უი, ვიპოვე საჩემო თემა
08:30
ვერ ვიტან მაღვიძარას! – ყოველთვის საუკეთესო მომენტში მაღვიძებს! სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მინდა, სიზმარში დავრჩე!...
თვალებს ვახელ, შენს თვალებს ვხედავ – დახუჭულს. ბავშვივით გძინავს. საერთოდ, ასე იცი ძილი – ბავშვივით.. მინდა ხოლმე, რომ შუბლზე გაკოცო და საბანი გაგისწორო, რომ არ შეგცივდეს... ვერ ვიტან, შენზე ადრე რომ მეღვიძება – ასეთს რომ გიყურებ, ყოველ დილით უფრო მიყვარდები. არა, ჯანდაცვის სამინისტრომ რომ იცოდეს, როგორ მიყვარხარ, აუცილებლად გამაფრთხილებდა! აი, მაგალითად, ასე: “ქალბატონო ენ, ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ასეთი სიყვარული მავნებელია თქვენი გულისათვის, სულისათვის... აფერხებს ნერვების ფუნქციონირებას ან უკიდურესად შლის მას. ატკიებს მუცელს, აჩქარებს სუნთქვას და გულისცემას. იწვევს წნევის სიმაღლის მონაცვლეობას. უკიდურეს შემთხვევაში, ასეთი სიყვარული კლავს თქვენს პიროვნებას!” და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
მახსენდება, უშენოდ როგორ ვიღვიძებდი ხოლმე. პირველი, რაც მახენდებოდა, იყავი შენ და უკანასკნელი, ვისზეც ვფიქრობდი ძილის წინ, ისიც შენ იყავი! მესიზმრებოდი... სულ მესიზმრებოდი და ეს მაღვიძარაც სწორედ მაშინ მაღვიძებდა, როდესაც სიზმარში მაინც კინაღამ აგიხდენდი ხოლმე. როგორ მიყვარდი – მეგონა იმაზე მეტად არ შეიძლებოდა... ჰმ...
ვდგები და საბანს გისწორებ, შუბლზეც გკოცნი და უფრო მეტად მიყვარდები...
ჩვენი სახლი პატარაა – მხოლოდ ჩვენთვის. ვინც ჩვენ გვიყვარს, მაინც ყველა ეტევა. კედლებზე სურათებია – ჩემი, შენი, ჩვენი... პატარაც ზუსტად ასეთი ხარ, არ შეცვლილხარ... თვალებიც ისე გიბრწყინავს, როგორც ახლა. ზოგჯერ თვითონაც არ იცი, ასე რატომ ბრწყინავენ, ზოგჯერ მიზეზიც არ გაქვს და მე კი ვიცი – შენი თვალები, უბრალოდ, ასეთია! მე ეს დიდი ხანია, ვიცი – პირველი წამიდან! ყველაზე მეტად მიყვარს ისინი!
სამზარეულოში გავდივარ. ყავას ვადუღებ და ვემზადები. დღეს მძიმე დღე მაქვს. რა ბედნიერი ხარ, ერთი საათით მეტ ხანს რომ გძინავს ხოლმე ყოველ დილით და რა ბედნიერი ვარ, მხოლოდ მე რომ მაქვს უფლება, რომ გაგაღვიძო. ამ ერთ საათში ვფიქრობ ხოლმე, ვფიქრობ ძალიან ბევრს... ვიხსენებ... გიხსენებ...
აი, პირველი შეხვედრა... აი, შენ... აი, მეც... აი, სიყვარული, რომელიც ჩვენ შორის ჰაერს ავსებს და სულ უფრო პატარავდება იმიტომ, რომ ჩვენ ვსუნთქავთ მას... არ ვიცით, რომ ჰაერშია სიყვარული... არ ვიცით, რომ ერთმანეთი გვიყვარს. აი, შენი თვალები და აი, ჩემი ატკიებული მუცელი – მეც არ ვიცი, რატომ... შეგხვდი!
აი, შენი პირველი სიტყვები, ყველა მეგობარს რომ გავაგებინე და შენი თავი რომ გავაცანი დაუსწრებლად. აი, პირველი სითბო შენს სიტყვებში, პირველი გრძნობა და...
აი, პირველი შეხვედრა – სიყვარულით სავსე ჰაერის გარეშე. სიყვარული უკვე აღარ არის ჰაერში – ჩვენშია. დაბნეული მე, როგორც ყოველთვის გაბრწყინებული შენ და...
აი, პირველი ლექსი:
“ჩვენ შორის სიჩუმე,
ხმაური ჩვენი... შორს!
ჩვენ შორის ჰაერი.
ჩვენ შორის დიდი დრო.
ჩვენ შორის სუნთქვა და
ჩვენ შორის სიცივე.
ჩვენ შორის მანძილი...
-მოდი, მოიწიე!...
პირველი შეხედვა,
შემკრთალი თვალები.
შენ – მკრთალი თვალები,
მე – შენი თვალები.
პირველი შეხება,
პირველად – ხელები.
შენ – თბილი ხელები,
მე... მე... მცივა,,,”
მახსოვს, როგორ დამცინე, შემდეგ ეს რომ წაგაკითხე! მართლა სასაცილოა, რამ დამაწერინა... ისე, ზუსტად კი აღწერს იმ შეხვედრას... მაინც რა პატარა ვიყავი...
იმ კაბას ვიცვამ, შენ რომ გიყვარს, ერთად რომ ავარჩიეთ... თმას ვივარცხნი და ისევ სამზარეულოში მივდივარ, რომ საუზმე მოგიმზადო. რადიოს ვრთავ და...ჩვენი საყვარელი სიმღერა! ერთად რომ გვიყვარდა... როგორ მომენატრა ის დროც... ჰმ... ერთად ვუსმენდით ხოლმე, ხან მანქანით სიარულისას, ხან - ფეხით.. ღამე რომ ვსეირნობდით, ჩავრთავდით ხოლმე და არც არაფერს ვამბობდით – ვუსმენდით და ვუყურებდით ერთმანეთს... ლამპიონები ყოველთვის ენთო..შენს თვალებში!
მიყვარს ეს სიმღერა – დღემდე ყველა დისკში ვწერთ და არ გვბეზრდება! ისე, ნეტავ, მოგვბეზრდება ოდესმე?...
სიმღერა მთავრდება და დღევანდელი ჰოროსკოპიო, ამბობენ... მეღიმება... მე ხომ აღარ მჯერა ჰოროსკოპების!... არადა, როგორ მჯეროდა... სანამ ჰაერი ჯერ კიდევ სიყვარულით იყო სავსე და ჩვენ არ გვქონდა ჩასუნთქული, ვიკვლევდი შენს პიროვნებას, ვადგენდი, როგორი შეიძლებოდა, ყოფილიყავი... ყველა ასტროლოგი ამბობდა, რომ ჩემი და შენი ჰოროსკოპები ვერასოდეს იქნებოდნენ ერთად ბედნიერები... ძალიან მეშლებოდა ხოლმე ნერვები, რომ მჯეროდა! ჰაჰ... სასაცილოა... როგორ მინდა, ყველა ასტროლოგს გავაგებინო, რა ბედნიერები ვართ!... მე აღარ მჯერა ჰოროსკოპების, თუმცა, მაინც ვუსმენ – “დღეს მძიმე დღე გელით (ეგ უშენოდაც ვიცი!). სამსახურში ძალიან დაიღლებით და განტვირთვა დაგჭირდებათ (ესეც ვიცი უშენოდ!). საღამოს სადმე გაისეირნეთ და გული გადააყოლეთ (უშენოდაც ვხვდები, გული რომ უნდა გადავაყოლო!). საყვარელი ადამიანისგან ელოდეთ სიურპრიზს!” – ჰო, ეს ბოლო ნამდვილად არ ვიცოდი უშენოდ!... თუმცა, ეგ შენ არ იცი უჩემოდ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ისედაც ჩემი სიურპრიზია! არა, ასე არ შეიძლება – ჯანდაცვის სამინისტრომ ხომ გამაფრთხილა!?
საუზმე მზადაა. ოთახში შემოვდივარ, რომ კიდევ ერთხელ გამოვიყენო შენი გაღვიძების უფლება. ჩვენს საყვარელ სიმღერებს ვრთავ, შუბლზე გკოცნი და გეუბნები, რომ “ისევ დაგასწრო დილამ და შენზე ადრე გათენდა!”... შენ, სანამ თვალებს გაახელ, გეღიმება და ბავშვივით იშმუშნები. მეც მეღიმება და კარადისკენ ვბრუნდები, ტანსაცმელი რომ შეგირჩიო – უკვე ვიცი, რომლის ხასიათზე ხარ! შიგადაშიგ შენკენ ვიყურები, ისევ რომ არ ჩაგეძინოს და ვხედავ, რომ თვალები უკვე გიბრწყინავს! ისე, მგონი, არც შენ გიყვარვარ ნაკლებად... შეიძლება შენთვისაც მოემართა ჯანდაცვის სამინისტროს, არ არის გამორიცხული... რა კარგი გრძნობაა, როდესაც დადიხარ სახლში და გრძნობ, რომ ვიღაც შენი არსებობით ბედნიერია... და რა ბედნიერი ვარ, რომ ეს ვიღაც შენ ხარ!
ტანსაცმელი მზადაა. კმაყოფილი სახით დგები და იცვამ. მე სამზარეულოში გელოდები. გამოდიხარ და ერთად ვსაუზმობთ, დღის გეგმას ვაცნობთ ერთმანეთს, რომელიც, როგორც წესი, აუცილებლად ირევა ჩვენივე სურვილით... აი, მაგალითად, დავგეგმავთ რომელიმე ნათესავის მონახულებას. შევხვდებით სამსახურის შემდეგ და დანიშნულების ადგილისაკენ მივსეირნობთ (ისე, ძირითადად, ფეხით დავდივართ – გვიყვარს სიარული). გზაში, ორივენი ვხვდებით, რომ ერთად ყოფნა უკეთესია და “სხვა არავის ნახვა არ გვინდა” სახეებით მივდივართ სადმე, ნებისმიერ ადგილას, სადაც მოგვაფიქრდება. როგორც წესი, მეგობრები ჩვენთვის ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენენ, მაგრამ არის შემთხვევები და დღეები, როცა ეს გეგმაც იცვლება. დღეს ორივენი დატვირთულები ვართ სამსახურში. შემდეგ... მეუბნები, რომ არსად წასვლა არ გინდა და სახლში დარჩენას მთავაზობ... ჰმ... არადა, ჰოროსკოპში მითხრეს, გული გადააყოლეო... ავდგები და რომელიმე მეგობარს ვნახავ!... თანახმა ხარ, ოღონდ ცოტა ხნით... მიყვები შენს ამბებს, ზოგს უკვე მრავალჯერ მოსმენილს და, როგორც ყოველთვის, მაცინებ. გიყვარს ჩემი სიცილი...
ეს ერთი საათი გაცილებით სწრაფად გადის – ვეღარც ვფიქრობ, ვეღარც ვიხსენებ – უბრალოდ, გავრბივარ სამსახურში. წასვლამდე მეხუტები და მეუბნები, რომ გიყვარვარ, ძალიან გიყვარვარ. მე კი, ისევ ისე, როგორც პირველად, მუცელი მტკივდება. სამსახურში დავალება მხვდება – სასწრაფო რეპორტაჟი! ჰაჰ... ხომ ვამბობდი, დატვირთული დღე იქნება-მეთქი! ამასთან ერთად, მახსენდება, რომ დღეს ექიმთან ვარ მისასვლელი, თანაც აუცილებლად! დრო უნდა გამოვნახო და ვინმე უნდა წავიყოლო! ვურეკავ ჯერ ერთ მეგობარს, შემდეგ – მეორეს, მესამეს... რა უბედურებაა!? რატომ არავის გცალიათ?! ესეც ჩემი გულის გადაყოლება!!!
სასწრაფოდ ვუდგები საქმეს. სტაჟიორს (ერთ დროს მეც ასეთი ვიყავი) ვთხოვ, რომ დამეხმაროს და რეკორდულ დროში ვამთავრებ რეპორტაჟს. ვაფრთხილებ თანამშრომლებს, რომ ექიმთან მივდივარ და...
უკვე კაბინეტში ვარ – ექიმის კაბინეტში. ამბობს, რომ მოსალოცად მაქვს საქმე. მეუბნება, რომ დედა გავხდები! ამის შემდეგ რას ლაპარაკობს, აღარ მახსოვს. ვდგები და პირდაპირ დედასთან მივდივარ – შენ ამას სამსახურში ვერ გეტყვი! გზაში გაოგნებული დავდივარ – ორიენტაციაც კი მეკარგება! ჯანდაცვის სამინისტროს არ გავუფრთხილებივარ, რომ ასეთი ბედნიერებაც საშიში იყო ჩემი გულისთვის, სულისთვის... ასეთი ბედნიერებაც იწვევდა მუცლის ტკივილს, ოღონდ ოდნავ სხვანაირს. ახლა მე ორი ვარ და... ახლა მე რომ ორი ვარ, ამ ორიდან ერთი იქნები შენ – შენი შვილი, ჩემი შვილი, ჩვენი შვილი! მეორე შენ მეყოლები, ორი შენ მეყოლები და ორჯერ უფრო ბედნიერი ვიქნები მე!!!..
მივედი. დედას უხარია, ძალიან უხარია. ვუყვარვარ.
მირეკავ და მეუბნები, რომ უკვე სახლში ხარ. მოვდივარ და... არ ვიცი, როგორ გითხრა! რას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს? – “შენ მამა გახდები!” – ჰაჰ, რა ბანალურია!!! არა, იმ მომენტში როგორც მომაფიქრდება, ისე გეტყვი!!!
კარზე გიკაკუნებ – მეზარება გასაღების ამოღება... თან, ახლა ვერც ვიპოვი... კარს ჩემი მეგობარი მიღებს!!! შემდეგ შენი მეგობარი დგას, შემდეგ – ისევ ჩემი და ასე შემდეგ... ყველა ბედნიერია – ესე იგი, ცუდი არაფერი მომხდარა... არც ვიცი, გავიღიმო თუ არა!... მივყვები რიგს და ჩვენს ოთახამდე მოვდივარ. კარებზე აწერია – “დღეს მე შენ გაგიცანი!” -ღმერთო, როგორ დამავიწყდა!!! – აი, ესეც სიურპრიზი საყვარელი ადამიანისგან! - ჩვენი გაცნობის დღეა!!! არადა, დილით ხომ ამაზე ვფიქრობდი! ახლა რა ვქნა, როგორ გითხრა, რომ დამავიწყდა!? თან ჩვენი მეგობრებიც რა ბედნიერები არიან – მილოცავენ, მეხუტებიან და ბოლოს მეუბნებიან, რომ შემოვიდე. კარს ვაღებ და შენ დგახარ... პატარა წინდებით ხელში!!!... – შენ უკვე იცი!...
მე ვტირი! ვტირი, რომ მყავხარ... ვტირი, რომ მეორე შენ მეყოლები... ვტირი, რომ ასეთი მეგობრები გვყავს... ვტირი, რომ ჰოროსკოპის მაინც მჯერა... ვტირი, რომ ბედნიერი ვარ!!!
მეხუტები და დაუსრულებლად მიმეორებ, როგორ გიყვარვარ!... ცრემლებს მწმენდ და ვხედავ, რომ შენთვითონაც მოსაწმენდი გაქვს. ასე თვალები მხოლოდ მაშინ გიბრწყინავდა – ჩვენი ქორწილის დღეს! გარეთ მეგობრები აღნიშნავენ...
ძილის წინ პატარა წინდებს ბალიშებს შორის ვდებთ და ვგრძნობთ, რომ ჰაერი ახალი სიყვარულით ივსება, რომელიც ჩვენმა შვილმა უნდა შეისუნთქოს! როგორ მიყვარს სიტყვა “ჩვენ”, “ჩვენი”, “ჩვენმა” და ასე შემდეგ, სხვადასხვა ბრუნვები... მთელი ღამე ხელი გაქვს ჩემს ხელზე ჩაჭიდული და არ უშვებ... არა, უნდა გავეფრთხილებინე ჯანდაცვის სამინისტროს – ასე ხომ შეიძლება, მართლა მოვკვდე (ბედნიერებით თუ სიყვარულით, არ ვიცი) !?
შენი კოცნა მაღვიძებს – ალბათ, დილაზე ადრე გათენდი და მაღვიძარას დაასწარი... რა კარგი ყოფილა დღის შენი ხმით დაწყება...
შუბლზე მკოცნი, გულზე მიხუტებ და მეუბნები, რომ გიყვარვარ “გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად”!... მუცელი ისევ მტკივდება... ახლა უკვე ორი მიზეზით – ერთი გარკვეულია : ) თვალებში მიყურებ და მეუბნები ღიმილით, რომ სიურპრიზი გაქვს ჩემთვის...კიდევ!... გავდივართ და...
09:00
დედაჩემის ხმა:
-ენ! ჩაგძინებია, დედიკო... ადექი, უნივერსიტეტში გაგვიანდება!...
© მე