კირჩხიბებიკირჩხიბები II♋ კირჩხიბი♋ კირჩხიბი♋ კირჩხიბი♋ მზე კირჩხიბში
კირჩხიბი ( 22 ივნისი - 22 ივლისი )
სიმბოლო : კიბორჩხალა
მმართველი პლანეტა : მთვარე
სტიქია : წყალი
ჰავა : ნებისმიერი
ტემპერამენტი : ფლეგმატიკი
ფერები : თეთრი და ვერცხლისფერი
ქვა : მარგალიტი
ბედნიერი რიცხვი : 2
ზოდიაქოს მეოთხე სახლი: განაგებს ოჯახს, მშობლებს, ტრადიციებს. მშობლიურ ფესვებს. განსაზღვრავს პიროვნების შინაგან სამყაროს, მის სულიერ მდგომარეობას. ურთიერთობას მშობლებთან. აღსანიშნავია, რომ მეოთხე სახლი ძირითადად განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას იმ მშობელთან, რომელთანაც მას ბავშვობიდან გაცილებით მეტი სიახლოვე და ურთიერთგაგება აქვს. რომელიც უფრო მეტად ზრუნავს შვილზე.
ხასიათის შტრიხები დაჯილდოებულია ძლიერი ინტუიციით, მგრძნობიარეა თუმცა მორცხვი, არ უყვარს საკთარი გრძნობების სახალხოდ აფიშირება. არის კარგი მეოჯახე, ნათესაური კავშირებისა და ტრადიციების დიდი პატივისმცემელი. ასევე კარგი ფინანსისტი, თუმცა ხანდახან შესაძლოა სიძუნწემ სძლიოს და ძალზე ხელმომჭირნეც გახდეს.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ძირითადად ორგვარი ტიპისანი არიან: პირველს განეკუთვნებიან ლამაზი, მრგვალთვალება, პირმომღიმარე და ბავშვური გამომეტყველების ადამიანები.
მეორე ტიპი უფრო ხშირად გვხვდება და რამდენადმე სპეციფიურია, მათთვის გამოკვეთილი წარბებზედა არე, მაღალი ყვრიმლები, წინ წამოწეული ქვედა ყბა და უსწორმასწორო კბილებია დამახასიათებელი.
კიბოებს არაჩვეულებრივად მეტყველი სახე აქვთ, რომელიც მრავალგვარ განწყობას ირეკლავს ერთბაშად. მათ არა მარტო განწყობის არეკლვა, მისი სხვა ადამიანებისთვის გადაცემაც კი შეუძლიათ. სწორედ ამიტომაც არიან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები წარსულის, წინაპართა ისტორიისა და ყოველივე ძველებურის ერთგულნი.
კიბოსთვის ყველანაირი საიდუმლოს ნდობა შეიძლება. გამძაფრებული ინტუიციისა და თანაგრძნობის წყალობით, იგი ხშირად ხდება ადამიანთა სულების მესაიდუმლე.
კიბოს შეუძლია ყურადღებით მოუსმინოს ყველას, ვინც თავის გრძნობებს გაუზიარებს. საკუთარ სულს კი ცნობისმოყვარეთაგან გულმოდგინედ მალავს.
კირჩხიბი ისევე როგორც ნამდვილი კიბორჩხალა, დასახულ მიზანს ყოველთვის შემოვლითი გზით უახლოვდება და არამც და არამც პირდაპირ. დიდსულოვნებას და უანგარობას რაც შეეხება, ძნელი სათქმელია რომ კიბოს ეს თვისებები არ გააჩნია, პირიქით იგი ყოველთვის დაგეხმარებათ, როცა გიჭირთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა დარწმუნდება რომ მის გარდა სხვა ვერავინ გიშველით.
კიბო უკანასკნელ წუთამდე მოიცდის, იქნებ ვინმე სხვა შეეშველოსო. იგი იმ კატეგორიის ადამიანებს არ განეკუთვნება, ვინც თავის დროსა და ფულს დაუფიქრებლად ფლანგავს. მაგრამ მაინც კეთილი, გულჩვილი არსებაა და დასახრჩობად არ გაგწირავთ.
კირჩხიბი იმპულსური არაა და საქმეს ისე არასოდეს წამოიწყებს, სანამ ყველაფერს კარგად არ აწონ-დაწონის. საერთოდ კიბო იშვიათად რისკავს, რადგან წაგების შემთხვევაში, ღრმა პესიმიზმი ეუფლება და ამ მდგომარეობიდან დიდხანს ვერ გამოდის..
ორივე სქესის კირჩხიბები, აღმერთებენ სახლს და ოჯახურ გარემოს. ამასთანავე ამ ადამიანთა უმრავლესობა, დიდი გურმანია და როცა საკუჭნაო ან მაცივარი პროდუქტებით აქვთ გამოტენილი, მომავლის რწმენა ემატებათ.
საჭმლის თუნდაც ნარჩენების გადაყრა კიბოსთვის უდიდესი ტრაგედიაა. საერთოდ საკვებზე და მშივრებზე საუბარი განწყობას ძალიან უფუჭებთ.
ორივე სქესის კიბოებს ძალზე განვითარებული, მშობლიური ინსტიქტი აქვთ და ამიტომ ყოველთვის ცდილობენ მეგობრებს მზრუნველი მშობლებივით მოექცნენ. კირჩხიბები უჩვეულოდ ემოციურები არიან, დარდს და საზრუნავს მათი დაავადება ან ლოგინად ჩაგდებაც კი შეუძლია. სიხარულს და დადებით ემოციებს კი განკურნება.
თუ მის ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას რაიმე საფრთხე ემუქრება, კიბო უმალ სასოწარკვეთილებაში ვარდება. რასაც შედეგად ჯანმრთელობის გაუარესება და უფრო დიდი უსიამოვნებებიც კი შეიძლება მოჰყვეს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ძალზე ხშირად, საკუთარი უბედურების მიზეზი კიბო თავადვეა.
კირჩხიბებს სუსტი თირკმელები აქვთ, ხშირად აწუხებთ სახსრების და მკერდის ტკივილი. ამას გარდა, ფაქტობრივად ყველა სახის წყლული კიბოსაგან იღებს სათავეს. ამიტომაცაა, რომ თუ პესიმიზმმა დარიათ ხელი, უმნიშვნელო დაავადებაც კი ქრონიკულად ურთულდებათ.
კირჩხიბების უმრავლესობა შესანიშნავი მეოჯახე და საუკეთესო მეურნეა. ისინი როგორც წესი, ცოტა ცოტა ძუნწი, მაგრამ ყოველთვის ფულიანი ხალხია. თავიანთ ქონებას დიდი მონდომებით აგროვებენ და ყოველთვის აქვთ შავი დღისთვის გადანახული საკმარისი მარაგი.
თავის ფაქიზ და მგრძნობიარე გულს კირჩხიბი მტკიცე ჯავშნის ქვეშ მალავს. მძაფრ ცხოვრებისეულ განცდებს ყოველთვის გაურბის და მაქსიმალურად ცდილობს მშვიდად იცხოვროს.
კიბო მამაკაცი - მამაკაცი კიბო ის კაცი არაა, ვინც მზადაა პირველსავე შემხვედრს გული გადაუშალოს. მის შესახებ საუკეთესო მეგობრებმაც კი ბევრი რამ არ იციან. ამიტომ ბოლომდე რომ გაიცნოთ, მასთან ერთად რამოდენიმე ფუთი მარილის ჭამა მოგიწევთ.
კირჩხიბი მამაკაცი შესაძლოა ქარაფშუტა, არასაიმედო და ამავდროულად მგრძნობიარე, ერთგული პიროვნებაც იყოს. ხანდახან შუბლზე მკაცრი ნაოჭი, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე უსწორდება, სახეზე მომხიბვლელი ღიმილი ეფინება, ბუზღუნა, უკმაყოფილო ტონს კი ალერსიანი ინტონაცია ცვლის და ამდროს მის უხასიათობაზე მოარული ყველა ნათქვამი, ერთ წამში გავიწყდებათ.
კიბო უკიდურესად ფრთხილი და ხასიათცვალებადი ადამიანია. თუ რაიმე გიწინასწარმეტყველათ, მისი ვარაუდის სიზუსტე განგაცვიფრებთ.
მართალია ბუნებით ძალზე მგრძნობიარეა. მაგრამ თუ გაანაწყენეთ, მისგან სცენებს ნუ ელით. ასეთ დროს იგი საკუთარ თავში იკეტება და ბოღმას ჩუმად ინელებს. შეიძლება იფიქროთ, წყენა დიდიხანს არ გადაუვლისო, მაგრამ ასე არ არის. ცოტა ხანში ისევ ღიმილიანი დაგიბრუნდებათ.
სამწუხაროდ კიბო-მამაკაცებს ისეთი დეპრესიული პერიოდებიც ახასიათებთ, სიცოცხლეს შეგაძულებენ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მელანქოლიის განსაკუთრებით დიდი შეტევები მას მაშინ მოსდის, როცა რაიმე ძვირფასის დაკარგვის საშიშროებას გრძნობს, მაგალითად თქვენი. დაარწმუნეთ რომ მხოლოდ მისი ხართ, უსაზღვროდ გიყვართ და ბედნიერი იქნება. ალერსიანი სიტყვა მისი სულისთვის მალამოა.
კიბო ძალიან ერთგული მეუღლეა, თქვენი ერთადერთი მეტოქე მის გულში, მხოლოდ და მხოლოდ ფული იქნება. კიბო მამაკაცს ზედმეტად ხელმომჭირნეობაში ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ არც მფლანგველი იქნება არასოდეს.
თუმცა რამხელა ქონების პატრონიც არ უნდა გახდეს, ტრაბახს არასოდეს დაიწყებს. ძუნწი მას არავითარ შემხთხვევაში არ ქვია, უბრალოდ მისი დევიზია: ”მე არც ისე მდიდარი ვარ, რომ უბრალო ნივთები შევიძინო”. აქედან გამომდინარე, იგი უარს გეტყვით კაფეში შერბენაზე, სამაგიეროდ ძვირფას, საუკეთესო კერძებით განთქმულ რესტორანში აუცილებლად დაგპატიჟებთ. თავს შეიკავებს დრაპის პალტოს ყიდვაზე, მაგრამ წაულას ქურქს დაუფიქრებლად გიყიდით. ასე რომ, იგი ძუნწი კი არა უბრალოდ პრაქტიკული ადამიანია.
თუ ნაცნობებს შორის კიბო-მხატვარი ან კიბო-მუსიკოსი გყავთ, არ გეგონოთ თავი მხოლოდ და მხოლოდ მაღალფარდოვანი სახელოვნებო აბდა-უბდით ჰქონდეს გამოტენილი. კიბოები ძალზე არტისტულები არიან და თუ შემოქმედებით კარიერას ირჩევენ, ფინანსური თავლსაზრისითაც არაჩვეულებრივ წარმატებებს აღწევენ.
კიბო-მამკაცი, სპორტულ სამოსს ყოველთვის მკაცრ კოსტიუმს ამჯობინებს, თანაც უთუოდ მდიდრულ მაღაზიაში იყიდის. ისინიც კი, ვისაც დროებით მატერიალურად უჭირს (მუდმივი არ არსებობს), ყოველთვის უნაკლოდ დაუთოებული პერანგითა და კარგად გაპრიალებული ფეხსაცმელებით დადიან.
კიბო-მამაკაცები შესანიშნავი მეოჯახეები და ჩინებული მზარეულები არიან, უყვართ საკუთარ სახლში, სტუმრების მიღება. მათთვის თავისი საგვარეულო ქონების ან წინაპართაგან დანატოვარი ანტიკვარული ნივთების ჩვენება. კიბო საერთოდ აღმერთებს თავის წარმომავლობას და პატივს სცემს ყოველგვარ ტრადიციებს.
კირჩხიბი მამაკაცი გვიან ოჯახდება, რადგან ძალზე პრეტენზიულია და შეცდომის დაშვების ეშინია. წარუმატებელი ქორწინების შემთხვევაში, იგი დიდი ხნით კარგავს სულიერ წონასწორობას. სამაგიეროდ თავის რჩეულს უჩვეულოდ გაანებივრებს, საჩუქრებით აავსებს და გამუდმებული ყურაღებით, სხვა თაყვანისმცემლებს მალე ჩამოაცილებს. რასაც ეს უკანასკნელი არამც და არმც არ ინანებს.
როგორც მამა, კიბო უნაკლოა. მსგავსი ყურადღებით და ერთგულებით ბავშვების მიმართ, ბევრი დედა ვერ დაიტრაბახებს. კიბო-მამები ამაყობენ ბიჭებით და აღმერთებენ გოგოებს. თუმცა შესაძლოა გარდატეხის ასაკში, როცა ბავშვებს მშობლებისადმი რამდენადმე გაუცხოების პერიოდი აქვთ, გართულებამაც იჩინოს თავი.
ბავშვებს დამოუკიდებლობა უყვართ, კიბო კი მათ ზედმეტად მფარველობს. თუმცა ბოლოს და ბოლოს, საღი აზრი იმარჯვებს და კიბო თავს იმითღა იმშვიდებს, რომ ორი შვილის ნაცვლად ორჯერ მეტი შვილიშვილი ეყოლება.
კიბო ქალი - მიუხედავად რომანტიული ბუნებისა, კიბო ქალი უჩვეულოდ პრაქტიკული არსებაა. მისი ოჯახური ბიბლიოთეკის თვალიერებისას, შესაძლოა წიგნებში ჩაწყობილ ფულის კუპიურებს გადააწყდეთ. ფული მისი საყვარელი სასაუბრო თემაა და არც ერთი ქალი არ მიაქცევს თქვენს საბანკო ანგარიშს იმდენ ყურადღებას, რამდენსაც ქალბატონი კიბო.
მაგრამ არ გეგონოთ, რომ როგორც საერთოდ მანდილოსანთა უმრავლესობას ახასიათებს, მან თქვენი ქონება სამკაულებსა და ძვირფასეულობაში გაანიავოს. პირიქით იგი ყველა ღონეს იხმარს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ ფულს ფული მიუმატოს და თქვენი სიმდიდრე ერთი ორად გაზარდოს. კიბო ქალები ორგვარი ტიპისანი არიან: ერთნი რბილები, მოკრძალებულები, ქალურები. მეორენი-უჩვეულოდ აბეზრები. ამგვარი ქალები სხვის აზრს დიდად არას დაგიდევენ და თუ რომელიმე მამაკაცს გადაეკიდნენ, მათი თავიდან მოცილება ამ უკანასკნელს შესაძლოა, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ფასადაც კი დაუჯდეს.
კიბო ქალები უკიდურესად ემოციურები და წყენიები არიან. გახსოვდეთ, არ შეიძლება მისი დაცინვა და უტაქტოდ გაკრიტიკება. ასევე პატივისცემით უნდა უნდა მოეპყროთ მის მშობლებს, განსაკუთრებით დედას.
კიბო-ქალს ხშირად აწუხებს ათასგვარი უსაფუძვლო ეჭვები, იმის თაობაზე რომ არც ისე ახალგაზრდა და ლამაზია, არცთუ მთლად თქვენი შესაფერისია და ა.შ ამიტომ იგი გამუდმებით საპირისპიროში უნდა არწმუნოთ.
მას შეუძლია დღეში ოცჯერ მაინც მოისმინოს თქვენგან, თუ როგორი ლამაზია და როგორ ძალიან გიყვართ. არ დაგავიწყდეთ, რომ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები, უსაშველოდ მგრძნობიარეები არიან და თუ მის მიმართ სერიოზული გრძნობა არ გაგაჩნიათ, უბრალოდ ”სიყვარულობანას” თამაშმა შესაძლოა, მას ისეთი სერიოზული სულიერი ტრამვა დაუტოვოს, რომლისგანაც დიდ ხანს ვერ გამოკეთდება.
სამაგიეროდ თქვენს გულწრფელ გრძნობებს, თავადაც მარადიული ერთგულებით უპასუხებს. თუმცა თავის მხრივაც უპირობო ერთგულებას მოითხოვს. კიბო იშვიათი მესაკუთრეა და თუ რაიმეს თავისად თვლის, ცოცხალი თავით არავის დაანებებს.
მეგობრებში ქალი კირჩხიბი დიდად არ გამოირჩევა, იშვიათად რომ კომპანიის სულის ჩამდგმელი იყოს. თავის გრძნობებს უფრო ახლობლებისა და შინაურებისთვის ინახავს.
კიბო - ქალს ძუნწს ვერ უწოდებ, მაგრამ მაქსიმალურად ხელმომჭირნეა. მის ნივთებში უამრავ ისეთ რამეს ნახავთ, რომელიც ათი-თხუთმეტი წელია არ უხმარია, მაგრამ თუ ჰკითხავთ, აღმოჩნდება რომ ეს ყველაფერი საშინლად სჭირდება და ახლა თუ არა, მომავალში მაინც აუცილებლად გამოიყენებს. განსაკუთრებული ყურადღებით იგი, წინაპართა მიერ დანატოვარ ნივთებს ეკიდება. ამ განძს იგი თვალისჩინივით უფრთხილდება. კიბო ქალი ბუნებით მებრძოლი არაა, თუ რაიმე მისი სურვილის წინააღმდეგ ხდება, ცოტას წაიტირებს და დაელოდება სანამ ყველაფერი თავისთ მოგვარდება. მოთმინება მისი ხასიათის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა.
კიბო სანიმუშო დედაა. შვილებს თავს ევლება, ანებივრებს და მაქსიმალურად უჭერს ყველაფერში მხარს. შემთხვევითი როდია, რომ დედობას სწორედ კიბოს თანავარსკვლავედი განაგებს.
თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გადაჭარბებული სიყვარულის შედეგად, კიბო დედის შვილები ხშირად ეგოისტებად იზრდებიან. უჭირთ დამოუკიდებლად ცხოვრება და პრობლემებთან შეჭიდებას, ყოველთვის დედის კალთისთვის თავის შეფარებას არჩევენ. რაც მათ უსუსურ ადამიანებად ჩამოყალიბებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.