ვნება
მომიახლოვდი და შემომხვიე შიშველ ტანზე სველი თითები...
ზედ მომეკარი და აისრულე ყველა სურვილი,
რასაც აქამდე ასე ითმენდი...
არ გინდა ახლა თავის მართლება, არც გაგიჟება,
არც სიყვარული არ გინდა ახლა,
ისედაც ვიცი, როგორ გიზიდავს,
ჩემი შიშველი სხეულის ნახვა...
მომიახლოვდი სულ უფრო მეტად,
სულ უფრო მეტი სითამამით მომიალერსე,
ისე, რომ ვიგრძნო, როგორ იკაფავს გზას შენი სისხლი,
ჩემი სურვილით გადიდებულ კაპილარებში...
გადაივიწყე შენთვის ამდენად მნიშვნელოვანი ყოველი ფარსი,
ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ხელი მოწერილი, ან რაღაც მსგავსი...
მომიახლოვდი სანამ გელი და სანამ გიკარებ,
ამ ერთხელ მაინც დაარღვიე წესჩეულება დაწოლის წინ და
სანამ დაწვები (ლოცვის ნაცვლად) მე შემიყვარე.
მოუთმენელი ახლა ისაა,
რომ შენ ეხები ჩემი სხეულის მხოლოდ ერთ კიდეს
და სანამ სრულად შემომეკვრები, იქამდე იქნებ გათენდეს კიდეც...
მინდა, რომ კანი ჩამომათალონ, ათრთოლებულმა შენმა მკლავებმა,
არ გინდა ეხლა არც სიტყვები, არც სიმღერა, არც სონეტები
და არც შენი ტრადიციული თავშეკავება.
და ჩახუტებით ჩამომალეწე ყველა ძვალი, ყველა სახსარი,
მინდა, რომ ეხლა ყველა უჯრედში მიმომდიოდეს,
ჩემი და შენი სისხლის ნაზავი...
მე და შენს შორის მინდა, რომ იყოს
ჰაერის ყველაზე ვიწრო ნაგლეჯი
და ჩამიტენე სხეულში ვნება, შენგან კბილებით ამონაგლეჯი...
მომიახლოვდი და შემომხვიე შიშველ ტანზე სველი თითები...
ქეთუსია
უუაზროდ მიყვარს ეს ლექსი