არა ცეცხლის ნიშნების დაყა არ მიყვარს მერე მოდის 3 დღიანი თავის ქების პოსტები

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გონებამახვილები,
საზრიანები, მხიარულები და წარმოუდგენლად გულამართალი ბუნებისანი არიან.
ერთადერთი თვისება, რითიც ისინი ვერ დაიტრაბახებენ, ტაქტიანობაა. თუმცა თავად
მშვილდოსანს რომ ჰკითხოთ, თავი დიპლომატიურობის განსხიერება ჰგონია.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ჩვეულებრივ დიდი, კარგი მოყვანილობის
თავი და მაღალი შუბლი აქვთ. სახის ნაკვთები ალალი და გულღია კაცის შთაბეჭდილებას
ტოვებს. მოძრაობენ სწრაფად, თუმცა მოქნილობას მათ ნამდვილად ვერ დასწამებთ.
ზოგჯერ იმდენად ჩქარა მიდი-მოდიან, გეგონება მიწას ფეხს არც კი აკარებენო. საუბრისას
შესაძლოა, ხელის დაუკვირვებელი და ძლიერი მოძრაობით, სუფრაზე კერძით სავსე თეფში
ამოუტრიალდეთ. ან საქმიანი შეხვედრისას მოულოდნელად, პორთფელი გაეხსნათ და
საქმიანი ქაღალდები იქეთ-აქეთ დაებნეთ. თუმცა ამ ფაქტით მშვილდოსანი, არანაირ
უხერხულობას არ იგრძნობს.
მშვილდოსნებს ნათელი, ცოცხალი და ეშმაკური თვალები აქვთ. ან ძალიან მაღლები და
ათლეტურები არიან, ან საშუალოზე დაბლები და ჩასკვნილები. დაუდგრომელი ბუნების
გამო, მათი ერთ ადგილას დიდი ხნით გაჩერება, პრაქტიკულად შეუძლებელია და როგორც
წესი გამუდმებით სადღაც ეჩქარებათ.
მშვილდოსანთა უმრავლესობას ძალიან უყვარს ცხოველები, ამიტომ ძაღლთან ერთად
მოსეირნე ან სულაც ცხენზე ამხედრებული მშვილდოსანი, არცთუ იშვიათი სანახავია.
იუპიტერის მფარველობაში მყოფი ადამიანები, საოცარი გულადობითა და სიმამაცით
გამოირჩევიან. ამიტომ ტიპიურ მშვილდოსანს, სახიფათო პროფესიები იზიდავს და თუ
სამუშაო არავითარ რისკთან არ არის დაკავშირებული, იგი სახიფათო ჰობის ან სარისკო
სპორტის სახეობას ირჩევს.
მშვილდოსნებს სიგიჟემდე უყვართ სისწრაფე და მანქანას ყოველთვის კისრისტეხით
ატარებენ. ბევრი მფრინავ-გამომცდელი და ცნობილი ავტო-მრბოლელია ზოდიაქოს ამ
ნიშნის ქვეშ დაბადებული.
საერთოდაც ბედთან და სიკვდილთან თამაში, ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელი
თვისებაა. მშვილდოსნები უჩვეულოდ ყბედები არიან, რასაც ფიქრობენ, უმალვე უნდა
წამოროშონ. ამგვარი დაუფიქრებელი საქციელი კი ხშირად, საკმაოდ ძვირიც უჯდებათ.
მართალია მშვილდოსანი ძალზე მხიარული და ხალისიანი ნატურაა, მაგრამ ნუ
დაგავიწყდებათ, რომ იგი ცეცხლის სტიქიის ნიშნებს განეკუთვნება და შესაძლოა უცებ
აენთოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ავიწროვებს ან ზედმეტად
ფამილარულად ექცევა.
მშვილდოსნებისთვის ასევე დამახასიათებელია, ხელისუფლებისადმი ერთგვარი
უპატივცემულობა და არსებული კანონების წინააღმდეგ გალაშქრება. ეს ადამიანები
მგზნებარე სულის, იდეალისტები არიან და ხშირად თან ჰყვებიან საყვარელ საქმეს,
რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს.
რაიმე უკეთურ საქციელში უსამართლო ბრალდებამ, მშვილდოსანი შესაძლოა
გააფთრებამდეც კი მიიყვანოს და ასეთ შემთხვევაში ისე გაგალამაზებთ, რომ მეორედ
მისთვის ცილის დაწამებას, ფიქრადაც აღარასოდეს გაივლებთ. თუმცა აქვე უნდა ისიც
აღინიშნოს, რომ თქვენი ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩაგდების შემდეგ, აუცილებლად
პატიებას გთხოვთ და საავადმყოფოშიც თავადვე წაგიყვანთ.
მშვილდოსანის უმთავრესი ნაკლი, იმაში მდგომარეობს, რომ იგი ჯერ მოქმედებას არჩევს და
ჩადენილზე ფიქრს, შემდეგღა იწყებს. თუ ვინმე მშვილდოსნისთვის ძვირფას გრძნობას ან
საყვარელ პიროვნებას, სასაცილოდ აიგდებს, ამ ადამიანის სახით, ძალზე საშიშ და
სახიფათო მტერს შეიძენს.
მშვილდოსნებს უყვართ ცვლილებები ცხოვრებაში და უბრალოდ აღმერთებენ მოგზაურობას
და ხეტიალს. ამასთან ერთად, ბუნებით ძალზე აზარტულები არიან და იშვიათად გაუშვებენ
ხელიდან შანსს, რომ ბედი კაზინოში ან დოღზე არ სცადონ.
სიყვარულს რაც შეეხება, ამ გრძნობისადმი მშვილდოსნებს, ძალზე რომანტიკული, მაგრამ
არამდგრადი დამოკიდებულება გააჩნიათ. ფინანსებთან მიმართებაში მშვილდოსნები
უჩვეულოდ გულუხვები და ხელგაშლილები არიან. ამიტომ თუ სესხი მოგცათ, არასოდეს
გკითხავთ როდის დაუბრუნებთ ვალს.