„კვახის ნამცხვარი“ წერეთლის მწვადითა და ნიგვზით
„კვახის ნამცხვარი“ - უცნაურად ჟღერს ნამდვილად. ძალზედ უცხოა ქართული სამზარეულო ტრადიციებიდან გამომდინარე ამის წარმოდგენა . . თუმცა, ბევრი ქვეყნისთვის ტრადიციული და პოპულარული დესერტია. ასე, რომ მე „ველოსიპედი“ სულაც არ გამომიგონია - ვსინჯე და მომეწონა, ფაფუკი და მსუბუქი ბისკვიტი საუკეთესო დესერტია ყავასთად/ჩაისთან ერთად . .
მასალა:
შაქარი - თეთრი 175 გრ;
მზესუმზირის ზეთი - 150 გრ;
კვერცხი - 3 ცალი;
კვახი - 250 გრ;
კვახის თესლი ან „წერეთლის მწვადი“ - 70 გრ;
ნიგოზი - 50 გრ;
ფორთოხლის ცედრა - 1 ცალი;
ფქვილი დროჟიანი - 175 გრ. არ ქონის შემთხვევაში - ჩვეულებრივ ხორბლის ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი;
სოდა - 1 ჩაის კოვზი;
მუსკატის კაკალი - 1 ჩაის კოვზი, დაფქვილი.
სიროფი:
1 ფორთოხლის წვენი;
5-6 კოვზი შაქრის პუდრა.
საცხობი ფორმა - 20X20, ბოსტნეულის სახეხი, მიქსერი, 2 ჯამი.
მომზადება:
1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, გაზი 4-ზე. ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული ქაღალდი და მოუსვით ოდნავ ზეთი;
2. დაარჩიეთ ნიგოზი და დანაყეთ;
3. კვახი - სასურველია ტკბილი, დიდი, აგურისფერ-გულიანი და თხელ-კანიანი კვახი. გათალეთ და გახეხეთ;
4. კვახის თესლი ან „წერეთლის მწვადი“ მოხალეთ და გააგრილეთ;
5. ერთ ცალ მწიფე ფორთოხალს გააცალეთ ცედრა - სახეხით, ან ააჭერით დანით (გარეთა, ფერადი კანი, თხლად, ისე რომ თეთრი ნაწილი არ შეყვეს) და დააქუცმაცეთ;
6. ჯამში აურიეთ შაქარი და კვერცხი, ოდნავ შეთქვეფის შემდეგ დაამატეთ ზეთი;
7. ჩაუმატეთ კვახი, ნიგოზი, კვახის თესი და ფორთოხლის ცედრა, მოურიეთ;
8. ფქვილი, სოდა და გახეხილი მუსკატის კაკალი აურიეთ ერთმანეთს და ჩაამატეთ პირველ ჯამში (კვერცხთან და შაქართან);
9. მოურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. შედგით შუა ან ქვემოდან მე-2 ნიშნულზე და ჩართეთ „ცეცხლის“ ზედა და ქვედა პოზიცია ერთდროულად;
10. ცხობისთვის საჭიროა 40-50 წუთი. დაახლოებით 35 წუთში შეამოწმეთ გამოშრობის ხარისხი - ასანთის ღერით, როცა ნამცხვირს ჩაჩხვლეტის შემდეგ ასანთის ღერი მშრალი იქნება - ნამცხვარიც მზად არის.
სიროფი:
მიკროტალღური ღუმლის შემთხვევაში - სპეციალურ ჭურჭელში ჩაასხით ნახევარი ფორთოხლის წვენი და დაამატეთ შაქარის პუდრა, მოურიეთ და შედგით 1 წუთით გასაცხელებლად. გამოიღეთ და აცალეთ შეგრილება, მოაწუწეთ ნამცხვარზე - სურვილისამებრ;
გაზზე მომზადებისას - პატარა ჯამში ჩაასხით ფორთოხლის წვენი და ჩაყარეთ შაქარი, შედგით ცეცხლზე და ურიეთ შაქრის საბოლოდ გახსნამდე და ცოტა შესქელებამდე. გამორთეთ და შეაგრილეთ.
სხვა რეცეპტები იხილეთ აქ:
http://www.perfectcook.org/
მიმაგრებული სურათი