უსათუოა ყველაფერი, რაც ვიცით სათუოდ, -
ქვეყანას ობივით მოხადეს თავი.
ტანთ გახადეს ყოფიერების რუხი სამოსი
და
ასე შიშველი გასახრწნელად მიაგდეს.
თუმცა ჩვენ ვიცით, რომ არაფერი ისე არ ბინძურდება, როგორც
გრძნობებისგან გარეცხილი სული და იკრავს ტკივილს ისე მარტივად,
რომ თითქოს ბამბის ქულა ჩავარდნილიყოს ლაფსა და ჭაობში.
ქულასხელა სული გვიკანკალებს სხეულებში და მიჩქმალული სასწაულის წყურვილით თვალებს ვივსებთ ილუზიით.
რომ სადღაც კამათლები ჯდება წყვილ-წყვილად და
გვახსენებენ განცალკევების მტანჯველ სიზუსტეს.
ჰომ, ვერაცხადებული სიზმრიდან გადმოდიან ხატებები ჩვენი განცდების და
სამართლიანად გვანამუსებენ.
და იცი როგორ არის? ნერვები ძაფებივით გაყრილია ტანში და ხორცს სულზე ამაგრებს.
და რომ მოვინდომოთ დავწყვიტოთ ისინი, მაინც შეგვაწუხებს საკუთარი ლეშის აუტანელი ყოფიერება.
რომ მე ვამბობ, -
უსათუოდ გახდებოდა ყველაფერი სათუო, რომ არა შეღამების გარდაუვალობა.
და როგორც ღამე, მოღალატის სულისკვეთებით ნებდება დილას, ისევე ვშორდები მიხრწნილ ყოფიერებას და
ხელისგულში გადამალული ქულასხელა სული მომაქვს შენთვის საზიაროდ..