თევზუკებს მინდა ეს მოთხრობა მივუძღვნა, რადგან მათ აღმიძრეს ამის დაწერის იდეა

----------------------------------------------------------------------------------
სიკვდილის ილუზია
ნიკოლი ჭკვიანი ქალია, მან იცის, როგორ მოიკლას თავი...
არადა განსაკუთრებული არც არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ ნიკოლმა თავისი ცხოვრების არსი ამოხსნა.
დიახ, მას მყარად სწამდა, რომ ყველა ადამიანს თავისი კარმული მისია აქვს და წარსულში ჩადენილ ცოდვებს დაათრევს დროის უსასრულობაში.
ის ერთში ჭოჭმანობდა მხოლოდ, რა იქნებოდა მაშინ, როცა თავის ყველა ცოდვას გამოისყიდიდა? იქნებოდა ის კვლავაც ევა თუ მთელ თავის ადამიანურ სახეს დაკარგავდა?
ეს კითხვები აწუხებდა საწყალ ნიკოლს და ამიტომაც ძილის წინ მუდამ დამაძინებელ აბებს სვამდა. უნდა ითქვას, რომ აბები ნამდვილი არ იყო და ისინი მხოლოდ შაქრიანი დრაჟეები გახლდათ, თავად ნიკოლი კი ურცხვად იტყუება თავს.
მისი უზარმაზარი სახლი მთლიანად მწავენში იყო ჩაფლული და თითქოს უფრო მეტ სიცოცხლეს ანიჭებდა ამ გოთიკურ სტილში ნაშენ სახლს.
ნიკოლი ბავშვობაში არც კი აკვირდებოდა საშიშსახიან ორნამენტებს და მხოლოდ ბუნებას ხედავდა სილაღით აღსავსე, ახლა კი... საკუთარი სახლივით ჩამუქებულიყო.
ის ბოლო ხანია კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. ოთახებში დაბორიალობს გონარეული და ჩანაწერებს აკეთებს. თუმცა ბავშვობისდროინდელ ჩვევას ვერაფრით დააღწია თავი და ყველა ჩანაწერს წვავს. ასე ჰგონია ფურცელზე გაცოცხლებული სიტყვები მის უბედურ ცხოვრებაზე ქირქილებენ...
ასეთი ხრწნადი არასოდეს ყოფილა სიმშვიდე და ნიკოლს უკვირს, როგორ შეიძლება ამას ნატრობდეს მსოფლიოს ყველა ქალი? დიახ, მას სრული სიმშვიდე აქვს, მაგრამ ეს იმდენად აშმორებს მის ყოველდღიურობას, რომ ის მზადაა ყველაზე დაუფიქრებელი ნაბიჯიც კი გადადგას..
არადა, იცით, ნიკოლი იტყუება, ოღონდ მხოლოდ საკუთარ თავთან. გარდა ძილის აბებისა, ის ყოველდღე საკუთარ თავს აჯერებს, რომ წლების წინ გადახდენილი კოშმარი მხოლოდ ცუდი სიზმარია, რომელიც არასოდეს გაცხადდება. ის დილაობით მდინარესთან მიდის და თავის თავს უამრავ ტყუილს უყვება...
წლები კი სრულ უიმედობაში გადის და ნიკოლს ჰგონია, რომ მხოლოდ ხრწნადი სიმშვიდეა მისი კარმა.
წიგნების მაღაზია სავსე იყო ცნობისმოყვარე ახალგაზრდებით, რომლებიც თაროებზე გაწვრთნილი მაიმუნებივით იქექებოდნენ. ეს იმდენად სასაცილო სანახავი გახლდათ, რომ იქვე მდგარი ქალი ძლივს იკავებდა სიცილს და ხელთათმანიან ხელს იფარებდა ღიმილშეპარულ ტუჩებზე.
- აქ ხშირად გხედავთ და სიმართლე გითხრათ, აღარც კი ვიცი, რომელ პერსონაჟზე უნდა ვიეჭვიანო.
ზურგსუკან აისვეტა კაცის სხეული და ქალი მოულოდნელობისგან მსუბუქად შეკრთა. სწრაფად მიტრიალდა მისკენ და კაცის მტკიცე მზერას შეეჩეხა.
პირველად ხედავდა მას. შავი ფრაკი ისე შვენოდა მის ქარვისფერ თმას, რომ თვალს ვერ მოწყვეტდა ნებისმიერი გემოვნებიანი ქალბატონი. მის დახვეწილ ნაკვთებს კარგად ეხამებოდა ფართო, სიყვითლეშეპარული თვალები.
- რას თავხედობთ, არ გრცხვენიათ?
დაბალ ხმაზე უთხრა დაბნეულმა ქალმა და ქურდულად გაიხედა დახლებისკენ, სადაც ხალხი ირეოდა. არავის შეუნიშნავს მათი დიალოგი.
- მაპატიეთ, არ გაგცნობივართ, თუმცა ჩემი სახელი ინდენად უმნიშვნელო მგონია იმასთან შედარებით, რისი თქმაც ახლა მინდა თქვენთვის, რომ... თანაც მეშინია ჩემმა კადნიერებამ არ დაგაფრთხოთ.
ფრთხილობდა კაცი, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად დახვეწილი იყო, რომ ქალს ეჩვენებოდა, თითქოს წინასწარ გათვლილ ნაბიჯებს იმეორებდა იგი. თანაც ეს ღიმილი, რამხელა ნარცისიზმს იტევდა...
ქალი წელში გაიმართა და მეტი დამაჯერებლობისთვის წარბები აზიდა.
- არ ვთვლი საჭიროდ უცხო ადამიანს გავესაუბრო რაიმეზე.
და გულში გაეფიქრა, - „ ღმერთო, რა მოსაწყენი ვარ “.
კაცი ტუჩებიდან არ იშორებდა თავხედურ ღიმილს. მან ფრაკიდან თეთრი კონვერტი ამოიღო.
- იქნებ ეს გეცნოთ, ნიკოლ?
და ქალი გადაფითრდა.
ეცნო, დიახ, ეცნო და თან როგორ...
ეს მაშინ იყო, როცა ნიკოლის დედა უკვალოდ გაქრა და თავად გოგონა ამ ტკივილის დასაძლევად წიგნებში ეძებდა შვებას.
ყველა იცნობდა ნიკოლს ამ მაღაზიაში. სერ ჯერემი, თავად ამ მაღაზიის მეპატრონე ისე ეპყრობოდა მას, თითქოს მისი შვილი ყოფილიყო. მაშინ ნიკოლი სულ რაღაც 20 წლის გახლდათ. იმ პერიოდში იყო, როცა გოგონას საკუთარი ქალურობა აფრთხობს.
და ასე დაბოდიალობდა მხატვრულ სამყაროში. წიგნს წიგნზე კითხულობდა და დაღამებამდე რჩებოდა მაღაზიაში.
ერთხელაც გადაწყვიტა ჩანაწერი გაეკეთებინა და თავის თავს დაჰპირდა, რომ ეს ერთადერთი ნაწერი იქნებოდა, რომელსაც არ დაწვავდა.
საკუთარ ოთახში იჯდა დილამდე და ნერვიულად აწვალებდა ფურცლის ბოლოს. უცებ ღრმად ჩაისუნთქა და წერა დაიწყო.
წერილი მარტივი იყო, თუმცა გადაკითხვისას პირველად მოეძალა ის განცდა, რომ უკვე ქალი იყო.
შეშინდა.. მაგრამ მაინც არ აუღია თავის განზრახვაზე ხელი.
მეორე დილით ჩვეულებრივზე ადრე მივიდა მაღაზიაში და თაროებს შორის ქურდულად დაიწყო რაღაცის ძებნა. ყველაზე გაცრეცილ წიგნს მოჰკიდა აკანკალებული ხელი და ჩამოიღო. ყოველი შემთხვევისთვის აქეთ-იქით მიმოიხედა კიდევ ერთხელ და წიგნში თეთრი კონვერტი ჩადო.
იმ ღამეს უჩვეულოდ შფოთიანი ძილი ჰქონდა ნიკოლს. ეჩვენებოდა, რომ მისმა სულმა კოორდინაცია დაკარგა.
„ წერილი მპოვნელს
ამბობენ, ყველაზე ძნელი წერილის დაწყებაა, თორემ გაგრძელება მხოლოდ განწყობაზე დამოკიდებულიო. ახლა იმდენად აღელვებული ვარ, რომ მიჭირს გადმოვცე ჩემი სურვილი, რის გამოც ეს ყველაფერი წამოვიწყე.
მე მარტო ვარ. ო, არა, არ მინდა გეგონოთ თითქოს თანაგრძნობას ვითხოვდე ვინმესგან, მე ეს, დამიჯერეთ, საკმარისი მაქვს ცხოვრებაში. დიახ, ყოველ დილით ვუყურებ მამას, რომელსაც ჭლექი აქვს და სულ მალე სიცოცხლეს ამოახველებს.. მის თვალებში კი იმხელა თანაგრძნობაა, რომ ზოგჯერ მგონია საკუთარ სიკვდილზე მეტად ჩემს მარტოობაზე ნერვიულობს.
დედა უკვალოდ გაქრა, როცა მამის ავადმყოფობა გაიგო და აგერ რამდენი წელია არ მოვუკითხივართ.
ღმერთო, რა სულელი ვარ? არ მსურს ჩემი პრობლემებით გადაგღალოთ, მერწმუნეთ, ეს ნამდვილად არ არის ჩემი თვითმიზანი.
არც ჩემი მარტოობა ყველაზე ცუდი რამ, რაც კი შეიძლება შემემთხვეს.
იცით, მე შეიძლება სრულებით არასაჭირო გავხდე ამ სამყაროში, ეს კი ყველაზე საშინელი რამ არის ამქვეყნად. წარმოიდგინეთ, თავად მტვერსაც კი თავისი დანიშნულება აქვს. მე მსურს გჭირდებოდეთ... ხანდახან მაინც, შუაღამისას გამოგაღვიძოთ ჩემზე ფიქრმა და აღელვებულს დაგაინტერესოთ ჩემი მდგომარეობა. ჩემთვის ეს გადარჩენა იქნება.
ძვირფასო უცნობო, მე ყოველ დილით სერ ჯერემის წიგნების მაღაზიაში მოვდივარ, რათა მამას ჩაყვითლებულცრემლებიანი თვალები არ ვიხილო და ასე წიგნებში პერსონაჟების დევნით ვირთობ თავს.. მათ მაგივრად განვიცდი ყველაფერს, თითქოს თავად არ ვარსებობდე.
ალბათ თავი შეგაწყინე.. ხედავ, უკვე იმდენად გაგეხსენი, რომ სირცხვილის განცდაც კი დავკარგე... საერთოდ, თუ გიფიქრია, რა დანიშნულებით მოვდივართ ამქვეყნად ადამიანები?
იქნებ მე იმისთვის გავჩნდი, რომ შენ გჭირდებოდე... იქნებ...
ძვირფასო უცნობო, მე ყველაზე გაცვეთილ წიგნში დავტოვებ ამ კონვერტს იმ იმედით, რომ ჩემი კარმა შენ ხარ და აუცილებლად მომაგნებ...
ნიკოლ დ.
1968 წელი, ინგლისი “
და ახლა წლების მერე, როცა ნიკოლი გადამცდარი იყო ოცნების ასაკს, იდგა მაღაზიაში და საკუთარ, ერთადერთ დაუმწვარ კონვერტს ისე მისჩერებოდა, როგორც გილიოტინას სიკვდილმისჯილი. კაცი კვლავ იღიმოდა.
- შენ მეძახდი და მე მოვედი...
ალბათ ბედი ასე დაგვცინის ხოლმე, როცა შვებაზე დამშეულებს ხელებში ლოდინს გვჩრის და ზუსტად მაშინ, როცა ღონემიხდილნი სამყაროს საშინელ კანონზომიერებას ვნებდებით, სათამაშოსავით გვიგზავნის ზღაპარს.
ქალს თვალებზე ცრემლი მოადგა და კაცს, რომ არ შეემჩნია პირდაპირ გასასვლელისკენ აიღო გეზი. მის ნაბიჯებს მიყვა შაფრაკიანი კაცი.
გარეთ შემოდგომის ნოტიო სიგრილე დაძრწოდა და ნახევრადშიშველ ხეებს ელამუნებოდა.
მომდევნო დღეები დიდხანს ახსოვდა ნიკოლს და ის მიხვდა, ხანდახან შესაძლოა ვინმეს სჭირდებოდე ისე ძალიან, როგორც ჰაერი, თუმცა უჰაეროდ ვერაფრით შეგიყვაროს.
იცით ეს რა სახიფათო თამაშია?
და ნიკოლი ფიქრობდა, - „ ნუთუ არ გეშინია, რომ უშენობა უფრო შევიყვარო, ვიდრე თავად შენ?“.
მაგრამ ამას არასოდეს აჟღერებდა ხმამაღლა.
იმ პერიოდშიც წერდა ნიკოლი, თუმცა საკუთარ თავთან მიცემული პირობა არ დაურღვევია და ყველა წერილი ცეცხლის ალს შესწირა.
იმ შემოდგომაზე ნიკოლის მამა ჭლექისგან გარდაიცვალა და იცით? მას არ ჰქონია თანაგრძნობით სავსე თვალები, თუმცა შესაძლოა ეს ნიკოლს ეჩვენებოდა ასე, რადგან სუნთქვისშეკვრამდე შეყვარებული იყო.
- ერთს გთხოვ, თუ მოგინდეს მიმატოვე, მაგრამ არასოდეს გამიქრე, კარგი?
სერიოზული სახე მიიღო ნიკოლმა და ისე ჩაეხუტა კაცს, თითქოს უკანასკნელად ხედავდა. თუმცა არ უყურებდა სახეზე, მაინც იგრძნო, როგორი კმაყოფილი ღიმილი ჰქონდა მას.
- სისულელეს ამბობ, მე როგორ უნდა მიგატოვო?
„ღმერთო, რახელა პათეტიკა.. და გრძნობები? სად არიან ისინი?“ - ისევ საკუთარ თავს ეკითხებოდა ნიკოლი და ისე სტკიოდა გული, რომ ცოტაც და გაუჩერდებოდა თითქოს.
ადამიანები, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ზუსტად იმას აკეთებენ და ზუსტად მაშინ, როცა ხვდებიან რომ აქამდე არსებული ჭეშმარიტება ბუტაფორია იყო. კაცი მიხვდა, ქალმა კი იგრძნო...
- ჩემთვის შეუძლებელი მხოლოდ შენი დაკარგვაა.
ალალი ჩანდა კაცი, იმდენად ალალი, რომ ქალი მიხვდა, იგი მასავით თავს იტყუებდა. არადა ნიკოლს ეგონა, რომ მხოლოდ თავად იყო სუსტი...
მას მერე აღარ წერდა, ერთი პერიოდი მიანება თავი ჩანაწერებს, რადგან ეჩვენებოდა, რომ წინასწარმეტყველებასავით უსრულდებოდა თავისი ნაწერები.
ზღაპარი დასაზღვრული რეალობაა, რომელსაც ტკბილი გემო აქვს.
ზამთარი ძალებს იკრებდა და ქუჩებს აფეთებდა სუსხიანი ამოსუნთქვებით...
იცით, ერთხელაც, როცა ნიკოლი წიგნის მაღაზიაში წავიდა თავისი შავფრაკიანი კავალერის სანახავად იგი იქ აღარ დახვდა... ნიკოლი მიხვდა, რომ არც არასოდეს მობრუნდებოდა, რომ ამ კაცმა საკუთარი რწმენა შეიცვალა და ახალმთვარეზე თავი მოიკლა.. ო, არა, ნიკოლი ამ ყველაფერს იგონებდა, რადგან ზუსტად ამ ამბის მერე დაჩემდა საკუთარი თავისთვის ტყუილების თქმა.
ნიკოლი ჭკვიანი ქალია და იცის როგორ მოიკლას თავი.
და იცით? ხანდახან სიკვდილი ისეთი მყიფეა, რომ ხელებში გემსხვრევა და მაშინ კი იძულებული ხარ არაერთი ტყუილი უთხრა საკუთარ თავს.