
აქ გადავათვალიერე ხმელი ლობიოს მომზადება . საინტერესო ვარიანტებია. მაგრამ, ლობიოს განსაკუთრებული გემო აქვს, თუ იხარშება ქოთანში, ბუხარში. ეს ყველაზე ნაღდია. თუ ცეცხლზე მოხარშვის შესაძლებლობა არაა, ქოთანი აუცილებელია, ისე ლობიოს გემოს ვერ გაიგებ. გაზზე უნდა დაადგა ქოთანი ძალიან, ძაააააალიან ნელ ცეცხლზე ! არავითარი წყლის გამოცვლა საჭირო არაა. რაჭაში ყველაზე გავრცელებული ვარიანტია – ქოთანში თავიდანვე აგდებენ შებოლილი ლორის პატარა ნაჭერს. ლორი და ლობიო ერთდროულად იხარშება, შემდეგ ლორს ამოიღებთ, ლობიოში ჩააჭრით ხახვს, დაფნის ფოთოლს, ცოტას იდუღებს და შემდეგ ქინძს, ცოტა ქონდარს და ერთ–ორ ღერ ნიახურს, მეტს არა , ორ კბილ დანაყილ ნიორს , 2 ს/კოვზ გატარებულ ნიგოზს, მარილს და წიწაკას გემოვნებით. მწვანილის ჩაყრისთანვე ქოთანი უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან. ქოთანი მაინც აგრძელებს დუღილს. ლობიო სანახევროდ უნდა ჩაჭყლიტოთ ხის კოვზით, ან საჭ###ტით. უგეეეემრიელესია, შავ ღვინოსთან და კეცის მჭადთან ერთად. წარმოიდგინეთ ზამთრის საღამო, ბუხრის პირას დაბალი სუფრა, სამფეხი სკამები, წელი გამოყვანილი ჭიქა, დოქით შავი ღვინო, სუფრაზე მჭადი, ხელით დატეხილი ხმელი, მაისის ყველი, ლობიოსთან ერთად მოხარშული ლორი, რომელსაც შვინდისფერი გადაჰკრავს და ქოთნით ლობიო. რომ იტყვიან, მეფესაც კი მიერთმევა!