ვფიქრობ სიყვარულის სასწაულს ეს ინფორმაცია მოეწონება:
«თქვენი სახლები თქვენ გელოდებათ!»კეთილმოსურნე აფხაზების საიდუმლო გზავნილები - «Бог иначе не допустит!»«ქართულ-აფხაზური დიალოგი თითქოს შეწყდა... სეპარატისტული რეჟიმი იმის მცდელობაშია, რომ ჩაკეტილი სივრცის მძევალ აფხაზ ხალხს სახელმწიფოებრივი მშენებლობის ილუზია შეუქმნას. სრულ ვაკუუმში მყოფი მოსახლეობა მომწყდარია ქართულ საინფორმაციო სივრცეს.»
აი, ამგვარ ფონზე იწერება უკონვერტო ბარათები, რომელსაც აფხაზები ქართველ მეზობლებს საიდუმლოდ უგზავნიან.
აფხაზეთიდან მიღებული წერილები, რომელიც აფხაზეთის მკვიდრმა, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა «კვირის პალიტრას» ექსკლუზიურად მიაწოდა, სავსეა ადამიანური სითბოთი, სიყვარულითა და მონატრებით.
ცნობილია, რომ ძნელად თუ მოიძებნება ოჯახი აფხაზეთში, რომლის გენეალოგიურ განშტოებებში ქართული და აფხაზური გვარები არ ფიგურირებდეს, რაც ქვეცნობიერად ამ ორ ხალხს დღესაც, წინაპართა მემკვიდრეობის ტყვეებად ამყოფებს. «ბიოლოგიური ერთობა» ის ფენომენია, რომლიდანაც «გადახვევა» ან მასში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა მოკვდავის ხელს არ შეუძლია. ვერც ენგურზე აღმართული ხელოვნური ბარიერი («ცისფერი ჩაფხუტები» მით უმეტეს!) შეძლებს ქართულ-აფხაზურ სიყვარულთან (ოღონდ ახლა უკვე დაფარულთან) ხანგრძლივად ჭიდილს. რამდენად შეძლებენ «აფხაზური პოლიტიკის» მწარმოებელი ჩინოსნები ხალხის ამ გულწრფელ საუბართან მიყურადებას და მის სამოქალაქო დიალოგად ქცევას? სამწუხაროდ, მათი სადღეისო ქმედებები დამაიმედებელი პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლევა. ოკეანის გაღმა-გამოღმა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის საერთაშორისო დოკუმენტების ფრიალი გრძელდება. ასეთია შეულამაზებელი სინამდვილე, რომელიც აფხაზეთიდან გამოღწეულ საიდუმლო გზავნილებს ენგურსგამოღმა საქართველოში ხვდება. ქართველი ადრესატები განძივით უფრთხილდებიან და ინახავენ ამ ბარათებს. ჩვენი კეთილმოსურნე აფხაზი მეზობლების უსაფრთხოების გამო, მათ ვინაობას ჩვენც საიდუმლოდ შევინახავთ. მკითხველს კი წერილების იმ პასაჟებსაც წარმოვუდგენთ, რომელიც «გულის ცრემლებით» დაიწერა და, რომლის თარგმნაც ჩვენს ძალას აღემატებოდა!
Мои родные, незабываемие...
«თქვენი წერილით აღძრულ განცდას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მაგრამ მაინც შევეცდები ჩემებურად ავხსნა: თითქოს ერთმანეთს შევხვდით, თითქოს ტელეფონით ვისაუბრეთ, მერე კი ისეთ სასიამოვნო სიზმარში «ჩავიძირეთ», რომელიც გინდა, არასოდეს დამთავრდეს...
ვისხედით ერთად, ძველი მეზობლები... ვკითხულობდი თქვენს წერილს, გიხსენებდით და თვალწინ ერთად გატარებული დღეები, წარსული ცოცხლდებოდა. ვინ იცის, მერამდენედ მივუბრუნდით იმ ადგილს, სადაც წერთ: «ჩემი სული ენგურის ხიდს არ გამოსცილებია, ის თქვენთან დარჩა. ეძებეთ იგი ჩემი ბინის შესასვლელ კართან, ოთახის კუთხეებში...» წარმოიდგინეთ, ჩვენც იგივე გვემართება. დღე არ გავა, არ გაგიხსენოთ. ჩვენ შორის სიკეთის იმდენი ძაფი გაბმულა, მათი გაწყვეტა შეუძლებელია. თქვენს ბინაში... ვერ შევდივართ!.. მიუხედავად იმისა, რომ იქ პატიოსანი ხალხი ცხოვრობს და ბინასაც გინახავენ, არ გვინდა იმ აზრთან შეგუება, რომ თქვენ - დედა და შვილი, აქ, ჩვენთან არ ხართ... ეს ყველაფერი დროებითია!
...ისევ ისე ვფუსფუსებ ბაღში; ვრგავ, ვასუფთავებ, ვრწყავ. ბავშვს ვუყვები, როცა ისინი დაბრუნდებიან, ვისაც ამ ბაღში ყოფნა უყვარდა, ყველაფერი ლამაზად, ძველებურად უნდა დავახვედროთ-თქო. ასე თითქოს წარსულთან, იმ ადამიანებთან მაქვს გაბმული ხსოვნის ძაფები, ვისაც ეს ქალაქი, ეს მიწა, ეს ბუჩქი თუ ხე უყვარდა. ეს წარსულსა და მომავალს შორის გადებული ხიდია. ასე რომ, ვხლაფორთობ რაღაცას ჩემთვის და ხანდახან უნებურად თვალი თქვენი ფანჯრებისკენ გამექცევა - აბა, ხომ არ დავლანდავ რომელიმე თქვენგანის სილუეტს-მეთქი.
ჩემი უმცროსი ბიჭი ხშირად მეკითხება: ვის უყვარდა ამ ბაღში ყოფნაო. და როცა პასუხს მოისმენს და თქვენ მოგიკითხავთ, რატომ არ დაბრუნდნენ ისინი, ვინც აქ ცხოვრობდა, ომი ხომ დამთავრდაო, - ვერაფერს ვპასუხობ. ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ და ღმერთს ძველი დღეების დაბრუნება შევთხოვოთ. უფალი მოწყალეა და სამართლიანი, იგი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ამ მიწაზე ჩვენი კვლავ ერთად შეყრა უფლის ნებით მოხდება! თქვენს სახლში მცხოვრებნი ბინას აუცილებლად დაგიბრუნებენ (მათგან ამის შესახებ ხშირად გვსმენია). მაგრამ ბევრი ხომ ცარიელ ადგილზე უნდა დაბრუნდეს, გადამწვარ ნასახლარზე... შეინარჩუნეთ ძალა და ჭირს გაუძელით»!
რუსეთიდან დაბრუნებულებს ცარიელი სახლები დაგვხვდა...
«თქვენი წერილი მეზობლებმა ჯერ ცალ-ცალკე, მერე კი ყველამ ერთად წავიკითხეთ. ბევრი ვიტირეთ, თუმცა კი ცრემლმა შვება არ გვაგრძნობინა.
ჩვენი ცხოვრება უამური სიზმარივითაა. დღეთა დინებას არაფერი მოაქვს გაურკვევლობის გარდა. უკაცრიელი, გადამწვარი ქალაქის ყოველდღიურობას ომის მდგომარეობიდან ვერ გამოვყავართ. დღესაც მესიზმრება ომის დაწყების პირველი დღეები, ჩვენი გაქცევა და ნავსადგურის კოშმარები. მერე, რუსეთიდან მობრუნებულებს კი ცარიელი სახლები დაგვხვდა. მაგრამ გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, ზოგმა ჩაგვაცვა, ზოგმა დაგვაპურა, კოვზი და თეფშიც გაგვიყვეს და ასე ნელ-ნელა, თავიდან დავიწყეთ ცხოვრება.
ომის შემდეგ თითქოს დრო გაიყინა, გაჩერდა. სიხარული დაგვიცოტავდა. რამდენიმე მეზობელი ერთმანეთს იმედად შევრჩით.
თქვენი წერილებიდან ვიგებთ, რომ არც თქვენ გილხინთ. მივტირით წარსულს, ოღონდაც ის დრო დაბრუნდეს და მერე თუნდაც მოვკვდე... გამაგრდით, გაუძელით თავზე დატეხილ უბედურებას, აუცილებლად გამოჩნდება სინათლე გვირაბის ბოლოს. თქვენ დაბრუნდებით.
თქვენი მეზობლები».
Где вы и как вы?
...Я знаю одно Сколько мне отпущено судьбой жить, столько и буду ждать!!!
...Вот мы и попращались после недолгой встречи, но не навсегда, не лишайте надежды. которая есть в жизни близких ваших и в самой себе!
...Очень многие общие знакомые спрашивают о вас- где вы и как вы!?
Еще раз обнимаю вас обоих!
უჭირისუფლო საფლავები...
«...ყველაზე მეტად, ალბათ მაშინ ღონდებით, როდესაც აღდგომა ახლოვდება... მინდა დაგამშვიდოთ (თუკი ამას შევძლებ). ეს ერთადერთი დღეა ჩვენთვის სასაფლაოზე გასასვლელად (სხვა დროს ის ტერიტორია ინაღმება და სახიფათო ზონა ხდება). აღდგომას თქვენი ახლობლების საფლავებსაც ვასუფთავებთ, შემდეგ კი იქ ჭიქა ღვინოც წაიქცევა და წითელი კვერცხებიც გადაგორდება... სასაფლაოზე ყველაფერი წარსულს გვახსენებს და საერთოდაც, მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ წარსულში დარჩა!
ორმაგად განვიცდით, როცა ჩვენი ხალხი აფხაზეთიდან შორს, უცხოეთში იღუპება და არატრადიციულად იკრძალება. ჩვენთვის და თქვენთვის კარგად ნაცნობი პიროვნება ამას წინათ სანქტ-პეტერბურგში გარდაიცვალა. ჭირისუფალმა, უსახსრობის გამო ვერ ჩამოასვენა და სამშობლოსგან შორს მოხდა მისი კრემაცია. ღმერთმა შეუნდოს ტრადიციული წეს-ჩვევების და დაკრძალვის ჩვენებური რიტუალის უარმყოფელს. ეს ფაქტიც ხომ ომით მოტანილი უბედურებაა».
მიტოვებული სახლების სევდა...
...Обнимаю вас, мои хорошие, мысленно, вот так - кладу голову вам на грудь и ощущаю вас такую мягкую, теплую... до шеи дотягиваюсь еле-еле, поднимаюсь на цыпочки и целую справа, потом слева и снова справа...
...И мы, полтора человека из старых соседей, тоже ждем вас...
...Лучше дома ничего нет на свете. И эти дома, построенные вами будут вас ждать! Бог не допустит.
სვეტლანა კვიკვინია
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm This post has been edited by არწივი9 on 16 Apr 2007, 18:02