Etrange
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1396
წევრი No.: 128273
რეგისტრ.: 4-March 11
|
#35308385 · 22 Feb 2013, 14:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩეჩნური ენა (нохчийн мотт) მიეკუთვნება კავკასიური ენების ნახთა ჯგუფს. გამოიყოფა ბარის, შატოური, აკიური (აუხის), ჭებერლოური, შაროული, მელხური, ითონკალური, გალანჩოჟური და ქისტური დიალექტები. თავის მხრივ ისინი იყოფა კილოკავებად, რომელთა შორის უმნიშვნელო განსხვავებაა. ყველაზე მეტად ერთმანეთისგან განსხვავდება ბარის, აკიური, ჭებერლოური და ნაწილობრივ ქისტური (ქართული ენის ძლიერი გავლენის გამო) დიალექტები. ლიტერატურული ჩეჩნური ენა ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნეში ბარის დიალექტის საფუძველზე. დამწერლობა ჩეჩნურ ენაზე 1925 წლამდე არაბულის, 1925-1938 წწ. ლათინურის, 1938 წლიდან კი რუსული გრაფიკის საფუძველზე არსებობდა. ახალი ჩეჩნური ანბანი მიღებულ იქნა 1922 წ. ლათინურის საფუძველზე. დღეისათვის გამოიყენება კირილიცა. ჩეჩნური ენა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა.
ისტორია ჩეჩნები (თავიანთ თავს "ნოხჩებს" უწოდებენ), ვაინახ ხალხთა წარმომადგენლები, ჩრდილოეთ კავკასიის ძირძველი მოსახლეობაა. ჩეჩნეთის ტერიტორია დასახლებულია უძველესი დროიდან, რასაც მოწმობენ არქაული პერიოდის ქვის იარაღები, რომლებიც შუა პალეოლითის ხანის დასაწყისს მიეკუთვნება (40 ათასზე მეტი წლის წინანდელი). ამასთან, ქვის ხანის ადამიანთა კვალი აღმოჩენილია ინგუშეთის და ჩეჩნეთის როგორც ბარში, ისე მთიან ნაწილში. ჩეჩნებს მთელი ისტორიის მანძილზე უხდებოდათ გარეშე მტრებთან ბრძოლა თავიანთი დამოუკიდებლობის დასაცავად. წერილობით ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია მომთაბარეთა ყველაზე ადრეული შემოჭრა ჩრდილო კავკასიაში, ესაა სკიფების შემოსევა და მათი ლაშქრობა, კავკასიის გავლით წინა აზიაში (VII ს. ჩვ. წ-აღმდე). გამანადგურებელ ხასიათს ატარებდა შემოსევები ჩრდილოეთ სტეპებიდან მომთაბარე ტომებისა, რომლებიც ხშირად ახერხებდნენ კავკასიის დაბლობების დაპყრობას და ადგილობრივი მოსახლეობის მთებში განდევნას. ადრეული შუასაუკუნეების ეპოქაში (IV-XII სს.) ჩეჩნებს მოუხდათ რომის, სასანიდური ირანის, არაბთა ხალიფატისა და ხაზართა ექსპანსიის მოგერიება. ჩრდილოეთ კავკასიაში XII საუკუნის დასასრული და XIII საუკუნის დასაწყისი ხასიათდება საქართველოს სამეფოს პოლიტიკური გავლენის გაძლიერებით, რომელიც ამ პერიოდში თავისი ძლევამოსილების მწვერვალზე იმყოფებოდა. გავლენის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო ქრისტიანული რელიგია, რომელსაც ქართველი მისიონერები ავრცელებდნენ - შენდებოდა ეკლესიები და მონასტრები, სადაც მართლმადიდებლური ქრისტიანობის, ქართული ენის, დამწერლობის და კულტურის გავრცელების ცენტრები იყო. XII-XIV სს. ჩეჩნები, თათარ-მონღოლთა შემოსევის გამო, იძულებულნი გახდნენ მთებში გახიზნულიყვნენ. თემურ-ლენგის შემოსევის შედეგად ვაინახებმა უდიდესი ფიზიკური, მატერიალური და კულტურული დანაკარგი განიცადეს. კიდევ ერთხელ გაწყდა დროისა და კულტურის ისტორიული კავშირი. ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ ჩეჩნები მთებიდან თანდათან ეშვებიან და ხელახლა იწყებენ ჩეჩნეთის დაბლობის - თერგი-სუნჯის დაბლობის ათვისებას. XVI-XVII სს. კავკასია მუდმივად იყო ოსმალთა იმპერიის (ვასალით-ყირიმის სახანოთი), ირანის და რუსეთის ინტერესის ობიექტი. ამ სახელმწიფოთა შორის ბრძოლების პერიოდში ჩეჩნეთის მიწაზე შენდება პირველი რუსული ციხე-სიმაგრეები და კაზაკთა ქალაქები. რუსეთის მეფეები, აქტიურად აფართოებდნენ რა თავიანთ სამფლობელოებს, საკუთარი მიზნებისათვის მოხერხებულად იყენებდნენ გასამხედროებულ კაზაკთა თემებს. ამიტომ, იქ სადაც კაზაკები გამოჩნდებოდნენ, დროთა განმავლობაში მათ მიჰყვებოდნენ მეფის ჯარები და ჩინოვნიკები, აშენებდნენ საყრდენ პუნქტებს და იწყებდნენ მიწების ყოველმხრივ ათვისებას, რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოსთვის. XVI საუკუნის შუა ნახევრიდან თერგში როცა დაიწყეს დამკვიდრება კაზაკთა ცალკეულმა ჯგუფებმა. ძირითადად, სახლდებოდნენ მდ. სუნჯის შესართავის მიდამოებში, სადაც 1567 წელს, აღმართეს პირველი სამეფო ციხე-სიმაგრე მუდმივი გარნიზონითა და არტილერიით. XVIII საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის პოლიტიკა, მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში და ნაწილობრივ ჩეჩნეთშიც, მკვეთრად გამოხატული კოლონიალური ექსპანსიის ხასიათს იძენს. განსაკუთრებით მწვავდება ურთიერთობა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ, 1770 წელს ჩეჩნეთზე განხორციელდა სამი ლაშქრობა, რაც მიზნად ისახავდა მათ მიყვანას "საქვეშევრდომო მორჩილებამდე". ამ დროიდან იწყება კავკასიელ მთიელთა მრავალწლიანი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. 1785 წელს შეიხ მანსურის (უშურმის) ხელმძღვანელობით იფეთქა აჯანყებამ, რომელიც დაღესტნის, ინგუშეთის, ყაბარდოს და შავი ზღვისპირეთის ჩერქეზების ტერიტორიაზე გავრცელდა. ღაზავათის (წმიდათაწმიდა ბრძოლა სამშობლოს განთავისუფლებისათვის) ლოზუნგის ქვეშ, შეიხ მანსური აჯანყებულებს რუსი კოლონიზატორებისაგან და ადგილობრივი ფეოდალებისაგან გათავისუფლებისაკენ მოუწოდებდა. 1789 წელს მანსურის მოძრაობა ჩახშობილ იქნა რუსეთის არმიის მიერ. 1791 წელს ტყვედ აიყვანეს თავად შეიხ მანსური, რომელიც შლისელბურგის ციხესიმაგრეში გარდაიცვალა. ანტირუსული მღელვარება კიდევ უფრო გაძლიერდა, 1816 წელს, როდესაც კავკასიის მეფისნაცვლად დაინიშნა გენერალი ე. პ. ერმოლოვი. სადამსჯელო ოპერაციებმა და აულების განადგურებამ, კავკასიის ომი ახალ ეტაპზე გადაიყვანა: XIX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, ღაზავათისა და შარიათის (მუსულმანური რელიგიური სამართალი) შემოღების ლოზუნგებით, დაღესტანში დაიწყო მოძრაობა, რომელმაც თანდათანობით მთიანი ჩეჩნეთიც მოიცვა. 1834 წლიდან შარიათის მოძრაობის ხელმძღვანელად - იმამად (საერო და სასულიერო მმართველად) ავარიელი შამილი იქცა. მან ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიაზე შექმნა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი - იმამატი. ჩეჩენთა მასობრივი მონაწილეობა შამილის მოძრაობაში დაიწყო 1839-1840 წლების ზამთრიდან, როდესაც რუსეთის ჯარები ცდილობდნენ ჩეჩნეთის მოსახლეობის განიარაღებას. იმამ შამილის ბრძოლა დაახლოებით 30 წელი გაგრძელდა და 1859 წელს ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა. შემდგომი ბრძოლები ლოკალური გამოსვლებით ხასიათდება (აჯანყებები 1860-1861 წწ., 1864 წ., შემდეგ - 1877-1878 წწ.). 1860 წელს, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებით, ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა თერგის ოლქი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ჩეჩნეთის, იჩქერიის, ინგუშეთის და მთიელთა ოლქები. კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ (1864 წ.), ასეულობით ათასმა მთიელმა, რომლებიც არ შეურიგდნენ რუსთა ბატონობას, სამშობლო დატოვა და ოსმალთა იმპერიაში გადასახლდა. გადასახლებულთა შორის 20 ათასი ვაინახი იყო. 1920 წლის მარტში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, თერგის ოლქი დაიშალა, ხოლო ჩეჩნეთის (გაერთიანებული იჩქერიასთან) და ინგუშეთის (გაერთიანებული მთიელებთან) ოლქები დამოუკიდებელ ტერიტორიულ წარმონაქმნებად ჩამოყალიბდნენ. ერთი წლის შემდეგ, 1921 წლის 20 იანვარს, ჩეჩნეთი და ინგუშეთი ყარაჩაი-ჩერქეზეთთან, ყაბარდო-ბალყარეთთან და ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად შევიდნენ ხელახლა შექმნილ მთიელთა ასსრ-ში. 1922 წლის 30 ნოემბერს ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქი გამოეყო მთიელთა ასსრ-ს, ხოლო 1924 წლის 7 ნოემბერს მოხდა თავად მთიელთა ასსრ-ის ლიკვიდაცია. 1934 წელს შეიქმნა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, 1936 წლიდან - ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. 1944 წლის 23 თებერვალს გერმანელი ოკუპანტებისთვის ხელშეწყობის ბრალდებით, განხორციელდა ჩეჩნებისა და ინგუშების მასობრივი დეპორტაცია, ძირითადად, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. შედეგად დარჩა ასობით დახვრეტილი და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, ნაცარ-ტუტად ქცეული აულები და სოფლები. ლიკვიდირებულ იქნა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ და მის ნაცვლად შეიქმნა გროზნოს ოლქი ახალი საზღვრებით. 1957 წელს გამოცხადდა ჩეჩენი და ინგუში ხალხის რეაბილიტაცია და მათი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, აღდგა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ. თუმცა, გადასახლებულთა უმრავლესობამ ვერ შეძლო დაბრუნება უწინდელ საცხოვრებელ ადგილებზე: ჩეჩნეთის მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობა, იძულების წესით, დაასახლეს ან კაზაკთა სტანიცებში, ან ბარის ძველ და ახლადშექმნილ სოფლებში. 1991 წლის სექტემბერში ჩეჩენი ხალხის საერთო-ნაციონალურმა კონგრესმა გამოაცხადა იჩქერიის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობა. 1992 წ. მიიღეს ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და შემოიღეს პრეზიდენტის პოსტი (პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი (1991-1996)). აღნიშნული აქტები არ სცნო რუსეთის ფედერაციამ. 1994 წ. დეკემბერი არის დასაწყისი ჩეჩნეთის პირველი ომისა, რომლის მიმდინარეობის პერიოდში რუსეთის ფედერაცია ცდილობს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენას. 1996 წლის აგვისტოში ხელი მოეწერა ხასავიურტის ხელშეკრულებას _ იჩქერიის ტერიტორიიდან ფედერალური ჯარები გაიყვანეს და აღდგა დე-ფაქტო დამოუკიდებლობა. 1997 წელს იჩქერიის პრეზიდენტად არჩეული იქნა ასლან მასხადოვი. 1999-2000 წწ. - ბასაევის და ხატაბის მებრძოლთა რაზმების დაღესტანში შეჭრის შემდეგ, იწყება ჩეჩნეთის მეორე ომი. ფედერალურმა ძალებმა კვლავ აღადგინეს კონტროლი ჩეჩნეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე და რესპუბლიკის მეთაურად დანიშნეს ახმად კადიროვი. 2004 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა ალუ ალხანოვი, ხოლო 2007 წელს - ახმად კადიროვის ვაჟი, რამზან კადიროვი. ......................................... "გროზნოს ანგელოზი" ძალიან საინტერესო წიგნი
ავტორის საკუთარი თვალით ნანახი და ხელით ჩაწერელი უამრავი ჩეჩნური ისტორიები,
This post has been edited by Etrange on 22 Feb 2013, 14:19
--------------------
"All that the nation had and enjoyed All that in dreams of All that it longed for and never had It keys in folklore"
|