Johnnie WalkerVikaავტორებიც რომ მიუთითოთ, არ შეიძლება?
* * *
სხვისი არ ვიცი, მარა როცა საუბარია "კულინარიაზე" და "პროზაზე"...
ერთ-ერთი პირველთაგანი, რაც ადამიანს შეიძლება გაახსენდეს.....

"უძლიერესი" დიალოგი:

"— ყველა-ყველა და ამაღამ ვახშმად რა გვაქვს? — ერთს საღამოს ლუარსაბმა თავის მეუღლეს ჰკითხა, როცა ქათმების შესხდომის დრომ მოაღწია. — დარეჯან! არ გეყურება, დედაკაცო? ამაღამ რა უნდა ვჭამოთ?
— რატომ რა უნდა ვჭამოთ, გენაცვალოს დარეჯანი! ღვთის წყალობა ბევრი გვაქვს, — ანუგეშა დარეჯანმა.
— მაინც?
— სადილიდამ დარჩომილი კაი ცივად ძროხა გვაქვს, კარგი ღორის სუკებია, კარგი...
კიდევ უნდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ღორის სუკების ხსენებაზედ აღტაცებულმა ლუარსაბმა სიტყვა გააწყვეტინა:
— უჰ, უჰ, უჰ! ეგ ღორის სუკები, შენმა მზემ, რადაც უნდა ჰღირს. სხვა? მე ამაღამ როგორღაც მადაზედა ვარ.
— ზურგიელიცა გვაქვს, ღვინოები რომ იყიდა, იმისი ფეშქაშია. ასეთია, რომ ქონი გასდის.
— უჰ ეგეც კარგია. სხვა?
— ყველი, პური და კაი გული.
— არც ეგ არის ურიგო, შენმა მზემ: ჩვენისთანა ვახშამი ხელმწიფესაც არ ექნება.
გაიკეთა ჩიბუხი მადა-წახალისებულმა მებატონემ და, მინამ სანატრელს ვახშამს მოიტანდნენ, მოუთმენლად წინა და უკან პატარა ოთახში ბოლთასა სცემდა. ხანდისხან რაღაც ფიქრში გართული უეცრად წამოიძახებდა: „ღორის სუკები? შენმა მზემ, რომ კარგია!“
ვახშამსაც, როგორც ყველაფერსა ამ წუთის-სოფელში, ბოლო მოეღებოდა. გამაძღარი და ტახტზედ გადაგორებული ლუარსაბი ეხლა ხვალისთვის დაიწყებდა ზრუნვასა. მაშ! ოჯახის კაცი იყო.
— ესეც ვახშამი, ღვთის მადლით, გადავაგორეთ, ეხლა ხვალინდელ დღისათვისაც ვიფიქროთ. ხვალაც ჭამა გვინდა, დალოცვილს ღმერთს ეგრე გაუჩენია კაცი. ხვალ რაღა ვჭამოთ?
— ხვალ?.. — ჩაფიქრდა დარეჯანი, ვითომც და ძნელი გამოსარკვევი საქმე მიანდვეს: — ხვალ? დაიცა ერთი მოვიგონო... ხვალ? არტალაზედ როგორა ხარ?
— უჰ, უჰ! შენმა მზემ, კარგი რამ მოიგონე. არტალაზედ? ვაცივითა ვარ, ვაცივით, — უპასუხა მსუნაგსავით სულწასულმა თავადმა, — ბარაქალა, დარეჯან! ერთი კარგი მსუქანი არტალა, ჩვენი თედოს მოხარშული, ნივრით, — ერთ სახელმწიფოდა ჰღირს, მე და ჩემმა ღმერთმა. ეგ ძალიან კარგი. სხვა? მარტო ეგ რას გვეყოფა?
— ერთი კარგი ჩიხირთმა? — ჰკითხა მაცდურის ღიმილით კნეინამა.
— ჩიხირთმა?.. ჰა, ჩიხირთმა?.. არა, გეთაყვა, ბოზბაში სჯობია, — მიუგო მცირე დაფიქრების შემდეგ ლუარსაბმა.
— ეხლა მაგას დაიჟინებ. რითა სჯობია?
— ვა!.. ტყემლის მჟავით გაკეთებული ბოზბაში?.. — ისეთის ხმით წამოიძახა ლუარსაბმა, თითქო უკვირსო: ეს ამისთანა უბრალო ჭეშმარიტება როგორ არ ესმის ამისთანა ჭკვიან დედაკაცსაო.
— შენც არ მომიკვდე, ლუარსაბ, კარგად გაკეთებულ ჩიხირთმას ბოზბაში არა სჯობდეს.
— ვა!.. — უფრო გაკვირვებით შეჰყვირა ლუარსაბმა, — ტყემლით გაკეთებულს ბოზბაშს ჩიხირთმა უნდა ამჯობინო?.. შენს ჭკვაზედ არა ხარ, დედაკაცო! ჯერ ისე ბოზბაში რა არის, რომ ტყემლით რა იყოს!.. რას ამბობ, რასა? ერთი მსუქან ბოზბაშში ამოვლებული პურის ლუკმა მთელ ქვაბ ჩიხირთმას მირჩევნია. ამის შემდეგ შენ უნდა დამაჯერო, რომ ჩიხირთმა სჯობია? მაშ კაცი აღარ ვყოფილვარ, ქუდი არა მხურებია.
— შენ ერთი ახირებული კაცი ხარ: რასაც იტყვი, ხომ კაცი ვეღარ გადაგათქმევინებს? — არ იყო რომ ცოტა წყენით არ უთხრა დარეჯანმა დაჟინებულს ლუარსაბსა.
— მაშ? კაციც მაგისთანა უნდა. ის ხომ კარგია, დღეს ერთი სთქვას, ხვალ სხვა? — სთქვა ლუარსაბმა, შემოიყარა დოინჯი და გამარჯვებულსავით ამაყი შეხედულობა მიიღო.
დარეჯანმა იგრძნო, რომ ლუარსაბმა საბუთიანად დაიჭირა და შერცხვენილმა ბანზედ სიტყვა გადააგდო:
— მაშ შენ ბოზბაშს ამჯობინებ?
— ვამჯობინებ.
— მაშ შენ პირში გემო არა გქონია, — ეხლა კი გულზედ მოსულსავით სთქვა დარეჯანმა.
ლუარსაბი აიტკიცა, მაგრამ თავი შეიკავა და არ იყო რომ მაინც ცოტა წყენით არ უპასუხა:
— შენ არა გქონია, რომ ჩიხირთმას ამჯობინებ, თორემ მე ხომ ბოზბაში მირჩევნია.
— აბა რას მიედ-მოედები? — ეხლა კი გაანჩხლდა დარეჯანი, — ბოზბაში როგორა სჯობია ჩიხირთმასა, რომ როცა ჩიხირთმა მაგონდება — პირში წყალი მომდის, თუ მშიერიც ვარ — მაშინ უფრო, ბოზბაშზედ კი არა. მაშ ჩიხირთმა სჯობნებია. ეხლაც დაიჟინებ?
ისეთ გულდაჯერებით და ზაფრიანად წარმოსთქვა ეს კნეინამა, რომ, ასე გგონია, უნდა ეთქვაო: „შე სულელო, ამისთანა საბუთი მაქვს და შენ კი მაინც შენსას ამბობო?“
მაგრამ არც ამის მოპირდაპირე იყო სუსტის ჭკუისა, რომ ის საბუთი უფრო ძლიერის საბუთით არ დაერღვია. მართალია, პირველშივე ძალიან ჩაფიქრდა, მაშინვე ვერ მოახერხა, — რა ეთქვა, მერე კი — ღვთის წყალობა გქონდეთ — ყოჩაღად ლუარსაბმა იმას მიუგო.
— მაგ სიტყვებზედ სდგეხარ? — ჰკითხა ჯერ ლუარსაბმა და ფეხზედ წამოდგა.
— ვდგევარ.
— მაშ კარგი: შენ ხომ ჩიხირთმა მშიერს მოგგვრის პირში ნერწყვსა, მე კი ბოზბაში — მაძღარსაცა. აი, თუნდა ეხლა: მე ხომ ამაღამ შენზედ მეტი მიჭამია, მაგრამ რომ მაგონდება პირამდინ პურ-ჩაყრილი, ჩაჟუჟუნებული ბოზბაშით სავსე მათლაბა, თუ ზემოდამაც ერთი კარგი კანჭი აძევს!.. რას ამბობ, დედაკაცო? მე მოგიკვდე, თუ შენ გესმოდეს რამე: ბოზბაში — წვნიანების მეფეა, როგორც თართი — თევზებისა. შენ რა იცი, დედაკაცი ხარ.
— აბა შენ კაცმა როგორ უნდა დაგიჯეროს, რომ ეგეც არ იცი: ორაგული თქმულა თევზების მეფედ და არა თართი... აბა, სულ ეგრე სტყუი ხოლმე, — უკიჟინა ნიშნის მოგებით გახარებულმა კნეინამ, რომ ტყუილში დაიჭირა.
შერცხვა ცოტა ლუარსაბსა, მაგრამ არ შეიმცნივა და გაიზრახა, რომ პატივისათვის — რაც უნდა დაემართოს — უნდა დაამტკიცოს, რომ თართი არის მეფე.
— ეხლა მაგას დაიჟინებ. თართია-მეთქი.
— ორაგულია.
— ეჰ, თართია, თავი არ მამიკვდება, არც ეხლა დაიჯერებ?
— ორაგულია, ორაგული! — დასძახა კნეინამა.
— აბა საიდამ იცი, რომ ორაგულია?
— შენ საიდამღა იცი, რომ თართია?!
ამ კითხვამ გააბა ლუარსაბი მახეში. მერე რა-რიგად! ხსნა არ იყო! ძალიან კი უნდოდა მოეგონა რამ, უნდოდა ეთქვა კიდეც, რომ „კარაბადინში“ სწერიაო, მაგრამ მოაგონდა, რომ დარეჯანი უფრო ნაკითხია და ვეღარ გაბედა.
დარეჯანი ჭკვიანი დედაკაცი იყო — როგორც იცის თითონ მკითხველმა ჰნახა რომ ლუარსაბმა პასუხი ვერ მოუხერხა, უფრო-და-უფრო დააყარა თავმოწონებით:
— მითხარ, საიდამ იცი? მაშა! რაც არ იცი, ნუ იტყვი. აბა ეხლა სთქვი: ჩიხირთმა არა სჯობია?
დარეჯანმა იფიქრა, რომ ეგრე დაჭერილი ლუარსაბი თუ გატყდება, ეხლა უნდა გატყდეს. ამისთანა გაჭირებაში თუ დაიყოლიებს ჩიხირთმის უკეთესობაზედ, თორემ სხვა დროს ვეღარა. ამიტომაც ეგრე უეცრად გადავიდა ისევ ჩიხირთმაზედ.
ლუარსაბი დაგვიღონდა, მკითხველო! ისე თავჩაღუნული იდგა, როგორც პატარა ბავშვი, როცა შაქრის ქურდობაში დაიჭერენ. არ იცოდა რა ექნა. ჰგრძნობდა, რომ ცოლმა დაიჭირა, აჯობა, მაგრამ ამის კისრად აღება ეთაკილებოდა. სხვა დროს იქნება დაეთმო, მაგრამ ეხლა, რაკი საქმე სახუმარი აღარ იყო, რაკი ჯიბრზედ შედგა, ეხლა დათმობა სათაკილო ეგონა. მართალია, იყო წუთი, როცა ისე დამარცხებული ჰნახა თავისი თავი, რომ თითქმის დააპირა კიდეც ჩიხირთმის უკეთესობის აღიარება, მაგრამ ამ დროს თვალ-წინ წამოუდგა მაორთქლავი მათლაბა ლავაშ-ჩაყრილის ბოზბაშისა, მოაგონდა ზემოდამაც გადახირული ბატკნის კანჭი, ამან გაიტაცა ისევ ლუარსაბი: ამის სულს ღონე მოემატა, გული გაუმაგრდა, დაავიწყა სირცხვილიც, დამარცხებაც, გამარჯვებაც და ათქმევინა ეს ღონიერი სიტყვები:
— მე არ ვიცი, თუნდ რომ მართლა ორაგული იყოს თქმული თევზების მეფედ, მაინც კიდევ ბოზბაში სჯობია ჩიხირთმასა.
— ჩიხირთმა, ადამიანო!
— ბოზბაში, დედაკაცო!
— ეჰ, წეღანდელი არ იყოს, მტყუანი ხარ და არა სტყდები, — უთხრა ყვედრებით დარეჯანმა.
— შენა ხარ მტყუანი.
— დახე! შენ არა თქვი — თართიაო?
— მე ეგ არ მითქვამს — ეგ შენა თქვი, — იცრუა ლუარსაბმა და თავის სიტყვა თავის ცოლს გადააბრალა, — მე ორაგული ვთქვი.
— დახე, დახე, თქვენი ჭირიმეთ!.. ეს რა მოიგონა! — წამოიძახა ეხლა კი სწორედ გულზედ-მოსულმა დარეჯანმა.
— ამდენი იყვირე, რამდენიც გინდოდეს! — დაბალ ხმით უთხრა ლუარსაბმა და წავიდა, რომ გარეთ გავიდეს. კარებში რომ მივიდა, ერთი კიდევა სთქვა:
— მე ორაგული ვთქვი. — თქმა ამისა და იმისი გარეთ გასვლა ერთი იყო.
— მტყუანს?.. — მისძახა გაკაპასებულმა, ამ უსირცხვილობისაგან მოთმინებიდამ გამოსულმა ცოლმა, — გაუწყრეს წმინდი-გიორგის მადლი და ნეკრესის ღვთისმშობლისა!
ლუარსაბმა ყური არ ათხოვა, თუ ვერ გაიგონა — არ ვიცი, ეს კი ვიცი, რომ ამ წყევლამ დარეჯანს მშვიდობიანად ჩაუარა."
"კაცი-ადამიანი?!"
ი. ჭავჭავაძე