miracle_of_love
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3156
წევრი No.: 23821
რეგისტრ.: 29-September 06
|
#4713759 · 1 Feb 2007, 22:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემის გაგრძელება ადგილობრივ დასაყრდენის გარეშე და მხოლოდ ბიზანტიის დახმარებით დაებრუნებინა მას ტახტი.
IX ს. 80-იან წლებში აღდგა ძველი დინასტია ეგრის-აფხაზეთის სამეფო ტახტზე, მაგრამ ეტყობა, უთანხმოებას საგვარეულოს შიგნითაც ჰქონდა ადგილი.
როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ იყო მტკიცედ დადგენილი ტახტის მემკვიდრეობის ის წესი, რომლითაც მეფობა მამიდან უფროს შვილზე გადადიოდა. საამისო ტენდენცია ჩანს ეგრის-აფხაზეთის მეფეთა საგვარეულოში, მაგრამ მაინც არის შემთხვევები ძმიდან ძმაზე ტახტის გადასვლისა. მაგალითად, IX ს. 60-იან წლებში (დაახლოებით 861), როდესაც გარდაიცვალა მეფე დემეტრე II, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავდა ვაჟი ბაგრატი, ტახტი მისმა ძმამ გიორგიმ დაიკავა. რატომ ავიდა ტახტზე გიორგი და არა ბაგრატი, წყაროებიდან არ ჩანს. შეიძლება, ეს ბაგრატის მცირეწლოვანებით იყოს გამოწვეული, ანდა გიორგის მიერ ბაგრატის უფლებების უგულვებელყოფით. საინტერესოა, რომ ბაგრატს გიორგის გარდაცვალების შემდეგაც წაართვეს ტახტი, მაგრამ ახლა უკვე შავლიანებმა და ბაგრატმა მხოლოდ ბიზანტიის დახმარებით და ბრძოლით დაიბრუნა ის. ბაგრატის შემდეგ ერთხანს თითქოს სწორდება ხაზი და მეფობა მამიდან უფროს შვილზე გადადის (ბაგრატ I, კონსტანტინე III, გიორგი II), მაგრამ გიორგის შემდეგ ისევ იწყება ძმებს შორის ბრძოლა. მეფე გიორგის, რომელსაც, ჩანს, ოთხი ვაჟი ჰყავდა (ლეონი, დემეტრე, თეოდოსი, ბაგრატი), ორი ვაჟი, თეოდოსი და ბაგრატი, თავიდანვე მოუშორებია და ბიზანტიას გაუგზავნია, ”რათა შემდგომად სიკუდილისა მისისა არა იყოს მათ შორის ბრძოლა და ჴდომა”[55]. მაგრამ თეოდოსი მაინც დაბრუნებულა ლეონის გარდაცვალებისა და დემეტრეს გამეფების შემდეგ[56]. დემეტრეს ბევრი მოწინააღმდეგე უნდა ჰყოლოდა. თეოდოსის ”უჴმეს კაცთა ვიეთმე ამის ქუეყანისათა, რათა გამოვიდეს ძმასა თჳსსა ზედა”[57]. ძმის წინააღმდეგ მებრძოლ თეოდოსს მესხი აზნაურებიც უჭერდნენ მხარს. დამარცხებული თეოდოსი ძამელმა მთავარმა ადარნასემ შეიფარა. დემეტრეს მოწინააღმდეგეთა ასეთი ფართო წრე (მესხი აზნაურები, ძამელი მთავარი) იმ პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს, რომელსაც ეგრის-აფხაზეთის სამეფო ატარებდა.
დასავლურქართულმა სახელმწიფომ ადრევე დაიწყო სამხრეთქართული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა. IX ს. 80-იან წლებში ბიზანტიის მხარდაჭერით ეგრის-აფხაზეთის ტახტზე განმტკიცებული ბაგრატი ეხმარება ბიზანტიაში გახიზნულ თავის ცოლისძმას, გვარამ მამფალის ვაჟს, ნასრს. ბაგრატმა გამოიყვანა ნასრი ბიზანტიიდან, ”მისცა ლაშქარი მისი. ხოლო ნასრმა შეიპყრნა სამნი ციხენი სამცხეს, ოძრჴე, ჯუარისციხე და ლომსიანთა”[58]. X ს. 60-იან წლებში ეგრის-აფხაზეთის მეფე ლეონი ჯავახეთს ფლობს და მას იქ თავისი მოხელე, ერისთავი ჰყავს[59]. ეგრის- აფხაზეთის მეფეების ასეთ ენერგიულ ჩარევას სამხრეთ საქართველოს საქმეებში და, რაც მთავარია, მათ დამპყრობლურ ტენდენციებს უნდა გამოეწვია მესხი აზნაურების პოზიცია ეგრის-აფხაზეთის სამეფოს შიგნით ატეხილ ბრძოლაში. ხოლო ქართლის აზნაურის, ძამელი მთავრის, ადარნასეს მიერ ტახტის მაძიებელი თეოდოსის შეფარება და მისთვის მხარდაჭერა ეგრის-აფხაზეთის სამეფოს იმ აქტიური პოლიტიკის შედეგი იყო, რომლის უპირველეს ამოცანას ქართლის დაპყრობა შეადგენდა.
***
იმდროინდელი დასავლეთ საქართველო შედარებით მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას წარმოადგენდა. დასავლეთ საქართველოში მრავლად იყო ქალაქები, ციხეები, ტაძრები. ქალაქთა შორის თავისი მნიშვნელობით გამოირჩეოდა სამეფოს დედაქალაქი ქუთაისი, რომელიც დაწინაურებული რაიონის (ძველი წყაროებით სამოქალაქოს) ცენტრში მდებარეობდა. მნიშვნელოვან ქალაქებს წარმოადგენდა ფაზისი, ცხუმი, ანაკოფია, ვარციხე, ციხე-გოჯი და სხვა ზღვისპირა ქალაქები, რომელნიც უძველესი დროიდან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ბიზანტიასთან.
აღსანიშნავია აგრეთვე, მრავალრიცხოვანი ციხე-სიმაგრეები, როგორც ზღვის სანაპიროზე, ასევე ქვეყნის შიგნით, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიისაკენ მიმავალ გზებზე, ჩრდილოეთ კავკასიიდან მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან დასაცავად. მაგალითად, ციხე მდ. ბზიფის ხეობაში; სობღისის ციხე ალანებისაკენ მიმავალ გზაზე; ციხე წობილი აფშილეთში და სხვა სიმაგრეები კოდორის ხეობაში.
ეგრის-აფხაზეთის სამეფო თავისი დროისათვის დაწინაურებული სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობა-აღებ-მიცემობის ქვეყანას წარმოადგენდა. მასზე საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის მრავალი სავაჭრო გზა გადიოდა, რომლითაც ის უკავშირდებოდა დასავლეთით ბიზანტიას; სამხრეთით − ქართველთა სამეფოსა და სომხურ სახელმწიფოებს, სახალიფოს, აღმოსავლეთ საქართველოს; ჩრდილოეთით − ოსებსა და ხაზარებს.
როგორც საერთოდ მთელი საქართველოს, ასევე დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე აღმოჩენილი VIII-X საუკუნეების ბიზანტიური[60] და არაბული[61] მონეტები ნათლად მეტყველებენ დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-ეკონომიურ ურთიერთობაზე ამ ქვეყნებთან. ქვეყანა კარგად იყო დაცული საზღვისპირო თუ ხეობების შემოსასვლელებში აგებული ციხე-სიმაგრეებითა და საფორტიფიკაციო ნაგებობებით.
ქვეყნის ეკონომიური დაწინაურების აშკარა მოწმობას წარმოადგენს ის დიდი სამშენებლო საქმიანობა, რომელიც IX-X საუკუნეებში ეგრის-აფხაზეთის მეფეთა თაოსნობით გაიშალა სამეფოს ტერიტორიაზე.
***
ბიზანტიის გავლენა დასავლეთ საქართველოზე, მიუხედავად პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისა, მაინც დიდხანს ვრცელდებოდა და მისი აღმოფხვრა, ცხოვრების ყველა სფეროში, თანდათან ხდებოდა.
დასავლეთ საქართველოს სამეფო ხელისუფლება და მოსახლეობა ცდილობდა ყოველგვარი შესაძლებლობის გამოყენებას ბიზანტიის წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ქართველების მონაწილეობა 821-823 წწ. დიდ მოძრაობაში, რომელსაც თომა სლავი ხელმძღვანელობდა. თომა სლავის აჯანყება ბიზანტიის იმპერიაში მიმდინარე ღრმა სოციალური და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება იყო, მასში მონაწილეობდნენ როგორც სოციალურად დაბეჩავებული კლასები, ისე იმპერიის მიერ დაპყრობილი ხალხები, რომელნიც ბიზანტიის უღლის გადაგდებისათვის იბრძოდნენ[62]. ამ აჯანყებაში სლავებთან, სომხებთან და ბიზანტიის მიერ დაპყრობილ სხვა ხალხების წარმომადგენლებთან ერთად, იბრძოდნენ ლაზები, აფხაზები და იბერები[63].
VIII ს. დასასრულს, ბიზანტიის იმპერია იძულებული შეიქნა ეცნო დასავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარება, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმპერიის მიერ ხელის აღებას ამ ქვეყანაზე. IX ს. პირველი ნახევრის მანძილზე ბიზანტიის იმპერიის ფლოტი და ლაშქარი რამდენჯერმე შემოიჭრა დასავლეთ საქართველოში: პირველად 832 წელს[64], შემდეგ 40-იან წლებში ორჯერ, მაგრამ ყოველთვის სასტიკად დამარცხდა.[65]. IX ს. 30-40-იან წლებში ბიზანტია მარცხს განიცდის არაბებთან ბრძოლაში, მეორე მხრივ მას ბულგარელები უტევენ, დიდ ძალად იქცევა პავლიკიანთა მოძრაობაც. ისევ მწვავდება ბრძოლა ხატების თაყვანისმცემლებსა და ხატმებრძოლებს შორის[66].
მართალია, IX ს. მეორე ნახევარში ბიზანტიის იმპერიის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, ე. ი. სტაბილური მდგომარეობა შეიქმნა ქვეყნის შიგნითაც და იმპერიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია არაბებთან ბრძოლაშიც[67], მაგრამ დასავლეთ საქართველოში თავისი ძველი მდგომარეობის აღდგენა მაინც ვეღარ მოახერხა. ამიერიდან ბიზანტიის იმპერია ტაქტიკას იცვლის დასავლეთ საქართველოს მიმართ და ცდილობს თავისი ფორმალური გავლენა მაინც შეინარჩუნოს დასავლეთ საქართველოზე. ამას, როგორც ჩანს, ის, ასე თუ ისე, მაინც ახერხებს. ბიზანტიის იმპერიის უფლება ამ დროს, საერთოდ, ქართულ სახელმწიფოებზე და, კერძოდ, ეგრის-აფხაზეთის სამეფოზე უბრალო მფარველობისა და გავლენის საზღვარს არ გასცილებია, რადგან, ბიზანტიის იმპერიას სამეფოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ ჰქონია[68]. ”ამ დროს ქართველთა ყმობა მხოლოდ გარეგნული ყოფილა და უფროს-უმცროს სამეფოთა შორის კავშირს უფრო უდრიდა ვიდრე ნამდვილს პოლიტიკურ დამოკიდებულებას[69]”. მაგრამ ამ ფორმალურ გავლენას და უფროს-უმცროს შორის დამოკიდებულებას იმპერიის ხელისუფლება დიდი გულმოდგინებით იცავდა და უსვამდა ხაზს. ეს გარემოება კარგად ჩანს ბიზანტიის იმპერიის ხელისუფლების მიერ ეგრის-აფხაზეთის მეფეთადმი ბოძებულ ტიტულატურაში და მათდამი მიმართვის წესში. ბიზანტიელები არასოდეს საქართველოს არც ერთი ქვეყნის მეფეს, და რაც მთავარია, არც გაერთიანებულ საქართველოს მეფეებს ”მეფეს” არ უწოდებდნენ. ისინი დასავლეთ საქართველოს მეფეთა მიმართ ხმარობდნენ ტიტულებს ”მთავარი” (არხონტი) ან ”მფლობელი” (ექსუსიასტი)[70]. ნიშანდობლივია, რომ ასევე უწოდებდნენ ისინი სხვა ქართული სახელმწიფოების თუ მეზობელი სომხეთის მეფეებს. ”ბიზანტიის ხელისუფლებას ამით სურდა ეთქვა, რომ ბიზანტიასთან შედარებით საქართველოს და სომხეთის სამეფოებს უფრო დაბალხარისხოვანი ადგილი ეკავათ”[71]. ეგრის-აფხაზეთის ხელისუფალთ, რომელთაც უკვე VIII ს. დასასრულს ოფიციალურად მიიღეს ”მეფის” წოდება, ბიზანტიის ხელისუფლება უწოდებს ”მთავარს”, ”მფლობელს” (”ექსუსიასტს”)[72]. მართალია, ”ექსუსიასტი” უფრო მაღალი წოდებაა, ვიდრე არხონტი, მაგრამ ის მეფე მაინც არ არის. ამასთანავე, ”ექსუსიასტი” უფრო ”მჭიდრო პოლიტიკური დამოკიდებულების გამომხატველი იყო, მას ბერძნები თითქოს ბიზანტიის კეისრის წარმომადგენლად თვლიდნენ მის სამეფოში”[73]. ბიზანტიის იმპერიის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი მეფე გიორგი II-ისადმი (922-957) გაგზავნილ წერილებში მას უწოდებდა ”ექსუსიასტს”[74], ”ბრწყინვალე ექსუსიასტს”[75], და მისი ”მეფური ღირსების”[76] შესახებაც ლაპარაკობს, მაგრამ არსად ”მეფობით” არ მიმართავდა. ამით ბიზანტიის ხელისუფალთ გარკვეული პოლიტიკური და უფლებრივი აზრის გამოთქმა სურდათ. ამ სურვილს დასავლეთ საქართველოს მეფეთადმი გაგზავნილი დიპლომატიური საბუთების სახელწოდებაც ადასტურებს, რომელთაც ისინი ”ბრძანებას” (”კელეუსის”) უწოდებდნენ. ბიზანტიის იმპერატორები სხვა სახელმწიფოთა მბრძანებლებისათვის გაგზავნილ მიმართვებს ჩამოჰკიდებდნენ ოქროს ბეჭედს (ბულას), რომელზედაც ამოკვეთილი იყო იმპერატორის პორტრეტი. ბეჭდის ღირებულება ადრესატის ღირსებას შეესაბამებოდა.[77] ეგრის-აფხაზეთის მეფისადმი გაგზავნილ მიმართვას ეწერა ”აბაზგიის მთავარს” (ექსუსიასტს) და შეკიდული ჰქონდა ორი სოლიდის ღირებულების ოქროს ბულა[78]. ნიშანდობლივია, რომ ქართველთა მეფეებისადმი[79] გაგზავნილ მიმართვასაც ორსოლიდიან ბულას შეჰკიდებდნენ[80]. ბიზანტიელები იბერიის კურაპალატის მიმართ ხმარობენ ეპითეტს − ”უდიდებულესი[81]”, ხოლო აბაზგიის მთავრის მიმართ − ”ბრწყინვალე[82]”. თუ შევადარებთ ბიზანტიის საიმპერატორო კარის მიმართვის წესებს სხვადასხვა მფლობელისადმი, ”დავინახავთ, რომ ზოგი მეზობელი სახელმწიფო უფრო მაღალ რანგში ჰყავს აყვანილი ბიზანტიის მთავრობას,ზოგიც უფრო დაბალ საფეხურზე ჰყავს[83]. საქართველოს მეზობლებთაგან ეგრის-აფხაზეთის მეფეებზე უფრო მაღალ რანგში აყვანილია დიდი არმენიის ერისთავთ-ერისთავი, რომელსაც მიმართვა სამსოლიდიანი ბულით ეგზავნება და ”უბრწყინვალესი” ეწოდება[84], ასევე ხაზარეთის ხაკანი, რომელსაც სამსოლიდიანი ბულით ეგზავნება მიმართვა და ”უკეთილშობილესი” და ”უბრწყინვალესი” ეწოდება[85], სამსოლიდიანი ბულითვე ეგზავნება მიმართვა ვასპურაკანის ერისთავთ-ერისთავს (არხონტთა არხონტს) და ეწოდება უბრწყინვალესი”[86]. ალანიის მთავარს, აბაზგიის მთავრის მსგავსად ყოველგვარი ეპითეტის გარეშე ორსოლიდიანი ბულით ეგზავნება მიმართვა[87]. ხოლო ამიერკავკასიის მთელ რიგ მთავრებს მიმართვები საერთოდ ბულების გარეშე ეგზავნებათ. როგორც ბიზანტიის საიმპერატორო კარის ამ ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, ამიერკავკასიის სახელმწიფოთა შორის ეგრის-აფხაზეთის მთავარზე მეტი პატივით ბიზანტიის იმპერია სომხეთის მთავრებს მიმართავდა, ხოლო ქართულ სახელმწიფოთა შორის ეგრის-აფხაზეთის მეფეს, რომელსაც ის, მართალია, მეფეს არ უწოდებდა, მაგრამ მაინც დამოუკიდებელ ხელისუფლად თვლიდა. განსხვავებით ეგრის-აფხაზეთის მეფეებისაგან “ქართველთა მეფეებს” ის მხოლოდ არხონტს, მთავარს უწოდებდა, მართალია, მათაც ორსოლიდიანი ბულით უგზავნიდა მიმართვებს, მაგრამ ”ქართველთა მეფეებს” ბიზანტიის იმპერატორები ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულებით ამკობდნენ. აფხაზთა მეფის მსგავსად ორსოლიდიანი ბულით ეგზავნება მიმართვა ალანთა მთავარსაც, რომელსაც ექსუსიასტეკრატორის ტიტულით მიმართავენ, მაგრამ აფხაზთა მეფისაგან განსხვავებით მას არავითარი ეპითეტით არ ამკობენ. ბიზანტიასა და ეგრის-აფხაზეთის სამეფოს შორის არსებული ოფიციალური ურთიერთობა ფაქტიურად მეგობრობა-მოკავშირეობის ფარგლებს არ სცილდებოდა, რაზედაც აშკარად მეტყველებს პატრიარქ ნიკოლოზ მისტიკოსის წერილი გიორგი ეგრის-აფხაზეთის მეფისადმი, სადაც ის მას ფაქტიურად სთხოვს, რათა გიორგიმ დაიცვას ბიზანტიელებთან ”მეგობრობის სიწმინდე”, შეინახოს ”მოკავშირეობის ქველი სული და ერთგულება”[88].
ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ასეთი ოფიციალური მდგომარეობა იმდროინდელ საერთაშორისო ურთიერთობაში განპირობებული იყო ამ სახელმწიფოს პოლიტიკური სიძლიერით, მისი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეალური მდგომარეობით და უძლიერესი პოლიტიკური ერთეულის უფლებით ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის.
IX ს. შუა წლებში განცდილი მარცხის შემდეგ, ბიზანტია აღარ ცდილობს სამხედრო ჩარევით თავისი მდგომარეობის აღდგენას დასავლეთ საქართველოში, მაგრამ პოლიტიკური ინტრიგებისა თუ ტახტისმაძიებელი უფლისწულებისათვის მხარდაჭერით ცდილობს ხელი შეუშალოს ეგრის-აფხაზეთის სამეფოს გაძლიერებას და შეაფერხოს საქართველოს გაერთიანებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის ის დიდი ეროვნული საქმე, რომელსაც ამ დროს დასავლურქართული სახელმწიფო ჰეგემონობდა.
IX ს. 60-იან წლებში ეგრის-აფხაზეთის მეფის გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ, სამეფოში ტახტისათვის დაიწყო ბრძოლა. ამ ბრძოლაში, როგორც ჩანს. ბიზანტიის იმპერიაც მონაწილეობდა. გიორგი მეფეს მემკვიდრე არ ჰყავდა და მეფედ თავისი ძმის, დემეტრეს, ვაჟი − ბაგრატი სურდა, რომელიც მან თავისსავე სიცოცხლეში ქართლის (შიდა ქართლის) ერისთავად დააყენა. მაგრამ გიორგის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასვლის პრეტენზიას აცხადებს შავლიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი იოანე, რომელსაც მხარს უჭერს გარდაცვლილი გიორგის მეუღლე[89]. 868 წ. იოანე შავლიანმა დაიკავა ტახტი, ბაგრატ უფლისწულმა კი თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. იოანეს შემდეგ ტახტზე მისი ძე ადარნასე ავიდა. ადარნასეს მდგომარეობის განმტკიცების მიზნით, მამამისმა ცოლად შერთო გვარამ აშოტის ძის, ბაგრატიონის, ქალიშვილი[90].
IX ს. 80-იან წლებში (დაახლ. 881 წ.) ბაგრატ უფლისწულს ბიზანტიის იმპერიამ რეალური დახმარება აღმოუჩინა და ”მოსცა ბერძენთა მეფემან ლაშქარი, და მოგზავნა ზღჳთ და ნავითა შემოვიდა აფხაზეთად, მოკლა ადარნასე, ძე იოვანესი, და დაიპყრა აფხაზეთი”[91]. ჩანს, ბაგრატის მომხრე დასი ძლიერი იყო დასავლეთ საქართველოში. ბიზანტიაში ხანგრძლივი დროის მანძილზე ყოფნა მან კარგად გამოიყენა თავის მომხრეთა დასარაზმავად და იმპერიისაგან რეალური დახმარების მისაღებად. ამჯერად, როგორც ვხედავთ, იმპერია ტახტის კანონიერ მემკვიდრეს უჭერს მხარს ალბათ იმ იმედით, რომ გამეფებული ბაგრატი უფრო მეტად გაუწევს ანგარიშს ბიზანტიის იმპერიას.
იმპერია შემდეგაც სარგებლობს ეგრის-აფხაზეთის სამეფო სახლში არსებული წინააღმდეგობით და ცდილობს ტახტზე თავისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას. მეფე გიორგი II-მ (922-957), შვილებს შორის ტახტისათვის ბრძოლის თავიდან აცილების მიზნით, ორი ვაჟი: თეოდოსი და ბაგრატი ადრევე გაგზავნა ბიზანტიას და მოაშორა სახელმწიფო საქმეებს; მაგრამ გიორგის მემკვიდრის, ლეონ III-ის (957-967) გარდაცვალების შემდეგ გამეფებულ დემეტრეს ოპოზიცია ჰყავდა, რომელმაც გამოიწვია თეოდოსი ბიზანტიიდან, ”რათა გამოვიდეს ძმასა თჳსსა ზედა”. ხანგრძლივი ბრძოლა ძმებს შორის დემეტრეს გამარჯვებით დამთავრდა. თეოდოსის ამ ბრძოლაში მესხი აზნაურები და სხვა მთავარნი უჭერენ მხარს. წყაროებიდან არ ჩანს, ბიზანტიის აქტიური მონაწილეობა დემეტრე-თეოდოსის შორის წარმოებულ ბრძოლაში, მაგრამ სავარაუდოა, რომ ბიზანტიიდან წამოსულ თეოდოსს, რეალური თუ არა, მორალური მხარდაჭერა მაინც ექნებოდა კონსტანტინოპოლისა, რადგან ძმათა შორის ომი, რომელიც დაასუსტებდა ეგრის-აფხაზეთის სამეფოს, ხელს აძლევდა ბიზანტიის იმპერიას.
ამგვარად, VIII ს. დასასრულს მოპოვებული მდგომარეობა კარგად შეინარჩუნა ეგრის-აფხაზეთის სამეფომ, ბიზანტიამ კი დაკარგა თავისი ოდინდელი გაბატონებული მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში.
მეორე დიდი სახელმწიფო, რომელთანაც ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ურთიერთობა ჰქონდა, არაბთა სახალიფო იყო.
VIII ს. შუა წლებისათვის დასავლეთ საქართველო გაიწმინთა არაბთაგან და ეს ქვეყანა ”კრძალულ იყო არაბთა შიშისაგან”. მაგრამ არაბები ადვილად არ თმობდნენ პოზიციებს ამიერკავკასიაში. ბიზანტიის იმპერიასთან წარმოებული ომის პირობებში ამიერკავკასიის ქვეყნებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ორივე მხარისათვის (ბიზანტია და სახალიფო). ამის გამო ცდილობდნენ ისინი დასავლეთ საქართველო თავის მოკავშირედ ჰყოლოდათ. ჩანს, IX ს. დასაწყისში არაბები მაინც ახერხებდნენ დასავლეთ საქართველოში შეჭრას, სადაც 830 წელს არაბთა წინააღმდეგ აჯანყებულ დასავლეთ საქართველოს დასახმარებლად ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს (829-842) სამხედრო ექსპედიცია გაუგზავნია თეოფობეს და ბარდას სარდლობით[92], მაგრამ ბიზანტიელები სასტიკად დამარცხდნენ და დიდად შემცირებულნი დაბრუნდნენ უკან[93].
ამის შემდეგ ჩვენ აღარავითარი ცნობა არა გვაქვს არაბთა შეჭრის შესახებ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სამაგიეროდ, ეგრის-აფხაზეთის მეფენი აქტიურად იბრძოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი არაბი სარდლების წინააღმდეგ.
წყაროთა მონაცემების სიმცირის გამო ძნელია თქმა, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობდა სახალიფოს ხელისუფლებასა და დასავლეთ საქართველოს შორის არაბთა განდევნის შემდეგ. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს არაბებთან დამოკიდებულების შესასწავლად გარკვეულ ინტერესს იწვევს X ს. არაბი ისტორიკოსის, მასუდის ცნობა, რომ ”აფხაზები და ხაზარები უხდიდნენ ხარაჯას სანაპირო ციხე თბილისის უფროსს თბილისის დაპყრობისა და მისი მუსლიმებით დასახლების დროიდან ხალიფა მუთავაქილის დრომდე”[94]. თუ მასუდის ეს ცნობა სინამდვილეს გამოხატავს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ VIII ს. და IX ს. შუა წლებამდე (მუთავაქილი ხალიფად იყო 847-861 წლებში) დასავლეთ საქართველო ხარკს უხდიდა არაბებს. შესაძლებელია, სწორედ ამ ხარკის წინააღმდეგ იყო მიმართული 839 წლის აჯანყება და აფხაზთა მეფის ბრძოლაც 853 წ. მუთავაქილის სარდლის ბუღა თურქის წინააღმდეგ. თუ ასეთი ”ხარაჯა” არსებობდა, ის, რასაკვირველია, ჩვეულებრივი, საადგილმამულო გადასახადი კი არ იქნებოდა, არამედ ერთდროული ხარკი, რომელსაც დასავლეთ საქართველო, მსგავსად ხაზარებისა, უხდიდა არაბებს მშვიდობიანობის შესანარჩუნებლად[95].
როგორც აღვნიშნეთ, VIII ს. შუა წლებში დასავლეთ საქართველოდან არაბებს ფეხი ამოუკვეთეს. მაგრამ დასავლეთ საქართველოს არაბებისათვის თუნდაც ერთდროული ხარკი რომ ეძლია, ეს არ ნიშნავს არაბთა რაიმე სახის მფლობელობას დასავლეთ საქართველოში. ერთდროულ ხარაჯას არაბებს ხაზარებიც უხდიდნენ იმ დროს, მაგრამ ხაზარები არაბთა ქვეშევრდომნი არ ყოფილან.
ეგრის-აფხაზეთის მეფენი ყოველგვარ შესაძლებლობას იყენებდნენ არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად ამიერკავკასიაში.
IX ს. შუა წლებში, როდესაც ხალიფას ხელისუფლებას უკვე თავისივე მოხელე, თბილისის ამირა აღარ ემორჩილებოდა, გახშირდა სახალიფოს დამსჯელი ექსპედიციები საქართველოში. ამ ექსპედიციათაგან, როგორც ცნობილია, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბუღა თურქის სარდლობით მოწყობილი ლაშქრობა 852-854 წწ. ბუღას წინააღმდეგ გამოვიდა ეგრის-
აფხაზეთის მეფეც[96], მას შემდეგ, რაც ბუღა თურქმა დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა თბილისის ამირა ისჰაკ იბნ-ისმაილი (853 წ. 5 აგვისტო). “თევდოსი, მეფე აფხაზთა, გამოვიდა წინააღმდგომად მისა, და დადგა კუერცხობს”[97]. ბუღამ ეგრის-აფხაზეთის მეფის წინააღმდეგ გაგზავნა სპასალარი ზირაქი და თავისი მოკავშირე, ტაო-კლარჯეთის მთავარი, ბაგრატ კურაპალატი. “შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ”[98]. დამარცხებული ეგრის-აფხაზეთის მეფე “წარვიდა მეოტი გზასა დვალეთისასა”[99]. მიუხედავად დიდი სამხედრო წარმატებებისა, როგორც ცნობილია, ბუღა თურქის ლაშქრობამ ვერ შეაჩერა თბილისის საამიროს სახალიფოსაგან ჩამოშორების პროცესი და ვეღარ აღადგინა არაბთა უპირატესობა ამიერკავკასიაში.
სახალიფოს დაშლის შემდეგ მახლობელ აღმოსავლეთში მის ნანგრევებზე აღმოცენებული მაჰმადიანური სახელმწიფოები ცდილობენ ამიერკავკასიაზე თავისი ხელისუფლების გავრცელებას. X ს. დასაწყისში ამ მხრივ ყველაზე ენერგიულად აზერბაიჯანის საჯი ამირები მოქმედებდნენ, რომელნიც ფორმალურად თავს ხალიფას მოხელეებად აცხადებდნენ და სახალიფოს ინტერესებისათვის იღვწოდნენ. სინამდვილეში კი სრული დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ და საკუთარი ძალაუფლების დამკვიდრებას ცდილობდნენ საქართველოსა და სომხეთში.
907–915 წლებში აზერბაიჯანის ამირა აბულ-კასიმ იუსუფ აბუ-საჯის ძე ამიერკავკასიაში ლაშქრობს. ამირა საჯის მთავარი მიზანი სომეხთა მეფის, სუმბატ ბაგრატუნის დამორჩილება იყო. სუმბატმა ვერ გაუწია წინააღმდეგობა საჯს და მოკავშირე ეგრის-აფხაზეთის მეფის, კონსტანტინეს სამფლობელოს შეაფარა თავი. ამირა საჯმა ქართლს ილაშქრა. შიდა ქართლი ამ დროისათვის ეგრის-აფხაზეთის სამეფოსთან იყო შეერთებული, მაგრამ ვერც კონსტანტინემ გაუწია საჯის ლაშქარს წინააღმდეგობა. “შემოვიდა ქართლად (აბუსაჯისძე), და მოაოხრა ქართლი”, – წერს მემატიანე[100], მას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და რათა არ გამაგრებულიყო ქართლში “მოარღუივნეს ზღუდენი უფლისციხისანი, რომელ არა დაიმჭირონ”[101].
ამირა საჯის სამხედრო წარმატებებმა შედეგი მაინც ვერ გამოიღო, მაჰმადიანებმა ქართლი ვერ შეინარჩუნეს და ის ისევ ეგრის-აფხაზეთის მეფემ დაიკავა. მაჰმადიანთა ხელისუფლების აღდგენა აქ უკვე შეუძლებელი იყო. მაჰმადიანთა ხელისუფლების აღდგენაზე, საერთოდ, საქართველოში ამ დროს ოცნებაც აღარ შეიძლებოდა.
ამგვარად, IX–X საუკუნეებში ეგრის-აფსაზეთის სამეფო არაბებთან წარმოებული ბრძოლების ინიციატორად გამოდის: ეგრის-აფხაზეთის მეფე ბუღა თურქის წინააღმდეგ ილაშქრებს, ხოლო აბულ-კასიმის მოწინააღმდეგე სომეხთა მეფე სუმბატს მოკავშირეობს და თავის ქვეყანაში თავშესაფარს აძლევს. მართალია, მეფე კონსტანტინემ ვერ დაიცვა შიდა ქართლი და ის აბულ-კასიმმა დაიკავა, მაგრამ მან კარგად ისარგებლა აბულ-კასიმის ლაშქრობის შედეგად სომეხთა სამეფოს დასუსტებით და შექმნილი მდგომარეობა ეგრის-აფხაზეთის სამეფოს საზღვრების შემდგომი გაფართოებისათვის გამოიყენა. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ასეთი მონაწილეობა, საერთოდ, ამიერკავკასიისა და, კერძოდ, ქართული სამეფო-სამთავროების საქმეებში განპირობებულია იმ ჰეგემონური როლით,რომელიც ამ დროს მას უკავია საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის საქმეში.
IX ს. დასაწყისში ეგრის-აფხაზეთის სამეფო თანდათან იმტკიცებს თავის მდგომარეობას – ქვეყნის შიგნით გატარდა ღონისძიებანი ხელისუფლების ცენტრალიზაციის მიზნით, განხორციელდა საეკლესიო რეფორმა, მოპოვებულ იქნა სრული პოლიტიკური სუვერენიტეტი... და ამის შემდეგ კი იგი გადადის აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე, რომლის მიზანია სამეფოს საზღვრებისა და ეგრის-აფხაზეთის სახელმწიფოს გავლენის სფეროების გაფართოება.
ეგრის-აფხაზეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში თავიდანვე მწვავედ იდგა ქართლის საკითხი. აფხაზთა მთავარი ლეონი ჯერ კიდევ VIII ს. 80-იან წლებში აბამს ურთიერთობას ქართლის ერისმთავარ ნერსესთან და არაბთაგან ლტოლვილ ერისთავს ოჯახიანად შეიკედლებს და პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს.
IX ს. 80-იანი წლებიდან კი ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ჩარევა შიდა ქართლისათვის წარმოებულ ბრძოლაში სრულიად რეალურ სახეს იღებს.
შიდა ქართლთან ერთად ეგრის-აფხაზეთის მეფეები ჰერეთის დაპყრობასაც ცდილობენ.
კახეთის მთავარი კვირიკე ეგრის-აფხაზეთის მეფე კონსტანტინეს ჰერეთს იწვევს[102]. ეგრის-აფხაზეთის სამეფო ჰერეთში ხელთ იგდებს არიშსა და გავაზს[103].
ნიშანდობლივია, რომ ეგრის-აფხაზეთის მეფე ერთდროულად იბრძვის იმ გზებისათვის, რომლებიც გადის შიდა ქართლზე, ერთი მხრივ, დარიალის გზისათვის და ამავე დროს ბარდავიდან საქართველოსაკენ მომავალი გზის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც ალაზნის გაყოლებით გავაზზე გადიოდა.
ეგრის-აფსაზეთის მეფენი თავის ექსპანსიას სამხრეთის მიმართულებითაც ავრცელებდნენ. როგორც კუმურდის 964 წლის წარწერიდან ჩანს, X ს. შუა წლებში ჯავახეთზე ეგრის-აფხაზეთის მეფის ლეონის (957-967) ხელისუფლება ვრცელდებოდა[104]; იმ დროს იქ აფხაზთა მეფის მოხელე, ერისთავი ზვიად მარუშიანი იჯდა[105].
ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ჩრდილოეთიდან ალანთა ქვეყანა ემიჯნებოდა. იგი დასავლეთით მოიცავდა დღევანდელი ჩერქეზეთის ტერიტორიას ზელენჩუკის რაიონის ჩათვლით.
ალანები, ისევე როგორც აფხაზები, თავის დროზე ბიზანტიელთა ვასალები იყვნენ, მაგრამ აფხაზეთში ბიზანტიელებმა ადრე დაკარგეს ხელისუფლება, ალანებში კი ის შედარებით დიდხანს შეინარჩუნეს. მართალია, აფხაზეთმა ბიზანტიელთაგან დამოუკიდებლობა VIII ს. დასასრულს მოიპოვა, მაგრამ ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის უფრო ადრე დაიწყო. ნიშანდობლივია, რომ განზე გამდგარი აფხაზეთის წინააღმდეგ ბიზანტიელები ალანების დახმარებას და მოკავშირეობას იყენებენ[106].
ალანთა შემოტევებისაგან თავდასაცავად უნდა აეგოთ აფხაზთა მთავრებს ბზიფისა და კოდორის ხეობებში ციხეები, რომელთა ნანგრევები დღემდეა მოღწეული. ბზიფის ხიდიდან დაახლოებით 8 კმ-ზე, რიწის გზაზე კოშკია აღმართული, რომელსაც გარშემო კედელი აქვს შემოვლებული. ამ ციხეს უნდა ჩაეკეტა ჩრდილო კავკასიიდან შემოსასვლელი გზა. ასეთივე დანიშნულების უნდა იყოს ციხე კოდორის ხეობაში. ეს ციხეები მაშინ უნდა აეგოთ (VIII ს.), როდესაც ჩრდილოეთ კავკასიიდან უტევდნენ დასავლეთ საქართველოს, ხოლო IX-X საუკუნეებში, ეგრის-აფხაზეთის ძლიერი სამეფო თვითონ უტევდა ჩრდილო კავკასიას და შემდეგ კი ოსეთი თავის მოკავშირედ გაიხადა.
როგორც ჩანს, IX ს. შუა წლებში ოსები უკვე ეგრის-აფხაზეთის სამეფოს მოკავშირენი იყვნენ და ზურგს უმაგრებდნენ მას მტრებთან ბრძოლაში. 853 წ. არაბებთან ბრძოლაში დამარცხებული ეგრის-აფხაზეთის მეფე “წარვიდა (დაბრუნდა თავის სამეფოში – მ. ლ.) მეოტი გზასა დვალეთისასა”[107]. “დვალეთის გზა” ოსეთში გადადიოდა და დამარცხებული მეფე ოსთა მომხრეობის სრული გარანტიის შემთხვევაში წავიდოდა ამ გზით. ოსეთსა და ეგრის-აფხაზეთის სამეფოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია VIII ს. 80-იან წლებში უნდა იყოს მომხდარი, კერძოდ მაშინ, როდესაც არაბთაგან დევნილი ქართლის ერისმთავარი ნერსე აფხაზეთში წავიდა, ხაზარების ქვეყანაზე შემოვლით, რისთვისაც მან “განვლო კარი იგი ოვსეთისა”[108] და ისე გადავიდა ხაზარეთს. თუ ოსებისათვის ცნობილი იყო ნერსეს მოგზაურობის საბოლოო მიზანი, მაშინ, საეჭვოა, ოსებს მტრულად განწყობილ ქვეყანაში მიმავალი ნერსესათვის გზა მიეცათ. თუმცა, შეიძლება, ოსთა ასეთ დამოკიდებულებას ნერსესადმი მათი საერთო მტრის, არაბების წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესებიც განსაზღვრავდა.
IX ს. 80-იან წლებში კი თითქოს სადავო აღარ უნდა იყოს აფხაზ-ოსთა მოკავშირეობა. 888 წ. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს მიერ ქართლისათვის წარმოებულ ბრძოლაში ოსები დასავლურქართული სახელმწიფოს მოკავშირეებად გამოდიან. ქართველი ისტორიკოსის ცნობით, “მოვიდეს გურგენ და ადარნასე, ძე დავითისი, უშუელეს სომეხთა, შეიბნეს მტკუარსა ზედა, იძლივნეს აფხაზნი, მოკლეს ნასრა და ბაყათარ, მთავარი ოვსი, და ერისთავი აფხაზთა”[109].
მატიანეს ამ ცნობაში ლაპარაკია ბრძოლაზე შიდა ქართლისათვის სომეხთა და ეგრის-აფხაზეთის სამეფოებს შორის IX ს. 80-იან წლებში. ოსი მთავრის მოხსენიება აფხაზთა მხარეზე, ეგრის-აფხაზეთის სამეფოსა და ოსეთის მოკავშირეობაზე მიუთითებს. როგორც ჩანს, განვლილია ის პერიოდი, როდესაც ბიზანტიის იმპერია ოსებს იყენებდა აფხაზთა წინააღმდეგ. ახლა ეგრის-აფხაზეთის სამეფო იწყებს ოსების გამოყენ
--------------------
თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი. კონსტანტინე გამსახურდია.
Как воздух, ты мне до безумия нужен... (с)
ჩემიდან შენამდე შორია, შენიდან ჩემამდე - პირიქით...
|