სად გავჩერდით და... სიცოცხლის ხესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექსტებზე, რომლებშიც ფიგურირებენ:
1. სიცოცხლის მომნიჭებელი ქალური ღვთაება ხეში ან ხეზე;
2. ღვთიური სასმელი (სომა, ამბროზია, უკვდავების წყალი, თაფლი, სისხლი...) ან საკვები (სამოთხის ვაშლები, ჰესპერიდას ოქროს ვაშლები, იდუნის ვაშლები «უმცროს ედაში»), რომელიც ეძლევა მამაკაცური საწყისის მქონე არსებებს სასიცოცხლო ძალების გაძლიერება-განვითარებისათვის;
3. ჰიეროგამიის სხვადასხვა ვარიანტებში, საკრალური ქორწინების აქტებში:
მაგ. შუმერულ მითოლოგიაში გილგამეშმა ქალღმერთი ინანას სარეცელისათვის კოსმიური ხე მოჭრა:
«ხის ფესვებში მოუნუსხავი გველი მოკლა,
ხის რტოებში ფრთოსანი ანხუდი ბარტყებითურთ შეიპყრო,
ხის შუაგულში ქალწულ ლილას სახლი დაურღვია...
...რტონი მისნი განკაფა,
წმინდა ინანას ტახტისათვის უბოძა,
საწოლისათვის უბოძა».
ხშირ შემთხვევაში, მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის შესამკობად ნახმარი ეპითეტები სწორედ სიცოცხლის ხესთანაა დაკავშირებული: იშთარი და თამუზი (თამუზი შედარებულია თამარისკთან და ტირიფთან), აფროდიტა და ადონისი (ადონისი მსოფლიო ხიდანაა დაბადებული, მის სისხლზე ამოდის ვარდი), იზიდა და ოზირისი (შემხვედრია და ვეღარ ვიპოვნე ოზირისის გამოსახულება ვაზის ლერწმებში, მისი სამარხის ახლოს ამოსული ხე, რომელზედაც ოზირისის სულია ფენიქსის სახით, ოზირისის სახის მწვანე ფერი და მისი სიმბოლო, ლერწმის შეკვრა, რომლებიც ერთმანეთშია ჩადგმული), კიბელა და ატისი (ატისი ჩასახულია ნუშის ან ბროწეულის ნაყოფისაგან), ქრისტე («ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს»).
ამასთან, ხშირად აქტუალიზირებულია ქალური იპოსტასი. გაცილებით იშვიათია მამაკაცის გამანაყოფიერებელი ძალის სიმბოლიკა (დიონისე ვაზის მტევნებით ხელში, სხვადასხვა ფალიური სიმბოლოები). გვხვდება მამაკაცური და ქალური საწყისების მატარებელი ხე-სიმბოლოების წყვილიც ან ორი ხისაგან შექმნილი ქალისა და მამაკაცის სიმბოლოები (მაგ. სკანდინავიურ მითოლოგიაში ოდინი პოულობს და აცოცხლებს ქალისა და მამაკაცის ხის პირველსახეს იფანს და ტირიფს. საინტერესოა, ალბათ, რომ ქალისა და მამაკაცის შესატყვისი რუნების ზედდებისას მსოფლიო ხის ერთ–ერთ გავრცელებული ვარიანტი მიიღება. ).
კაბალისტიკაში კოსმიური სისტემის აღწერისას გამოიყენება კაბალისტური სიცოცხლის ხე - სეფიროთი. სეფიროთი წარმოადგენს რთულ, მრავალწახნაგოვან სიმბოლოს, რომელიც შედგება ათი მანათობელი სფეროსაგან, რომლებიც, თავის მხრივ, ქმნიან სამ სვეტს და გარკვეული წესით არიან ერთმანეთთან შეერთებულნი 22 არხით ანუ «გზით». აღნიშნული დიაგრამა ერთგვარი «კოსმიური პროექტია», რომელიც იძლევა სამყაროსა და ადამიანის, მათი შესაძლო ურთერთკავშირებისა და დამოკიდებულებების სქემატურ, კონცენტრირებულ აღწერას. (და აქ ეკოს „ფუკოს ქანქარა“ მახსენდება და არც თუ უადგილოდ – რომანის არქიტექტონიკა მთლიანად სეფიროთის სქემას ეყრდნობა.)
სიცოცხლის ხის სიმბოლიკა ხშირად იყო აღრეული
ცნობადის ხის სიმბოლიკაში.
თავისთავად ცნობადი ხის სიმბოლიკა საკმაოდ ძველია და მან ზნეობრივი ფუნქცია მოგვიანებით შეიძინა. ძველ ეგვიპტურ «მიცვალებულთა წიგნში», არის ეპიზოდი, სადაც მიცვალებულს, რომელსაც ჩიტის სახე აქვს მიღებული ეპატიჟებიან სიკომოროს (?) ნაყოფის საგემებლად, ვინაიდან ყოველი, რომელიც ამ ხის ნაყოფს იგემებს, ღმერთი გახდება; სიკვდილი ადამიანს იმ ღვთიურ სამყაროში აბრუნებს, საიდანაც ის ამქვეყანად მოვლინებისათვის გამოაძევეს. ამ დროს ადამიანი შეიმეცნებს უდიდეს ჭეშმარიტებას თავის ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ.
ძველ ბაბილონში ცნობილი იყო ორი ხე - სიცოცხლის ხე და ჭეშმარიტების ხე. გარკვეული მოსაზრებით მათ რიგს შეიძლება მივაკუთვნოთ შამანის ხეც, რომელზედაც ადეპტები ხელდასხმას ღებულობენ.
გარკვეულწილად, ცნობადის ხის ფუნქციებს ატარებს სკანდინავიური იგგდრასილიც, რომელზედაც ოდინი ცხრა დღის განმავლობაში ეკიდა, რათა რუნების საიდუმლოება შეეცნო. წმინდა ხის ბოდჰის ძირას იჯდა ბუდა შაკიამუნი, როდესაც გასხივოსნდა. ცნობადის ხე უნდა იყოს ინდურ ეპოსში - ბჰაგავატგიტაში - მოხსენიებული ხე აშვათჰაც:
განსაკუთრებით საინტერესო ტიპია ცნობადის ხე, რომლის ნაყოფსაც ხშირად გველი, გველეშაპი ან სხვა ხთონური არსებები, იცავენ. გმირი, იმისათვის რომ იგემოს აკრძალული ნაყოფი და შეიმეცნოს ჭეშმარიტება, მან უნდა გაიაროს გარკვეული გამოცდა (გავიხსენოთ არგონავტების მითი), შეძლოს ხთონური არსებების დამარცხება და მხოლოდ ამის შემდეგ აღწევს იგი სასურველ შედეგს.
ცნობადის ხის სახეცვლილი ვარიანტია დღეს მთელს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული საშობაო ნაძვის ხეც. თავდაპირველად მას ვაშლებით რთავდნენ. მოგვიანებით, ვაშლები სხვადასხვა სახის სათამაშოებმა და მოსართავებმა შეცვალა.
***
სეფიროთი
მიმაგრებული სურათი