სიმბოლო: მითოლოგიური მარჩბივი, ტყუპი ძმა.
მმართველი პლანეტა: მერკური
სტიქია: ჰაერი
ტემპერამენტი: სანგვინიკი
ფერები: ყვითელი და მწვანე
ქვა: აქატი
ბედნიერი რიცხვი: 5
ხასიათის შტრიხები: ცნობისმოყვარეა, მოუსვენარი და მოძრავი, მხიარული, ჭკვიანი თუმცა ამსთანავე ზედაპირული და მერყევი. ტყუპი კარგი მოსაუბრეა მაგრამ მათ შორის ხანდახან აუტანელი მოლაყბეებიც გვხვდებიან. აქვს ანალიტიკური, ნათელი, გამჭრიახი გონება, ხანდახან შეუძლია იყოს ძალზე ჯიუტი, ფიცხი და ზედმეტად ემოციური.
ზოგადი ინფორმაცია:თუ ვინმეს შეხვდით და ორად მოგეჩვენათ, სათვალის გაკეთებას ნუ იჩქარებთ, თქვენს წინაშე ტყუპი იქნება. ზოდიაქოს ნიშანთაგან ყველაზე ცვალებადი და მოუხელთებელი.
მის სახეზე ერთდროულად იკითხება აღტაცებაც და სიხარულიც, სევდაც და აღმაფრენაც. ტყუპს ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს, ერთ ადგილას დიდი ხნით ვერ გააჩერებთ. იგი გამუდმებით მოძრაობაშია, იცვლის ტანსაცმელს, სამუშაოს, საცხოვრებელ ადგილს, მეგობრებს....
მერკურის მფარველობაში მყოფთ ერთი საზიზღარი თვისება აქვთ: წიგნს რომ აიღებენ, აუცილებლად ბოლო გვერდზე უნდა ჩაიჭყიტონ. ტყუპთაგან წიგნებს, თავიდან ბოლომდე იშვიათად კითხულობს ვინმე. მაგრამ თუ მაინც იცნობთ ასეთ ”ეგზემპლარს” , მერწმუნეთ გვარში უეჭველად ვერძი ან თხის რქა ეყოლება.
ამ ადამიანების მოუთმენელი ხასიათი, არა მარტო წიგნის კითხვისას, ნებისმიერ საქმიანობაში ვლინდება. როგორც წესი, ისინი ისეთ სამუშაოს ამჯობინებენ, რომელიც შთაბეჭდილებისა და მოქმედების გამუდმებულ ცვლასთან იქნება დაკავშირებული. აქედან გამომდინარე სიამოვნებით მუშაობენ სარეკლამო კომპანიის აგენტებად, მენეჯერებად, ტელე ან რადიო კომენტატორებად და აშ.
ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა შორის, ვერ შეხვდებით ადამიანს რომელიც წყნარად და მშვიდად ლაპარაკობს, ჩვეულებრივ ისინი ისე რატრატებენ რომ სიტყვას ვერ ჩაურთავ. ამასთან მათ გესლიანი, მახვილი ენა აქვთ და სიტყვიერი ბატალიებიდანაც ხშირად გამოდიან გამარჯვებული. თუმცა ბუნებით კაცთმოყვარე ტყუპები, თავიანთ ამ უპირატესობას, სხვათა საზიანოდ იშვიათად იყენებენ.
ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, აგებულებით უმეტესად ტანადები ან საშუალოზე მაღლები, ამასთან არაჩვეულებრივად მოძრავები არიან. სახის პატარა ნაკვთები ქვისგან გამოკვეთილს მიუგავთ. ზოგჯერ მათში ჭროღა თვალებაც გამოერევა, მაგრამ ძირითადად მერკურის მფარველობაში მყოფთ, ძალიან ლამაზი გამჭვირვალე ლურჯი, მწვანე ან ნაცრისფერი თვალები აქვთ.
ტყუპი მზერას ერთ საგანზე დიდხანს არ აყოვნებს, ამიტომ ბევრს ჰგონია, თვალებს აცეცებსო. მათ შეუძლიათ ძალდაუტანებლად და ადვილად აკეთონ რამოდენიმე საქმე. მაგალითად ტყუპ ქალს შეუძლია ერთდროულად ქმრის პერანგიც აუთოოს, ბავშვსაც აჭამოს და ტელეფონზეც ჭორაობაც მოასწროს.
ყველაფერი სადღეისო, საკირკიტო და გადაუდებელი ამ მოუსვენარ ადამიანებს ხასიათს უფუჭებს. ასეთ დროს ტყუპი თავს გალიაში გამომწყვდეულივით გრძნობს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტყუპის თანავარსკვლავედსა და ლიტერატურულ ნიჭს შორის, მჭიდრო ურთიერთკავშირი არსებობს. ფრაზის სწორად აგება პრაქტიკულად ყველა მათგანს ეხერხება. ამიტომაცაა, რომ ტყუპები საქმის დიდი ცოდნით ადგენენ სხვადასხვა სახის მოხსენებით ბარათებს, ანგარიშებს, დოკუმენტებს, სახელმძღვანელოებს. თხზავენ პიესებს, წერენ წიგნებს, ან სამედიცინო-პოპულარულ ლიტერატურას.
თუმცა იშვიათად არიან დაკავებული მემუარების წერით და არასოდეს აწარმოებენ საკუთარ დღიურებს. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ, მათი ნატურისთვის დამახასიათებელი სიძულვილია, ყოველივე დაკანონებულისა და მუდმივისადმი.
ტყუპები ადვილად ითვისებენ უცხო ენებს, მათ შორის ბევრი პოლიგლოტი გვხვდება. საერთოდაც ამ ადამიანების მჭერმეტყველების ნიჭი იმდენად დიდია, რომ ამა თუ იმ საკითხში, საკუთარი სურვილისამებრ შეუძლიათ ნებისმიერის დარწმუნება ან გადარწმუნება.
ტყუპები საოცრად სწრაფები, გონებამახვილები, ტაქტიანები და მარჯვეები არიან. აქვთ არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა. სამაგიეროდ არც დაჟინების და არც მოთმინების უნარი არ გააჩნიათ. რაღაც სიახლის გამო შეუძლიათ წამში გადაუსვან ხაზი წარსულს, თუმცა თავიანთი დაუფიქრებელი საქციელი, მოგვიანებით შესაძლოა ძალიანაც ინანონ.
ტყუპები გარშემო ყველას აჯადოებენ პიროვნული მომხიბვლელობითა და შარმით. თუმცა თვითონ ცხოვრებაში, საკუთარი ადგილის ძიებით იმდენად არიან გართულნი, რომ ხშირად ცხვირწინ რა ხდება იმის შემჩნევაც კი უჭირთ და არც თუ იშვიათად, ბედი ხელიდან უსხლტებათ ხოლმე.