ტყუპებს

--------------------------
სამყაროს ობოლი
უყვარდა ასე ყოფნა. წუთით გათიშავდა გონებას, რომ დეტალურად აღედგინა თავისი საქციელები. მერე გადარჩევის დროს თავს იტუქსავდა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ მომავალშიც იგივე შეცდომას დაუშვებდა.
ის ფეხმორთხმით დაჯდებოდა, გაყინულ თითებს ცხელ ჭიქას შემოავლებდა და დიდხანს ფიქრობდა, როგორ შეიძლება გათენებამდე დარჩენილი დრო ასე ძალიან იწელებოდეს.
მარტოხელობა - ეს მდგომარეობაა, როცა შენი სხეულის გვერდით არავის სძინავს, ხოლო მარტოსულობა შეგრძნებაა, როცა ვინც არ უნდა მიუწვეს შენს სხეულს მაინც მარტოხელობის განცდა გეუფლება.
და ის ფიქრობდა, რომ ამ მდგომარეობამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა, ამიტომაც გაუნძრევლად იჯდა ფეხმორთხმით ლოგინზე და გათენებამდე დარჩენილ დროს ჩაის ფსკერზე ლექავდა.
უხდებოდა თვალებთან ჩამოყრილი ურჩი დალალები და განწყობა, რომ არა, რომელიც ასე ჩაბუდებულიყო მის თვალებში, იფიქრებდით რომ თქვენს წინ ნამდვილი ქალი იჯდა.
გაბანტულ ტუჩებთან უკვე გაციებული ჩაის ჭიქა მიიტანა და საბოლოოდ დაასკვნა, - ის იმდენად მარტოსული იყო, რომ ვერაფრით შეეგუებოდა მის გვერდით მწოლიარე სხეულს.
ეს მაშინ ხდება, როცა გასაქცევი არსად გაქვს და საკუთარ ქვეცნობიერში იკეტავ თავს, რადგან ასე უფრო ადვილია იყო ქალი და შენი უმოქმედობა გტკიოდეს.
ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ!
და თუ მე არ მქონია არასოდეს იგი და მხოლოდ ნოსტალგიის შესაგრძნობად გამოვიგონე, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ათვლის წერტილი არ გამაჩნია?
რა ადვილია გტკიოდეს ის, რაც არასოდეს გქონია და თან ისე ძალიან გაწუხებდეს ეს ფაქტი, რომ გამოიგონო, რათა უფრო მეტად გეტკინოს შენი არარსებობა.
- ქალები ნამდვილი მაზოხისტები ხართ!
ჩაიში ჩამბალი წუთები მოსვა.
- რატომ გგონია, რომ ჩემი მოგონილი ბავშვობა იმაზე ტკივილიანია, ვიდრე შენი?
და ისე დააკვირდა მის თვალებს, თითქოს მათ შორის ღამის ნარჩენები გამქრალიყო.
- ამ დროს რა ჯანდაბა უნდა გიპასუხო?
გაღიმება სცადა მან და იმდენად უნიათოდ, რომ ქალს სევდა მოჰგვარა მისმა მცდელობამ.
როგორი ბანალურია გტკიოდეს სხვისი ბავშვობა, როცა საკუთარი არ გაგაჩნია.
- ალბათ უნდა მითხრა, რომ შენი ცხოვრების ქალი ვარ და ჩემი აღმოჩენით ყველა ტკივილი გაქრა.
გაყინული თითის წვერები შეახო ლოყაზე.
კაცმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ქალმა სათქმელი გააწყვეტინა.
- ხო, ტკივილის გარეშე შენ ვერ გაძლებ და ამიტომაც მე მაქციე ტკივილად, რადგან მე ყველა დარდი გავაქრე.. და რა გამოდის ხედავ? შენ ჩემზე არანაკლები მაზოხისტი ყოფილხარ.
ამაზე ორივეს ისე სევდიანად გაეღიმა, რომ დრო აიწურა ფანჯრებთან და იმაზე ადრე გაფითრდა ზეცა, ვიდრე უწინ.
ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ, რომელიც არასოდეს გვქონია და ჩვენი მაზოხიზმი არაფერია, თუ არა ერთად ყოფნის მცდელობა!
და შენი სხეულის ჩემს გვერდით აღქმა მაჯერებს, რომ მარტოსულობა ეს სიცოცხლის უკანასკნელი მდგომარეობა არ არის.
მოტივირებული ქმედებები მექანიკურად ინიშნება ცხოვრებისეულ დიაგრამაზე და თუ სტრატეგია ეს მხოლოდ დროის კარგვაა ქმედებათა შორის, მაშინ გამოდის, რომ რაღაც ზედმეტად მალე შექმნა უფალმა სამყარო.
საოცრებების ხურჯინი დაიცალა რა ხანია და ახლა მხოლოდ მელანქოლიური სენტიმენტები შემორჩათ ადამიანებს.
ამ ქალს კი ადამიანობაც აღარ გააჩნია...
ისევ გაყინული თითები აქვს შემოჭდობილი ცხელ ჭიქაზე და არაფერზე ეფიქრება.
მერე საკუთარ თავზე იღიმის, რადგან უკვე მერამდენედ ასკვნის, - ძალიან ცუდი გემოვნება მაქვს, მარტო ნაბიჭვრები მიყვარდება, რადგან მხოლოდ ისინი მხდიან მარტოსულობას.
მისი მექანიკური ქმედებები უკვალოდ ქრება და სტრატეგია კი მთელ ცხოვრებად უჯდება.
დიდი ხანია საკუთარ ფანტაზიებში დაბორიალობს და მისი ჩანაწერები უკვე დროში გაჩერებულ კადრებს ემსგავსება და ადამიანებიც ხომ მხოლოდ და მხოლოდ კადრები არიან. ზოგი ხარისხიანი, ზოგი უხარისხო, თუმცა ადრე თუ გვიან ყველანი იჭრებიან ფირიდან.
გამოდის, რომ მისი ნაწერები უდროობაში ჩარჩენილი მარტოსული სხეულებია.
ახლა ზის და თავის ფიქრებს ეხმიანება, საკუთარ სახეებს შორის ყველაზე პატარას ესაუბრება.
ყველაზე მეტად ხომ მასში არსებულ ბავშვს სტკივა..
ზუსტად ამიტომაც აჯერებს თავს, რომ არასოდეს ჰქონია ბავშვობა და უბრალოდ ნამდვილი ქალია.
ერთ-ერთ მოგონებაზე შეჩერდა.
ეს იყო ერთ ღამეს, ტელეფონის ზარმა გაწყვიტა ფიქრის ძაფი.
მან ფრთხილად აიღო ყურმილი და ხაზს იქით მშვიდ სუნთქვას შეუხამა დუმილი.
ვიღაც ჯიუტად განაგრძობდა არსებობას უდროობის ფონზე.
- შენ ჩემში არსებული სუიციდი ხარ და იცი როგორ ვერ გიტან ზოგჯერ?! საშინლად მძულხარ იმის გამო, რომ ვერ გიმორჩილებ!
ყვიროდა იგი.
- შენ გსურს მაჯობო და ამას ვერასოდეს მოახერხებ.
ქალს ტუჩებთან მიაქვს შეგრილებული ჩაი და ერთ ყლუპად ცლის ნახევარ ჭიქას.
- გაჯობებ, მე ჩემში არსებულ სუციდის ვაჯობებ და ეს ყველაზე მაგარი განცდა იქნება მთელ ჩემს ცხოვრებაში.
- შენ რომ მე მაჯობო მწვერვალზე ახვალ და იცი მერე რა დაგრჩება? ერთადერთი გზა - დაეშვა ქვემოთ და ვეღარასოდეს იხილო ნეტარების პიკი. გსურს ეს?
ღიმილი გაურია სიტყვებში ქალმა.
ყურმილს იქით ისევ დუმილი ჩამოწვა.
- რას მიკეთებ? მაგიჟებ... მე თავს მოვიკლავ, მე თავს მოვიკლავ..
- მხოლოდ მომდევნო ცხოვრებაში, ახლა მე მჭირდები.
ისევ ტუჩის კუთხეებით იღიმის ქალი და ყურმილს კიდებს.
მასში არსებული ბავშვი კი ცხოვრებაში პირველად ცდილობს არ დაიმალოს.
და ასე მოგონებებს ჩახუტებული დებს ჭიქას კომოდზე და ცდილობს რამე დაწეროს, თუმცა სიტყვები უსხლტება.
მხოლოდ ფურცლის კიდეზე გააკეთა მინაწერი :
"იცი, მე ისევ მტკივა ხოლმე გულმკერდის მარცხენა მხარე და ჯიუტად ვაჯერებ ჩემს თავს, თითქოს ბევრ სიგარეტს ვეწევი.
თვალის უპეები მიმუქდება და მე ვიცი, რომ ჩემს უძილობას შენი სახელი ჰქვია..."