tavadzeDr_Zuzumboმაგაზე ეს ნაღვლიანი სტატია გამახსენდა

მართალია, 2 წლის წინანდელია, მაგრამ ახლა რამე შეიცვლებოდა ვითომ ჩვენდა სასიკეთოდ?
რამდენი ახალგაზრდა იღუპება კაპიკებისთვის
http://www.liberali.de/narchevi-girchebiნარჩევი გირჩები
რუსუდან ფანოზიშვილი
თუ უცხოეთიდან შემოტანილ, ქოთანში ჩარგული ან მოჭრილ "ცოცხალ" ნაძვის ხეს იყიდით, დიდი ალბათობაა, რომ თქვენ ქართული სოჭი იყიდეთ. მხოლოდ, უცხოური ეტიკეტით.
დეკემბრის დადგომასთან ერთად, დანიის ერთ პატარა, მიყრუებულ სოფელ სნაპურში უჩვეულო გამოცოცხლებაა. სოფელს ტრაილერების რიგი აწყდება და ყველა მძღოლს ერთი და იგივე კითხვა აქვს: "სად ვიპოვოთ მისტერ ოლე?"
მისტერ ოლე ინგვერსენი შუახნის ენერგიული კაცია, მწვანე "ტოიოტა-ლენდ კრუიზერით" დაქრის და ამ მიდამოებში ყველა იცნობს. იგი ერთ-ერთია იმ 4 ათას დანიელ პლანტატორს შორის, რომლებმაც ახალი წელი შემოსავლის მთავარ წყაროდ აქციეს.
ოლე ინგვერსენს ნაძვის ხეების პლანტაცია აქვს და ნოემბერ-დეკემბერში მოსვენება ეკარგება - კლიენტები მთელი ევროპიდან ჩამოდიან.
რამდენიმე წლის წინ, მან კრედიტით სოფლის ბოლოს მიწა და მიტოვებული ქარხნის შენობა იყიდა. კრედიტი უკვე დიდი ხანია, დაფარულია, ჰერ ინგვერსენი კი მდიდარი კაცი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ დანიის სამეფოში ნაძვის ხეების მორთვის ტრადიცია ას წელზე ნაკლებია, დამკვიდრდა, ამ ხნის განმავლობაში, ამ ქვეყანაში არა მხოლოდ მათი მორთვა, მათი საშუალებით ფულის კეთებაც ისწავლეს.
"ვინ მოიფიქრა ეს ბიზნესი, აღარავის ახსოვს, მაგრამ ალბათ ჭკვიანმა ხალხმა. დღეს ხომ ნაძვები უკვე დანიის სავიზიტო ბარათია," - ამაყად უყვება ბატონი ოლე უცხოელ ჟურნალისტებს.
1970-იანი წლების დასაწყისიდან ნაძვის ხეების ინდუსტრია დანიის ეროვნული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სფეროა. ქვეყანა კი - მსოფლიოში ნაძვის ხეების უმსხვილესი ექსპორტიორი. დანიაში, ყოველწლიურად, დაახლოებით 15 მილიონი ნაძვი მოჰყავთ და აქედან 80 პროცენტზე მეტი - საექსპორტოდ.
ყველაზე საინტერესო კი ამ ისტორიაში ერთი რამეა - დანიის ძირითადი საექსპორტო პროდუქტი სულაც არ არის ნაძვი და თან არაფერი აქვს საერთო დანიასთან.
ყოველი სექტემბრის ბოლოს, ამბროლაურის რაიონში, სოფელ თლუღში მამაკაცების უმრავლესობა საჭმელ-სასმელს იმარაგებს, ზურგჩანთაში თბილ ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს ილაგებს და რამდენიმე დღით თლუღის ტყისკენ მიემართება.
15 სექტემბრიდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე თლუღში გირჩების შეგროვების სეზონი დგება. რაჭველები 30-40 მეტრის სიმაღლის ხეებზე შიშველი ხელებით მიცოცავენ და შეგროვებული გირჩის თესლს ევროპულ, უფრო ხშირად, დანიურ კომპანიებზე ჰყიდიან.
შორეულ სოფელ სნაპურში, ბატონი ოლეს პლანტაციებში სწორედ კავკასიური სოჭი ხარობს. მის პლანტაციაში ბევრი ხე სოფელ თლუღში რაჭველების მიერ მოგროვებული თესლიდან აღმოცენდა.
ბატონი ოლეს მსგავსად, თლუღშიც აღარავის ახსოვს, პირველად ვის მოუვიდა აზრად აქაური სოჭის თესლის ევროპაში რეალიზაცია. გირჩის თესლის შეგროვება აქაურებისთვის უკვე დიდი ხანია, შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა ბევრად უფრო ნაკლებადშემოსავლიანი, ვიდრე ბატონი ოლეს ბიზნესი.
რაჭული სოჭის თესლის ექსპორტს უკვე ათ წელზე მეტია, რამდენიმე დანიური, გერმანული და სხვადასხვა ევროპული კომპანია ეწევა.
მარიანა ბოლსი დანიურ კომპანია "ფეარ თრის" წარმოადგენს. ეს კომპანია თლუღის ტყის სოჭებით ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაინტერესდა, 2007 წლიდან კი "ფეარ თრის" საქართველოდან წელიწადში დაახლოებით ათ ტონამდე გირჩის თესლი გააქვს. „ფეარ თრის" დანიაში, საკუთარ პლანტაციაში, ახლა უკვე 300 ათასი ნაძვის ხეს ზრდის. ყოველწლიურად კი კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 50 ათას საშობაო ნაძვის ხეს ჰყიდის.
„რაჭაში, სოფელ თლუღში გირჩის უნიკალური თესლია. ამიტომაც ჩვენი კომპანია სწორედ რაჭის გირჩებს ირჩევს. აქედან მოწეული თესლით კომპანიები სეზონზე მილიარდობით შემოსავალს იღებენ. არა მგონია, საქართველოს მთავრობა ბოლომდე აცნობიერებდეს რაჭის პოტენციალს," - ამბობს მარიანა ბოლსი.
აქაური სოჭების უნიკალობაზე რაჭველებიც ბევრს ჰყვებიან. გასული საუკუნის დასაწყისში თლუღის ტყეში ხანძარი გაჩენილა. ტყე თითქმის მთლიანად დამწვარა და "ამ ადგილას ტოლ-სწორად წამოსული ამონაყარი", დაახლოებით 50 წლის შემდეგ სოჭის ტყედ ქცეულა.
თლუღში ფიჭვისებრთა ოჯახის ქართული წარმომადგენელი - კავკასიური სოჭი ხარობს, რომელიც შეუფასებელია მათთვის, ვისაც საახალწლოდ "ცოცხალი" ნაძვის ხის მორთვა უყვარს. რაჭაში მოყვანილ კავკასიურ სოჭს განსაკუთრებული, ვერცხლისფერი შეფერილობა და სიმეტრიული, იარუსებიანი ფორმა აქვს.
ეს ჯიში ნორდმანის სოჭის სახელითაცაა ცნობილი და ძირითადად, კავკასიაში ხარობს. ნორდმანის ჯიში, სოჭის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, უფრო მალე იზრდება - 6-7 წელიწადში მათი საშობაო ნაძვის ხეებად გაყიდვა შეიძლება.
სეზონზე მოპოვებულ, მომწიფებულ ერთ ჯანსაღ გირჩაში დაახლოებით 25 ცალი თესლია. თითოეული თესლიდან გაზრდილი ნაძვის ხეები კი საახალწლოდ ევროპის ქვეყნებში საშუალოდ 30 ევროდ იყიდება. წელს მხოლოდ ამბროლაურში 700 ტონაზე მეტი გირჩის მოპოვება იყო შესაძლებელი.
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოდან აშშ- სა და ევროპის რვა ქვეყანაში ექსპორტის სახით სამ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გირჩის თესლი გავიდა. მსოფლიოს 17 ქვეყნიდან კი საქართველოში საშობაო ნაძვის ხეების დაახლოებით 30 მილიონი ლარის ღირებულების იმპორტი შემოვიდა.
კომპანია „ფეარ თრის"-ი ერთ კილო გირჩაში რაჭველებს 2 ლარს უხდის. თუმცა, მათ, ვინც ამ კომპანიისთვის მუშაობს, ძალიან გაუმართლათ, რადგან სხვა კომპანიები ამავე რაოდენობის გირჩაში მხოლოდ 50 თეთრს იხდიან.
გირჩები ქვემოთაც ყრია, მაგრამ თუ 30-40 მეტრის სიმაღლის ნაძვის კენწეროზე ახვალ, მეტ მოსავალს მოაგროვებ. თლუღელები ხშირად ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ. მათი უსაფრთხოების პირობას არც გირჩების შეგროვების ლიცენზია ითვალისწინებს და არც გარემოს დაცვის ინსპექციის მოვალეობები. აქაურები უბედურ შემთხვევებს იხსენებენ - რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა თლუღელი ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა; 70 წელს გადაცილებულ შოთა ტომაძეს კი, შვიდი წლის წინ მომხდარი შემთხვევის შემდეგ, სიარული თითქმის აღარ შეუძლია.
სანერგე მეურნეობის ადგილზე მოწყობას რაჭაში არავინ რისკავს. თლუღში მოკრეფილი გირჩის თესლიდან ნაძვის ხეები არც ერთ ქართულ კომპანიას არ გამოჰყავს. ისინი მხოლოდ თესლის ექსპორტში არიან ჩართული. საბოლოო პროდუქტის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გაცილებით მეტი იქნებოდა, მაგრამ ეს ბიზნესი უფრო გრძელვადიან მოგებაზეა გათვლილი, რაც ქართველ მეწარმეებს აფრთხობს.
„რამდენიმე წელი, ვიდრე სოჭი გაიზრდება და გასაყიდად ვარგისი გახდება, არათუ მოგება, საერთოდ შემოსავალი არ გვექნება. გარისკვა ძნელია. ბიზნესმენებს ხელი სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს. მაგალითად, რამდენიმე წლის მანძილზე გადასახადი რომ არ ვიხადოთ, გარკვეული შეღავათები რომ გაგვიწიონ", - ამბობს მურმან ქევანიშვილი, რომელსაც, უკვე 10 წელია, სოჭის თესლი საზღვარგარეთ გააქვს.
დღემდე სახელმწიფოს ჩართულობა გირჩების შეგროვებაში ლიცენზიების გაცემით და გენერალური ინსპექციის კონტროლით შემოიფარგლება.
იმ ტერიტორიებზე, სადაც გირჩებს აგროვებენ, გარემოს დაცვის სამინისტრო კვოტებს ადგენს - თუ რომელ მონაკვეთზე, რომელ კომპანიას, რამდენი ტონა გირჩის მოკრება შეუძლია. ეკონომიკის სამინისტრო კი ამ კვოტების მიხედვით, აუქციონს ატარებს და ლიცენზიებს გასცემს.
„ბიზნესს ბაზარი არეგულირებს. მისი წახალისება შეუძლებელია, მეტად ჩვენ ვერ ჩავერევით", - ამბობს ეკონომიკის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ჯანაშია.
შობის მოახლოებასთან ერთად ბატონი ოლეს ქარხანაში ფუსფუსია. პოლონეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მოსავლის აღების სეზონზე ჩამოსული გასტარბაიტერები ნაძვებს ახარისხებენ. როცა ნაძვის ხე ნეილონის ბადეში უკვე შეფუთულია, მას პასპორტს უმაგრებენ. ერთი ფერის იარლიყი მოწმობს, რომ ეს ნაძვისხე უმაღლესი ხარისხისაა - ფართო, სიმეტრიული ტოტებითა და ერთგვაროვანი, მოვერცხლისფრო წიწვებით. შედარებით დაბალი ხარისხის ნაძვებს ორფეროვან იარლიყს უმაგრებენ.
ბატონი ოლე ამბობს, რომ მის ბიზნესში დიდ როლს ქიმია ასრულებს - ზღაპრულ სადღესასწაულო იერს მის ნაძვებს ქიმიური დანამატები და სპეციალური სასუქები აძლევს, რითიც ხეები წლების განმავლობაში იკვებება.
"თუმცა, მხოლოდ ქიმიით ამ სილამაზეს ვერ შექმნი. ეს ნაძვები თავისთავად უნიკალური ჯიშია. თან, თითოეულ ხეს შვილივით ვუვლი. დიდ შრომას ვდებ ამ საახალწლო ზღაპარში", - ღიმილით ამბობს ბატონი ოლე.