Pathetikosლიბ.რუ-ზე, სამწუხაროდ, ეს წიგნი არ დევს. სხვა ბიბლიოთეკებში არ მინახავს. მეგობარმა მათხოვა წლების წინ. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის დაბრუნებაში ძალიან პუნქტუალური და შეიძლება ითქვას, ფაქიზი ვარ, ძალიან გამიჭირდა მისი დაბრუნება. დიდხანს მქონდა ჩემთან. მერე დავუბრუნე. მერე წლების მერე ისევ გამოვართვი. ისევ კაი ხანს მქონდა და მერე ისევ დავუბრუნე. მოკლედ, მაგრად მეჩემებოდა, მაგრამ ბოლოს ხომ უნდა დამებრუნებინა.

აი ასეთი სიყვარული გვქონდა.
,,წარმოსახვა უზარმაზარ როლს თამაშობდა ჩემს ცხოვრებაში... წარმოსახვაში უბედურებას განვიცდიდი და ვიტანჯებოდი უფრო ძლიერად, ვიდრე რელურ ცხოვრებაში... ამ ჩემი არანორმალურად მძაფრი წარმოსახვის უნარის გამო -- შეუძლებლობა სიამოვნების, კმაყოფილების სინამდვილით და რეალობით." ეს ბერდიაევია, ეს კი კირკეგორი -- ,,ვფიქრობ, არაფერია მოგონებებზე დამღუპველი. როდესაც რაიმე ცხოვრებისეული გარემოება ან ურთიერთობა მოგონებებში გადაიზრდება, იქ მთავრდება თავად ურთიერთობა.
ამბობენ, რომ განშორება აახლებს სიყვარულს. ეს მართალია, ოღონდ მხოლოდ პოეტური აზრით. ცხოვრება მოგონებებით -- წარმოუდგენელია რაიმე ამაზე დიდი: რელობას არ ძალუძს ადამიანის დაკმაყოფილება, მისი ავსება ისე, როგორც მოგონებას. მოგონებები შეიცავს ,,სინამდვილის" ისეთ მარცვალს, რომელიც უცნობია თავად სინამდვილისთვის" (,,ესთეტის აფორიზმები"). და ,,ერთი მაცდუნებლის დღიურიდან" -- ,,მოგონება არა მარტო ინახავს შთაბეჭდილებას, არამედ აძლიერებს კიდეც მას. ასე რომ შთაბეჭდილება, განმსჭვალული მოგონებებით, ყოველთვის უფრო ძლიერად მოქმედებს..." ესეც -- ,,მე არ ვცდილობ რეალურად დავეუფლო მას, ჩემი მიზანია მივიღო სიამოვნება მხატვრულ-ესთეტიკური გაგებით". და ისევ ბერდიაევი -- ,,ცხოვრება, თუ არ ჩავთვლით შემოქმედებას, ყოველთვის ნაკლებ სიხარულს მანიჭებდა მოგონებებთან შედარებით. გაცილებით დიდი იყო სიამოვნება მოგვრილი ცხოვრებისეული მოგონებებით ან ოცნებით ცხოვრებაზე..."
წიგნის კითხვაზე -- ,,აქტიური მკითხველი ვარ და არა პასიური, ყოველთვის შემოქმედებითად ვრეაგირებ წაკითხულ წიგნზე, და ხშირად წაკითხული წიგნის შინაარსზე უკეთ ამ წიგნის მიერ ჩემთვის მოგვრილი აზრები მახსოვს."
ბერდიაევს თავისუფლების ფილოსოფოსს უწოდებდნენ. აი რას წერს თავად -- ,,თავისუფლება ჩემი დამოუკიდებლობაა და ჩემი შინაგანი ,,მე"-ს განმსაზღვრელი, თავისუფლებაა ჩემი შემოქმედების ძალა, თავისუფლება არა არჩევანის გაგებით სიკეთესა და ბოროტებას შორის, არამედ სიკეთისა და ბოროტების ჩემეული გაგების შექმნით. თავისთავად არჩევანი ადამიანზე დამთრგუნველად მოქმედებს და იწვევს მასში ყოყმანს და დაბნეულობას და, შეიძლება ითქვას, ართმევს კიდეც მას თავისუფლებას."