tikushaშექმნილია Nino Jananashvili, შაბათი, 21 მაისი 2011
none
აღწერა სახლში მაიონეზის გაკეთება უმარტივესი აღმოჩნდა, თუმცა ეს აქამდე არასდროს მიცდია, რატომღაც. ერთი რეცეპტი უკვე დევს ამ საიტზე რთულის ავტორობით,მეორე რეცეპტი ვოლლიმ დაწერა ფორუმ.გე-ზე მაგრამ ვეღარ ვიპოვე როცა დამჭირდა, ამიტომ მეხსიერებაში აღვიდგინე და ვარაუდით გავაკეთე. ექსპერიმენტმა გაამართლა. გადავწყვიტე აქაც დავწერო ჩემი ვერსია, იქნებ ვინმეს გამოადგეს.
ინგრიდიენტები
1 კვერცხი (მთლიანი)
150 მლ ზეთი
1/2 ჩ.კ მდოგვი, სასურველია დიჟონის
1 ს.კ ლიმნის წვენი
1/2 ჩ.კ შაქარი
მარილი, შავი პილპილი
ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ კვერცხი, მდოგვი, შაქარი, ლიმნის წვენი, მარილი და პილპილი. დაიწყეთ თქვეფა დაბალ სიჩქარეზე, ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაიწყეთ ცოტ-ცოტა ზეთის ჩამატება თქვეფის პარალელურად.მასა თანდათან ხდება კრემოვანი სტრუქტურის და იწყებს გასქელებას. მოუმატეთ სიჩქარეს, თან გააგრძელეთ ზეთის ჩასხმა.
მასა რომ გასქელდება, შეგიძლიათ დარჩენილი ზეთი მთლიანად ჩაასხათ.
მიღებული მაიონეზი გამოიყენეთ სურვილისამებრ, ან შეინახეთ მაცივარში მინის ქილით.
გამოდის დაახლოებით 200მლ, ცოტა მეტიც.
ზეთი გამოვიყენე მზესუმზირის, თქვენი სურვილით შეგიძლიათ ნებისმიერი ზეთი გამოიყენოთ: ზეითუნის, ნიგვზის, სიმინდის... გააჩნია რომელი არომატი მოგწონთ, შესაძლოა აიღოთ ნახევარ-ნახევარი დოზა მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთიც
-------------------------------------------------------------
3 კვერცხის გული
200 მლ ზეთი (მზესუმზირის, ზეითუნის,სიმინდის… შესაძლებელია მათი ნარევიც)
1/2 ჩ.კ დიჟონის მდოგვი (მე 1 კოვზი ჩავამატე)
1 ს.კ ლიმონის წვენი
მარილი
სურვილის მიხედვით შესაძლოა დაემატოს პილპილი, ნიორი, რაიმე სუნელი ან არომაული მცენარე.
კვერცხის გულები, ლიმონის წვენი, მარილი და მდოგვი მოვათავსოთ თასში ან ბლენდერის ჭიქაში და ავთქვიფოთ. დავიწყოთ ზეთის ჩასხმა ნელ-ნელა, წვრილ ზოლად, თქვეფის შეუჩერებლად. როცა გასქელებას დაიწყებს, შეგვიძლია ზეთის დოზებიც გავზარდოთ. საკმაოდ სქელი მაიონეზი მიიღება და თუ უფრო თხელი გინდათ, ზეთის დამატება შეიძლება. ძალიან გემრიელი მაიონეზია, თუმცა მაინც მეტისმეტად ცხიმიანია და გამოყენებისას ზომიერება არ უნდა დაგვავიწყდეს

ინახება მაცივარში, მინის ქილაში, 4-5 დღემდე.
მოგვიანებით აქვე ჩავამატებ ჩემს ბოლო დროინდელ მიგნებას: მსუბუქ მაიონეზს. როგორც ზედა ფოტოებში ხედავთ, ზეთიანი მაიონეზი საკმაოდ სქელია და ამდენი ცხიმის გამო კალორიულიც. ეს მომენტი სულ მაწუხებდა, არ მხიბლავდა ამდენი ცხიმის მიღება. პატარა ექსპერიმენტის შემდეგ გამოსავალიც ვიპოვე და აი როგორ:
ნახევარი ჭიქა ზეთის დამატების შემდეგ გადავწყვიტე დანარჩენი ზეთი წყლით შემეცვალა, დავიწყე იგივე ტემპერატურის წყლის ნელ-ნელა დამატება. თავიდან მეგონა არაფერი გამოვიდოდა და აიჭრებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა

როგორც ქვედა ფოტოზე ხედავთ, მშვენიერი მაიონეზი გამოვიდა! უბრალოდ ცოტა თხელი იყო, მაგრამ ეს მომწონს კიდეც. გემო შესანიშნავი, როგორიც უნდა იყოს. ნაკლები ცხიმის გამო კი უფრო ჯანსაღია. მაცივარში დადების შემდეგ შედარებით სქელდება.
Nino Jananashvili
თუ ცხოვრებით ხარ უკმაყოფილო , ნუ გაბრაზდები ცხოვრებაზე, უბრალოდ შენ არ იცი როგორ იცხოვრო :)