nona22
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 396
წევრი No.: 153726
რეგისტრ.: 5-September 12
|
#38216551 · 1 Oct 2013, 01:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იესოს შესახებ ისტორიული ფაქტები ჯერჯერობით არ არსებობს, კი არის რაღაც ინფორმაციები მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებული არცერთია, კარგით ვაგრძელებ.... 2. მაგრამ ქალაქების შეშინებულმა უფროსებმა იერუსალიმში მცხოვრებ მთავარ მმართველს განუცხადეს, რომ ქვეყანაში მოვიდა ადამიანი სახელად ისა, რომელიც თავისი სიტყვით ხალხს ხელისუფლების წინააღმდეგ აღაგზნებს, ბრბო კი გულმოდგინედ უსმენს, საზოგადოებრივ შრომას უგულებელყოფს და ამბობს, რომ მალე ისა თვითმარქვია მმართველებისაგან გაათავისუფლებს მას. 3. მაშინ პილატემ, იერუსალიმის მმართველმა, ბრძანა შეეპყრათ მოქადაგე ისა, ქალაქში მოეყვანათ და მოსამართლეებისთვის ჩაებარებინათ, მაგრამ, ამასთან, ხალხის უკმაყოფილება არ გამოეწვიათ. პილატემ მღვდლებსა და მწიგნობრებს, ებრაელ უხუცესებს, დაავალა ტაძარში გაესამართლებინათ იგი. 4. ამასობაში ისა ქადაგებას განაგრძობდა. იგი იერუსალიმში ჩავიდა; მცხოვრებლები, იცოდნენ რა მისი დიდების შესახებ, მის შესახვედრად გამოვიდნენ. 5. ისინი პატივისცემით ესალმებოდნენ ისას და თავისი ტაძრის კარი მის წინ ფართოდ გააღეს, რომ მისი პირიდან მოესმინათ ის, რასაც იგი ისრაელის სხვა ქალაქებში ამბობდა. 6. და ისამ უთხრა მათ: "ადამიანთა მოდგმა რწმენის უკმარისობის გამო იღუპება, ვინაიდან ბნელეთმა და ქარიშხალმა შეცდომამდე მიიყვანა ადამიანთა ფარა, და მათ დაკარგეს თავისი მწყემსები". 7. "მაგრამ ქარიშხლები მუდმივად არ გრძელდება, და ბნელეთი ყოველთვის არ ფარავს სინათლეს; მალე ცა ნათელი გახდება, ციური სინათლე მთელ დედამიწაზე გავრცელდება, და დაბნეული ფარა მწყემსის გარშემო შეიკრიბება". 8. "ნუ ეცდებით პირდაპირი გზები ეძებოთ სიბნელეში და რომელიმე თხრილში ჩავარდეთ შიშით. მოიკრიბეთ უკანასკნელი ძალები, ერთმანეთს მხარში ამოუდექით, თქვენი ყველა იმედი ღმერთს დააკისრეთ და სინათლის გამოკრთომის პირველ გამოვლინებას ელოდეთ". 9. "ვინც მეზობელს ეხმარება, იგი თავის თავს განამტკიცებს, და ვინც თავის სახლს იცავს, იგი თავის ხალხსა და ქვეყანას იცავს". 10. "დარწმუნებულნი იყავით, რომ ახლოსაა ის დღე, როცა ბნელეთისაგან გათავისუფლდებით; ერთ ოჯახად მოიყარეთ თავი, და თქვენი მტერი შიშისგან ათრთოლდება, რადგან მან არ იცის, რომ არის დიადი ღმერთის წყალობა". 11. მისი სიტყვებით გაოცებულმა მღვდლებმა და უხუცესებმა ჰკითხეს: მართალია, თუ არა, რომ იგი ცდილობდა ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ აემხედრებინა ხალხი, როგორც ამას მმართველები პილატეს ატყობინებდნენ? 12. "ნუთუ შეიძლება აუჯანყდე გზააბნეულ ადამიანებს, რომლებსაც წყვდიადმა დაუფარა გზა და ბჭე? – უპასუხა ისამ. – მე მხოლოდ ვუბრძანე უბედურებს, როგორც ამას აქ ტაძარში ვაკეთებ, რომ ბნელ გზებზე აღარ მოძრაობდნენ, რადგან მათ ფეხქვეშ უფსკრულმა პირი გააღო". 13. "ამქვეყნიური ძალაუფლება ხანგრძლივი არ არის და მრავალ ცვლილებას ემორჩილება. არავითარ სარგებლობას არ მოუტანდა ადამიანს ამ ძალაუფლების წინააღმდეგ აჯანყება, ვინაიდან ერთი ხელისუფლება მუდამ მეორეს იღებს მემკვიდრეობით; ასე გაგრძელდება ადამიანის ცხოვრების დასასრულამდე". 14. "ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ძლევამოსილები და მდიდრები ზეცის მარადიული ძალაუფლების წინააღმდეგ ამბოხების სულისკვეთებას თესავენ?" 15. "მაშინ უხუცესებმა ჰკითხეს: `ვინ ხარ და რომელი ქვეყნიდან მოხვედი ჩვენთან? აქამდე შენ შესახებ არაფერი გაგვიგია და შენი სახელიც კი არ ვიცოდით". 16. "მე ისრაელიდან ვარ, - პასუხობდა ისა, - და ჩემი დაბადების დღეს იერუსალიმის კედლებს ვხედავდი და მონად ქცეული ჩემი ძმების ქვითინი და წარმართების მიერ წაყვანილი ჩემი დების გოდება მესმოდა". 17. "და ჩემი სული მტკივნეულად ნაღვლობდა, როცა ვხედავდი, რომ ჩემმა ძმებმა ჭეშმარიტი ღმერთი დაივიწყეს; ბავშობიდან მამისეული სახლი მივატოვე, რომ სხვა ხალხებში დავსახლებულიყავი". 18. "მაგრამ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ძმები კიდევ უფრო მძიმე ტანჯვაში ჩავარდნენ, ჩემი მშობლების ქვეყანაში დავბრუნდი, რომ ძმებს კვლავ მოვუწოდო წინაპართა რწმენისკენ, რომელიც მოთმინებას გვიქადაგებს მიწაზე, და ამით ვაიძულო ზეცაში სრულ და უმაღლეს ნეტარებას მიაღწიონ". 19. და ბრძენმა უხუცესებმა კიდევ ასეთი კითხვა დაუსვეს: "ირწმუნებიან, რომ მოსას კანონებს უგულებელყოფ და ღვთის ტაძრის უპატივცემლობას ასწავლი?" 20. და ისა (პასუხობდა): "არ ანგრევენ იმას, რაც ჩვენი მამა ზეციერის მიერაა მოცემული და ცოდვილების მიერ იქნა განადგურებული; მე ვურჩევდი, ყოველგვარი სიბილწისგან გაეწმინდათ გული, რადგან იგი ღმერთის ჭეშმარიტი ტაძარია". 21. "მოსას კანონები კი მინდოდა ადამიანთა გულებში აღმედგინა. და მე გეუბნებით, რომ თქვენ ვერ გაგიგიათ მათი ჭეშმარიტი აზრი, რადგან პატიებას ასწავლიან ისინი და არა შურისძიებას, ოღონდ ამ კანონების აზრი გაუკუღმართებულია".
11 1. ისას რომ მოუსმინეს, მღვდლებმა და ბრძენმა უხუცესებმა გადაწყვიტეს ერთმანეთში არ გაესამართლებინათ იგი, რადგან მას არავისთვის ბოროტება არ ჩაუდენია. მათ პილატეს მიაკითხეს, რომელიც რომულას ქვეყნის მეფემ იერუსალიმის მმართველად დანიშნა, და ასე უთხრეს: 2. "ვნახეთ ის ადამიანი, რომელსაც შენ ჩვენი ხალხის აჯანყებაში ადანაშაულებ, მოვისმინეთ მისი ქადაგება და ვიცით, რომ იგი ჩვენი თანამემამულეა". 3. "ქალაქის უფროსებმა მცდარი ცნობები მოგაწოდეს, რადგან ეს სამართლიანი ადამიანია, იგი ხალხს ღვთის სიტყვას ასწავლის. ჩვენ დავკითხეთ და გავუშვით თავის გზაზე". 4. მმართველი ძლიერ განრისხდა და ისასთან გადაცმული მსახურები გააგზავნა, რომ მისი ყველა მოქმედებისთვის ეთვალთავალათ და მისი ყველა სიტყვა უფროსებისთვის მოეხსენებინათ. 5. წმინდანი ისა აგრძელებდა მეზობელ ქალაქებში შემქმნელის ჭეშმარიტი გზების ქადაგებას, ებრაელებს მოთმინებისკენ მოუწოდებდა და ახლო დროში გათავისუფლებას პირდებოდა. 6. დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა; საითაც არ უნდა წასულიყო, მრავალი ადამიანი მიჰყვებოდა და მსახურობდა მას მოახლედ. 7. ისა კი ეუბნებოდა: "ნუ უჯერებთ სასწაულებს, რომლებიც ადამიანის ხელით ხდება, რადგან მხოლოდ ბუნების მფლობელს აქვს უნარი ზებუნებრივი საქმენი აკეთოს, ადამიანი კი უძლურია ქარის მძვინვარება შეაჩეროს და წვიმა გამოიწვიოს". 8. "მაგრამ არსებობს სასწაული, რომლის მოხდენა ადამიანსაც შეუძლია: ეს, როცა იგი, გულწრფელი რწმენით სავსე, გადაწყვეტს ძირფესვიანად ამოგლიჯოს გულიდან ცუდი აზრები და, როცა მიზნის მისაღწევად, უკანონობის გზებზე აღარ დადის". 9. "ყველა ის საქმე, რომელიც ღმერთის გარეშე სრულდება, მხოლოდ უხეში შეცდომა, შეცდენა და ჯადოქრობაა, და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, ამის შემსრულებელი სული რამდენად სავსეა უსირცხვილობით, სიცრუითა და მანკიერებით". 10. "ნუ უჯერებთ წინასწარმეტყველებს: მხოლოდ ღმერთმა იცის მომავალი. ვინც მკითხავების იმედზეა, თავისი გულის ტაძარს ბილწავს და შემქმნელის თაყვანისცემაში დაურწმუნებლობას ამტკიცებს". 11. "რწმენა ჯადოქრებში და მათს წინასწარმეტყველებაში ადამიანის ბუნებრივ უბრალოებასა და მის ბავშვურ უმანკოებას შლის; მას ქვესკნელის ძალა ეუფლება, რომელიც სხვადასხვა დანაშაულის შესრულებისაკენ უბიძგებს და აიძულებს კერპებს სცეს თაყვანი". 12. "მაგრამ ჩვენი უფალი ღმერთი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს, ერთია, ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყველგან მყოფია, ყველა სიბრძნეს ყველა განათლებას ფლობს". 13. "სწორედ მას უნდა მიმართოთ, რომ მიიღოთ ნუგეშისცემა სიმწარეში, დახმარება შრომაში, ავადმყოფობათა განკურნება. ვისაც იმედი აქვს, მისგან უარს არ მიიღებს". 14. "ბუნების საიდუმლოება ღმერთის ხელშია, ვინაიდან სამყარო მის გამჟღავნებამდე ღვთაებრივი აზრის სიღრმეში არსებობდა; იგი სხეულებრივი და ხილული უზენაესის ნებით გახდა". 15. "როდესაც მოისურვებთ, რომ მიმართოთ მას, კვლავ ბავშვებად იქეცით, რადგან თქვენ არ იცით არც წარსული, არც აწმყო, არც მომავალი, ღმერთი კი დროის მბრძანებელია".
12
1. "სამართლიანო ადამიანო, - უთხრეს იერუსალიმის მმართველის გადაცმულმა მსახურებმა, - გვასწავლე, კეისრის ნება უნდა ვასრულოთ თუ ახლო დროში განთავისუფლებას ველოდოთ?" 2. ისამ იცნო ფარულად ყურის დასაგდებად მოსული მსახურები და უთხრა მათ: "მე თქვენთვის არ მიწინასწარმეტყველებია, რომ კეისრისგან განთავისუფლდებით; სული გათავისუფლდება, რომელიც ცოდვაშია ჩაფლული". 3. "არ არსებობს ოჯახი უფროსის გარეშე, არ იქნება წესრიგი ხალხში კეისრის გარეშე, რომელსაც ბრმად უნდა დაემორჩილოთ, რადგან მხოლოდ ის აგებს პასუხს თავისი მოქმედებების გამო უზენაესი გამკითხველის წინაშე". 4. "აქვს თუ არა კეისარს ღვთაებრივი უფლება, - კვლავ ჰკითხეს მზირებმა, - და მოკვდავთა შორის საუკეთესოა თუ არა იგი?" 5. "ადამიანთა შორის არ არის საუკეთესო, მაგრამ არიან ავადმყოფები, რომლებზედაც რჩეულმა, ძალაუფლებით აღჭურვილმა ადამიანებმა უნდა იზრუნონ იმ საშუალებების გამოყენებით, რომლებიც მათ მამაზეციერის კანონმა მისცა". 6. "გულმოწყალება და სამართლიანობა – აი ყველაზე უფრო მაღალი უნარი, რომელიც კეისრისთვის იყო ბოძებული; მისი სახელი განდიდდება, თუ ამ უნარს აქ გამოავლენს". 7. "მაგრამ ვინც სხვაგვარად მოქმედებს, თავისი ხელქვეითების მიმართ ძალაუფლების ზღვრებს სცილდება, იგი თავის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, უზენაეს განმკითხველს ამცირებს და ხალხის თვალში თავის ღირსებას ამცირებს". 8. ამ დროს ერთი მოხუცი ქალი მიუახლოვდა ბრბოს, რომ ისასთვის უკეთესად მოესმინა, მაგრამ ერთ-ერთმა გადაცმულმა კაცმა იგი უკან დასწია და მის წინ დადგა. 9. მაშინ ისამ თქვა: "არ ვარგა, როცა შვილი დედას ხელს ჰკრავს, რომ პირველი ადგილი დაიკავოს, რომელიც დედას ეკუთვნის. ვინც თავის დედას, ღმერთის შემდეგ ყველაზე წმინდას, თაყვანს არ სცემს, იგი ღირსი არ არის შვილად იწოდებოდეს". 10. "ისმინეთ, რა მინდა გითხრათ: თაყვანი ეცით ქალს, სამყაროს დედას; მასში ძევს ღვთაებრივი ქმნილების მთელი ჭეშმარიტება". 11. "იგი ყოველივე კეთილის და მშვენიერის საფუძველია; იგი სიცოცხლისა და სიკვდილის წყაროა. მასზეა დამოკიდებული ადამიანის მთელი არსებობა, რადგან იგი ზნეობრივი და ბუნებრივი საყრდენია ადამიანის შრომაში". 12. "იგი ტანჯვაში გბადავთ თავისი მუცლიდან, გზრდით, და სიკვდილამდე იტანჯება თქვენ გამო. დალოცეთ, პატივი ეცით, რადგან იგი თქვენი ერთადერთი მეგობარი და საყრდენია დედამიწაზე". 13. "თაყვანი ეცით, დაიცავით იგი; ასე რომ იქცევით, თქვენ მის სიყვარულს იძენთ, მის გულს იპყრობთ და ღმერთისთვის სასიამოვნონი იქნებით. აი რატომ მიგეტევებათ მრავალი ცოდვა". 14. "გიყვარდეთ აგრეთვე თქვენი ცოლები და პატივი ეცით, რადგან ხვალ ისინი დედები გახდებიან, მოგვიანებით კი - მთელი მოდგმის წინაპრები". 15. "დაემორჩილეთ ქალს; მისი სიყვარული აკეთილშობილებს ადამიანს, არბილებს მის გასასტიკებულ გულს, მხეცს ათვინიერებს და კრავად აქცევს". 16. "ცოლი და დედა დაუფასებელი განძია, რომელიც ღმერთმა მოგცათ; ისინი სამყაროს საუკეთესო სამკაულებია, და მათგან იბადება ის ყველაფერი, რაც კი ამქვეყნად ცხოვრობს". 17. "როგორც ოდესღაც ღმერთმა სინათლე სიბნელისგან და ხმელეთი წყლებისგან გამოყო, ასევე ქალსაც აქვს ღვთაებრივი ნიჭი ადამიანში კეთილი განზრახვები ბოროტი აზრებისგან გამოყოს". 18. "აი რატომ გეუბნებით, რომ ღმერთის შემდეგ თქვენი საუკეთესო აზრები ქალებს უნდა ეკუთვნოდეთ; ქალი თქვენთვის ღვთაებრივი ტაძარია, რომელშიაც სულ ადვილად მიიღებთ სრულ ნეტარებას". 19. "შეიძინეთ ამ ტაძარში ზნეობრივი ძალები; იქ დაგავიწყდებათ თქვენი მწუხარებები და წარუმატებლობები, დაიბრუნებთ მოკლულ ძალებს, რომლებიც ახლობლის დასახმარებლადაა საჭირო". 20. "ნუ დაამცირებთ მას; ამით მხოლოდ თქვენსავე თავს დაამცირებთ და სიყვარულის იმ გრძნობას დაკარგავთ, რომლის გარეშეც აქ დედამიწაზე არაფერი არსებობს". 21. "მფარველობა გაუწიეთ თქვენს ცოლს, და იგი დაიცავს თქვენს თავსაც და მთელ თქვენს ოჯახსაც; რასაც დედისთვი, ცოლისთვის, ქვრივი ქალისთვის ან სხვა მწუხარე ქალისთვის გააკეთებთ, ამას თქვენ ღმერთისთვის გააკეთებთ".
13
1. ასე ასწავლიდა ისა ისრაელის ხალხს სამი წლის განმავლობაში – ყოველ ქალაქში, ყოველ სოფელში, გზებსა და ვაკეზე, და მისი ყოველი წინასწარმეტყველება სრულდებოდა. 2. მთელი ამ ხნის განმავლობაში მმართველ პილატეს გადაცმული მსახურები გულმოდგინედ უთვალთვალებდნენ ისას, მაგრამ ვერ ნახეს იმის მტკიცებულებები, რაც ოდესღაც ქალაქთა უფროსების მიერ იქნა შეგროვილი ისას შესახებ. 3. მაგრამ მმართველი პილატე შეშინებული იყო წმინდან ისას მიმართ ხალხის მეტისმეტი ერთგულების გამო, რომელსაც, მოწინააღმდეგეთა სიტყვით, ხალხის აჯანყება და თავისი თავის მეფედ გამოცხადება სურდა. მან ერთ-ერთ თავის მზირს უბრძანა დაედანაშაულებინა იგი. 4. მეომრებს დაევალათ დაეჭირათ იგი და მიწისქვეშა დილეგში დაემწყვდიათ. იქ ისას აწამებდნენ, რომ ეღიარებინა დანაშაული, რის გამოც მისი დასჯა იქნებოდა შესაძლებელი. 5. წმინდანი, რომელიც მხოლოდ თავისი ძმების სრულ ნეტარებაზე ფიქრობდა, წამებას იტანდა თავისი მამის გულისათვის. 6. პილატეს მსახურებმა გააგრძელეს მისი წამება და გულის წასვლამდე მიიყვანეს იგი, მაგრამ ღმერთი მასთან იყო და არ დაუშვა, რომ მომკვდარიყო. 7. როდესაც თავისი წმინდანის ტანჯვა-წამების შესახებ გაიგეს, მთავარი მღვდლები და ბრძენი უხუცესები მმართველთან მივიდნენ და ისას განთავისუფლება სთხოვეს მას მოახლოებულ დიდ დღესასწაულთან დაკავშირებით. 8. მაგრამ მმართველმა მტკიცე უარი უთხრა. მაშინ მათ სთხოვეს ბრძანება გაეცა ისა უხუცესთა სასამართლოს წინაშე წარმსდგარიყო, რომ ან დასჯილიყო, ან გამართლებულიყო დღესასწაულის წინ. ამაზე პილატე დათანხმდა. 9. მეორე დღეს მმართველმა ბრძანა მოეწვიათ მთავარი მხედართმთავრები, მღვდლები, ბრძენი უხუცესები და კანონმცოდნეები, რომ ისა გაესამართლებინათ. 10. დილეგიდან წმინდანი მოიყვანეს, უბრძანეს მმართველის წინ დამჯდარიყო ორ ყაჩაღს შორის, რომლებსაც იმავე დღეს ასამართლებდნენ, რომ ბრბოსთვის ეჩვენებინათ, რომ არა მხოლოდ ისა იქნება გასამართლებული. 11. პილატემ ისას მიმართა: "ო ადამიანო! მართალია თუ არა, რომ ხალხს ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებდი, რომ თვითონ გამხდარიყავი ისრაელთა მეფე?" 12. "მეფედ თავისი ნებით არ ხდებიან, - პასუხობდა ისა, - და შენ მოგატყუეს, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ხალხს ვამხედრებდი. მე ყოველთვის ზეციერ მეფეზე ვლაპარაკობდი, და მის თაყვანისცემას ვასწავლიდი ხალხს". 13. "რადგან ისრაელის შვილებმა დაკარგეს თავდაპირველი სიწმინდე და, ჭეშმარიტი ღმერთის იმედი რომ არ ჰქონოდათ, მსხვერპლად შეწირულები იქნებოდნენ და მათი ტაძარი ნანგრევებში იქნებოდა". 14. "დროებითი ხელისუფლება წესრიგს იცავს ქვეყანაში; და მე ვასწავლიდი, რომ ეს არ დავიწყებოდათ; მე ვეუბნებოდი: იცხოვრეთ თქვენი მდგომარეობისა და ბედის შესაბამისად, რომ საზოგადოებრივი წესრიგი არ დაარღვიოთ, - და მე ასევე ვარწმუნებდი არ დავიწყებოდათ, რომ უწესრიგობა მეფობდა მათს გულში და გონებაში". 15. "ზეციერმა მეფემ აგრეთვე მათი ეროვნული მეფეები დასაჯა და მოსპო; მაგრამ, ვეუბნებოდი მათ, თუ თქვენს ბედს უსიტყვოდ დაემორჩილებით, სასუფეველს დაიმკვიდრებთ ცათა შინა". 16. ამ დროს მოწმეები შემოიყვანეს; ერთ-ერთმა მათგანმა ასეთი ჩვენება მისცა: "შენ ხალხს ეუბნებოდი, რომ დროებითი ძალაუფლება არაფერს ნიშნავს იმ მეფის წინაშე, რომელსაც ისრაელის ხალხი წარმართთა უღელქვეშობიდან მალე უნდა გაეთავისუფლებინა". 17. "დალოცვილი იყავი, - თქვა ისამ, - რომ ჭეშმარიტება თქვი; ზეციერი მეფე მიწიერ კანონზე უფრო მაღალი და ძლევამოსილია, და მისი სამეფო მიწიერ სამეფოებს აღემატება". 18. "და შორს არ არის ის დრო, როდესაც ღვთის ნებით ისრაელის ხალხი ცოდვებისგან განიწმინდება, რადგან ნათქვამია, რომ გამოჩნდება წინამორბედი, რომ ხალხის განთავისუფლება და მისი ერთ ოჯახად გაერთიანება გამოაცხადოს". 19. და მმართველმა მოსამართლეებს უთხრა: "გაიგეთ? ისრაელელი ისა დანაშაულს აღიარებს. გაასამართლეთ თქვენი კანონებით და სიკვდილის განაჩენი გამოუტანეთ". 20. "ჩვენ არ შეგვიძლია დავადანაშაულოთ, - უპასუხეს მღვდლებმა და უხუცესებმა, - შენ თვითონ ამ წუთას მოისმინე, რომ მას ზეციერი მეფე ჰყავდა მხედველობაში და ისრაელის ხალხს ისეთს არაფერს უქადაგებდა, რაც კანონს დაუმორჩილებლობა იქნებოდა". 21. მაშინ მმართველმა მოწმეს დაუძახა, რომელმაც თავისი ბატონი პილატეს წაქეზებით გასცა ისა. ამ ადამიანმა ისას მიმართა: "ისრაელის მეფე ხომ არ გყავდა მხედველობაში, როცა ამბობდი, რომ ზეციერმა მეფემ გამოგგზავნა, რომ მისი ხალხი მოამზადო?" 22. და ისამ დალოცა იგი და უთხრა: "შენ გეპატიება, ვინაიდან შენით არ ამბობ ამას". ამის შემდეგ მმართველს მიმართა: "რა საჭიროა საკუთარი ღირსების დამცირება და ხელქვეითებისთვის ტყუილის სწავლება? ამის გარეშეც ხომ გაქვს საშუალება უდანაშაულო გაამტყუნო?" 23. ამ სიტყვების შემდეგ მმართველი საშინელმა მრისხანებამ მოიცვა და გამოთქვა აზრი, რომ ისასთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, ორი ყაჩაღი კი უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ. 24. მოსამართლეებმა ერთმანეთში იმსჯელეს და პილატეს უთხრეს: "არ ავიღებთ ჩვენს თავზე უდიდეს ცოდვას – უდანაშაულოს მსჯავრი დავადოთ და ყაჩაღები გავამართლოთ. ეს ჩვენს კანონებს ეწინააღმდეგება". 25. "რაც შენ გსურს, ის ქენი". ამ სიტყვებით მღვდლებმა და ბრძენმა უხუცესებმა დარბაზი დატოვეს, წმინდა ჭურჭელში ხელები დაიბანეს და თქვეს: "წმინდანის სიკვდილში ჩვენ ბრალი არ გვიდევს".
14 1. მმართველის ბრძანებით მეომრებმა ხელი სტაცეს ისას და ორ ყაჩაღს და დასჯის ადგილას წაიყვანეს, სადაც მიწაში ჩაფლულ ჯვრებზე ლურსმნებით მიამაგრეს. 2. ისას და ორი ყაჩაღის სხეულიდან სისხლი წვეთავდა და მთელი დღე ასე ჯვარზე მიმაგრებულები მეომრების დაცვის ქვეშ რჩებოდნენ; გარშემო ხალხი იდგა; დასჯილთა ნათესავები ლოცულობდნენ და ტიროდნენ. 3. მზის ჩასვლის დროს ისას წამება დასრულდა. მან გრძნობა დაკარგა, და ამ წმინდანის სული სხეულს გამოეყო, რომ ღვთაებასთან წასულიყო და მის წინაშე ქედი მოეხარა. 4. ასე დასრულდა ამქვეყნიური არსებობა მარადიული უმაღლესი სულის ანარეკლისა ადამიანის სახით, რომელმაც გამძვინვარებული ცოდვილები გადაარჩინა და ასეთი წამება გადაიტანა. 5. მაგრამ პილატეს შეეშინდა თავისი საქმისა და ბრძანა წმინდანის სხეული ნათესავებისთვის გადაეცათ, და მათ დასჯის ადგილის მახლობლად დაკრძალეს. მის საფლავზე ბრბო ლოცულობდა და ქვითინითა და კვნესით ავსებდა არემარეს. 6. სამი დღის შემდეგ მმართველმა, რომელსაც ხალხის აჯანყების ეშინოდა, მეომრებს დაავალა ისას სხეული გაეტაცათ და რომელიმე სხვა ადგილას დაესაფლავებინათ. 7. მეორე დღეს ბრბომ ნახა, რომ საფლავი ღია და ცარიელია; მაშინვე ხმა გავარდა, რომ უმაღლესმა მოსამართლემ თავისი ანგელოზები გამოაგზავნა, რომ წმინდანის ნეშთი გაეტაცათ, რომელშიაც ღვთაებრივი სულის ნაწილი იმყოფებოდა დედამიწაზე. 8. როდესაც ამ ხმებმა პილატემდე მიაღწია, იგი განრისხდა და ბრძანა, სიკვდილისა და მონობის მუქარით, არასოდეს წარმოეთქვათ ისას სახელი და მისთვის არ ელოცათ ღმერთის წინაშე. 9. მაგრამ ხალხი განაგრძობდა მასწავლებლის დატირებას და ხმამაღლა მის განდიდებას; ამის გამო მრავალი ადამიანი დაამონეს, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. 10. და წმინდან ისას მოსწავლეებმა ისრაელის ქვეყანა დატოვეს და გაიფანტნენ სხვადასხვა ქვეყანაში წარმართებთან, ქადაგებდნენ, რომ მათ უნდა მიატოვონ უხეში ცდომილებები და საკუთარი სულის გადარჩენაზე და სრულ ნეტარებაზე იფიქრონ, რომელიც არამატერიალურ და ბრწყინვალებით სავსე სამყაროში ელოდება ხალხს, სადაც სიმშვიდესა და მთელ თავის სიწმინდეში დიადი შემქმნელი იმყოფება სრულყოფილ დიდებულებაში. 11. წარმართები, მეფეები და მეომრები უსმენდნენ მქადაგებლებს, ტოვებდნენ თავის უაზრო რწმენას, ტოვებდნენ თავის ქურუმებსა და მათს კერპებს, რომ ხოტბა შეესხათ სამყაროს ბრძენი შემქმნელისთვის, მეფეთა მეფისთვის, რომლის გულიც უსაზღვრო გულმოწყალებითაა აღვსილი.
***
|