S_H_A_D_O_Wცხონებული ბებიაჩემი გამახსენდა, სულ ჰქონდა ხოლმე დამბალი ხაჭო და ამიტომ მეზობლის ბიჭები მუდამ დიდი სიხარულით ეხმარებოდნენ თივის მოტანასა თუ შეშის მოზიდვაში, იცოდნენ, კარგი ხაჭოერბო და არაყი გარანტირებული იყო
სხვათა შორის, სოფელშიც კი (თიანეთის რაიონზეა საუბარი) დეფიციტი იყო კვერები, არ ვიცი რატო, რამდენიმე სული საქონელი ყველა ოჯახს ჰყავდა. ბებიაჩემს კი სულ ჰქონდა, გამოულევად, ძობანში აშრობდა ხოლმე და ინახავდა

ნათელი დაადგეს, სადაც არის
* * *
ესეც მიაუს სტატია დამბალხაჭოზე, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ,,მარანში"
http://24saati.ge/index.php/category/style...011-12-18/23266დამბალხაჭოობა და ფშაური ლხინი
11 ოქტომბერს სოფელ არაგვისპირში, რესტორან "თეთრ დუქანში" ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა
ქეთი ადეიშვილი
24 საათი 18.12.11
11 ოქტომბერს სოფელ არაგვისპირში, რესტორან "თეთრ დუქანში" ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა
- დამბალხაჭოს ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო ფშავური სუფრა თავისი დამახასიეთებელი კერძებითა და სუფრის ატრიბუტიკით. ამ ღონისძიების გამართვა შედარებით ადრე იგეგმებოდა სოფელ მაღაროსკარში, თუმცა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ პირველ ეტაპზე ძალები მოესინჯათ და დამბალხაჭოობის დღესასწაული შედარებით მცირე მასშტაბით გაემართათ.
ორგანიზატორებად მოგვევლინენ კავშირი "ჩვენი ფშავი" ქალბატონ მარიამ ხუცურაულისა და ბატონი ელიზბარ ელიზბარაშვილის ხელმძღვანელობით, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები. ფესტივალზე მოეწყო რამდენიმე კონკურსი საუკეთესო დამბალხაჭოს და მისადმი მიძღვნილი საუკეთესო ლექსის გამოსავლენად. ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ჟიურის თავმჯდომარე - ბატონები: ივანე ბერიძიაშვილი, გია სვანიძე, ვახტანგ კურცხალია, ზურაბ ოტიაშვილი და პროექტ "ქართული ყველის" ხელმძღვანელი - ქალბატონი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, პრიზი საუკეთესო დამბალხაჭოსთვის გადაეცა თამარ ნავროზაშვილს, პროდუქტის ლამაზად წარმოდგენისათვის - ქეთევან შარმიაშვილს, საუკეთესო შეფუთვისთვის - ირმა ცქიფაშვილს, საუკეთესო ლექსისთვის - ზაურ წოწკოლაურს, ხოლო გრან-პრი და მაყურებლის სიმპათია კი სრულიად სამართლიანად დაიმსახურა სანათა მაჩურიშვილმა. ქალბატონმა მარიამ ხუცურაულმა დანაპირები შეასრულა და დამსწრეთ წარმოუდგინა ფშავის არსებული და ალტერნატიული ტურისტული მარშრუტები, რომლებიც სამომავლოდ კარგ სამსახურს გაუწევს მთლიანად ქართულ ტურიზმს.
"სტუმარ-მასპინძლის" სამშობლოში მასპინძლობა რომ არ ესწავლებათ, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ფშაველებმა დამბალხაჭოსთან ერთად სტუმრებს ტრადიციული კაფიები, ლექსები და სიმღერები შესთავაზეს. მოხუცები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები საოცარი ხალისით ცეკვავდნენ, მღეროდნენ და კაფიობდნენ. როგორც თავად მათგან შევიტყვე, სტუმრის დახვედრის ამგვარი ფორმა აქ ჩვეული წესია. შეიძლება ფშავური სუფრა არ გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, მაგრამ ამ დანაკლისს ფშავური კაფიები და სიმღერა ავსებს.
დავუბრუნდეთ ფესტივალის გასტრონომიულ მხარეს - მთავარი მოქმედი პირი დამბალხაჭო იყო და მონაწილეთა მაგიდებზეც სწორედ ეს პროდუქტი ჭარბობდა. ძალიან საინტერესო იყო ძობანებითა და ქოთნით წარმოდგენილი დამბალხაჭოს გუნდები, რომლებსაც ზემოდან სხვადასხვა ფერის ობი ჰქონდა მოკიდებული. მონაწილეებმა დამბალხაჭოს ერბოიანი გულსართით მომზადებული უგემრიელესი ქადები, ყველი, კეცეულები, მოცვის მურაბა, ვაშლი და კაკალი შემატეს. ქალბატონმა ციცინო ჭყრუნიშვილმა ისიც მითხრა - რაც არ უნდა იყოს, ფშავური სუფრა არ არსებობს ხილისა და კაკლის გარეშეო! ყოველთვის მითქვამს და კიდევაც გავიმეორებ - ისეთ გემრიელ ქადას, როგორსაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ამზადებენ, ვერსად შეხვდებით და მისი საიდუმლო კი ჯანსაღი პროდუქტებია, უპირველესად - ერბო. აქაური ქადა უფრო ცხიმიანია და არომატული. უშაქრო ქადა კი დელიკატესად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომლის გემოც ან ძალიან მოსწონთ, ან პირიქით - ვერაფრით ეგუებიან. მსგავსი დამოკიდებულებაა დამბალხაჭოს მიმართაც. ჟურნალისტისა და ფოლკლორისტის, ბატონი ივანე ბერიძიაშვილის თქმით, ვინც დამბალხაჭოს სინჯავს, პირველად შეიძლება დაიწუნოს, მაგრამ შემდეგ უფრო და უფრო მოსწონს. ეს არის საოცრად ორიგინალური პროდუქტი, რომელსაც ახლავს კეთილშობილი ობი და ძალიან სასარგებლოცაა.
საქართველოში ხაჭოს შენახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ მიეკუთვნება კალტიც, მაგრამ კონსერვაციის, ანუ დალბობის მხრივ დამბალ-ხაჭო ცალკე დგას. რაც შეეხება ფესტივალს, ბატონ ივანეს მიაჩნია, რომ ამ ღონისძიების მიზანი სწორედ ისაა, ეს უნიკალური პროდუქტი ჯერ საქართველოს ფარგლებში, შემდეგ კი მის საზღვრებს გარეთაც გახადოს პოპულარული. საქართველოში რაც ძველი და ტრადიციული გვაქვს შემონახული, ჯერ თავად უნდა ვიცოდეთ და შემდეგ გავაცნოთ სხვას.
არ შეიძლება არ აღვნიშნო ქალბატონი ქეთევან შარმიაშვილის ულამაზესი ექსპოზიცია. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა წარმოვაჩინოთ ტრადიციული პროდუქტები და კერძები ახლებურად, თანამედროვე ტენდენციებს შევუხამოთ ძველი.
ქეთევან შარმიაშვილი - "თიანეთი ნამდვილად აქტიურად არის ჩაბმული ფშავის წარმოჩენის საქმეში. ეს ღონისძიება პირველად ტარდება და დიდი ენთუზიაზმით შევხვდი. ჩვენ გვაქვს წამოღებული დამბალხაჭო, პირველადი და დამუშავებული სახით - ცხელი და ცივი ფორმით. ეს არ არის მარტო სანახაობრივი ღონისძიება, არამედ უკავშირდება დამბალხაჭოს პოპულარიზაციასაც. ასევე ჩართულია ტურიზმის სფეროები, წამოღებული გვაქვს ტურისტული მარშრუტები, რომლებსაც შევთავაზებთ ტუროპერატორებს."
დაჭრილ ნიორთან და არომატულ პანტის არაყთან ერთად მდნარი დამბალხაჭო განსაკუთრებული აღმოჩნდა. ყველა პროდუქტი, რაც გავსინჯე, საოცრად გემრიელი მეჩვენა. კომპოტებიც კი განსხვავდებოდა ჩვეულებრივი, სახლში მომზადებულისგან. არ ვიცი, ეს ამაღლებულ განწყობას მივაწერო თუ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილ ჯანსაღ პროდუქტებს. ფშავლები ხაჭოერბოთი და დამბალხაჭოს კეცეულებით, ანუ ფშაური ხაჭაპურებითაც გაგვიმასპინძლდნენ. კეცეულები ძალიან თხელი და ცხიმიანია. გულსართი უფრო ნაზია და სასურველია ცხელ-ცხელი გასინჯო - ასე უკეთ გაუგებ გემოსაც და არომატსაც. ხაჭოერბო ზამთრის ტიპური ნოყიერი საჭმელია, კონსისტენციით თხელ ფაფას გავს და ერთი შეხედვით, შეიძლება არც დაგაინტერესოს. ნაკლებად ცხიმიანი კერძების მოყვარულები მისით ვერ აღფრთოვანდებიან, თუმცა ნაზი და მაწიერი კერძია, რომელიც გემოვნური თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება შვეიცარიულ ფონდიუს.
გარდა დაგემოვნებისა, ფესტივალის სტუმრებს წარმოდგენილი პროდუქტების შეძინის საშუალებაც ჰქონდათ. დამბალხაჭოზე ისეთი აჟიოტაჟი შეიქნა, გაკვირვებული დავრჩი, მით უმეტეს, რომ მას ყიდულობდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს პროდუქტი ფესტივალზე პირველად გასინჯეს. ფესტივალის ნორვეგიელი სტუმარი - სვენ ვოგე, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აღფრთოვანებული დარჩა - ძალიან გემრიელი პროდუქტია და აუცილებლად უნდა გაეწიოს სათანადო რეკლამაო, განაცხადა მან. ბატონმა ვოგემ პირად საუბარში ისიც გამიმხილა, რომ გარდა დამბალხაჭოსი, ძალიან მოეწონა ქართული ხალხური სიმღერა.
This post has been edited by WOMAN IN LOVE on 13 Jan 2012, 12:05