად რეალური იყო ეს გაუჩინარება, ამის შესახებ ქვევით მოგითხრობთ.
ყველაზე აუხსნელი საიდუმლო გემს „მერი სელესტი“ უკავშირდება. არცერთი ამოუცნობი გემის შესახებ იმდენი არ დაწერილა, რამდენიც ნიუ-იორკიდან გიბრალტარისკენ მცურავ გემ “მერი სელესტიზე“.
იგი 1872 წელს აღმოაჩინეს ჰიბრალტარის სამხრეთით. ეს აღმოჩენა იდუმალებით იყო მოცული. კერძოდ, ერთ-ერთი სხვა გემის - „დეი გრატიას“ კაპიტან მორჰაუზს დაუნახავს, რომ ოკეანეში გაშლილი იალქნებით მიიწევდა „მერი სელესტი“, თუმცა უცნაური ზიგზაგებით. მიხვდნენ, რომ ეკიპაჟს რაღაც უჭირდა. აღმოჩნდა, რომ „მერი სელესტი“ ცარიელი იყო, თუმცა არანაირი ზიანი არ ეტყობოდა. გადასარჩენი სათადარიგო პატარა ნავებიც ადგილზე ჩანდა, ხოლო კაიუტაში სასადილოდ სუფრა გაეშალათ.
ალბათ ბოლომდე გაურკვევლად დარჩება, რამ აიძულა „მერი სელესტის“ მეზღვაურები, დაეტოვებინათ გემი? ხშირად ამტკიცებენ, რომ მაგიდაზე ეწყო ჭურჭელი, პური, კარაქი, კვერცხი, ფინჯნები დაულეველი ყავით. ეს ამტკიცებს, რომ ზღვა წყნარი იყო, თორემ მეზღვაურები სუფრისთვის ვერ მოიცლიდნენ. თანაც, ამ გემს გადაჰქონდა 1700 ბარელის ოდენობით სპირტიანი სასმელი, ტვირთიც ხელუხლებელი იყო.
საკვების მარაგი საკმარისი ჰქონდათ, ისევე, როგორც წყლის ექვსთვიანი მარაგი. გამოდის, სასურსათო მოთხოვნილება არ იყო ეკიპაჟის მიერ გემის დატოვების მიზეზი. ”დეი გრატიას” კაპიტანმა მორჰაუზმა „მერი სელესტი“ ბუქსირზე გამოაბა და გიბრალტარში მიიყვანა. გემის გადარჩენის გამო მან ჯილდოც მიიღო. როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში, სასამართლო პროცესი იმართებოდა ხოლმე, რის შემდეგაც გავრცელდა ჭორები და მორჰაუზი ყაჩაღობაში დაადანაშაულეს, თითქოს ის თავს დაესხა „მერი სელესტს“, მისი ეკიპაჟი წყალში გადაუშვა, შემდეგ კი გემის გადარჩენის გამო პრემიასაც დაეუფლა. თითქოს ის იმდენად ბოტროტმოქმედი იყო, რომ თავდასხმამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე „მერი სელესტზე“ თავისი ხალხი ჰყავდა შეგზავნილი.
თუმცა 1873 წელს „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ წერილში ამერიკის ფინანსთა მინისტრი უილიამ რიჩარდი წერდა, „გარემოებანი საკმაოდ ბნელ საშიშროებას იწვევენ, რომ გემის კაპიტანი, მისი ცოლი, ქალიშვილი და უფროსი თანაშემწე შესაძლოა, მოეკლათ სასმელისგან გამხეცებულ მატროსებს, თუმცა სად გაქრნენ ეს მატროსებიც, უცნობია“.
ბუნტი გემზე - ესაა ერთ-ერთი შესაძლო ახნა, თუ რატომ მიატოვა ეკიპაჟმა გემი, ზოგიერთი ამას იდუმალი ძალების ჩარევას უკავშირებს. შესაძლოა, შტორმიც იყო მიზეზი იმისა, რომ ბრიგადა გადაეშვა სათადარიგო ნავში იმ მოლოდინით, რომ გემი დაინთქმებოდა ზღვაში. თუმცა გადარჩენის ნაცვლად ადამიანებს ტალღებში სიკვდილი ელოდათ, მაშინ, როცა თვით გემი „მერი სელესტი“ გადაურჩა სტიქიას და მშვიდად განაგრძობდა ცურვას უკვე ეკიპაჟის გარეშე. ზოგჯერ ჩასაძირად განწირული გემის ეკიპაჟი გადაინაცვლებს ხოლმე სათადარიგო გადასარჩენ ნავებში, მაგრამ არ გადაჭრის ხოლმე თოკს, რომელიც მათ მთავარ გემთან აკავშირებს და ელოდება მოვლენათა განვითარებას. თუმცა ამ შემთხვევაში ეკიპაჟი მაინც ზღვაში აღმოჩნდა.
ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ გემზე დაღვრილი სპირტის სუნი იგრძნობოდა. შესაძლოა, სიმთვრალემაც უბიძგა კაპიტანს, რომ მოსჩვენებოდა, თითქოს გემზე ხანძარი გაჩნდა და ეკიპაჟის გადარჩენის მიზნით სათადარიგო მომცრო ნავებში ჩასხდომა გადაწყვიტა.
საკმაოდ პოპულარული იყო ვერსია მასობრივი სიგიჟის შესახებ, რაც თურმე დაეუფლა ეკიპაჟს და ამის გამო გადახტნენ ზღვაში. წერდნენ ინფრაბგერების შესახებაც, რის გამოც მეზღვაურები ბოდვით მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, გაფუჭებული საჭმლით მოწამვლის გამო.
„მერი სელესტის“ შემთხვევამ მრავალი წლის შემდეგაც მიიპყრო ყურადღება. 1910 წელს გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის „მერი სელესტზე“ ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი იყო. მისი ინფორმაციით, კაპიტანმა შეჯიბრის მიზნით გამოიძახა უფროსი თანაშემწე, ვინ უფრო სწრაფად გაცურავდა გემის ირგვლივ. თუმცა ორივენი ვეშაპმა შეჭამა. დაიღუპნენ ნავიდან ამ შეჯიბრის მაცქერალი მეზღვაურებიც, რომელიც ტალღამ გადააყირავა. სხვა ვერსიით კი, კაპიტანს თავისი ქალიშვილისთვის ცურვის შესწავლა განუზრახავს და თანაშემწისთვის დაუვალებია ზღვაში მცურავი ხიდების გადება. მეზღვაურები ამ სანახაობით ტკბებოდნენ, მაგრამ ხიდმა ვერ გაუძლო, ყველანი ზღვაში ჩაცვივდნენ და ჩაიძირნენ. მოკლედ, ასეთი ვარიაციები მრავლადაა.
შერლოკ ჰოლმსის შესახებ მოთხრობების ავტორი კონან დოილი, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, სანამ სახელს გაითქვამდა, „მერი სელესტისზე“ მომხდარის შთაბეჭდილებით 1884 წელს ჟურნალ “კორნჰილ მეგეზინში” აქვეყნებს მოთხრობას ანონიმი ავტორის სტატიების მიხედვით. იქ იგი წერდა, რომ სუფრა გაშლილი იყო, საჭმელიც ცხელი გახლდათ, სასმისები შევსებული იყო, თუმცა იდუმალების ძალით მეზღვაურები სადაც გამქრალიყვნენ. კონან დოილის მონათხრობი ზემოთ აღნიშნული მასალების მხატვრული დამუშავებითაა გადმოცემული. რა თქმა უნდა, მწერალს სრული უფლება ჰქონდა გამონაგონისთვის, მაგრამ მოხდა ისე, რომ მოგვიანებით კონან დოილის ვერსია უფრო ბევრმა ირწმუნა, ვიდრე რეალური ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა ნათლად ახსნა, რომ მისი მიზანი სიუჟეტის მხატვრული გაფორმება იყო. ამიტომ თავის გამონაგონ გემს მან შეარქვა „მარია სელესტა“ (იგივე წმიდა მარია, ან წმიდა ქალწული), ნაცვლად რეალური მერი სელესტისა.
ყველაფერ ამის მიუხედავად, სამუდამოდ ამოუცნობი დარჩება, რამ აიძულა ეკიპაჟი, მიეტოვებინათ გემი. უკავშირდებოდა ეს ბუნტს, შტორმს თუ პირატების თავდასხმას. ზებუნებრივი ძალების ჩარევა კი არადამაჯერებელია.
გემები იკარგება ყველგან, ოკეანის ყველა რაიონში, არა მარტო ბერმუდის სამკუთხედში. ბერმუდის სამკუთხედის შესახებ ლიტერატურაში შეგნებულად მალავენ იმ ინფორმაციას, რომელიც თავისთავად გამორიცხავდა ყოველგვარ ზებუნებრივ ძალებთან კავშირსა და ამოუხსნელ მოვლენას. ამდენად, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბერმუდის სამკუთხედი ხელოვნური მისტიფიკაცია და ფსევდომეცნიერების კლასიკური ნიმუშია.
1840 წლის აგვისტოში მსგავსი რამ შეემთხვა ბაჰამის კუნძულებთან (ისევ ბერმუდის სამკუთხედთან) ფრანგულ გემს „როზალის“. იგი აშვებული იალქნებით აღმოაჩინეს, თუმცა ეკიპაჟის გარეშე. გემს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა, ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მეზღვაურებმა რამდენიმე საათის წინ დატოვეს იგი. ბარგიც კი ხელუხლებელი იყო, გემის ერთადერთი სულიერი არსება შიმშილისგან ნახევრადცოცხალი კანარის ჩიტი იყო.
სავარაუდოდ, ეს გემი მეჩეჩზე შედგა, ამის გამო ეკიპაჟმა მიატოვა გემი, ხოლო დინებამ და ტალღებმა გემი გაიტაცა და ღია ზღვაში წაიღო. მეზღვაურები კი ზღვაში დაინთქნენ. ეს რეალური ისტორია ცოტამ თუ დაიჯერა და გემი “როზალი” მოჩვენება-გემად მიიჩნია, თითქოს ის მფრინავი ჰოლანდიელი ყოფილიყოს.
საინტერესოა, როგორ ხსნიან ადამიანებისა და გემების გაუჩინარებას ქართველი სპეციალისტები.
შალვა საბაშვილი, ასტრონომი, თსუ-ს პროფესორი.
ბერმუდის სამკუთხედის ისტორია ბურუსითაა მოცული. მრავალი შემთხვევაა აღწერილი, სადაც ჩანს, რომ გემი უვნებლად გახლდათ შენარჩუნებული, სუფრაც კი იყო გაშლილი, ხოლო ადამიანები გამქარალიყვნენ. ამას რით ახსნით?
- ბევრი ასპექტი აქვს ამ თემატიკას. ზოგჯერ ოკეანეში ინფრაბგერები წარმოიშობა, რომლებიც ადამიანში პანიკის შეგრძნებას იწვევს. ამიტომ მეზღვაურებიც ტოვებენ იმ ადგილს, სადაც იმყოფებიან. თუმცა ეს ინფრაბგერები ცხოველზე არ მოქმედებს. ამიტომაა, რომ ზოგჯერ გემებზე კატები და სხვადასხვა ცხოველები ადგილზე ხვდებიან ხოლმე მოგვიანებით მისულ მაშველებს. ეს ბერმუდის საიდუმლოს ერთ-ერთი ახსნაა.
მაინცდამაინც ბერმუდის სამკუთხედის მონაკვეთში წარმოიშობა ეს ინფრაბგერები?
- მოგეხსენებათ, ზღვაში ტალღები, ყველანაირი მოძრაობებია და აქედან გამომდინარეა ეს ინფრაბგერებიც. ამიტომ პანიკის შემთხვევაში, ადამიანები ტოვებენ გემს, ისევე, როგორც ხანძრის დროს მე-80 სართულიდანაც კი ხტებიან ხოლმე.
მერე ისინი ზღვაში ინთქმებიან?
- ამასაც ბევრი ასპექტი აქვს. ხანდახან გემების ავარია ხდება და გემები იკარგებიან. რუსმა მეცნიერებმა, როცა შეისწავლეს ოკეანეების დინებები, აღმოაჩინეს, რომ იქ გარკვეული წრიული ბრუნვები წარმოიშობა, ე.ი. წყალი ძაბრისებურად ჩადის ოკეანეში, დინება იწყება, რამაც შეიძლება მოიცვას რამდენიმე ათეული კილომეტრი სიგანის არე და მერე ეს დაბლაჩასხმული წყალი გამოდის რამდენიმე ათასი კილომეტრის იქით, ბევრად შორს, მეორე მხარეს, ბუნებრივად ჩაითრევს გემებს და ყველაფერი მიაქვს ხოლმე.
მაგრამ, როცა გემი ადგილზე უვნებლად რჩება და მეზღვაურები გამქრალნი არიან?
- ეს სხვა შეთხვევებია. მე ვამბობ, როცა გემები იკარგებიან.
ბერმუდის სამკუთხედი მისტიკური ადგილია, რომელიც ადამიანებს კლავს?
- ხშირია შემთხვევა, როცა ბერმუდის სამკუთხედში თვითმფრინავები ქრებიან, ან კიდევ, თვითმფრინავები რადარებიდან გადიან და მერე, როცა უკან ბრუნდებიან და სხდებიან, ეკიპაჟის ყველა წევრის საათი 100 წუთით ჩამორჩება ხოლმე დროს. ასეთი ცნობები ვრცელდებოდა, მაგრამ დადასტურდა, რომ ეს მოგონილი იყო და რეალობასთან შეხება არ ჰქონდა. მოკლედ, ბევრი მითია არეული.
პირადად თქვენ როგორ მიიჩნევთ, ბერმუდის სამკუთხედზე არსებული ცალკეული შემთხვევები მართლა მითია თუ რეალობა?
- მე მგონია და წამიკითხავს კიდეც, რომ იქ ძალიან დიდია საზღვაო მოგზაურობების ინტენსიურობა, ამიტომ თუ გადავთვლით ერთ გემსა და ერთ მოგზაურობაზე, ავარიათა და მსგავს შემთხვევათა რიცხვი არ არის ბევრი. ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტი, ვიდრე სხვაგან არის ხოლმე. ყველგან ხდება ასეთი ავარიები.
ადამიანები რაღაზე ქრებიან? კენიაში ადგილებია, სადაც ადამიანი შევა და ვეღარ გამოდის უკან.
- ასეთ შემთხვევებში, ძირითადად მფრინავი თეფშის ფენომენს ახსენებენ, მაგრამ მთავარია ფაქტების დოკუმენტურობა და სარწმუნოობა. ბევრი მითია შერეული. ისე, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მათ შორის, პარანორმალური მოვლენები.
აღმოსავლეთში ერთი ბიბლიური ქალაქია, ადამიანი რომ შევა, აღარ ჩანს და უჩინარდება.
- ესეც ძალიან რთული პრობლემაა, ადამიანის გაუჩინარების პრობლემა. თანამედროვე ფიზიკა სწავლობს და ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გადაუწყვეტიათ. ყველა ასეთ მოვლენაში რაღაც მცირე ნაწილი რეალურია, უმეტესი ნაწილი კი - მისტიური და მოგონილია.
Never argue with an idiot, they drag you down to their level and beat you with experience
იყიდეთ ქართული!
FORZA GEORGIA!
ფაქ რაშა!