ახლა ჯონჯოლის სეზონია, ყვავის და და შეგიძლიათ დაამწნილოთ
დიდი ხანი ვეძებდი ჯონჯოლის დამწნილების კარგ რეცეპტს და რამდენიმე წელი ვიწვალე,
მაგრამ საბოლოოდ ვისწავლე და ამ ხერხს თქვენც გაგიზიარებთ
შეიძლება ვინმეს გამოადგეს...
დავკრიფოთ ახლადაყვავებული, ნახევრად გაუშლელი ჯონჯოლი.
უფრო გაყვავებულიც შეიძლება, უბრალოდ, ყვავილები სცვივა-ხოლმე
გავშალოთ ერთი-ორი დღე მაგიდაზე (ან რამე მსგავსზე),
გადავარჩიოთ, მოვაცილოთ ფოთლები და ზედმეტი ღეროები.
მესამე დღეს გავრეცხოთ ცივ წყალში.
ბევრი რეცხვა არ უნდა, უბრალოდ ერთი-ორჯერ ამოვავლოთ
და დავყაროთ თუშფალანგზე, ვიდრე მარილწყალს მოვამზადებთ:
ჩვეულებრივ ონკანის ცივ წყალში შევურიოთ მარილი და ძმარი.
1 ლიტრ წყალზე ერთი სუფრის კოვზი მარილი(ძალიან სავსე არ უნდა) და ერთი სუფრის კოვზი ძმარი.
კარგად მოვურიოთ, რომ მარილი ბოლომდე გაიხსნას. გემოთი ძალიან მლაშე არ უნდა იყოს.
ექვს ლიტრიან ქილაზე დაახლოებით 5 ლიტრი მარილწყალი დამჭირდა.
სუფთა ქილებში გადავანაწილოთ ჯონჯოლი, არც ძალიან ჩატენოთ და არც ძალიან გაავსოთ,
დაახლოებით ნახევრამდე, რადგან სტერილიზაციის დროს ზემოთ ამოდის და ქილიდან გადმოვა.
დავასხათ მარილწყალი, ოღონდ ძალიან არ გაავსოთ, იგივე მიზეზით.
დავახუროთ სახურავები (მე ხრახნიან ლიტრიან ქილებში ვაკეთებ)
და გავუკეთოთ სტერილიზაცია ადუღებიდან 15-20 წუთი,ისე რომ ჯონჯოლმა ფერი უნდა შეიცვალოს.
შემდეგ მოვხუფოთ და დავდგათ თავდაყირა გაციებამდე.
ინახება მთელი წელი კარგ ფერზე და კარგ გემოზე.
არანაირი ასპირინი და სხვა საშუალებები არ სჭირდება.
თუ რამე დაგაინტერესებთ კიდევ, მზად ვარ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება