თევზის დღიურები

მინდა ჩემი გული გაგიცვალო შენს მხარში. მე თავს დავადებ და ყველაფერს მოვუყვები, თორე ტუჩები შეახორცდა ერთმანეთს. შენ წინ დაიდებ ჩემს გულს და შეძლებ რომ აწამო.
---
მეშინია, რომ ერთხელაც უკან წაიღებ ყველა სიტყვას, რომელიც ტანზე შემახორცდა და მე დავიმარხები ჩემს მარტოობაში, დავიფარები ჩემი ცრემლებით და დავიღუპები ჩემი სიჩუმით. ოკეანის ფსკერზე გაწოლილ და საუკუნეების წინ ჩაძირულ გემს დავემსგავსები. აურაცხელ და შეუფასებელ განძს რომ ინახავს, მაგრამ არ არსებობს, რადგან მისი არსებობის შესახებ არავინ იცის.
---
ჩემი მარტოობა მოვათვინიერე და ვეღარ მტანჯავს. ჩემი სიბრაზის ობიექტი დავკარგე და ისე დავგროვდი რომ კუნთები დამისივდა და კანი მინდა გავიხადო.
---
კანი გადმოვიბრუნე და ფანჯრის წინ გაჭიმულ სარეცხის თოკზე გადავეფინე შეგრძნებებისგან დასაწურად. ჩემი შეგრძნებები მკლავს. ყოველ დილით სარკეში ვიხედები და ერთ ნაწილს ვიბრუნებ შიგნიდან გარეთ. ნეკნებს გავიწევ და ჩემს შიგნით დატყვევებულ ორგანოებს გავათავისუფლებ ჩემგან ტყვეობისგან. ისეთი ავადმყოფური ვარ, რომ მეცოდებიან… დღითიდღე უფრო და უფრო…
ეს შეგრძნებები მკლავს, რომელიც ჩემი ტვინიდან მოდის… მარტოობის შეგრძნებამ მიმატოვა, თანაგრძნობის შეგრძნებამ, დაღლილობის შეგრძნებამ, სიყვარულის შეგრძნებამ…
ტკივილის შეგრძნება ნელნელა მტოვებს, ეს კარგი იქნებოდა გაყუჩების შეგრძნებას რომ არ მივეტოვებინე დიდი ხნის წინ…
მარტო სუიციდი დამრჩა… ეს შეგრძნება არ დამტოვებს… მე უნდა დავტოვო… პრობლემა მხოლოდ გამბედაობის შეგრძნებაშია, რომელიც მებღაუჭება…
მინდა გადმოვბრუნდე, უკუღმა მხრიდან დავინახო ჩემი თავი სარკეში, გული მქონდეს ჩემი მაისურის ჯიბის ადგილას, და ტვინი თმის ნაცვლად… ასე ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა… და ალბათ ჩემი ცისფერი თვალებიც მომიხდებოდა… ჩემი თვალები შიგნიდან ცისფერია… ვიცი…
---
კარი ჩავრაზე ურდულით და სარკმელი ამოვაშენე. ჩემი სხეული ჩემი ციხესიმაგრეა. გამოვიკეტე
---
მთელი ღამე შიშველი ვიდექი სარკის წინ და იმ პირველ სიტყვას ვეძებდი შენ რომ ამახიე ტანიდან და წაიღე უკან. მინდა მოვძებნო ის ადგილი და საკუთარი ხელით აგიფრცქვნა მთელი ტანიდან. გული დავიკაწრე და დავიხიე სხეული. მინდა წავიდე… ვეღარ ვუძლებ და დაგიტოვო ყველაფერი რაც შენ გეკუთვნის
უჩინარი ვარ და ჩემ მარტოობად ქცეული
რა მნიშვნელობა აქვს აქ ვიქნები თუ არა
სადაც მე არ ვარ იქ ერთით ნაკლები უბედურებაა
---
25 მიყურებს სარკიდან. ჩემი ოცდახუთი ანარეკლი შემიძლია დავინახო. იმ რუსულ სათამაშოს ვგავარ ერთმანეთში რომ არის ჩალაგებული. 25 ქალი ვარ, 25 დარდი მაქვს და 25 ხასიათი, 25ჯერ ვწუხვარ და 25ჯერ უფრო მარტო ვგრძნობ თავს ვიდრე გუშინ. ოცდახუთსაც შევეცდები შევეჩვიო, ყოველთვის ასეა, რომ ვიწყებ შეჩვევას მაშინ მემატება კიდევ ერთი ანა. დოღში მინდა გადავუსწრო ცხოვრებას, ფსონი ჩემზე დადე.
---
ეს ღამე მინდა ჩამოვხსნა, დავჭრა, ქაღალდივით დავკეცო, გავაკეთო მისგან თვითმფრინავი და გავუშვა. ეს ღამე მინდა გადავიტანო ქალაქგარეთ. ამ ღამეს მინდა დავლიო ბევრი, ამ ღამეს მინდა ვიტირო და გითხრა ყველაფერი რასაც ვგრძნობ, ამ ღამეს მინდა რომ ეს ღამე არ არსებობდეს.
---
ჩემს სიცარიელეს ისე შევეჩვიე კანივით შემახორცდა ტანზე. მარტოობისგან გატყავებული და გრძნობებისგან შიშველი ვარ. მე კარს გაგიღებ, შენ ნუ შემოხვალ თუ ჩემს ჩაცმას არ აპირებ გრძნობებით
---
მოთმინება არ მყოფნის ტკივილისგან ისე ვარ გამოხრული. გრძნობებს ვერ ვუძლებ, ნაძვისხის ძველი სათამაშოსავით დაბზარული და აქერცლილი ვარ, მაგრამ სიცოცხლე მაინც ვერ მიმეტებს გამოსაცვლელად.
---
ჩემი ცრემლების ოკეანეში მარტოობის კუნძულად ვიქეცი
---
შენი სიტყვები ფურცლებს წყდება და ფარფატით მიფრინავს კედლებისკენ. ჩემი კედლები მთლიანად შენითაა მოხატული. ფანჯრებში შენი ფრაზები მაქვს ჩასმული და შენივეა ფარდები იქ, სადაც ვსუნთავ. კედელს გავეკრობი, ტუჩებს მივადებ და სულს ჩაგბერავ ისე, რომ გაგაცოცხლო, შენი ორეული შევქმა, რომელიც არასდროს მეყვარება, მაგრამ მაშინაც არ დამავიწყებს შენს თავს როცა აღარავინ მემახსოვრება.
---
ოცნებებით სავსე ყუთი მაქვს. კედელზე დაკიდებულ კალენდარს ფურცელს ჩამოვახევ, უკანა მხარეს ერთ სურვილს მივაწერ და ჩემი ოცნებების ძველ ყუთში შევინახავ.
ოცნებების ყუთი შენთვის მიჩუქნია, იმდენია ყოველ დღე რომ ამოიღო, მეორე მხარეს მიწერილი ოცნება წაიკითხო და კედელზე დაკიდო, მთელი ცხოვრება საოცნებო აღარაფერი გექნება
---
ამოდი მზეო, ფანჯარას გავაღებ და ნაწნავებს ჩავუშვებ კოშკიდან, რომ ზამთარი შევიფარო. გაზაფხულის მოახლოებას ვგრძნობ, ის ისეთი მდედრობითია და მე ისეთი გაბრაზებული მის გვერდით, რომ ქალურობას ვკარგავ მასთან. მოვიდა გაზაფხული და დამჩრდილა
---
გაზაფხულის შხაპუნა წვიმით დასველებული და გაჟღენთილი მიწის სურნელი გაქვს, მიმზიდველი და დაუვიწყარი. შენი ქანები ისეთივე ჭრელი და გამოცდილია როგორც საუკუნეები. შენზე ყოველ გაზაფხულს ახალგაზრდა ყვავილები იშლებიან, შენ გეხვევიან და შენი ნაყოფიერებით მრავლდებიან.
მე სალ კლდეზე ამოზრდილი ვარ და ფესვებიც ქვაში მაქვს გადგმული, შენგან შორს ვარ და შენზეც არასოდეს გავიზრდები. თუმცა ვგრძნობ რომ ჩემთან შენი ნამცეცები რბილდება და ტალახდება. ხანდახან მგონია, რომ შენი გულწრფელობა მხოლოდ მე მეკუთვნის.
---
აბრეშუმის ჭია მყავს და შენი სახელი ქვია. მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე ვქსოვ ძაფს, რომ მამლის პირველ ყივილამდე მოვასწრო შენთან მორბენა და შენს სულში ჩაქსოვა. უკვე კვირაზე მეტია ძაფებს გვიჭრიან და ჩემი ღამეებიც უფრო გრძელი გახდა. ჩემი ხელები დაჭრილია ძაფის ქსოვით, რადგან შენ მათ ალერსით აღარ ახორცებ.
---
ჩემი ოთახი სხვა განზომილებაშია. კარს დავხურავ, რომ ამ სამყაროს გაუგებრობათა ორპირმა არ გაგფანტოს და გული არ გაგიციოს. მე მარტოობას შეჩვეული ვარ და სიბნელისაც აღარ მეშინია. ამ კარზე ჟანგიც კი შეჩვეულია ჩაკეტვას. მაპატიე დედამიწა, რომ გაგაღე.
---
ცხოვრება სასტიკიაო, რომ ამბობენ ვხვდები რა ბედნიერები არიან ეს ადამიანები, მათ წარმოდგენა არ აქვთ ცხოვრებაზე. უბრალოდ ცხოვრებას კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ მე მისი ცინიზმი ვარ
---
ჩემს თავში პატარა კოდალა ცხოვრობს და თავში ხვრელებს მიკეთებს რომ ხანდახან ორთქლი გამოვუშვა და არ გადავიწვა ადამიანების ბოღმისგან… დავიღალე
---
ადამიანებმა ჯერ იმისგან მიმკურნალეს რითაც ავად არ ვიყავი, ეხლა იმისგან მკურნალობენ რაც მკლავს, მაგრამ მე ყველა ქიმიურ შენაერთს გავუძლებ რომელსაც ადამიანები ჩემთვის დაამზადებენ და ჩემს სისხლში შეუშვებენ, იმიტომ რომ მე დიდი ხანია ადამიანი აღარ ვარ
---
გავიხდი და ჩავიცვამ. დავდგები წყლის ქვეშ და ჩამოვირეცხავ შენს სიტყვებს ტანიდან, ისევ გავიხდი და ჩავიცვამ ბევრჯერ, სახეზე საცხს წავისვამ, თვალებზე ბევრს, რომ ვერავინ შეამჩნიოს სევდა, ტუჩებზე უფრო ბევრს რომ დავემსგავსო ყველას, სუნამოს მივიპკურებ, რომ ყველა კაცმა მე მიყუროს და ვიქცე ისევ ისეთად როგორც ყოველთვის.
გამარჯობა მე ვარ ანა
---
მყუდროება დაგვირღვიე მე და ჩემს დემონებს. ჩემი სასტიკი და დაუნდობელი სულისთვის არ მემეტები, ამიტომაც ვმალავ ჩემს სამყაროს დედამიწის გულში.
შენი გზა ძნელი და ეკლიანია, თუმცა შენი ღუზა უკვე აქ არის და ამას ვერ შევცვლი, ამიტომაც მთელი ჩემი იმედები ძველ კომპასში გამოვკეტე, რომელიც ხელთ გიპყრია და გზას გიჩვენებს.
---
ქვა მაგარია და ხისტი, ქვას სულ არ ვგავარ მე რბილი წყალი ვარ მუჭში რომ ჩაიტევ და გაათბობ, გამჭვირვალე ვარ და გულწრფელი, მაგრამ ბევრი ვარ და არ მეყოფი. თითებს შორის დაგისხლტები და დავიღვრები. მერე ცხვირსახოცით შეიშრე ჩემი ერთი წვეთი, ლაქად მაინც რომ დაგრჩე, რადგან მალე მიწა შემიწოვს და ჩემგან არაფერი დარჩება. ძალიან ვწუხვარ რომ არასოდეს დავბერდები.
---
გული ამომაჭრეს, გაყინეს და ცხრა მთას იქით დამარხეს. ჩემმა გულმა მიწაში ღრმად გაიდგა ტკივილის ფესვები, გაიზარდა სიყვარულად და მოისხა ყინულის ცრემლები. ტკივილის შიშით მთელი ჩემი მოგონებები შევაგროვე, ჩავაწყვე ყუთში, დავაკარი ჩემი მარკების კოლექცია და გავგზავნე ამანათი უმისამართოთ. იმედი მაქვს ამანათს უკან აღარ მივიღებ და ჩემს ცხრა მთას იქით დამარხულ გულსაც ვეღარ ვიპოვნი.
---
ნუ მექცევი როგორც ქალს, დიდი ხანია ადამიანიც კი აღარ ვარ. ტყავი გამოვიცვალე და ცხოვრების მიმართ ალისფერი გველივით მოქნილი გავხდი. ჯერ კიდევ ვერ ვხვდები როგორ აღმოჩნდი ჩემი ოთახის კართან, თავს ისე ვგრძნობ, შიშველს რომ შემოგისწრებენ და არ იცი რა მოუხერხო საკუთარ თავს. ბევრჯერ მიფიქრია შენთვის ცხვირწინ კარის მოჯახუნება, მაგრამ შენი ენერგია მაშინებს და მიზიდავს. შენთან თავის დაცვა მიწევს, ბოლომდე რომ არ გამხსნა და არ წამიკითხო.
---
გამომშიგნეს, უკვდავებით დამაჯილდოვეს და ასე ცარიელი დამტოვეს დედამიწაზე საუკუნოდ სატანჯველად. ტკივილსაც კი ვეღარ ვგრძნობ. ჩემი გული ჩემმა ჯერარდაბადებულმა პატარა შვილმა წაიღო და აღარასდროს დამიბრუნებს.
---
შუქურასავით ვარ, თითქოს სულ გვერდით ვარ და ახლოს, მაგრამ მთელი ზღვა უნდა გადაცურო, რომ იქამდე მიხვიდე
---
სიზმარი ვნახე…
ვითომ პატარა სახლში ვცხოვრობდით ცის პირას, ზევით იყო დიდი დედამიწა და ერთ დიდ მუხის ხეზე ეკიდა ჩვენი სახლი… მერე შენთვის ვახშამის მომზადება დავიწყე… სარკესთან დავდექი, გული ამოვიჭერი და შეგიწვი… გემრიელად ჭამდი… მერე წვიმა ამოვიდა ციდან და აგვავსო… და დავიხრჩვი წვიმაში… ოღონდ ძალიან მშვიდად…
---
მე მაინც მარტოდ ვგრძნობ თავს იშვიათად ვარდისფერ ქვაფენილზე მივაბიჯებ, და მინდა კედელზე გაკრულ აფიშად ვიქცე თანაც ლონდონში და არა კუბაში, რადგან ლონდონში დღეს იწვიმებს და ჩამომრეცხავს რის შემდეგაც მე წარმატებით გავაფუჭებ სახლის ექსტერიერს. ახლა კი შენს პირდაპირ ვდგავარ, წვერი ისევ გასაპარსი გაქვს, შენ მასზე ფიქრობ, მე შენზე, ჩემზე არავინ და ბედნიერი ვარ, რადგან ასე შემიძლია უჩინარი გავხდე, წავიდე კუბაში, მოვწიო სიგარა, დავლიო მარილიანი ტეკილა და ვიცეკვო სამბა ვინმე მოშავგვრემანო ლათინთან ერთად, თადან გრძნობით, ეშხით, ზღვის სველმა წყალმა რომ დამისველოს ფეხისგულები. მე შემიძლია დავიბადო მეთოთხმეტე საუკუნეში, დამწვან კოცონზე როგორც ალქაჯი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მეგობარმა არ დამინდო. მე შიმიძლია აღმოვაჩინო მთვარე მეორედ, მიზიდულობის ძალა, ან უბრალოდ ვიდგე შენს პირდაპირ ფეხმოუცვლელად და ვიფიქრო იმაზე, რომ გაპარსული წვერი უფრო გიხდება, მე შემიძლია დავემსგავსო წრეს, რომელიც შენს საყვარელ ადამიანს ყურში აქვს გაყრილი, ხელს არ უშლის მაგრამ მისთვის ნამდვილად ზედმეტია.
---
მთელი სამყარო ჩემს მხრებზე წევს, დაგროვილ გრძნობებს ჩანთაში ვაწყობ, ფეხზე ვიცვამ ვულკანურ ლავას და მხრებიდან ვიხსნი დაძველებულ დედამიწას. ჩემი ვარსკვლავიანი ფარდა რეალობას მიმალავს. ვარსკვლავიან ფარდას გადავწევ ჩემი ერთადერთი ფანჯრიდან, რომ მზის სხივმა უფრო ღრმად შეაღწიოს ჩემს გაყინულ გულში. მხოლოდ ცდა არის საჭირო, მაგრამ უკვე 10943–ჯერ ვსინჯე, ჩემი ყინული ივლისის ყველაზე მწველმა მზემაც ვერ გაადნო. ჩემს ფანჯარას გამადიდებელი შუშები აქვს და მზეც ამიტომ ჩანს დიდი. მზე მზე არ არის, მზე მწერია, რომელიც გამყინვარებას გადაურჩა და განდიდების მანიამ შეიპყრო. მზე მზეა, სანამ მე მჯერა ამის და ამიტომაც უბრძანა ვარსკვლავიან ფარდას ჩემთვის რეალობის დაფარვა.
ფარდას გადავწევ და ფართოდ გავაღებ ფანჯარას, მაგრამ მეშინია სული არ გამეყინოს და არ დამემსხვრეს…
---
დილით სახლიდან გასვლისას სიკვდილის შიში ჩავიცვი, ყელზე სევდა მოვიხვიე, ფეხზე გაცვეთილი დრო შევიკარი, მერე კარადაში მოვძებნე ყველა გრძნობა რაც მქონდა, ჩავაწყვე დიდ გულში, მხარზე გადავიკიდე და სახლიდან გავედი.
თბილისში თოვდა…
პ.ს. ხვალამდე გემშვიდობებით, დროებით
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.