ვაი, რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დავით გურამიშვილის მიერ დაწერილ „ღვთისმშობლის გოდებას“ უკვე წლებია, სამების საპატრიარქო ტაძარში მგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილი ასრულებს. იგი ერთადერთია, რომელიც მაცხოვრის დატირებას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გალობს. მაცხოვრის დატირების საგალობელს თავისი ისტორია აქვს.
უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სურვილი იყო, რომ დავით გურამიშვილის ლექსზე „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“ საგალობელი შექმნილიყო. ამ მიზნით სხვადასხვა კომპოზიტორს მელოდია დაუწერია. ყველა მათგანი მოსაწონი იყო, მაგრამ პატრიარქი გრძნობდა, რომ ეს არ იყო ის, რასაც ეძებდა. ამ მელოდიებს აკლდა რაღაც, რაც მათ განუმეორებლობას მიანიჭებდა. ბოლოს პატრიარქი ნაირა ნაჩხატაშვილის აზრითაც დაინტერესდა. მგალობლის სურვილი კი იყო, რომ საგალობელი ქართველი დედის ტირილთან უნდა ყოფილიყო მიმსგავსებული - ქართველებს ხომ თავადაც უნდა დაეტირათ მაცხოვარი. მართლაც, პატრიარქმა ნაირა ნაჩხატაშვილის მიერ შესრულებული გალობა მოიწონა. მას შემდეგ ამ საგალობელს არაერთი მორწმუნე აუცრემლებია. მართლმადიდებლები აღიარებენ, რომ საგალობელს - „ვაი რა კარგი საჩინო - ღვთისმშობლის დატირება“ - განუმეორებელი მადლი აქვს, რომელიც მთელ ტაძარს ეფინება.
თავად ნაირა ნაჩხატაშვილი წითელ პარასკევს ქრისტეს ჭირისუფლობას განიცდის და მიიჩნევს, რომ ამიტომაცაა ეს საგალობელი ასე ემოციური. პირველად როცა უთხრეს, რომ უნდა ეგალობა, იმ ღამეს ანგელოზების ხმები ჩაესმოდა და დღემდე მაშინდელი მოსმენილის იმიტაციას ახდენს.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა. ამ დღეს ზოგიერთი მორწმუნე მთელი დღის განმავლობაში არ იღებს საკვებს, ზოგი კი მხოლოდ პურსა და წყალზეა. დიდ პარასკევს მთელი საეკლესიო მსახურება მაცხოვრის ჯვარზე ვნების გახსენებას ეძღვნება და უდიდესი მწუხარებითაა განმსჭვალული. ამ დღეს ხომ კაცობრიობამ ღმერთის ძეს სიკვდილი მიუსაჯა. შესაბამისად, სამყარო განაჩენს ელოდა... თუმცა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული მაცხოვრის განაჩენი ასეთი იყო: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ, სამაგიეროდ, თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი ამოყვანის გზად აღიარა.
რატომ დაიტირა დავით გურამიშვილმა, სამშობლოდან გადახვეწილმა პოეტმა, 30 ვერცხლად გაყიდული, ჯვარზე გაკრული მაცხოვარი?! მართალია, დავით გურამიშვილის ლექსში „ტირილი ღვთისმშობლისა“ ღვთისმშობელი გოდებს მაცხოვრის ჯვარცმის გამო, მაგრამ, სინამდვილეში, დავით გურამიშვილი გოდებს მაცხოვარს - ჯვარცმის გამო ხომ თავს დამნაშავედ უნდა გრძნობდეს ყოველი ადამიანი...
ბევრმა არ იცის, რომ დავით გურამიშვილი უაღრესად რელიგიური პოეტია და ბიბლიასთან მისი მიმართება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სხვათაშორის, ერთ-ერთმა პირველმა ილია ჭავჭავაძემ შენიშნა, რომ დავით გურამიშვილი ბიბლიურ მეფესთან - დავით მეფსალმუნესთან მიმსგავსებას ცდილობდა. ილია ამბობდა – დავით გურამიშვილის სარწმუნოებრივი ღაღადება დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნების სიმაღლემდეა ასულიო. ამდენად, დავით გურამიშვილის ლირიკული აზროვნება ფსალმუნურია.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ სირაძე აცხადებს, რომ დავით გურამიშვილის „დავითიანში“ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ლექსების არსებით ნიშნად ლიტურგიული აზროვნების წესი ითვლება, რაც საღვთო ისტორიის მოვლენათა მიჩნევას არა მხოლოდ წარსულის კუთვნილებად გულისხმობს, არამედ - ყოველ დროში აწმყოს მქონედ. აქედან გამომდინარე, ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა არის უჟამო ჟამი, ე.ი. კონკრეტულ დროში მომხდარიც და ზედროულიც.
„დავით გურამიშვილის „ტირილი ღვთისმშობლისა“ ასე იწყება: „მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო, შეიყარენით.“ ეს ხდება როგორც „დღეს“, ისე იმ დროს, „როცა იხილა მშობელმან ძე თვისი, ღვთისა ცხებული, ეკლის გვირგვინით მოსული, შიშველი, განკიცხებული, ჯვარზედა ხელ-ფეხ მიკრული“... თანაგრძნობა ხდება დღევანდელ დღეს და არა - წარსულში. აქ წარსული ითვლება აწმყოდ და ესაა სასწაული,“ - აცხადებს მეცნიერი.
რევაზ სირაძის თქმით, „ტირილი ღვთისმშობლისა“ ჩართულია დავით გურამიშვილისეულ ე.წ. „ქართლის ჭირში“. საინტერესოა, რომ დავით გურამიშვილი ქართლის ჭირს თავად ქართველებს აბრალებდა, რადგან „ქართველთ მადლს ცოდვამ დასძლია“, „მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისაო“ („საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“). ამდენად, გურამიშვილის აზრით, ქრისტეს გაწირვის ცოდვაში ადამიანური ბრალი ქართველებმაც უნდა მიიღონ საკუთარ თავზე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ წმიდა მამები სინანულის ცრემლებს მეორედ ნათლობასაც ადარებენ, აშკარაა, რომ ქრისტეს დატირება განწმენდის გზაა და ამდენადვეა საგულვებელი დავით გურამიშვილიც ქრისტეს დამტირებლად. ასე გადადის ღვთისმშობლის ტირილი დავით გურამიშვილის მოთქმაში.
სხვათა შორის, მკვლევართა აზრთა სხვადასხვაობას დღემდე იწვევს „დავითიანში“ ჩართული დავით გურამიშვილის ლექსი „ზუბოვკა.“ ცნობილია, რომ ლეკთაგან გატაცებული და ბედის უკუღმართობით სამშობლოდან გადახვეწილი პოეტი უკრაინაში, კერძოდ, მირგიროდში ცხოვრობდა და ზუბოვკაში მდებარე საკუთარ მამულში ხშირად უხდებოდა ჩასვლა. ერთხელაც, ზუბოვკიდან მირგოროდში მიმავალს გზაში შეხვედრია ტურფა ქალი. პოეტი გამიჯნურებულა, ეს სიყვარული ტრაგიკულად დასრულებულა. მკვლევარები აცხადებენ, რომ „ზუბოვკას“ შინაარსი მისტიკურ საბურველშია გახვეული და აქ უკრაინელი ქალის გარეგნული სიკეკლუცე არ უნდა დავინახოთ. სინამდვილეში, „ზუბოვკის“ თემა არის მისტიკური გამოცხადება და არა - მშვენიერ ქალთან შეხვედრა. რეალური ქალის ტრფიალით გამოწვეული განცდა მოულოდნელ გრადაციას განიცდის და ქალი ღვთიურ ძალად გადაიქცევა.
რევაზ სირაძე მიიჩნევს, რომ საღვთო ტრფობის უნივერსალურ იდეალთან ზიარება დავით გურამიშვილის სახისმეტყველებას დანტე ალიგიერთან ანათესავებს. დანტოლოგიაში აღნიშნავენ ბეატრიჩეს (დანტეს სატრფო) სახის დეიფიკაციას ანუ განღმრთობას, რაც ნიშნავს, რომ ტრფიალების გრძნობა უნდა განიწმინდოს და მაქსიმალურად გასულიერდეს.
„სიყვარული - ყველაზე დიდი ადამიანური გრძნობა არ უნდა იფარგლებოდეს მიწიერებით და ღვთაებას უნდა გვაზიარებდეს. სწორედ ამ გზით ხდება ბეატრიჩეს სახის დეიფიკაცია დანტეს „ღვთაებრივ კომედიასა“ და „ახალ ცხოვრებაში“. ასეთივე გზით ხორციელდება ზუბოვკელი ქალის დეიფიკაცია დავით გურამიშვილის ლექსში „ზუბოვკა“. ქალის რეალური სახე განიწმინდება და წმიდა სულიერებად იქცევა. ამის შემდეგ ხდება წარმოდგენების სუბლიმაცია, ანუ ერთი მდგომარეობიდან სულ სხვა რეალობაში გადასვლა და მშვენიერი ქალისადმი ვედრება მაცხოვრისადმი ვედრებად გარდაიქმნება. განიწმინდება ადამიანური ტრფიალება და მყარდება საღვთო ტრფობის განწყობა,“ - აცხადებს მეცნიერი.
http://www.youtube.com/watch?v=kVHH0zVH_dA&feature=youtu.beმოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.
ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.
უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!
განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დავით გურამიშვილი
This post has been edited by GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS on 10 May 2012, 00:34