როგორ შევიცნოთ ვერძილინდა გუდმანის მიხედვით.
შეგხვედრიათ ოდესმე გამორჩევით გულღია, მოუსვენარი ადამიანი, რომელმაც ხელის მაგრად ჩამორთმევა იცის და სახეზე სულ ღიმილი დასთამაშებს? თუ ასეთ პიროვნებას შეხვედრიხართ, იცოდეთ, ვერძის მხედველობის არეში მოხვდით. თქვენი ვარაუდი უფრო გამართლებული იქნება, თუ იგი საუბარში პირველობას ესწრაფვის და სიტყვის თქმის საშუალებას არ გაძლევთ.
თქვენი ახალი ნაცნობი თავდაუზოგავად ებრძვის უსამართლობას და დაჩაგრულთ მხურვალედ იცავს? ეს თვისება მას სისხლში აქვს გამჯდარი. სქესის მიუხედავად, ვერძი უსამართლობას არასოდეს შეეპუება. ვინც კი გზად გადაეღობება, პოლიციელი იქნება ეს თუ შეიარაღებული ბანდიტი, ვერძი არავის შეუშინდება. ამ დროს იგი შედეგზე არ ფიქრობს. მოგვიანებით შეიძლება ინანოს კიდეც თავისი გულფიცხობა, მაგრამ ბრძოლის ქარცეცხლში ეს აზრადაც არ მოუვა. მარსის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ძალიან მტკიცე ხასიათისანი არიან და ყოყმანი არ სჩვევიათ.
ვერძი სიცოცხლის სიმბოლო და ზოდიაქოს პირველი ნიშანია. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბავშურია და როგორც ყველა ბავშვს სჩვევია, მთლიანად თავის საზრუნავშია ჩაფლული. მისთვის საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. მსგავსად ჩვილისა, მასაც არ აღელვებს, რას ფიქრობენ და გრძნობენ სხვები. სველი ან მშიერი ჩვილი ყურისწამღებად ჩხავის, ყურადღებას ითხოვს. ასევეა ვერძიც. როცა რაიმე სჭირდება, დაუფიქრებლად დაგირეკავთ დილის 4 საათზე. გძინავთ? როგორ შეგიძლიათ ძილი, როდესაც მას უძილობა სტანჯავს? კეთილი ინებეთ, ადექით და მოუძებნეთ ის, რაც მას სჭირდება. ვერძი, ისევე, როგორც ბავშვი, გარესამყაროს თავის ერთგვარ დანამატად თვლის, მაგრამ ხომ არცერთი ჭკუათმყოფელი ჩვილს ეგოისტს არ უწოდებს. იგივე შეიძლება ითქვას ვერძზეც. იგი ყოველთვის ბუნებრივად იქცევა, ეს კი მის ეგოიზმსა და აგრესიულ ხასიათს რამდენადმე ფარავს.
ვერძს იოტისოდენა ეშმაკობა არ გააჩნია, მიმნდობია და მიამიტი, ნებისმიერ წყენას ივიწყებს, ოღონდ ვინმემ თანაუგრძნოს და მიუალერსოს.
ვერძი მეოცნებეა, შეუძლია ჰაერში ციხე-კოშკები აშენოს მაგრამ ამით სხვებს როდი ატყუებს, თვითონაც ღმრმად არის დარწმუნებული, რომ ეს ასეც იქნება. მისი პიროვნების შეცნობა არ გაგიჭირდებათ, მთელი სიგრძე-სიგანით თქვენს წინაშე დგას. ბავშვივით ადვილად ნაწყენდება და თითქმის ისევე უმწეოა. როცა უფროსები ან უფრო ძლიერები ცდილობენ ბავშვს საყვარელი სათამაშო წაართვან, პატარა ისეთ ალიაქოთს ტეხს, რომ ყველა უკან დახევას ამჯობინებს. ასევეა ვერძიც: მტკიცედ არის დარწმუნებული თავის სიმართლეში და დასახულ მიზანს აღწევს კიდეც.
ვერძს რამდენიმე ისეთი თავისებურება გააჩნია, რომლის მიხედვითაც სხვებისგან ადვილად გამოარჩევთ, მას საკმაოდ მკვეთრი ნაკვთები აქვს. მოძრაობაში სწრაფი და მოქნილი ვერძი სხარტადაც აზროვნებს. ვერძის გარეგნობა მის უკიდურეს თავდაჯერებულობასა და ეგოცენტრიზმზე მეტყველებს. თუ ნაღვლიანად მხრებჩამოყრილი ვერძი შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მას ძალზე მძიმე და გაუხარელი ბავშვობა ჰქონდა, ამიტომ გონს მოსასვლელად დრო სჭირდება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, გამოცოცხლდება. ქვეყნად ისეთი რამ არ არსებობს, რაც ვერძს მწყობრიდან დიდი ხნით გამოიყვანს, და ხასიათს გაუფუჭებს. პესიმისტი იგი არავითარ შემთხვევაში არ არის.
მარსის მფარველობის ქვეშ მყოფნი ყოველთვის მომსყიდველი პირდაპირობით და გული ამაჩუყებელი მიმნდობლობით შემოგცქერიან თვალებში, თქვენ ხომ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ? არა??? ტირილს აღარაფერი უკლია, თავს ძლივს ერევა. თუ მაინც მოახერხეთ მისი ატირება, იცოდეთ, შიგ გულში დაკოდეთ. ვერძი უმალ სიკვდილს ამჯობინებს, ვიდრე სხვებს თავის სისუსტეს უჩვენებს. ხანდახან სიცოცხლესაც კი სასწორზე აგდებს, ამ სიტყვის სრული გაგებით, ოღონდაც არავინ იფიქროს, რომ მას ვაჟკაცობა აკლია.
საუბრისას ვერძი თანამოსაუბრეს თვალებში უყურებს. თუ თვალს გარიდებთ, ესე იგი, მისთვის უინტერესო თემას ეხებით. ასეთ დროს მისი გონება სხვაგან ჰქრის და ამის დამალვას არც ცდილობს. ნუ გეწყინებათ, გაიხსენეთ ბავშვი, რომელიც ხან ერთ სათამაშოს ეტანება, ხან მეორეს.
ვერძი ყოველთვის პირველობას ესწრაფვის. ხელმოცარული ვერძი ადვილი ამოსაცნობია, უკმაყოფილო იერით რომ ასრულებს სხვის ბრძანებებს. გამარჯვებული ვერძი უჩვეულოდ გულუხვი და ლიბერალურია, მაგრამ უნდა, რომ წამდაუწუმ დითირამბები უმღერონ. სამაგიეროდ, თუ ვერძში ისეთ თვისებებს დაეძებთ, როგორიცაა სიფაქიზე, ტაქტიანობა, თავმდაბლობა, ამაოდ დაშვრებით. როცა მამაზეციერი ამ თვისებებს არიგებდა, ვერძები იქ არ იყვნენ. თუ კაფეში გამხმარ ბუტერბროდს მიართმევენ, დაუფიქრებლად გამოლანძღავს ოფიციანტს, თუნდაც იგი ძალიან ლამაზი ქალიშვილი იყოს. მაგრამ თუ მომსახურება მოეწონა, დანახარჯს ორმაგად გადაიხდის და ამით გამოხატავს თავის კმაყოფილებას
ვერძი მეტისმეტად პირდაპირია, სიცრუე და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი მარსის მფარველობის ქვეშ მყოფთ საერთოდ არ ახასიათებთ. პირაპირობა და გამორჩეული პატიოსნება – აი ვერძების სავიზიტო ბარათი. თუმცა ეს თვისებები ყოველთვის დადებითად ნამდვილად არ ითვლება.
ვერძები უპასუხისმგებლოები არიან. ხანდახან რაიმე საინტერესოს თუ გადააწყდნენ, შეუძლიათ ყოველთვარი მოვალეობა გადაივიწყონ.
თუმცა ვერძი ცეცხლის ნიშანია და გამბედაობა, სიმამაცე, წინდახედულება არ აკლია, არსებობს ისეთი რაღაცეებიც, რისიც მას ეშინია. უზარმაზარ თოვლის კაცს ან თვით ფრანკენშტეინს იგი არ შეუშინდება, მაგრამ ფიზიკურ ტკივილს ვერ იტანს, მხდალი მას არ ჰქვია, მაგრამ უმნიშვნელო ტკივილზეც კი წუწუნს და ჩივილს მოჰყვება. კბილის ექიმები ხომ საერთოდ მოსისხლე მტრებად მიაჩნია.
მთლიანობაში ვერძს გამძლე და ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, თუ, რა თქმა უნდა, ზედმეტი არ მოუვიდა. სამწუხაროდ ვერძი ზომიერებას ხშირად არ იცავს. თუ ვერძი ლოგინში მწოლიარე ნახეთ, იცოდეთ, რომ ნამდვილად ცუდად არის, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშიც კი, მისი საწოლში გაჩერება ძალით თუ შეიძლება. ძლიერი ორგანიზმის წყალობით ვერძი იმ შემთხვევაშიც კი უმკლავდება ავადმყოფობას, როცა სხვები იღუპებიან. სერიოზულ გართულებამდე იგი მხოლოდ საკუთარ უგუნურობას და ცხვრისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს მიჰყავს. სამწუხაროდ, საკუთარ ჯანმრთელობასთან ასეთი დამოკიდებულება ვერძებისთვის ტიპიურია. მხოლოდ ცხოვრებისაგან დაბრძენებული ვერძები თუ გადახედავენ ხანდახან თავიანთ დამოკიდებულებას ამ მნიშვნელოვანი პრობლემისადმი. ვერძებს თითქმის არ გააჩნიათ ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, წამლებს იშვიათად იღებენ, ყოვლად უწყინარ თავის ტკივილისა და საძილე წამლებსაც კი.
ბუნებით უეშმაკო ცხვრები ყოვლად გამოუსადეგარნი არიან დიპლომატიურ საქმიანობაში. ერთხელ ერთმა ვერძმა თავისი ენერგიისა და წინდახედულების წყალობით მშვენიერი სპონსორი იშოვა საკუთარი პროექტის განსახორციელებლად. კონტრაქტის გაფორმების წინ სპონსორმა, ბუნებრივია, ექსპერტიზის მოწვევა შესთავაზა, რათა პროექტის ჭეშმარიტი ღირებულება შეეფასებინათ. პროექტის ავტორმა, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა , რომ საქმესთან დამოკიდებულებაში მასთან შედარებით ყველანი უვიცები იყვნენ, ვერძებისათვის დამახასიათებელი სიჯიუტით ჰკითხა: “სხვა ხომ არაფერს ინებებდით?”. ვგონებ ზედმეტია დავძინო, რომ სპონსორმა პროექტის მხარდაჭერა გადაიფიქრა. ასე დაასამარა ვერძმა საკუთარი ხელით მომავალი. ოდნავი ეშმაკობა რომ ჰქონოდა, საქმე ბრწყინვალედ დაბოლოვდებოდა, მაგრამ ელემენტარული დიპლომატიის შესასწავლად ვერძებს ჩვეულებრივ ნახევარი სიცოცხლე სჭირდებათ. სამაგიეროდ, თუ მან ეს მოახერხა, თანდაყოლილი ინტუიციისა და უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალის წყალობით, მართლაც რომ გრანდიოზულ წარმატებას აღწევს.
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ვერძები უფრო ხშირად საკუთარ თავს კი არა სხვებს ამდიდრებენ. მათი უმრავლესობა მთელი ცხოვრება ქირით ცხოვრობს. მაგრამ ყველაფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფულის შოვნა ვერძის ძირითად მიზანი არც გახლავთ.
ვერძი დამაჯერებლად მიკვლევს ცხოვრების გზას და სხვათა გრძნობებზე ნაკლებად ზრუნავს. სხვებისადმი მისი დამოკიდებულება შეიძლება ასე გამოიხატოს: “მე უწინარეს ყოვლისა…” ამის მიუხედავად, იგი ზოდიაქოს ნიშანთაგან ერთერთი ყველაზე გულუხვი და კეთილია. ვერძს სისასტიკის ნატამალი არ გააჩნია. გულწრფელად სჯერა, რომ ნებისმიერი საქმის გაკეთება სხვებზე უკეთ ძალუძს. სახელსა და ქონებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დაუფიქრებლად პირველს აირჩევს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ფული არ უყვარს, უბრალოდ სახელი და დიდება უფრო ეძვირფასება.
ვერძი ძალიან ფიცხია, მაგრამ მისი მრისხანება მეტად ხანმოკლეა. წუთის შემდეგ განრისხების მიზეზი აღარც ახსოვს და გულღიად გიღიმით. ამ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავიხსენოთ ერთ-ერთი გამოჩენილი ვერძთაგანი – ნიკიტა ხრუშჩოვი მან ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განრისხებულმა იმით, რომ არ უსმენდნენ, ფეხსაცმელი გაიძრო და ტრიბუნას დაუშინა.
მარსის მფარველობაში მყოფთ ხშირად ბრალს სდებენ აუტანელ ხასიათში. ეს ნაწილობრივ მართალიცაა. სამაგიეროდ ღვარძლიანები არ არიან, ბოღმას დიდხანს არ ატარებენ და ყოველთვის უკვირთ მათი, ვინც წყენის გულში ჩადება იცის. ვერძს უნარი აქვს პატიება სთხოვოს თვით მოსისხლე მტერსაც კი, ხანდახან, სანუკვარი მიზნის მისაღწევად წაეშმაკებაც შეუძლია, მაგრამ ტყუილს, თუნდაც უწყინარს, იშვიათად თუ იტყვის, რადგან მათი ტყუილი ყოველთვის აშკარავდება.
ვერძებს ჭორები არ უყვართ, რადგამ მთელი გულისყური საკუთარ საქმეებზე აქვთ მიპყრობილი და სხვათა განსასჯელად დროს არ კარგავენ. ადამიანებს იგი 2 ჯგუფად ყოფს: კარგებად და ცუდებად. პალიტრაშიც მხოლოდ ორი ფერის საღებავი აქვთ: შავი და თეთრი.
თუ ზედმეტ, გამაღიზიანებელ პირდაპირობას უგულვებელყოფთ, ვერძის ზრდილობა და თავაზიანობა სამაგალითოდ გამოდგება. მას შეუძლია საათობით გატაცებით ისაუბროს იმ საგნებზე, რომლებზეც ელემენტარული წარმოდგენა არ გააჩნია. ამ დროს იგი დეტალებზე არ შეჩერდება. წვრილმანებზე სხვა იტეხოს თავი.
ვერძში საოცრად არის შერწყმული რეალისტი და იდეალისტი. იშვიათად თუ ვისმე ძალუძს მისებრ გაუტეხელი და ძლიერი სულის დემონსტრირება. ამასთან, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სენტიმენტალური, პოეტური და სასწაულების მორწმუნე, როგორიც ვერძია. მარსის მფარველობაში მყოფი თავს დამარცხებულად არასოდეს აღიარებს, მაშინაც კი, როდესაც ეს აშკარაა. მათ სჯერათ ბედნიერი დასასრულის, სიყვარული იქნება ეს თუ ფეხბურთის მატჩი. ყოველთვის საკუთარი თავის იმედი უფრო აქვთ, ვიდრე სხვისი, წარმატების მოსვლას არ ელოდებიან, თვითონვე იბრძვიან მის მოსაპოვებლად. აი რატომ ვერ ნახავთ ვერძს ვერც მთხოვნელის როლში და ვერც უმუშევართა დახმარების სიებში. ბევრს მათი ასეთი ზეაქტიურობა არ ეპიტნავება, მაგრამ ვერძებმა თუ მოისურვეს, წყნარი , მშვიდი და სერიოზულიც შეუძლიათ იყვნენ. სამწუხაროდ ასეთ ვერძებს მხოლოდ სიმწიფის ასაკში თუ შეხვდებით.
ვერძის მოწოდება შემოქმედებითი სამუშაოა. მისი ორიგინალურობის, ენერგიის და ნებისყოფის გარეშე ბევრი პროექტი მთლიანად რეალიზებული ვერ იქნებოდა, ან სრულიად განსხვავებულ, ნაკლებ საინტერესო სახეს მიიღებდა.
ინდივიდუალურობის გამომჟღავნებაში ვერძს ვერავინ გაეჯიბრება. ჩვეულებრივ, მას საკუთარ თავზე და საქმეებზე ლაპარაკი უფრო სიამოვნებს, ვიდრე სხვებზე. გამონაკლისს მისი საყვარელი ადამიანები წარმოადგენენ. თუ ვერძის სიმპათია დაიმსახურეთ, ყველაზე ყურადღებით მოგისმენთ, განსაკუთრებით, თუ საუბრის თემა მისთვის რაიმე საინტერესოს და ახალს შეეხება. იგი ყოველთვის დაგიჭერთ მხარს, დიდსულოვნად შემოგთავაზებთ თავის დროს და მატერიალურ დახმარებას. თუ საავადმყოფოში მოხვდით, შესაძლოა დროც კი ვერ გამონახოს სანახავად, მაგრამ საუკეთესო კლინიკას გირჩევთ, თვითონ წაგიყვანთ და თავის პირად ექიმს გაგაცნობთ. თუ ვერძი ერთხელ დაგეხმარათ რთულ სიტუაციაში, მეორედ და მესამედაც უყოყმანოდ მხარში ამოგიდგებათ, მაგრამ ამისთვის მხურვალე მადლობის თქმა არ უნდა დაგავიწყდეთ, თორემ ვერძი თავისი ყურადღებისა და მზრუნველობის უგულვებელყოფას არ გაპატიებთ (რომელიც, შესაძლოა არც გჭორდებოდათ). იგი აღმერთებს ქველმოქმედებას და რაც უფრო მეტ სიკეთეს აკეთებს, თავს მით უფრო უკეთ გრძნობს. თუ თქვენი მადლიერება მისი ძალისხმევის ადექვატური იქნება, შემდგომშიც სიხარულით დაგეხმარებათ.
გულუბრყვილობასთან შერწყმული მისი საოცარი თავდაჯერებულობა ხშირად იმედგაცრუებით ბოლოვდება, მაგრამ გულგატეხილობა დიდხანს არ გასტანს, გონს მალე მოვა და ახალ-ახალ თავგადასავლებს ახალი ენერგიით შეეგებება.
თუ ვერძს რაიმე სჯერა, მთელი სიცოცხლე ვერ გადაარწმუნებთ. თვალებს დაიბრმავებს და ყურებს ბამბით დაიხშობს, მაგრამ თვითონ უმალ შეუძლია აზრის შეცვლა ან სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება. აბა სცადეთ და დაუმტკიცეთ, რომ წუთის წინ იგი სულ სხვა აზრისა იყო – ვერც კი გაიხსენებს. ვერძის ნიჭი, წამში შეიცვალოს აზრი, ჭეშმარიტად ფანტასტიკურია. სწორედ ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომ ვერ ეგუება ვერძი იოლად ახალ გარემოსა და ადამიანებს. ვინც ეცდება ვერძს ნაჩქარევი დასკვნები გადაათქმევინოს, ამას იგი მხოლოდ დაბრკოლებად აღიქვამს და სინდიდის ქენჯნის გარეშე იცილებს ხელის შემმშლელს. განსაკუთრებით ვერ იტანს კონსერვატიულ ადამიანებს, რომლებიც თითოეულ სიტყვასა თუ საქციელს ზომავენ და წონიან. ვერძის მოსისხლე მტრები ყველაზე ხშირად სწორედ ისინი არიან.
ვერძი გარკვეულწილად დონ-კიხოტია, გაბედულად ებმება უსამართლობასთან ბრძოლაში, მაგრამ როგორც კი ბრძოლის ცეცხლი განელდება, კვლავ საყვარელ, მომღიმარე არსებად იქცევა. ვერძის ლითონი რკინაა, რომელიც თავის ნიშანს ქედუხრელობას და უზარმაზარ სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს, ათჯერ მეტს, ვიდრე სხვა ადამიანებს აქვთ.
ვერძი იშვიათად ხდება დიდი ქონების პატრონი, მაგრამ თუ მაინც გამდიდრდა, თავის სიმდიდრეზს ზედ არასოდეს დაჰკანკალებს. მთელ თავის საგანძურს სიახარულით გაუნაწილებს გაჭირვებულებს. სჯერა და მტიცედ არის დარწმუნებული, რომ “რასაცა გასცემ შენია”. ადამიანებისათვის სიხარულის მოტანა მისი ერთერთი მთავარი მისიაა. ვერძს ღრმად სწამს, რომ ცხოვრება სავსეა სასწაულებით და მას სიხარულით გაგინაწილებთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი სურვილიც იქნება.
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები: ჰანს ქრისტიან ანდერსენი
იოჰან სებასტიან ბახი
ბისმარკი
მარლონ ბრანდო
ვინსენტ ვან გოგი
ფრანც იოსეფ ჰაიდნი
ჰარი გუდინი
არტურო ტოსკანინი
თომას ჯეფერსონი
ბეტ დევისი
სერგეი პროკოფიევი
ჯოზეფ პულიტცერი
სიმონა სინიორე
ნიკიტა ხრუშჩოვი
ჩარლი ჩაპლინი
ვერძი – მამაკაცი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს წუთია გვერდით რაღაცამ ჩაგიქროლათ, აფეთქების, გრიგალის, ელვის და სუპერმენის ერთად აღებულის მსგავსმა. დიახ, არ შემცდარხართ. სწორედ ეს არის ვერძი მამაკაცი. თუ თქვენ იმ კატეგორიის ქალი ხართ, ვისაც გამუდმებით ფოიერვერკები და ხმაურიანი დღესასწაულები სჭირდება, იჩქარეთ, ბედი კარზე მოგადგათ. მაგრამ, თუ ქორწინებისგან სიწყნარეს და საიმედო მეუღლეს მოელით, დაიმახსოვრეთ, იგი თქვენი იდეალი არ არის.
ვერძი მამაკაცი ძალზე ხასიათცვალებადია. ამ წუთში თუ გრძნობებით იწვოდა, მეორე წუთში თქვენს წინ ყინულის ლოდი აღიმართება. თუ აწყენინეთ, ან თქვენდამი ინტერესი დაკარგა შესაძლოა, ორივე ერთად მოხდეს), თქვენდამი დამოკიდებულებაში საოცარ ცვლილებებს დაუყოვნებლივ შეატყობთ. კვლავ რომ მისი ყურადღება მიიქციოთ, ყველაფერის თავიდან დაწყება მოგიწევთ.
ვერძ-მამაკაცებს უამრავი იდეა და განუსაზღვრელი შემოქმედებითი ენერგია გააჩნიათ, ამიტომ მათ გვერდით გამუდმებით ყოფნა დამღლელია, მაგრამ არამც და არამც მოსაწყენი. ვერძი სწრაფი და მიზანდასახულია და თუ თქვენ ლოკოკინასავით ზანტი ხართ, მისი აყოლა ძალიან გაგიჭირდებათ. ამასთანავე, მას უკან მოხედვაც არ სჩვევია და შეიძლება გზაში დაიკარგოთ.
ვერძები, ჩვეულებისამებრ, თავიანთა ასაკზე ახალგაზრდულად გამოყურებიან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი სხვებზე გვიან სერიოზულდებიან და ვაჟკაცდებიან. ვერძი მამაკაცი მიზანდასახული , მოუთმენელი და თავდაჯერებულია. ცდილობს ყველას აჯობოს, ხშირად საკუთარ თავსაც კი. ხანდახან უჩვეულოდ გულუხვი, შეუძლია სხვებს მთელი თავისი ქონება ანაცვალოს. ამასთანავე გულმავიწყი, აუტანლად მომთხოვნი და ეგოისტია, თუ მის სურვილებს დაუყოვნებლივ არ ასრულებენ.
მისი სიყვარულთან დამოკიდებულება მართლაც რომ განსაცვიფრებელია. ვერძი საკუთარ თავს მთლიანად შეყვარებულს უძღვნის და გულწრფელად სჯერა, რომ ეს ქვეყნად ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარულია (გამონაკლისს, შესაძლოა რომეო და ჯულიეტა წარმოადგენდნენ). როცა სიყვარულში ბზარი ჩნდება, იგი დიდი რუდუნებით ცდილობს მის გამთელებას, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებს, ძველებური რწმენით და არანაკლები ვნებით იწყებს ახალ ჯულიეტასთა რომანს. მნიშვნელობა არა აქვს, პირველია ეს რომანი თუ ასმეერთე. ვერძს მტკიცედ სჯერა, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული. სიყვარულში იგი წმინდა წყლის იდეალისტია და იმდენად სენტიმენტალური, რომ თითოეულ თქვენს ამოსუნთქვას, კვნესას თუ მზერას ამაღლებული პოეზიის ბურანში ჰხვევს. ვერძი სანახევროს არაფერს აკეთებს, ამიტომ სიყვარულსაც მთელი თავისი არსებით ეძლევა.
ხანდახან ვერძებში ერთი შეხედვით წყნარი არსებაც გვხვდება, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ. ვერძი ვერძია და ყველა ვერძის მფარველი მარსია. თქვენი ვერძი სიტყვაძუნწია? მშვიდია და ენერგიას არ აფრქვევს? ეს მხოლოდ მოჩვენებითია. ყოველი ვერძის ტვინი წმაში 200 ბრუნის სისწრაფით მოძრაობს თუ გინდათ თქვენს არატიპიურ ვერძზე სიმართლე გაიგოთ, მის ყოფილ სამსახურში, ან ყოფილ შეყვარებულთან დააზუსტეთ. თქვენი შეკითხვების პასუხად ისინი სიცილით მოკვდებიან: მორიდებული? მორცხვი? ალბათ ვინმეში გეშლეათ. ახლოს რომ გაიცნობთ, ყველაფერს მიხვდებით, ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც მგზნებარე და მხურვალე თავი იმალება.
ზოდიაქოს ნიშანთაგან სიყვარულში ვერძვით ერთგული სხვა არავინ არის. ბუნებით პატიოსანი ვერძი არასოდეს გიღალატებთ, ხოლო როგორც იდეალისტი, ღალატს გულშიაც არ გაივლებს. ორგულობა ვერძს საერთოდ არ ახაისიათებს. ან კი როგორ შეიძლება ამის დაშვება, მას ხომ სიგიჟემდე უყვარხართ? სიყვარული ვერძის იდეალია და მას კუბოს ფიცრამდე არ უღალატებს. რაც შეეხება მის სხვა გატაცებებს – ეს ხომ თქვენამდე იყო?
ისიც მართალია, რომ როცა ვერძის მგრძნობიარე ჩურჩულს ისმენთ, არ დაივიწყოთ, ეს მხოლოდ იმ წუთებს ეხება. მისი იდეალური სიყვარულისკენ ლტოლვა იმაშიც გამოიხატება, რომ თუ თქვენ ხვალ მის მიერ წარმოდგენილ იდეალური შეყვარებულის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებთ, არაფრად უღირს სხვაზე გადაერთოს. ამიტომ, თუ ვერძის შენარჩუნება გსურთ, ნუ დაენახვებით გაციებისას ყელზე შემოფუთნული ძველი სქელი შალით, ნუ აიძულებთ დაესწროს თქვენს ტუალეტს, როცა იკეთებს მანიკიურს, იხეხავთ კბილებს, იღებავთ თმას, იკეთებთ ნიღაბს. ნუ გააწამებთ თქვენი მრავალსაათიანი საუბრებით დედასთან და დაქალებთან. ყველა ეს ქმედება ეწინააღმდეგება მის წარმოდგენას იდელური შეყვარებულის, ზღაპრული მეფის ასულის შესახებ. მის გვერდით ყოველთვის ბალზე წასასვლელად გამზადებულივით უნდა გამოიყურებოდეთ. თუ ვერძთან ერთად მარტო ცხოვრობთ და იგი დილით, ვითარცა უფლისწული “მძინარე მზეთუნახავიდან”, უახლოვდება თქვენს ლოგინს, რათა კოცნით გაგაღვიძოთ, ნუ შეხვდებით ხვრინვით ან შეძახილით “ეშმაკმა წაგიღოს! რატომ მაღვიძებ?”. თქვენ ბოლომდე მძინარე მზეთუნახავის როლი უნდა ითამაშოთ, რომელიც გაღვიძებისთანავე შეყვარებულს ძილისგან მიბნედილ მზერას შეავლებს და მკლავებს ნაზად შემოაჭდობს.
თუ ვერძის შეყვარებულს რომანტიულობა აკლია, იგი ჯერ შეწუხდება, მერე გაბრაზდება, ბოლოს კი სხვა, ნაკლებ მიწიერი არსების საძებნელად გაეშურება. ასეთ საქციელს მისი მხრიდან არამც და არამც უპატიოსნო არ ჰქვია. მას ხომ პირობა არ დაურღვევია. უბრალოდ თქვე მისი იმედები ვერ გაამართლეთ. თქვენ შეჰპირდით, მშვენიერი ბულბული ვიქნებიო, სინამდვილეში კი აბეზარი ჩხიკვი გამოდექით. თქვენი ხმა მას ანგელოზის გალობად უნდოდა სმენოდა, ამ დროს კი ისე უკივით, საბრალოდ ყურის აპკები უსკდება. თანაც რისი გულისთვის, ზედიზედ ორი საღამო გვიანობამდე მეგობრებთან შემორჩა, თქვენ კი ისეთი ისტერიკა აუტეხეთ, თითქოს დანაშაული ჩაედინოს. რის უფლებას აძლევთ თქვენს თავს? ქორწინება ვერძის გაგებით ციხე არაა და არც თვითონ არის პატიმარი. ეს კარგად დაიმახსოვრეთ.
თუ თქვენ ისწავლით მიბნედილი მზერით ცქერას და შეეცდებით მის თვალში მომხიბვლელობა არ დაკარგოთ, იგი მთელი მსოფლიოს ქალებს სიხარულით განაცვალებთ. მით უმეტეს, რომ ვერძი ძალიან იშიათად ეჩვევა ერთდროუალდ რამდენიმე ქალს, ერთბაშად რამდენიმე რომანი უბრალოდ არ ესადაგება ვერძის ამაღლებულ წარმოდგენას ერთადერთ და განუმეორებელ სიყვარულზე. სანამ ძველ შეყვარებულთან კავშირს არ გაწყვეტს, იგი ახალ რომანს არასოდეს წამოიწყებს. ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძნობინებთ, რომ ერთმანეთს უნდა დაშორდეთ. სიყვარულში თვალთმაქცობა ვერძს თითქმის არ ახასიათებს. სამაგიეროდ, თქვენ ახლა მშვენივრად იცით, რა უნდა გააკეთოთ, რომ ვერძი სამუდამოდ თქვენი იყოს. ნუ იქნებით მოსაწყენი, ერთფეროვანი და ზედმეტად მორცხვი. ვერძი რომ ერთ ადგილას დააკავო, ერთდროულად უნდა იყოთ გრეის კელი, ურსულა ანდერსი, მერი დრესლერი, მარია კიური და დედოფალი ვიქტორია. შეეცადეთ დაარწმუნოთ, რომ მსოფლიოში ბადალი არ მოგეძევებათ და ვერძის ერთგულებას საზღვარი არ ექნება. იდეალისტი და იმავდროულად ეგოისტი ვერძი თავის დანაშაულს არასდიდებით არ აღიარებს, არ დაიჯერებს, რომ მისი სიყვარული მოკვდა და მის რეანიმირებას შეეცდება, მაგრამ საზღვარი მის მოთმინებასაც აქვს. სიტუაციას, რომელსაც მამაკაცთა უმრავლესობა იოლად ეგუება, იგი აუტანლად ჩათვლის და განთავისუფლებას შეეცდება. განშორების შემდეგ თუ კარგ ხასიათზე მყოფს წააწყდებით, შეგიძლიათ თავიდან გააბათ მასთან რომანი, ოღონდაც, ერთი პირობით, ისე უნდა მოიქცეთ, თითქოს თქვენს შორის უწინ არაფერი ყოფილა. ღალატის პატიება რომ გაგიადვილდეთ, გახსოვდეთ, რომ ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, თქვენ იყავით. მისი ღალატის ფესვები თქვენს არასწორ საქციელში ეძიეთ. თქვენი ბედნიერების გასაღები თქვენს ხელთაა და ეცადეთ, არ დაკარგოთ.
იქნებ გგონიათ, რომ ურთიერთობა გამოსწორდება, თუ ვერძს აეჭვიანებთ? ეს აზრი ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდეთ თავიდან . თქვენი პირველივე ღალატი უკანასკნელიც იქნება. ვერძი არათუ ღალატს, სხვა მამაკაცთან უბრალო არშიყსაც არ გაპატიებთ. მას ყველგან და ყოველთვის მეფობა უყვარს, მათ შორის თქვენს გულშიც. ვერძი საშინელი მესაკუთრე და ეჭვიანია, მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ თავს ბევრი ისეთი რამის უფლებას აძლევს, რასაც თქვენ კატეგორიულად გიკრძალავთ. ამასთან, თქვენგან აბსოლუტურ რწმენას მოითხოვს თავის უცოდველობაში. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მისი სხვა ქალებთან საუბარი სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ ზრდილობა. მაგრამ თუ თქვენ ვინმეს გაეკეკლუცეთ, პირად შეურაცხყოფად მიიღებს.
ვერძი კვარცხლბეკზე აგიყვანთ და გეთაყვანებათ, მაგრამ ვაი თქვენი ბრალი, თუ იქედან ჩამოსვლა დააპირეთ, ან თუნდაც შეგატყოთ, რომ თქვენ იქ არ მოგწონთ.
სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერძი დაბადებიდან მებრძოლი და ჯანყის მოყვარულია. იგი სიამოვნებით გამოიწვევს ზემდგომთ, რადგანაც სჯერა თავისი უპირატესობის. შესაძლოა ეს ასეც იყოს, მაგრამ ვის მოეწონება, როცა ამას ეუბნებიან? ვერძს უყვარს თავისი უპირატესობის დემონსტრირება და ამისთვის ხშირად მწარედ ისჯება. განსაკუთრებით, როცა ამას თავისი უფროსების წინაშე აკეთებს, რომლებიც შემთხვევას არ გაუშვებენ, დათრგუნონ მისი სიამაყე. ასეთ დროს თავმოყვარეობაშელახული ვერძი ნუგეშისა და თანაგრძნობისათვის თქვენ მოგმართავთ . გაითვალისწინეთ, რომ ვერძის თვითდაჯერებულობისა და აგრესიულობის მიღმა ხშირად კარგად შენიღბული არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება, რომელსაც ჭეშმარიტი ვერძი სიკვდილის შიშის წინაშეც არ აღიარებს. თუ მორალურ ტრავმებს მოფერებაში და ერთგულებით მოაშუშებთ, მისი გული განუყოფლად თქვენი იქნება. ნურასოდეს დაუწებთ ვერძს მტკიცებას, რომ იგი მართალი არ არის, თუნდაც ამაში დარწმუნებული იყოთ. თქვენ სამყაროს ვერძის თვალით დანახვა უნდა ისავლოთ: გიყვარდეთ ის, რაც მას უყვარს და გძულდეთ მისი მტრები. ეს მისი ცხოვრებიეული პრინციპია და თუ არ შეგიძლიათ მიჰყვეთ მას, გიჯობთ სხვა მამაკაცი ეძებოთ. ვერძძისთვის უცხო ყოველგვარი თავის მოკატუნება. უცხო ტონით, რომლითც იგი მოგმართავთ, უმალ იგრძნობთ, რომ თქვებს მიმართ გაცივდა, ხოლო ხანმოკლე მრისხანე აფეთქებები მხოლოდ დროებითი უკმაყოფილების მაუწყებელია. აი რატომ არის ვერძის სიცივე მის განრისხებაზე საშიში.
ვერძი ყოველთვის პიდაპირი და მართალია, როგორც საქმეში, ისე სიყვარულში. როგორც კი დარწმუნდება, რომ უყვარხართ, წამს არ დაკარგავს, მაგრამ წამყვანი პარტიის თამაშის საშუალება უნდა მისცეთ. ნუ დაწყებთ დევნას, ნუ მოაბეზრებთ თავს ტელეფონზე რეკვით და ნუ აუხსნით სიყვარულს, სანამ არ დარწმუნდებით, რომ იგივეთი გიპასუხებთ. ვერძის დაკარგვა თუ გინდათ, ინიციატივა თქვენ აიღეთ. ვერძი ლიდერი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში თქვენდამი ინტერესი სწრაფად გაუქრება. მაგრა, როცა სიყვარულში გამოგიტყდებათ, სიცივე და ზედმეტი მორცხვობა უკუაგდეთ, თორემ სითბოს ძებნას სხვაგან დაიწყებს. მამაკაც-ვერძთან სიყვარული ბაგირზე წონასწორობის დაცვას ედარება, ხოლო თქვენ ბაგირზე მოსიარულეს. იგი გამუდმებით დაძაბული უნდა გყავდეთ, გაუღრმაოთ თქვენდამი ინტერესი, მაგრამ ამავე დროს თქვენში სავსებით დარმწმუნებული უნდა იყოს.
ვერძთან ურთიერთობის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ის, რომ ჩხუბის შემდეგ ყოველთვის პირველი ითხოვს პატიებას და პირველი მოდის დასახმარებლად. თუ ავად გახდით ან უსიამობნება შეგემთხვათ, ვერძი დღენიანდაგ თქვენთან იქნება. იგი ფულს არ დაიშურებს და შემთხვევას არ გაუშვებს, რომ კომპლიმენტი გითხრათ. გულწრფელად აღფრთოვანდება თქვენი გარეგნობით და ტალანტით. მართალია, წვრილმანებიც კი აღზიანებს, მაგრამ ეს მდგომარეობა მალე გაუცვლის ხოლმე. თქვენ შეიძლება მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ განძად იქცეთ და ამას უეჭველად გეტყვით კიდეც. ვერძს სიამოვნებს, როცა გულწრფელად იზიარებთ მის გატაცებას და აზრებს. ცდილობს, თქვენთვის ყველაფერი იყოს და ამავე დროს, სხვა მამაკაცთაგან განსხვავებით, თავის ნამდვილ სახეს არ დაგიმალავთ.
ვერძს უყვარს თქვენი დამოუკიდებლობა, მაგრამ ისეთი, რომ მის ლიდერობას არ ეხებოდეს. მას უნდა, რომ იყოს უკიდურესად ქალური, თქვენის მხრივ გაღმერთება და ერთგულება სწყურია, მაგრამ არა მონური, არამედ ღირსეული. ყოველივე ზემოთჩამოთვლილის შემდეგ თქვენ ისევ გსურთ ვერძთან დარჩენა? ძალიან კარგი. მაშინ მისი ხასიათის კიდებ რამდენიმე შტრიხს გაგაცნობთ:
იგი ადვილად გამოდის წყობიდან და შეუძლია საწყენი რაღაცეები მოგახალოთ (რასაც, სხვათა შორის, არ ფიქრობს), მაგრამ თქვენ უნდა აპატიოთ და ისევე სწრაფად დაივიწყოთ, როგორც თვითონ ივიწყებს. უნდა მოგწონდეთ მისი ყველა მეგობარი, თუმცა იგი უფლებას იტოვებს, არ მოსწონდეს თქვენი. მეტი რაღა გინდათ? ნამდვილი მამაკაცი ირჩიეთ და ვერძის სახით გყავთ კიდეც. თუ თქვენ ჭეშმარიტი ქალი ხართ, თქვენს რომეოს და ჯულიეტასებრ რომანს (ცხადია, ნაღვლიანი ფინალის გარეშე), ყველა შურით შეხედავს. თქვენს ოჯახში მეთაური ყოველთვის ვერძი იქნება. თქვენის მხრით არავითარ შენივშვნებს არც ხალხში და არც მარტო ყოფნისას არ აიტანს, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს, ეს მისი ფულია, მისი შრომითა და გარჯით ნაშოვნი. ვერ ითქმის, რომ ვერძი კარგი ფინანსისტია, მაგრამ მის ფინანსურ საქმეებში ჩარევა არ გაბედოთ. ნამდვილი ვერძი თქვენთვის ფულს არასოდეს დაიშურებს და იმ