24 საათი "
# 15 (564)
სამშაბათი, 20 იანვარი, 2004 წელი
ისტორიული ცნობები ქართული ხუთჯვრიანი დროშის შესახებ
იოსებ ბიჭიკაშვილი, რაულ ჩაგუნავა
პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დროშაზე საქართველოში დავით აღმაშენებლის დროიდან ხუთი ჯვარი იყო გამოსახული, ეკუთვნის ო. ტარნოვსკის, რომელმაც ამასთან დაკავშირებით 1982 წელს საგანგებო სტატია გამოაქვეყნა.
მაგრამ ეს ნაშრომი, რომელიც ძირითადად XIV საუკუნის "დროშების მსოფლიო ატლასს" ეფუძნებოდა, ქართული საზოგადოებისათვის, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი დარჩა.
ქართული ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშის საკითხი ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმა საგანგებოდ შეისწავლა ევროპული XIV-XVI საუკუნეების საზღვაო კომპასური რუკები - ე. წ. პორტულანები და კვლევის შედეგები პერიოდულ პრესაში სტატიების სახით გამოაქვეყნა (კვლევის საწყის ეტაპზე ის სარგებლობდა 1872 წელს რუსეთში გამოცემულ ძმები ფედერიკო და დომენიგო პიციგანების 1367 წლის რუკით, ხოლო შემდგომ XIV-XVI საუკუნეების პორტულანების ფოტოასლებით, რომელიც პარიზიდან სახელმწიფო სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა ელდარ შენგელაიამ ჩამოიტანა). პორტულანებზე თბილისის თავზე გამოსახული ხუთჯვრიანი დროშის სრულმა თანხვდენამ ო. ტარნოვსკის მიერ "დროშების მსოფლიო ატლასიდან" გადმოღებულ ნიმუშთან, მკვლევარი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი დროშის გამოყენება გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფო დროშად "საეჭვო აღარ უნდა იყოს" XIII ს. ბოლოს და XIV ს.-ში და სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებშიც.
რაც შეეხება სოხუმის თავზე გამოსახულ ორნაწილიან დროშას, რომლის ერთი ნაწილი ხუთი ჯვრის, ხოლო მეორე - ირიბი ზოლების გამოსახულებისაგან შედგება, დავით მუსხელიშვილმა ის, როგორც საქართველოს სახელმწიფოში შემავალი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავსადგურის, დროშად მიიჩნია.
დავით მუსხელიშვილის განაცხადს ქართველ მკვლევართა ერთ ნაწილმა მხარი დაუჭირა (ს. გამსახურდია, გ. ბუღაძე, ნ. შოშიაშვილი, ზ. ბიდურელი, მ. ნიკოლეიშვილი, დ. კლდიაშვილი, ე. შენგელაია, ჭ. ამირეჯიბი, ი. ბიჭიკაშვილი, რ. შენგელია და სხვ.), ხოლო მეორემ არ გაიზიარა.
ძირითადი არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც ოპონენტები ხუთჯვრიანი დროშის ქართულ სახელმწიფო დროშად მიჩნევას ეწინააღმდეგებოდნენ, იყო შემდეგი:
1. პორტულანების შემდგენელ ვაჭრებს სრულიად არ აინტერესებდათ ქართული დროშები და ამიტომაც ისინი არ უნდა იყვნენ გამოსახული პორტულანებზე.
2. თბილისის და სოხუმის თავზე გამოსახული დროშა კათოლიკე მისიონერების (ტექსტში, როგორც ჩანს, შეცდომით ჯვაროსნებია მოხსენებული) დროშა უნდა იყოს, ვინაიდან ამ ქალაქებში კათოლიკური საეპისკოპოსოები იყო გახსნილი XIV ს-დან 200 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად არ გამოირიცხება აღნიშნული ფაქტის სხვა სავარაუდო ახსნებიც, რომელთაგან ოპონენტების სიტყვებით "ერთ-ერთი ამ რუკის გამომცემელმა ფ. ბრუნმა დაუკავშირა ჯვაროსნებს". მეორე ოპონენტის ვერსიით (ჯ. კეკელია) წვრილმასშტაბიანი რუკის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, გვერდიგვერდ ნაჩვენები ქრისტიანული საქართველოს და სომხეთის მთლიანი სივრცე თბილისის დროშის საშუალებით ერთი ნიშნით არის მონიშნული.
3. ხუთჯვრიანი დროშა რომ ქართული ყოფილიყო, ყოვლად წარმოუდგენელია, რომ მისი ხსენების კვალი წაშლილიყო წერილობით წყაროებში ან ჩვენამდე მოღწეულ გვიანსაუკუნეების დროშებზე და მათი აღწერის ამსახველ წყაროებზე.
4. ხუთჯვრიანი დროშის არაქართულობაზე მიუთითებს ა. ბაქრაძის მიერ მითითებული "ხუთჯვრიანი დროშის" იერუსალიმური ვარიანტის არსებობა.
5. ხუთჯვრიანი დროშა შეიძლება ქართულად ვცნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახსნა მოეძებნება პორტულანებში თბილისისა და სებასტიის ჯვრიანი დროშების მსგავსების ფაქტს. (ა. სილაგაძე, გ. ჯაფარიძე).
6. ახლად გამოვლენილი ფაქტი, რომ XV ს. 30-იანი წლების ბოლოს ქართველებს "თავიანთ დროშაზე მოთავსებული ჰქონდათ წმ. გიორგის გამოსახულება", საბოლოოდ უნდა უარყოფდეს საქართველოში ხუთჯვრიანი დროშის არსებობისა და გამოყენების შესაძლებლობას. (ა. სილაგაძე, გ. ჯაფარიძე).
ჩვენი აზრით, აღნიშნული მოსაზრებების გაზიარება არ იქნებოდა გამართლებული შემდეგი მიზეზების გამო:
1. პორტულანებს აგებდნენ დიდი - სიზუსტით ერთი წერტილიდან მეორემდე - მიმართულების და მანძილის მიხედვით, ხოლო მიმართულების ხაზების ქსელით (რომელიც ოპონენტებმა რატომღაც მარშრუტებად მიიჩნიეს) ადგენდნენ საჭირო მარშრუტს და მანძილს (პორტულანებშივე მოყვანილი ხაზოვანი მასშტაბის საშუალებით). პორტულანის დანიშნულება მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი, თუ ის დროშების საშუალებით ვერ შეძლებდა სავაჭრო ინტერესების თვალსაზრისით არა ნაკლები მნიშვნელობის ინფორმაციის გაცემას, თუ რომელ სახელმწიფოს ეკუთვნოდა ესა თუ ის დანიშნულების პუნქტი. აქედან გამომდინარე, პორტულანების შემდგენელების არდაინტერესება ქართული (და მაშასადამე სხვა ქვეყნების) დროშებით გამორიცხულია. სწორედ დროშებით და მათი შესაბამისი ქვეყნებით დიდმა დაინტერესებამ განაპირობა XIV საუკუნეში ისეთი უჩვეულო სიახლის შემუშავება, როგორიცაა "დროშების მსოფლიო ატლასი".
2. თბილისის თავზე გამოსახული დროშა რომ ვერ ჩაითვლება მისიონერების თუ ჯვაროსნების დროშად ან ქრისტიანებით მოსახლე სივრცის მომნიშვნელ ნიშნად, ამაზე დასაბუთებული პასუხი ადრევე დავით მუსხელიშვილმა გასცა. ჩვენი აზრით, ზედმეტი არ იქნება დამატებითი არგუმენტების მოყვანაც: ა) პორტულანების შესწავლამ გვიჩვენა, რომ აღმართული დროშები ეკუთვნით სახელმწიფოებს, მეტროპოლიებს, სამთავროებს ან ქალაქ-რესპუბლიკებს და ამ მონაცემების ფონზე თბილისზე (თუ სოხუმზე) აღმართული დროშა გამონაკლისი ვერ იქნება; ბ) ხუთი ჯვრის შემცველი დროშა ვერ იქნება მისიონერების და ჯვაროსნების დროშა ან მომნიშვნელი ნიშანი იმის გამოც, რომ "დროშების მსოფლიო ატლასის" თანახმად, ხუთი ჯვარის შემცველი კომპლექსური (ე.ი. ორნაწილიანი) დროშები ჰქონდათ კილიკიის და კიპროსის სამეფოებსაც და ცხადია, რომ ამ სახელმწიფო დროშების სხვა დანიშნულებით გააზრება გამორიცხული უნდა იყოს (მათი ხუთჯვრიანი გამოსახულების შემცველი დროშით რომ კათოლიკე საეპისკოპოსოები ყოფილიყვნენ მითითებული, მაშინ გამოდის, რომ ამ სამეფოების ტერიტორია მთლიანად ასეთი საეპისკოპოსოებით იყო მოფენილი).
3. ჩვენამდე სინამდვილეში მოღწეულია წერილობითი წყაროები და მატერიალური ძეგლიც, რომლებიც ძველად ხუთჯვრიანი დროშის გამოყენებას უნდა ადასტურებდეს. უდავოდ ძალზე საყურადღებოა დავით მუსხელიშვილის მიერ წარმოდგენილი 1299 წლის ცნობა, რომლის თანახმადაც ეგვიპტის მამელუქებზე ამხედრებულ ილხანთა ყაზან ყაენს "თავის ლაშქარში ჰყავდა იბერიის ქრისტიანები თავიანთი ჯვრიანი დროშით".
4. ხუთჯვრიანი ქართული დროშის "იერუსალიმური ვარიანტი" სინამდვილეში არ არსებობს, ვინაიდან, როგორც გაირკვა, "იერუსალიმური ვარიანტის" დიდი ჯვარი ლურჯი, ხოლო პატარა ჯვრები შავი ფერის არის (დ. კლდიაშვილი).
5. სებასტიის დროშა თბილისზე აღმართული დროშისაგან განსხვავებით შედგენილი, ორნაწილიანი დროშაა, რომლის ერთი ნაწილი ხუთჯვრიან, ხოლო მეორე ილხანების სახელმწიფო დროშის გამოსახულებას (წითელ კვადრატს ყვითელ ფონზე) შეიცავს. ე.ი. საქმე გვაქვს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ დროშებთან, რის გამოც მათი იგივეობის ახსნის აუცილებლობა და, მაშასადამე, ხუთჯვრიანი დროშის ქართულად თუ არაქართულად მიჩნევის საკითხიც ავტომატურად იხსნება.
6. XV საუკუნის 30-იანი წლების დასასრულს საქართველოში წმ. გიორგის გამოსახულებიანი დროშის არსებობის გამოვლენა სულაც არ ნიშნავს ამ დროის სახელმწიფო დროშად ხუთჯვრიანი დროშის არარსებობას (ჩვენს მიერ 1447 წლის გაბრიელ დე ვალსეშის პორტულანზე სოხუმის თავზე შესაბამისი დროშის გამოვლენის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხუთჯვრიანი დროშა თბილისის თავზეც იქნებოდა აღმართული, ის რომ პორტულანში მოხვედრილოყო). წმ. გიორგის და ხუთჯვრიანი დროშის თანაარსებობა რაღაც გარკვეულ ეტაპზე სრულიად დასაშვებია, რადგან პირველი სამხედრო დროშად გამოიყენებოდა და სახელმწიფო დროშად მხოლოდ მაშინ უნდა გადაქცეულიყო, როდესაც ერთიანი საქართველო დაიშალა და მისმა ხუთჯვრიანმა დროშამ თავისი გამაერთიანებელი ფუნქცია დაკარგა.
აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის მიერ მიღებული მონაცემების გარდა, ჩვენ შევძელით ხუთჯვრიან დროშასთან დაკავშირებით დამატებითი მასალების მოპოვება. კერძოდ, გაბრიელ დე ვალსეშის 1447 წლის რუკაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოვლენილი იქნა სოხუმის დროშა, რომლის გამოსახულება მცირეოდენი ცვლილების მიუხედავად (ალმის მეორე ნაწილზე ზოლები დიაგონალურის ნაცვლად ჰორიზონტალური მიმართულებითაა გამოსახული), ფაქტობრივად, თანხვდება ანჯელინო დულჩერის (1339 წ.) რუკისეული სოხუმის დროშის გამოსახულებას. ეს სიახლე დოკუმენტურად ადასტურებს 1339-1447 წლებში სამეგრელოს სამთავროს დროშის არსებობას, რომელიც პორტულანებში სამთავროს მთავარი ქალაქის - სოხუმის თავზე გამოისახებოდა, და რომლის მთავარი ნაწილის ხუთჯვრიანი გამოსახულება საქართველოს სამეფოს სუზერენობაზე მიანიშნებდა.
ჩვენს მიერ დადგენილია ხუთჯვრიანი დროშის ჭეშმარიტი წარმომავლობა, რომელსაც აქამდე რატომღაც იერუსალიმის ჯვაროსანთა სახელმწიფოს დროშას (XII ს.) უკავშირებდნენ. ხუთჯვრიანი გამოსახულება იერუსალიმში გაცილებით ადრე იყო ცნობილი, რომელთაგან ყველაზე არქაული, კერძოდ კი II საუკუნის ნიმუში ამოკვეთილია ე.წ. ქრისტეს მეხუთე გაჩერებასთან დაკავშირებული შენობის ფასადზე. აღმოჩნდა, რომ იერუსალიმურ ჯვარს უძველესი დროიდან საქართველოშიც იცნობდნენ, მხოლოდ გათავისებული ფორმით, რომელშიც ცენტრალური - მოტივტივე ჯვრის ნაცვლად მისი ტოტები გამოსახულების კიდეებამდე იყო მიყვანილი. საქართველოს ტერიტორიაზე ხუთჯვრიანი გამოსახულება, რომელიც ანტონ I კათალიკოსის განმარტებით უნდა იყოს "საიდუმლო ხუთ-წყლულებითურთ ჯუარისა გამოსახა", აღმოჩნდა ნეკრესის ახლად გათხრილი ეკლესიის ნანგრევებში (გათხრებს აწარმოებდა აკადემიკოსი ლევან ჭილაშვილი), რომლის თარიღის ზედა ზღვარი ყველაზე კრიტიკული მიდგომითაც, VI საუკუნეს არ უნდა გადაცდეს; ბოჭორმის წმ. გიორგის ეკლესიაზე (X-XI სს.); ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიაზე (XIII-XIV სს.); დმანისში (XIV-XV სს.) და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ პორტულანებშიც საქართველოსთან დაკავშირებულ დროშებზეც ხუთჯვრიანი სისტემა ამ გათავისებული ფორმით არის მოყვანილი. ეს კი იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ გამოსახულების დროშაზე გადატანისას პროტოტიპად არა იერუსალიმის ჯვაროსნული სამეფოს ქრონოლოგიურად უფრო გვიანდელი დროშა, არამედ საქართველოში ქვაზე ნაკვეთი გაცილებით ადრეული ნიმუშები უნდა გამოეყენებინათ (ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ქართველების და ჯვაროსნების მიერ იერუსალიმიდან გადმოღებული ხუთჯვრიანი სისტემა არამარტო ფორმით აღმოჩნდა განსხვავებული: თეთრ ფონზე ქართველები წითელ, ხოლო ჯვაროსნული სამეფოს მესვეურები ოქროსფერ ჯვრებს გამოსახავდნენ). ქვემოთ მოყვანილია სქემა, რომელიც გვიჩვენებს ხუთჯვრიანი დროშების წარმომავლობასთან და მათ შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ ისტორიულ ეტაპებს.
ქართული ხუთჯვრიანი დროშის უშუალოდ იერუსალიმისგან წარმომავლობა არც უნდა იყოს მოულოდნელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაგრატიონებს ამ წმინდა ქალაქთან საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ და ისინი იერუსალიმის დედაქალაქად გამომცხადებლის - დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად თვლიან თავს. ამ თვალსაზრისით, არ არის გამორიცხული, რომ "ქართლის ცხოვრებისეულ" წინადადებაში "დროშისა სვიანად ხმარებულისა ბაგრატოანურისა და უფროსღა გორგასლიანურისა" "ბაგრატოანური" იერუსალიმთან დაკავშირებულ ხუთჯვრიან დროშას გულისხმობდეს.
მნიშვნელოვანი ცნობები შეიძლება მოვიპოვოთ ზოგიერთი წერილობითი წყაროს ახლებური წაკითხვითაც. ამ მხრივ საყურადღებოა პაპუნა ორბელიანის ცნობა 1745 წელს მეფე თეუმურაზ II-ის კურთხევასთან დაკავშირებით, რომელიც ძველად გამოყენებული დროშის ასლების დამზადებას ეხება: "ბრძანა მეფემ დროშათა გაკეთება, გააკეთეს ვითაც ძველად რიგი ყოფილიყო, დროშა ოთხი ჯვარითა მოცული. ერთი უბოძა ორბელიანს ქაიხოსროს, მეორე - მუხრან-ბატონს კონსტანტინეს, მესამე - ამილახორს დიმიტრის და მეოთხე ბატონს კერძო ვლიდა". დღეისათვის საყოველთაოდ არის მიჩნეული, რომ აქ იგულისხმება ისეთი დროშების გაკეთება, რომლის ბუნიკიც ჯვრით ბოლოვდება. მაგრამ სწორედ იმ დროს, ვახუშტი ბაგრატიონის თანახმად, საქართველოში საყოველთაოდ გავრცელებული ყოფილა დროშები ჯვრიანი ბუნიკით, ასე რომ, ჯვრიანი ბუნიკი ვერაფრით ვერ იქნებოდა პაპუნა ორბელიანის მიერ ნაგულისხმევი ობიექტი, რომელიც თურმე წარსულში არსებობდა და იმ დროისათვის ხმარებაში აღარ იყო. ამიტომ აქ უდავოდ ჯვრის გამოსახულების შემცველი ალამი უნდა ჰქონდეს მხედველობაში ისტორიკოსს, მით უმეტეს, რომ სწორედ ალამი და არა დროშის თავი წარმოადგენს დროშის მთავარ და მისი რაობის მაჩვენებელ ნაწილს. პაპუნა ორბელიანის ცნობას თეიმურაზის მეფედ კურთხევისათვის საგანგებოდ დროშების დამზადების შესახებ, ადასტურებს წარწერა, რომელიც ამოტვიფრული იყო 12,5 სმ. დიამეტრის მქონე ვერცხლის მრგვალი ფირფიტის ორივე მხარეს. ამ ფირფიტას ბუნიკზე წამოსაცმელად ქვემო მხარეს ვერცხლისავე ლულა ჰქონდა გაკეთებული, ხოლო ზემოთ ჯვარი აგვირგვინებდა (ეს უკანასკნელი უკვე მოტეხილი იყო, როდესაც ფირფიტა XX ს. დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილმა დაათვალიერა). წარწერა, რომელსაც ჩვენ შემოკლებით ვიძლევით, შემდეგი შინაარსის იყო: "ქ. ჩვენ კეთილმსახურმან მეფემან თეიმურაზ მიუბოძეთ დროშა ესე... მუხრანის ბატონს კონსტანტინეს ორისავ საერისთოს წინა საძღვანად, ოდეს ცხებულ ვიქმენით საცხებელითა მეფეთა... ქ~ეს აქვთ ქ~კს ჩღმე".
ამ წარწერის გათვალისწინებით სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ფირფიტა გაიგივებული იქნა პაპუნა ორბელიანის მიერ მოხსენებულ ერთ-ერთ დროშასთან, რაც ჩვენი აზრით სიმართლეს არ უნდა შეეფერებოდეს. საქმე ის არის, რომ ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ გასწევს დროშის დანიშნულებას, რომლის გამოსახულების დანახვაც საკმაოდ შორი მანძილებიდან უნდა იყოს შესაძლებელი, მაშინ როდესაც 12,5 სმ (!) დიამეტრის დისკო ასეთ შესაძლებლობებს სრულიად მოკლებულია. სწორედ დისკოს გაბარიტებიდან გამომდინარე, ის უდავოდ დროშისთავს წარმოადგენს, ხოლო მის წარწერაში მოხსენებული "დროშა" დროშისთავთან ერთად, პირველ რიგში, იმ ალამს გულისხმობს, რომლის ტილოც პაპუნა ორბელიანის ცნობით "ჯვარითა მოცული" იყო.
რაც შეეხება გამოთქმას "ჯვარითა მოცული", ამ შემთხვევაში მხოლობით რიცხვში, ისევე როგორც სახელწოდებაში "იერუსალიმის ჯვარი", ხუთჯვრიანი სისტემიდან მხოლოდ გაბარიტებით და ცენტრალური მდებარეობით გამორჩეული დიდი ჯვარი უნდა იგულისხმებოდეს. აქედან გამომდინარე, ასევე ხუთჯვრიან გამოსახულებას უნდა აღნიშნავდეს 1299 წლის ცნობაში მოხსენებული ქართული "ჯვრიანი დროშები", რაც ამ წყაროს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ხუთჯვრიან დროშასთან დაკავშირებული კვლევა-ძიებები, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ თავის საწყის სტადიაში იმყოფება და მომავალში ევროპული პორტულან-რუკების, სხვადასხვა ქვეყნების სამუზეუმო ინვენტარის და სხვა მასალების შესწავლა უდავოდ უფრო სრულ წარმოდგენას შეგვიქმნის ძველი ქართული სახელმწიფო დროშის შესახებ.
© გაზეთი " 24 საათი "
© ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
აი შხარავ ეს წაიკითხე ძალიან საინტერესო რამ არის