აბა აბა
გვეყო წმინდა ფაქტოლოგია
ა.ჯ. ტოინბის ’გამოწვევა-პასუხის’ თეორია და საქართველოს
კულტურულ-ისტორიული განვითარების ზოგიერთი პრობლემაივანე წერეთელიძველი ბერძნები სამყაროს ორ სფეროდ ყოფდნენ: პირველი - ბუნება, რომელიც ადამიანის გარეშე შეიქმნა და არსებობს, მეორე - კულტურა ანუ მეორე ბუნება, შექმნილი ან გარდაქმნილი ადამიანის მიერ.
კულტურა არის მატერიალური საგნების, მოქმედებების, რწმენა-წარმოდგენებისა და ურთიერთობების მთლიანობა, რომელსაც ადამიანი ქმნის ბუნებასთან და სხვა ადამიანებთან კავშირში. იგი წარმოადგენს რთულ ექსტრასომატურ მექანიზმს, რომელსაც ადამიანი იყენებს გადარჩენისა და არსებობისთვის ბრძოლაში.
კულტურა არის ისტორიის მიერ დატოვებული ნალექი, ამბობს კლაიდ კლაქჰონი (7, 21). კულტურა არის საზოგადოების გამოცდილება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა არა გენეტიკურად, არამედ სოციალური მემკვიდრეობის გზით. კულტურას ქმნის საზოგადოება. იგი გამოხატავს მის ხასიათს, მენტალიტეტს და ისევე, როგორც თითოეული ადამიანი მენტალიტეტით განუმეორებელია, ყოველი კულტურაც ორიგინალური და უნიკალურია.
როდესაც ლაპარაკია კულტურაზე, თავისთავად იგულისხმება ადამიანი და საზოგადოება, რადგან ეს სამი ცნება წარმოადგენს ერთ განუყოფელ მთლიანობას. მათი შექმნა ურთიერთთანადროულია. ადამიანის, საზოგადოებისა და კულტურის დაშორება წარმოუდგენელია, რადგან იგი ერთარსის სამი სახეა. კულტურა ადამიანისა და საზოგადოების გარეშე და პირიქით, ადამიანი საზოგადოებისა და კულტურის გარეშე წარმოუდგენელია.
კულტურა შეიძლება შევადაროთ მიწისძვრას, რომელსაც გააჩნია ეპიცენტრი და ვრცელდება გარკვეულ ტერიტორიაზე. ეპიცენტრს წარმოადგენს ის ადგილი, სადაც კულტურის `მამები~ ცხოვრობდნენ. `მამები~ არიან პრიმიტიულ საზოგადოებებში დაბადებული გენიოსები, რომელთა ორიგინალური აღმოჩენები და მიგნებები ვრცელდება საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე. გენიოსები წარმოადგენენ საზოგადოების ელიტას. მათგან მომდინარე ტალღებს დიდი გავლენა აქვს ხალხთა იმ ნაწილზე, რომელსაც ა.ტოინბი `პროლეტარიატს~ უწოდებს, ორტეგა ი გასეტი კი `მასებად~ ნათლავს (3). მათ არ შეუძლიათ თავად მიაგნონ და აღმოაჩინონ, არ გააჩნიათ შემოქმედებითი უნარი. ისინი იღებენ იმას, რასაც ქმნის შემოქმედებითი უმცირესობა. ამიტომ საზოგადოების ორიგინალურ მენტალიტეტს განსაზღვრავს გენიოსთა აღმოჩენები.
კულტურა ცენტრიდანულია, იგი ცენტრიდან მიემართება და ფართოვდება, საზოგადოება კი ცენტრისკენულია, იგი ცენტრის გარშემოა ლოკალიზებული. რაც უფრო დიდ ტერიტორიაზე აქვს ძალა ცენტრიდან მომდინარე ტალღებს, მით უფრო დიდ საზოგადოებას ეყრება საფუძველი. ამა თუ იმ ტერიტორიაზე შეიძლება წარმოიშვას რამდენიმე კულტურული ეპიცენტრი, რაც იწვევს მათგან მომდინარე ტალღათა ურთიერთშეჯახებას. ეს ხდება მიზეზი ხალხთა კონსოლიდაციისა ამა თუ იმ ცენტრის გარშემო.
ერთ საზოგადოებაში გაერთიანება განპირობებულია ადამიანთა ქვეცნობიერი მსგავსებით, ანუ საზოგადოებაში ექცევა `ჩვენიანი~, ხოლო მის გარეთ რჩება `სხვა~.
ამის სიმბოლური გამოხატვა შეიძლება კორიდის მაგალითზე.
კორიდაზე, ხარსა და ადამიანს შორის ორთაბრძოლაში, მაყურებელი, რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს, ადამიანს გულშემატკივრობს. ამის მიზეზი ისაა, რომ თითოეული მაყურებელი ტორეადორსა თუ მატადორს `თავისად~ თვლის. მე და ხართან მებრძოლი ერთნი ვართ, ჩვენ ორივე ადამიანები ვართ. მისი გამარჯვება იმიტომ მიხარია, რომ მისი სახით გავიმარჯვეთ ჩვენ, `ადამიანობამ~. ხარის დამარცხება არის აღიარება ადამიანის ძლიერებისა სამყაროში.
მაგრამ ახლა ვნახოთ, თუ რა სიტუაცია იქნება მოედანზე, სადაც ორი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი გუნდი ხვდება ერთმანეთს. ავიღოთ თუნდაც უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს შეხვდა ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრები გუნდები. მამაჩემმა, რომელიც მატჩს მხოლოდ გართობის მიზნით უყურებდა, და არა რაიმე ფანატური ამბიციით, თქვა, მირჩევნია საფრანგეთმა მოიგოს, რადგან თასი ჩვენთან, ევროპაში დარჩებაო. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ იგი გერმანელებთან, ანუ ევროპელებთან მეტ საერთოს პოულობს, ვიდრე ბრაზილიელებთან. სწორედ ეს არის წყალგამყოფი ორიგინალური კულტურების მატარებელ საზოგადოებათა შორის.
ერთი კულტურა აბსოლუტურად განსხვავდება მეორისაგან, მაგრამ მას საერთო გააჩნია მესამესთან. სწორედ კულტურათა ამ შედარებითობის გზით იქმნება ცივილიზაციები. ცივილიზაცია არის სივრცე, რომელიც მოიცავს მსგავსი კულტურის მქონე საზოგადოებებს.
კულტურა ადამიანის შვილია, ცივილიზაცია კი მისი შვილიშვილი, რადგან ცივილიზაციას უშუალოდ ადამიანები არ ქმნიან, მას კულტურათა ურთიერთობა ქმნის. თუ კულტურა წარმოადგენს ადამიანთა საზოგადოებას, ცივილიზაცია კულტურათა საზოგადოებაა. როგორც ერთ კაცს არ შეუძლია კულტურის შექმნა, ისე ერთ კულტურას არ შეუძლია ცივილიზაციის შექმნა. თუმცა შეიძლება ერთი კულტურა იქცეს ცივილიზაციად, მაგრამ ამას მხოლოდ სხვა კულტურებთან ურთიერთობაში მოახერხებს იმ მიზეზით, რომ იგი თავისიანად ვერ ჩათვლის ვერავის და განცალკევებული დარჩება (მაგალითად, იაპონია და ჩინეთი).
ცივილიზაცია არის სივრცე, რომელიც ყალიბდება კულტურათა ურთიერთობაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი კულტურათა ცივილიზაციებად დაჯგუფებაში ენიჭება კონფლიქტს, როგორც აქტიური ურთიერთობის სახეს. იგი ახდენს კულტურათა იდენტიფიკაციას და დებს მათ შორის წყალგამყოფს, ანუ საზღვარს ავლებს `ჩვენიანსა~ და `სხვას~ შორის.
კონფლიქტი მიზეზ-შედეგობრივია. მისი მიზეზი ხდება საზოგადოების განსხვავებულ მიზანთა ურთიერთშეჯახება, ხოლო კონფლიქტის შედეგია საზოგადოების მოწესრიგება, რადგან კონფლიქტის შედეგი განსაზღვრავს საზოგადოების მომავალ ცხოვრებას.
სანამ უშუალოდ თემის განხილვაზე გადავიდოდეთ, მსურს, ორიოდ სიტყვით ა.ჯ.ტოინბის `გამოწვევა-პასუხის~ თეორიაზე ვისაუბრო.
ტოინბი ცდილობს, იპოვოს ძალა, რომელიც დადებითი ფაქტორის როლს ასრულებს საზოგადოების წარმოშობა-განვითარების გზაზე. ამ ძალას, მისი აზრით, წარმოადგენს `გამოწვევა~, რომელიც მომდინარეობს ბუნებრივი და ადამიანური გარემოდან.
ბუნებრივ `გამოწვევად~ შეიძლება წარმოვიდგინოთ მდინარის დელტა, მთა, ტყე, მიწის გამოშრობა და სხვა. ადამიანური გარემოს გამოწვევად იგი თვლის დაპყრობას, დარტყმას, ზეწოლას.
ა.ტოინბის აზრით, `გამოწვევა~ უნდა იყოს მკაცრი და მუდმივი. ამასთან ერთად, მას თან უნდა ახლდეს შემამსუბუქებელი გარემოება, რათა საზოგადოება მოექცეს განვითარების `ოქროს შუალედში~.
ტერიტორიის მიმართ, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მიმზიდველობა, სახელმწიფოთა, ხალხთა, ერთობათა ინტერესი დუნდება, ხოლო ტერიტორიით დაინტერესება მას აყენებს მკაცრი ადამიანური გარემოს `გამოწვევათა~ წინაშე, რაც ხდება ძირითადი სტიმული აქ საზოგადოების არსებობისა. ხშირად ეს ტერიტორია ხდება განუწყვეტელი ზეწოლის ადგილი. ასეთ ტერიტორიებს ტოინბი უწოდებს `ფორპოსტებს~ და მათ განიხილავს იმ ტერიტორიასთან მიმართებაში, რომელიც ამავე საზოგადოებას ეკუთვნის, მაგრამ ზეწოლის არარსებობის გამო განიხილება როგორც `ზურგი~.
როგორც დავინახეთ, საზოგადოების წარმოშობისათვის აუცილებელია, არსებობდეს `გამოწვევა~, იგი იყოს მკაცრი, მუდმივი და ექცეოდეს განვითარების `ოქროს შუალედში~.
საინტერესოა, თუ როგორ მიესადაგება გამოწვევა_პასუხის თეორია ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას; რამ განაპირობა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოების ჩამოყალიბება.
პირველ რიგში, აღსანიშნავია გარემოცვა, სადაც მას არსებობის დაწყება მოუხდა.
როდესაც ცივილიზებული მსოფლიოს საზღვრები გაფართოვდა და მან კავკასიონს მიაღწია, საქართველო მოექცა ძლიერ სახელმწიფოთა გარემოცვაში. ტერიტორიას, სადაც ქართულ საზოგადოებას ჩაეყარა საფუძველი, ოდითგანვე გააჩნდა ინტერესის აღძვრის სტიმული. მისი გეოგრაფიული მდებარეობა ბევრისთვის იყო ოქროს საწმისი.
ძირითადი სტიმული ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის იყო ის ბუნებრივი პირობები, რომლებიც აქ არსებობდა, რესურსები, სიმდიდრე და მისი მდებარეობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სწორედ ამან დააყენა საქართველო ადამიანური გარემოს მკაცრ გამოწვევათა წინაშე, რაც თავისთავად გახდა ამ ტერიტორიაზე არსებული ტომებისა თუ მოსახლეობის ერთ საზოგადოებად ჩამოყალიბების სტიმული, ე.ი. მიზეზი ქართული საზოგადოების არსებობისა უნდა ვეძებოთ დაინტერესებაში, რომელიც გამოიხატა მის გარშემო მყოფი სახელმწიფოების მხრივ, რადგან სწორედ ამ დაინტერესებამ მისცა სტიმული ქართულ საზოგადოებას, რათა მოსულთა წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალურად გამოეყენებინა ბუნებრივი პირობები და სიმდიდრე.
ტოინბის აზრით, გამოწვევა არის სტიმული, მაგრამ საინტერესოა ერთი რამ: თვითონ გამოწვევასაც შეიძლება გააჩნდეს სტიმული, მაგალითად, საქართველოს ბუნებრივი პირობები გახდა სტიმული იმ გამოწვევათა არსებობისა, რომლის წინაშეც დადგა ქართველობა და რომელიც თვითონ იქცა საზოგადოების ჩამოყალიბების სტიმულად. ქართულ ისტორიულ სინამდვილეში მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სტიმული აქვს საფუძვლად გამოწვევას.
ამის გასაგებად საჭიროა, ისტორიას გადავხედოთ.
დავიწყოთ იმით, რომ ტოინბის აქვს ასეთი ცნება _ ისტორიული კვლევის ინტელიგიბელური, ანუ გონებით წვდომადი არეალი. თუ ჩვენ გვინდა, გავიგოთ ქართული საზოგადოების წარმოშობა-განვითარების მიზეზები, უნდა გადავხედოთ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარემოცვას, რომელშიც მოუხდა მას არსებობა.
პირველ ინტელიგიბელურ არეალად, რომელშიც ქართველ ტომებს მოუხდა ცხოვრება, უნდა ჩაითვალოს მტკვარ-არაქსის, თრიალეთისა და კოლხური კულტურები. ისინი არ წარმოადგენენ ერთი ტომის კულტურებს, არამედ სხვადასხვა ტომთა კულტურული ერთობებია (8). ეს ერთობები ცენტრიდანულია, მასში შემავალი ყველა ტომის თუ ხალხის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს ცენტრიდან მომდინარე კულტურული ტალღები. ცენტრები ცვალებადია: ჯერ იყო მტკვარ-არაქსის მიდამოებში, შემდეგ თრიალეთში გადაინაცვლა და შემდგომ _ კოლხეთში. აქ ჩვენ ვერ ვხედავთ ერთ და ძლიერ საზოგადოებას, რომელიც ცენტრისკენულია და ერთი ცენტრის გარშემოა ლოკალიზებული. სწორედ ამიტომ, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა, ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა არა ერთი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, არამედ რამდენიმე, მოხდა საზოგადოებათა ლოკალიზება.
ვფიქრობ, სწორედ აქაა საძიებელი ქართული კულტურის სათავეები, რადგან ამ კულტურულ ურთიერთობათა დაშლის შემდეგ ჩნდება მრავალი განსხვავებული კულტურის საზოგადოება, ტომი, რომელთა შორისაც მიმდინარეობს აქტიური ურთიერთობა _ კონფლიქტები. სწორედ ამ კონფლიქტებში უშუალო მონაწილეობით მოხდა ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებების ჩამოყალიბება დიაოხისა და კოლხას სახით.
მაშინდელი ვითარება ამ ტერიტორიაზე ქაოსურია. ქართველი ტომების გვერდით ჩნდება ხურიტული ტომების მიერ ჩამოყალიბებული მითანის სამეფო, რომელშიც, ადვილი შესაძლებელია, მოექცა ქართველ ტომთა გარკვეული ნაწილი. აქვე ჩნდება ხეთებისა და ასურეთის სამეფოები, მოგვიანებით კი მითანის სამეფოს ადგილზე აღმოცენდა ურარტუ. ამ სამეფოებს განუწყვეტელი კონფლიქტები ჰქონდათ როგორც ერთმანეთთან, ასევე ქართველურ ტომებთანაც. შემდგომში მითანის, ხეთებისა და ურარტუს სამეფოები განადგურდა, რამაც განაპირობა აქ მცხოვრებ ხალხთა ასიმილაცია ქართულ ტომებში. ამას დაემატა ისიც, რომ ქართულ ტომებს გაუმეზობლდა ამ სამეფოთა გამანადგურებელი ახალი ტომები, რომელთა დიდი ნაწილი დასავლეთიდან იყო შემოსული. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფრიგიის სამეფოს შექმნას, რომელშიც გარკვეული როლი ითამაშეს ქართულმა ტომებმა _ მუშქებმა და ქაშქებმა. შემდეგ ფრიგიაც დაიშალა. მუშქები და ქაშქები ჩრდილოეთისკენ გადასახლდნენ და დიდი გავლენა მოახდინეს ქართული კულტურის ფორმირებაზე.
თავისუფლად შეიძლება ქართული კულტურის მიჩნევა ძველაღმოსავლური, მცირეაზიული ცივილიზაციის შვილად. ის სახელმწიფოები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არსებობდა, განადგურდა. მხოლოდ ქართველური ტომები გადარჩნენ და სწორედ ეს ტომები უნდა ჩაითვალოს მათი კულტურული ტრადიციების გამგრძელებლად, რადგან ქართული მენტალიტეტის ჩამოყალიბება მიმდინარეობს სწორედ ამ `დიდ საზოგადოებაში~. ამ ცივილიზაციაში არსებობის ხანა შეიძლება ჩაითვალოს ქართული მენტალიტეტის “ბავშვობის ხანად”. იგი ზრდასრულ პერიოდს აღწევს მაშინ, როცა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა ცხადდება.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მთლიანად განსაზღვრულია ქართული კულტურის დასავლური ორიენტაციით. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ საქართველო ყოველთვის ცდილობდა, მოკავშირედ მოეძებნა სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებული იყო მისი ტერიტორიით, მაგრამ დიდი პრეტენზიის გამოცხადების საშუალება არ ჰქონდა, რადგან მას ხელს უშლიდა ამ ტერიტორიის რომელიმე უშუალო დიდი მეზობელი. ასე იყო რომისა და ირანის ურთიერთობისას, როდესაც ქართველებმა აირჩიეს რომთან კავშირი, რისი გვირგვინიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება გახდა.
მაგრამ, იქნებ, დასავლეთისაკენ ორიენტაცია ქვეცნობიერის, მენტალიტეტის ბრალიც იყოს. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, მაგრამ შესაძლოა, ფრიგიის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთში გადმოსახლებული ქაშქებისა და მუშქების ტომები, რომელთაც დიდი როლი ითამაშეს ქართული კულტურის ფორმირებაში, თავისი მენტალიტეტით უფრო დასავლეთელები იყვნენ, ვიდრე აღმოსავლეთელები. ფრიგიიდან შემოსულმა ტომებმა ქართულ მენტალიტეტში დალექეს ის, რამაც განაპირობა ქართული კულტურის დასავლური ორიენტაცია. ამ მოსაზრების დასტურად მიმაჩნია ის, რომ როგორც კი ოდნავი საშუალება ჩნდება, საქართველო ცდილობს ურთიერთობა დაამყაროს დასავლეთთან. ასე მოხდა რომი-ირანის, ირან-ბიზანტიის ურთიერთობის დროს და, საბოლოოდ, ამან განაპირობა რუსეთთან დაკავშირებაც.
რა თქმა უნდა, ყველანაირი ურთიერთობა განაპირობებს კულტურის რეფორმაციას. მაგრამ რაც შეეხება კულტურის განვითარება-აღმავლობას, ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა საქართველო გარკვეულ როლს თამაშობს სხვა საზოგადოებათა კონფლიქტში, მაგრამ არ წარმოადგენს მათი ბრძოლების უშუალო არენას.
ასე იყო, მაგალითად, რომსა და პართიას შორის კონფლიქტის დროს, როდესაც ბრძოლის ველს სომხეთი წარმოადგენდა. საქართველოს, როგორც უშუალო მეზობელს, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ მხრივ, თუ ვის მხარეს დაიჭერდა ის ამ ბრძოლაში. ამის გამო, ვერცერთი მათგანი ვერ ახდენდა ზეწოლას ქართლზე. ქართლი, ჯერ როგორც რომის მომხრე, ხოლო შემდეგ სრულიად დამოუკიდებლად იბრძვის სომხეთში ბატონობისთვის.
ისტორიულად კავკასია ხშირად იყო ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ურთიერთშორის ბრძოლის ასპარეზი. ხშირ შემთხვევაში ბრძოლის ველს სწორედ საქართველო წარმოადგენდა, რაც იწვევდა ხან ერთი, ხან მეორე სახელმწიფოს უღელქვეშ ყოფნას.
როგორც ვხედავთ, ა.ტოინბის თეორიის მიხედვით, არსებობს რამდენიმე სიტუაცია, რომელშიც შესაძლებელია საზოგადოების განვითარება. ახლა ვნახოთ, რა მომენტები მოქმედებს ერთიანი საქართველოს ჩამოყალიბების პერიოდში.
როგორც ვიცით, არსებობდა ორი დამოუკიდებელი სამეფო: დასავლეთით _ ეგრისი, აღმოსავლეთით _ ქართლი. მათი ერთ საზოგადოებად ჩამოყალიბების მთავარ სტიმულად იქცა არაბთაგან მომდინარე მკაცრი გამოწვევა. არაბებმა დაიპყრეს ქართლი, მათ ფორპოსტად შემდეგ იქცა თბილისის საამირო. ეგრისი და საამიროს გარეთ დარჩენილი ტერიტორიები განიხილება როგორც `ზურგი~. საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, რომლებიც აქტიურად იბრძვიან დამპყრობელთა წინააღმდეგ. `ზურგი~ ძალას იკრებს. საქართველოს დაშლა არის დასაწყისი არაბთა წინააღმდეგ მიმართული ბრძოლისა. `ზურგის~ გაძლიერებამ ნელ-ნელა შეავიწროვა არაბთა ფორპოსტი. მკაცრ გამოწვევაზე გაცემული ადეკვატური პასუხი გახდა არა მარტო გამარჯვების მიზეზი, არამედ მან დააჩქარა ქართული სახელმწიფოების ერთ საზოგადოებად ჩამოყალიბება, ქართველი ეთნოსის ერად ქცევა.
გაცილებით უფრო ძნელია ბრძოლა, როდესაც ესა თუ ის საზოგადოება იქცევა ერთი სახელმწიფოს ერთ მთლიან ფორპოსტად. თურქ-სელჩუკთა უღლის მოშორება საქართველომ ვერ შეძლო მანამ, სანამ არ დაიწყო ჯვაროსნული ომები და არეულობა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოში. ამ შემამსუბუქებელმა გარემოებამ და გამოწვევის სიმკაცრემ საქართველო გახადა ახლო აღმოსავლეთის უძლიერესი ქვეყანა.
ერთ ფაქტზე მინდა ყურადღების გამახვილება. არაბების ზეწოლამ განაპირობა საქართველოს დაშლა. თუ ეს დაშლა გახდა საზოგადოების განვითარების საფუძველი, რატომ მონღოლთა ზეწოლით დაშლა არ გახდა ანალოგიური პროცესის დასაწყისი?
დავიწყოთ იმით, რომ ქართულმა საზოგადოებამ ჩამოყალიბების თითქმის ერთი და იგივე ეტაპი რამდენჯერმე განვლო. პირველი ეტაპი იწყება უხსოვარი დროიდან და მთავრდება კოლხასა და დიაოხის ჩამოყალიბებით. მეორე ეტაპი მოიცავს პერიოდს მათი განადგურების შემდგომ, ქართლისა და ეგრისის ჩამოყალიბებიდან ვიდრე ლაშა-გიორგის ჩათვლით. წყალგამყოფად ამ პერიოდებს შორის შეიძლება მივიჩნიოთ ჯერ ურარტულ, შემდეგ კიმერიელებისა და სხვა მომთაბარე ტომთა შემოსვლა, რადგან ეს პერიოდი არის არა საზოგადოების განვითარების, ან თუნდაც არსებულის შენარჩუნების, არამედ მისი დაკნინების ისტორია.
იგივე შეიძლება ითქვას მონღოლთა შემოსვლაზე. ეს პერიოდიც წყალგამყოფია, რადგან ისიც საზოგადოების დაკნინების ისტორიაა.
მონღოლებიდან მომდინარე გამოწვევა, რამაც განაპირობა ერთიანი საზოგადოების დაშლა, არის საფუძველი ახალი ეტაპის დასაწყისისა, რომელიც თანამედროვეობამდე მოდის. მონღოლებისგან წამოსულ მკაცრ გამოწვევას, რომელიც შემდგომ სხვა სახელმწიფოებმა განაგრძეს, მთელი ხუთი საუკუნის მანძილზე არ გამოუჩნდა შემამსუბუქებელი გარემოება. სწორედ ამიტომ, რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა ამ ერთიანი ციკლის გაგრძელებად მიმაჩნია, რადგან 1783 წლის ტრაქტატი ამ გამოწვევაზე პასუხის გაცემის მცდელობა იყო.
მართალია, საქართველომ გაერთიანება რუსეთის ზეწოლის ქვეშ მოახერხა, მაგრამ ამით პირველი ეტაპის გამოწვევაზე მან ასე თუ ისე პასუხი გასცა. ამის შემდგომ იწყება რუსეთიდან მომდინარე გამოწვევაზე პასუხის ძიება, რათა საქართველომ მიაღწიოს დანიშნულებამდე, ანუ გეოგრაფიული მდებარეობა, რომლის ბატონ_პატრონადაც რუსეთი მოგვევლინა, კვლავ ქართული საზოგადოების განვითარების საქმეს მოხმარდეს.
ამ ბრძოლის მიუხედავად საქართველომ ორი საუკუნე ვერ იგემა თავისუფლება, რადგან გამოწვევას არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება არ ახლდა. კომპენსაციის მიზეზი შეიქმნა დასავლეთის გამოჩენა ამიერკავკასიისა და, საერთოდ, აღმოსავლეთში.