ბოთლის ლუდები არასოდეს მომწონდა.
თუ ვყიდულობდი ყოველთვის სანაპიროს ლუდებს.
Andy_Kaufman
ხო მაგრამ სამაგიეროდ მეგობრებთან ერთAდ გატარებულ დროს არაფერი ჯობდა.
* * *

ლუდის სმაში დამყარებული რეკორდი და სსრკ-ის უშიშროების ,,შეფის'' ანდროპოვის ნაჩუქარი ოქროს საათი.
საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრის, მეცნიერის და პედაგოგის დემურ დანელიას მოგონებიდან: ,,1970 წელს მივლინებით მიუნხენში ვიმყოფებოდი. ერთ-ერთი ბარის შესასვლელში ცნობილი ამერიკელი ძალოსანის - პოლ ანდერსონის სურათი დავინახე გამოკრული. 1968 წელს მას ლუდის სმაში მსოფლიო რეკორდი დაუმყარებია - ერთ საათში 8 ლიტრი დაულევია. ეს ჩემპიონატი მიუნხენში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. მაშინვე ვიფიქრე რეკორდის მოხსნაზე, მაგრამ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის საჭირო თანხა არ მქონდა. 1974 წელს კვლავ მოვხვდი მიუნხენში, სადაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩავყევი ჩვენს დელეგაციას. ჩემთან ერთად იყვნენ: მიშა მესხი, ძმები ჯეჯელავები, ავთანდილ ჭკუასელი, ნესტორ ჩხატარაშვილი… როცა ლუდის სმის ჩემპიონატის შესახებ მიშა მესხს ვუამბე, აღარ მომეშვა, ფულს მე გიშოვი, ოღონდ არ შემარცხვინოო. დელეგაციის წევრებს ჯიბის ფულად 60 დოლარი ჰქონდათ. მათ მიშამ 50-50 დოლარი გამოართვა, შესატანი თანხის ნაწილი კი მიუნხენში მცხოვრებმა ჩემმა ნათესავებმა - ცნობილმა მეცნიერებმა, ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეებმა გაიღეს. ეს შეჯიბრება ოლიმპიურ სოფელში მდებარე ბარ ,,ამერიკანოში” 30 ივნისს გაიმართა. რეკორდის მოხსნის შემთხვევაში 2500 დოლარით გაჯილდოებდნენ. მიშა მესხი ამ დღისთვის საგანგებოდ მამზადებდა, მლაშე საჭმელს მაჭმევდა და თან უკან დამდევდა - ჩუმად რამე არ გადაყლურწოსო. იმდენი მარილიანი კერძი ვჭამე, ენა სასაზე მეწებებოდა. თანაც ვფიქრობდი, შეჯიბრებაში 15 კაცი მონაწილეობს და რეკორდი რომ ვერ მოვხსნა, რა მეშველება, მთელი დელეგაცია შიმშილით დაიხოცებამეთქი. შეჯიბრებას 500 კაცი ესწრებოდა. ცნობილი სპორტსმენები - ბობროვი, სიმონიანი და ნიკოლაევიც წამოვიდნენ. პირობები ისეთივე იყო, როგორც ჭადრაკში - კათხას ხელს თუ მოჰკიდებდი, უკან აღარ უნდა დაგედგა, ლუდი უნდა დაგელია. ყველა მაგიდასთან პატარა მილით მოდიოდა ლუდი და ლიტრიანი კათხა ივსებოდა. ერთი საათის განმავლობაში ღილაკს რამდენჯერაც მიაჭერდი თითს, იმდენჯერ ივსებოდა კათხა. საჭმელ-სასმელით კი გადავსებული იყო მაგიდები. როგორც კი დავჯექი, ხუთი ლიტრი გადავყლურწე. ეს რომ დაინახეს, რამდენიმე მონაწილე მაშინვე წამოხტა და გაიქცა. არადა, ფული გადახდილი ჰქონდათ, ეჭამათ, ესვათ და მერე წასულიყვნენ, ვინ უშლიდათ?
28 წუთში 13 ლიტრი ლუდი დავლიე და მეტი აღარ ჩამომისხეს. ერთი ამბავი ავტეხე… ამ მომენტში მოვიდა მიშა მესხი და მეუბნება, ბარის მეპატრონეები ამბობენ, ოღონდ გაჩერდეს და ფულს დავუმატებთო. მეტი რომ დამელია, ჩემი რეკორდის მოხსნას ვინღა გაბედავდა? მოკლედ, ოღონდ თავი დაგვანებეო და 500 დოლარი დამიმატეს. ბარ ,,ამერიკანოში” ანდერსონის ფოტოს ნაცვლად, ჩემი ფოტო გამოაკრეს. ნასესხები ფული დელეგაციის წევრებს დავუბრუნე, თანაც ყველა მათგანს მადლობის ნიშნად სტერეომაგნიტოფონები ვუყიდე.
იმ საღამოსვე სასტუმროში საელჩოს წარმომადგენელი მომადგა და მოგებული ფულის ჩაბარება მომთხოვა. სადღა მქონდა ის ფული და თანაც, საჩუქრების ამბავიც არ დაიჯერა… მოსკოვის აეროპორტში ტრაპთან ორი ,,კაგებეშნიკი” დამხვდა შავი ,,ჩაიკით” უშიშროების იმჟამინდელ თავმჯდომარე იური ანდროპოვთან მიმიყვანეს. როგორც კი მის კაბინეტში შევედი, საყვედურებით ამავსო - არცხვენ საბჭოთა მოქალაქის სახელს და უზნეო კაპიტალისტებს აჰყოლიხარ, ასეთი საქციელი საბჭოთა ადამიანისთვის შეუფერებელიაო. გავბედე და შევეპასუხე: ომის დროს პატარა ვიყავი, გერმანელებზე ჯავრის ამოყრა ვერ შევძელი, ახლა ეს შანსი ხელიდან რომ გამეშვა, თავი ცოცხალი რაღად მინდოდა, ამიტომ, როგორც შევძელი, ისე დავამარცხე-მეთქი. შევატყვე, ჩემი ნათქვამი ესიამოვნა… მერე ღილაკს თითი დააჭირა და ოთახში მაგიდა შემოსრიალდა. ზედ ხუთი კათხა ლუდი და ერთი სოსისი იდო. გერმანიაში ლუდს მხოლოდ ერთი სოსისი მივაყოლე და ,,კაგებეს'' ეს გამოეპარებოდა?! - მითხრა, აბა, თუ შეგიძლია, დალიეო. ვიფიქრე, მაინც მიჭერენ და ბარემ დავლევმეთქი. ოთხი კათხა მყისვე გავაქრე, მეხუთესაც რომ მოვკიდე ხელი, გამაჩერა - ,,ნე ნადაო'' - სახეზე გაოცება ეხატა. ანდროპოვმა უცებ მაჯიდან ოქროს საათი მოიხსნა და ხელზე შემაბნია. შემდეგ განკარგულება გასცა, 203-ში წაიყვანეთო. დავიზაფრე - ახლა კი მართლა მიჭერენმეთქი, მაგრამ საპყრობილის ნაცვლად სასტუმრო ,,უკრაინის” ლუქსში წამიყვანეს. 203-ე სამთავრობო ნომერი ყოფილა. ერთი კვირის მერე - გეყოფა დასვენებაო... თვითმფრინავის ბილეთი მომიტანეს და გამომაცილეს. ანდროპოვმა კი თავის გენერლებს დაავალა, ჩემთვის მათი ტელეფონის ნომერი მოეცათ, საჭიროების დროს რომ დავკავშირებოდი. თბილისში ჩამოსვლისთანავე საქართველოს უშიშროების იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა ალექსი ინაურმა დამიბარა და ანდროპოვის ნაჩუქარი საათი ჩამომართვა. სასწრაფოდ დავრეკე ანდროპოვის მოცემულ ნომერზე - ,,ატაბრალი”-მეთქი. მეორე დღესვე დამიბარა ინაურმა და საათი დამიბრუნა. ვიფიქრე - აუფ, ახლა კი გამქაჩავენ და სსრკ-დან ცხვირს აღარ გამაყოფინებენმეთქი, მაგრამ ამის შემდეგ აღარაფერი მომხდარა''.
ფოტოზე - დემურ დანელია და სსრკ-ის უშიშროების თავმჯდომარე იური ანდროპოვი, რომელიც ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი გახდა.