folkman
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16837
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07
|
#9943648 · 7 Jun 2008, 15:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Zotz
ე.ი. ზოდიაქოს ნიშანი თქვენი დაბადების მომენტში მზის მდებარეობით განისაზღვრება. ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს ხასიათს, მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობებში მთავარია, პირად ჰოროსკოპში მარსის(კაცის შემთხვევაში) და ვენერას(ქალის შემთხვევაში) მდებარეობა. რომელიც შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს.....
"ასტროლოგიის ანბანი
პლანეტები (მზე, მთვარე, მერკური)
ასტროლოგიის ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე ( იხ. ლექცია 1) სამყაროში არსებულ ყოველ მთელს მსგავსი სტრუქტურა აქვს. ანუ ერთი რომელიმე მთელის გაგებით შეგვიძლია გავიგოთ ნებისმიერი სხვა მთელი. გავიხსენოთ აღმოსავლური სიბრძნე: «შეიცან თავი შენი და შეიცნობ მთელ სამყაროს.» ასტროლოგია შეისწავლის რა პლანეტარულ სისტემას (ერთ-ერთ მთელს), ინფორმაციას გვაძლევს ნებისმიერი სხვა მთელის შესახებ: ადამიანის, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის, საწარმოს, ნივთის, რაიმე ხდომილების და ა.შ.
ასტროლოგია მუშაობს გეოცენტრულ სისტემაზე, ანუ ცენტრად, ათვლის წერტილად იღებს დედამიწას. ამიტომ ყოველ ციურ სხეულს, რომელიც დედამიწელი დამკვირვებლისათვის დედამიწის გარშემო მოძრაობს, ასტროლოგები ერთიდაიმავე სახელს - პლანეტას უწოდებენ. (ცხადია, ასტროლოგებმა იციან ასტრონომია და შესაბამისად ისიც, რომ ყველა პლანეტა და მათ შორის დედამიწაც მზის გარშემო ბრუნავს, და რომ მთვარე პლანეტა კი არა, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრია, მაგრამ რადგან ადამიანი და საერთოდ, ნებისმიერი რამ, რაც ასტროლოგიის კვლევის ობიექტს წარმოადგენს, დედამიწაზე მდებარეობს, ბუნებრივია, ათვლის წერტილად, ანუ უძრავ წერტილად დედამიწა ჩათვალონ. ადამიანისათვის დედამიწაა სამყაროს ცენტრი, იმიტომ, რომ ის დედამიწაზე ცხოვრობს.)
ასტროლოგიაში ძირითადად იყენებენ 10 პლანეტას: მზეს, მთვარეს, მერკურს, ვენერას, მარსს, იუპიტერს, სატურნს, ურანს, ნეპტუნს და პლუტონს. მზეს, მთვარეს, მერკურს, ვენერას, მარსს - პირად პლანეტებს უწოდებენ; იუპიტერსა და სატურნს - საზოგადოებრივს, ხოლო ურანს, ნეპტუნს და პლუტონს - მაღალ პლანეტებს, ანუ ზეპლანეტებს. პირველი შვიდის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება, ხოლო დანარჩენი სამის ნახვა, მხოლოდ ტელესკოპითაა შესაძლებელი, ამიტომ პირველ შვიდს ხილული პლანეტები ჰქვიათ, სამ ზეპლანეტას კი - უხილავი.
პლანეტების ნაწილი (მზე, მარსი, იუპიტერი, პლუტონი) არის მამრი ენერგიის მატარებელი (იან-ენერგია), ნაწილი (მთვარე, ვენერა, სატურნი, ნეპტუნი) - მდედრი ენერგიის მატარებელი (ინ-ენერგია), ხოლო ორი პალეტას - მერკური და ურანი საშუალო სქესიაა, გამაერთიანებელი საწყისი აქვს, დენ ენერგიის მატარებელია.
დავუბრუნდეთ ანალოგიის პრინციპს: ადამიანისათვის არსებობს «მე» (ცნობიერი) და «სხვა», ის, რაც მისთვის «მე» არ არის, რასაც საკუთარ თავად ვერ აღიქვამს, ანუ «არამე». მაგრამ ვინაიდან ადამიანში, როგორც მთელში არის მთელი სამყარო, მასში არის «არამეც» და რადგან იგი ამას ვერ აცნობიერებს, ის მის არაცნობიერშია.
ასტროლოგიაში ცნობიერის ანალოგი არის მზე (დღე, ნათელი, ის რაც ჩანს) ხოლო არაცნობიერისა - მთვარე (ღამე, სიბნელე, მთვარეს საკუთარი შუქი არ აქვს, ის მხოლოდ მზის შუქს ირეკლავს, ამავე დროს ირეკლავს მზის შუქის იმ ნაწილს, რასაც თვითონ ვერ ღებულობს, ვერ აცნობიერებს.)
მზე (მზის სისტემაში) არის ენერგიის, სიცოცხლის წყარო, ყოველივეს მამოძრავებელი და წარმმართველი, ამიტომ ასტროლოგიაში იგი სულის, საწყისის, «დვრიტის» სიმბოლოა, იგი გვიჩვენებს ადამიანის არსს, მის მისწრაფებებს, მიზნებს, შესაძლებლობებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი სასიცოცხლო პროცესები წარიმართება არაცნობიერად (ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ცალკეული ორგანოებისა თუ უჯრედების ფუნქციონირებას, სისხლის მიმოქცევას, მის შედგენილობას და ა.შ.), ასტროლოგიაში სიცოცხლის უზრულველმყოფელი, სასიცოცხლო პროცესების განმახორციელებელი, სასიცოცხლო პირობების შემქმნელი, ადაპტორი არის მთვარე.
ასტრონომიიდან გავიხსენოთ, რომ მთვარის წყალობით დედამიწას მზის ენერგია ადაპტირებული სახით მიეწოდება, იგი მზის ენერგიას «არბილებს», დედამიწისათვის უფრო «მისაღებს» ხდის, დედამიწის ბინადარი ცოცხალი არსებების სასიცოცხლო პროცესები დიდადაა დამოკიდებული მთვარეზე. მთვარე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით «უვლის დედამიწას». ამიტომ მთვარე ასტროლოგიაში აღნიშნავს ყოველივე იმას, რაც სულს, საწყისს, არსს ადაპტირებისათვის სჭირდება: ფიზიკურ სხეულს, არაცნობიერს, დედას, საკვებს (როგორც საარსებო საშუალებას), ტანისამოსს (როგორც სიცხისა და სიცივისაგან დამცავს), ოჯახს, საკუთარ სახლს, საკუთარ ერს, ბრმისათვის ან კოჭლისათვის ჯოხს, შეგრძნებებს და ა.შ.
ოჯახის შემთხვევაშე მზე იქნება მამა, რომელიც ოჯახის მიზნებს, ინტერესებს წარმოადგენს, უზრუნლელყოფს მას სასიცოცხლო ძალით, ენერგიით (მაგ. ფულით) და ა.შ, ხოლო მთვარე არის დედა, დედა უვლის ოჯახს, ქმნის თბილ და რბილ ატმოსფეროს, ზრუნავს ოჯახის თითოელ წევრზე.
სახელმწიფოში მზე არის მეფე ( პრეზიდენტი, პრემიერ-მინისრტრი), ის ვინც სახემწიფოს ნებას წარმოადგენს, ხოლო მთვარე - მშრომელი მასა, ხალხი, რომელიც სახელმწიფოს ასაზრდოებს, მის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს.
ფიზიკურ სხეულში მზე არის გული, სასიცოცხლო ძალა, არტერია, მთვარეა კუჭი, საჭმლის მონელება, ლიმფური სისტემა.
ემოციურ-ენერგეტიკულ სფეროში მზე არის პატივმოყვარეობა, დიდება, სიამაყე, ღირსების გრძნობა, ლიდერობა, შთაგონება, ეგოიზმი, ძალაუფლება, ხოლო მთვარეა - ემოცია, შეგრძნება, წარმოსახვა, ინსტინქტი, ინტუიცია, განწყობა, კაპრიზულობა, პოპულარობა.
მენტალურ სფეროში მზეა - სული, გონება, შემოქმედება, თვითგამოხატვა, ენტუზიაზმი, თავდაჯერებულობა, თვითმყობადობა, რეპუტაცია, მთვარე - სამშვინველი, მეხსიერება, ჩვევები, ტრადიციები
მზის ასტროლოგიური სიმბოლოა �, წრეწირი და წრეწირის ცენტრში წერტილი. წრეწირი ესაა სრულყოფილების, მთლიანობის, თვითკმარობის სიმბოლო (გაიხსენეთ რიცხვი 0), ხოლო წერტილი მის ცენტრში - კონცენტრირების, ინდივიდუალიზების, კონკრეტიზაციის სიმბოლო. ანუ მზე, როგორც ადამიანის საწყისი, არის ინდივიდუალიზებული, კონკრეტიზებული სრულყოფილება (ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა.)
მთვარის სიმბოლოდ იღებენ - ზრდად მთვარეს (მარცხენა მხრიდან ჩაზნექილი, მარჯვნიდან ამოზნექილი), ამით ხაზს უსვამენ ზრდის, პროგრესის შესაძლებლობას, რომ ადამიანი უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი უნდა წავიდეს, ვიდრე მოვიდა. ხოლო თავად რკალი არის ენერგიის მიღების, დაგროვების, სიმბოლო. ამავე დროს ჩაზნექილი მხარე მიმართულია წარსულისაკენ, ანუ წარსულს აგროვებს (გამოცდილებას, ცოდნას). ამიტომაცაა ისტორიკოსებისა და არქეოლოგების მფარველი.
მაგრამ ორ დაპირისპირებულს შორის (მზე - მთვარე, დღე - ღამე, ცნობიერი - არაცნობიერი, დედა - მამა, პრეზიდენტი - ხალხი, ფირმის მმართველი - თანამშრომლები, ორი სხვადასხვა მთელი) აუცილებლად უნდა იყოს ურთიერთკავშირი და ასტროლოგიაში ნებისმიერი კავშირის სიმბოლოა მერკური. ამიტომ მერკურის ანალოგია არის ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალება: მეტყელება, წერა-კითხვა, ვაჭრობა, მასმედია, ფოსტა-ტელეგრაფი, ინტერნეტი, კომპიუტერული სისტემები, კომპიუტერული პროგრამები, გზები, ლოგიკური აზროვნება, ჭორები, ინფორმაცია, საშუამალო ფირმები, დაწყებითი და საშუალო სკოლები, დოკუმენტები, მწერლები, კრიტიკოსები, მათემატიკოსები და ა.შ.
მერკური ფიზიკურ სხეულში არის - ნერვული სისტემა, ტვინი, ფილტვები, სამეტყველო აპარატი; ემოციურ-ენერგეტიკულ სფეროში - ნერვოზულობა, მოხერხებულობა, ცნობისმოყვარეობა, გაიძვერობა, სიტუაციაზე მორგების უნარი; ხოლო მენტალურ სფეროში - აზრები, მსჯელობა, მიხვედრა, გამჭრიახობა, ინტელექტი, მოსაზრებულობა და ა.შ.
ასტროლოგიის ანბანი
პლანეტები (ვენერა და მარსი)
«მე» და «არამე» (იხ. ლექცია 2), სქემატურად ასე შეგვიძლია გამოვსახოთ. ისინი მუდმივ ურთიერთკავშირშია. «არამედან» (გარე სამყაროდან) მუდმივად ვღებულობთ რაღაცას, მუდმივად შემოდის ინფორმაცია და ჩვენც მუდმივად ვუშვებთ «არამეში» რაღაც ინფორმაციას და ეს კავშირი როგორც უკვე ითქვა, მერკურის საშუალებით ხორციელდება. «მე»-ს, ცნობიერის სიმბოლო, როგორც უკვე ვიცით მზეა, ხოლო «არამესი» - მთვარე. ყოველივე აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ რამდენად ჰარმონიულად (ან დისჰარმონილად) არის ეს სამი პლანეტა (მზე, მთვარე და მერკური) ერთმანეთთან დაკავშირებული პირად ჰოროსკოპში.
აქ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კარგისა და ცუდის ცნება ასტროლოგიაში არ არსებობს, პირადი ჰოროსკოპი უბრალოდ გვიჩვენებს, თუ რა ამოცანები გვაქვს ამ ცხოვრებაში შესასრულებელი და ამ ამოცანების შესასრულებლად რა საშუალებები გვაქვს მოცემული. ჰარმონიული შტრიხები ჰოროსკოპში ნიშნავს, რომ, ეს საკითხები წინა ცხოვრებაში უკვე დამუშავებულია და ახლა გახსნილი არხების, საშუალებების სახით გვეძლევა, ხოლო, დისჰარმონიული - ამ ცხოვრებაში გვაქვს დასამუშავებელი და ამიტომ დაძაბული, შემაწუხებელი, წინააღმდეგობების, პრობლემების სახით გვეძლევა, მაგრამ ეს პრობლემები სრულიად გადაჭრადია, და სრულიად შეესაბამება ჩვენს მიერ წინა ცხოვრებაში «უკვე ათვისებულ მასალას», მართლაც პირველკლასელს არავინ მისცემს ინტეგრალურ განტოლებას ამოსახსნელად.
გარესამყაროდან მომდინარე ყველა ინფორმაციას, ყველა სიგნალს, რომლებიც ჩვენს სენსორებზე მოქმედებენ, ვერ აღვიქვამთ, ყურადღებას ყველაფერს ვერ ვაქცევთ (ეს ჩვენი ნერვული სისტემის შესაძლებლობებს აღემატება), ანუ ჩვენი ყურადღება შერჩევითია: რაღაცას მნიშვნელოვნად ვთვლით, ყურადღებას ვაქცევთ და აღვიქვამთ (ვღებულობთ), ხოლო რაღაცას ყურადღების გარეშე ვტოვებთ (უგულვებელვყოფთ) და მხოლოდ ჩვენს არაცნობიერში რჩება. რას ვღებულობთ და რას არა, რა მოგვწონს და რა არა, ამას ჩვენი ვენერა განაპირობებს. ანუ ვენერა გარკვეული ფილტრია «მე»-სა და «არამე»-ს შორის, მისი პრინციპია: - შერჩევა, შეფასება, მოწონება-დაწუნება. სწორედ ამის გამოა ნათქვამი, რომ გემოვნებაზე არ დაობენო, ყველას სხვადასხვა ვენერა და შესაბამისად სხვადასხვა გემოვნება აქვს, სხვადასხვა რამ «ელამაზება», «ემშვენიერება». მაგრამ რადგან ვენერა მაინც ფილტრია და რეალობას არა მთლიანობაში, არამედ გაფილტრული სახით გვაწვდის, ის რეალურ სურათს ამახინჯებს, ჩვენთვის მისაღებ ფორმას აძლევს, «ჩვენს დაღს ასვამს», ანუ რეალობას მაინც «ჩვენი თვალით», ჩვენი ვენერათი ვუყურებთ, ჩვენეულ შეფასებას ვაძლევთ, რაც იგივე მოვლენის სხვისეული შეფასებისაგან განსხვავდება, სწორედ ამიტომ უწოდებდნენ ვენერას ლუციფერს. (აქ მახსენდება გურჯიევის პრინციპი, რომელიც თავის მოსწავლეებს უკრძალავდა რამის კატეგორიულად თქმას, მაგალითად, თუ მათ რაიმე ხდომილება დაინახეს, ის კი არ უნდა ეთქვათ, რომ «ეს მოხდა», არამედ - «მე ასე დავინახე, მე ასე აღვიქვი, რომ ეს მოხდა.»)
მითოლოგიურად ვენერა სიყვარულის უმშვენიერესი და თავნება ქალღმერთია, ხოლო ასტრონომიულად - მზისა და მთვარის შემდეგ ყველაზე კაშკაშა ციური სხეული, უმთვარო ღამეში ვენერა ჩრდილს იძლევა. თუ გავიხსენებთ ასტროლოგიის პრინციპს «რაც ზემოთაა, ისაა ქვემოთ», შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანში მზისა და მთვარის შემდეგ ყველზე თვალშისაცემად ვენერა ჩანს. ასტროლოგიაში იგი განაგებს გემოვნებას, ემოციებს, სურვილებს (ოღონდ პასიურ სურვილებს, მაგ. მზის «მინდა» არის «მე მინდა, რომ ავიშენო ლამაზი სახლი», ხოლო ვენერას «მინდა» - «მე მინდა რომ მქონდეს ლამაზი სახლი»), ყოველივეს , რაც ჰარმონიასთან, სილამაზესთან, სიყვარულთან არის დაკავშირებული.
ფიზიკურ სამყაროში ვენერა მართავს სილამაზეს, ბრწყინვალებას, შემოსავლებს, ქონებას, სამკაულებს, სპილენძს, თირკმელებს, ყელს, კისერს, საყლაპავ მილს, ფარისებრ ჯირკვალს, ვენებს, ქალის სასქესო ორგანოებს, მოდუნების უნარს , მუსიკოსებს, მხატვრებს, თეატრებს, ფესტივალებს, ცოლს, ახალგაზრდა ქალს, შეყვარებულს, ფლირტს და ა.შ.
ემოციურ-ენერგეტიკულ სფეროში - სიხარულს, მომხიბვლელობას, გრაციოზულობას, სინაზეს, სილამაზეს, გემოვნებას, ყოყმანს გადაწყვეტილების მიღებაში, ემოციას, მშვიდ განწყობას, დაკმაყოფილებულობას, ზრდილობიანობას, ეჭვიანობას, რაიმეზე მიჯაჭულობას, ხელოვნებას, მუსიკას, გართობას. . .
მენტალურ-ინტელექტუალურ სფეროში ვენერა მართავს კმაყოფილებას, სიყვარულს, პარტნიორობას, კულტურას, დიპლომატიას, ეკონომიკას, სიმშვიდეს, ბიოლოგიას, ფლორას და ა.შ.
გარესამყაროსთან ჩვენი კავშირი ორმხრივია, ანუ ჩვენ არა მხოლოდ ვიღებთ გარესამყაროსაგან (შერჩევით, ვენერას საშუალებით), არამედ გავცემთ კიდევაც და ეს ხდება მარსის საშუალებით. ანუ მარსი გვიჩვენებს თუ როგორ გავდივართ გარე სამყაროში , როგორ გავდივართ «მე»-დან «არამეში», როგორ წარმოვაჩენთ საკუთარ თავს (როგორ დავდივართ, როგორ ვჟესტიკულირებთ, როგორ ვსაუბრობთ). რას ვამბობთ, ამას მერკური განაგებს, ხოლო როგორ ვამბობთ - მარსი; რა ემოციას იწვევს რაიმე მოვლენა ჩვენში, ამას ვენერა განაგებს, ხოლო როგორ გამოვხატავთ ამ ემოციას - მარსი.
რადგან მარსი მაინც «არამეში» გასვლაა, «არამეს» ათვისებაა, (ანუ, ის, რაზეც ვმოქმედებთ საკუთარ თავად არ მიგვაჩნია) ამიტომ მარსი მაინც უარყოფითი ელფერის მატარებელია, და რადგანაც ადამიანს ახლის ათვისებას, ახლის კეთებას უკვე ათვისებულის, უკვე გაკეთებულის მითვისება ურჩევნია (ეს უფრო ადვილია), ამიტომ მითოლოგიაში ის ომების, ძალადობის სიმბოლო იყო (ომის ღმერთი). დადებითი კუთხით მარსი ქმედების, კეთების, აღშენების სიმბოლოა.
განვიხილოთ ასეთი მაგალითი: როდესაც ვგრძნობთ, რომ გვჭირდება სახლი (როგორც სითბოს, სიმყუდროვის, დაცულობის მომნიჭებელი) - ეს მთვარეა, როდესაც აღიძვრება სურვილი, რომ უნდა ავიშენოთ სახლი - მზე მოქმედებს, როდესაც ვაცნობიერებთ, თუ როგორი სახლი გვინდა (მაგ. ტყის პირას, მწვანედ შეღებილი ხის სახლი) - ეს ვენერაა, როდესაც ვიწყებთ დაგეგმვას, ინფორმაციის მოპოვებას, კონტაქტების დამყარებას - მერკურია, ხოლო როდესაც ქმედებაზე გადავდივართ (მოვიპოვებთ სახსრებს, მოგვაქვს მასალა, ვაშენებთ) - ეს უკვე მარსია, თუმცა თითოეულ ზემოთჩამოთვლილ საფეხურს, როგორც დიდი მთელის შემადგენელ ცალკე მთელს, აქვს თავისი მზე, მთვარე და ა.შ. (იხ. ლექცია1).
ან მეორე მაგალითი: ვთქვათ, მივდივართ და უცებ შევიგრძნობთ თავში ტკივილს - ეს მთვარეა; როდესაც გავიაზრებთ, რომ, ხიდან ჩამოვარდნილი გირჩი მოგვხვდა თავში - მერკურია; როდესაც შეფასებას ვაკეთებთ (რა ცუდია) და უარყოფითი ემოცია მოდის - საქმეში ვენერა ერთვება; ხოლო რა რეაქცია გვექნება ამაზე (ვთქვათ, თავზე ხელს წავივლებთ, ან გაბრაზებული გირჩას ხეს მივანარცხებთ) ამას უკვე ჩვენი მარსი განაპირობებს.
ასტროლოგიაში მარსი მართავს აქტიურობას, ინიციატივიანობას, ენერგიულობას, სიგულადეს, ვნებას, უხეშობას, თავშეუკავებლობას , აგრესიულობას.
ფიზიკურ სამყაროში მარსი გამოხატავს ძალას, ძალისხმევას, რაღაცის დაწყებას, უბედურ შემთხვევას, მწვავე დაავადებებს, ტრავმებს, დამწვრობას, ოპერაციას, ჭრილობებს, ანთებით პროცესებს, მამაკაცის სასქესო ორგანოებს, ქმარს, შეჯიბრს, კონფლიქტებს, ჩხუბს, ძალოვან სტრუქტურებს, აჯანყებებს, ომებს, ეპიდემიებს, სპორტს, ახალგაზრდა მამაკცს, ქიმიკოსებს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყასბებს, აღშენებას, ნგრევას, ცეცხლს, ხანძარს, რკინას და ა.შ.
ემოციურ-ენერგეტიკულ სამყაროში - მართავს სიმამაცეს, სიმტკიცეს, აგრესიულობას, აღგზნებულობას, აღშფოთებას, ენერგიულობას, დაუმორჩილებლობას, მუქარას, სექსუალურობას, ღალატს, შთამომავლობის გაგრძელებას. . .
მენტალურ-ინტელექტუალურ სფეროში მარსი განაგებს ინიციატივას, მისწრაფებას, აქტიურობას, ურთიერთქმედებას, ბრძოლას, აგრესიას, დაცვას, კონფრონტაციას, აჩქარებას, ძალას, ენერგიას, ფაუნას . . .
როგორც პირველ ლექციაში აღვნიშნეთ, მზეს, მთვარეს, მერკურს, ვენერას და მარსს პირად პლანეტებს უწოდებენ. პირად პლანეტებს უწოდებენ იმიტომ, რომ ისინი ადამიანის პიროვნულ თვისებებს ახასიათებენ."
This post has been edited by folkman on 7 Jun 2008, 15:29
|