აქ ვიღაცამ ალაზნისპირელი ახსენა და ერთი მოთხრობა გამახსენდა...

ინჯოი

კიდობანი
(დეტექტიური მისტიური მოთხრობა)
ადვილად შეძლებ უარი თქვა მილიონ დოლარზე, თუ ბანკში მილიარდი გაქვს.
ადვილად შეძლებ უარი თქვა მშვენიერი ქალის სიყვარულზე, თუ უყვარხარ ქალს, რომელიც გიყვარს.
ადვილად შეძლებ ბედნიერებაზე უარის თქმას, თუ შენთვის ბედნიერება მილიონი დოლარია და ბანკში მილიარდი გაქვს, ან:
იდიოტიზმიდან გენიოსობამდე ერთი ნაბიჯია. გენიოსები იზიდავენ იდიოტებს და პირიქით. ერთსაც და მეორესაც საკუთარი არასრულფასოვნების გაზიარება აინტერესებთ სავსებით ნორმალური ადამიანებისთვის, ხოლო ნორმალური ადამიანები მათთან ანგარიშებს შიშნარევი ინტერესით, რიდით და სიბრალულით ასწორებენ. გენიოსებს და იდიოტებს მეტი არ ჭირდებათ. ისინი ყოველთვის ბედნიერები არიან. ნორმალურ ადამიანებს პირიქით ჰგონიათ, თითქმის ყოველთვის, ან:
_ შვილო, ერთხელ პრეფერანსის თამაშისას კოზირის კიკო არ გამითამაშდა.
_ ბანქო ხანდახან ცუდად აიჭრება ხოლმე, განაწილება, მამილო განაწილება...
___
ფირუზისფერი ცისქვეშეთის ზურმუხტი, მგოსანთა მხარე, დედაღვთისმშობლის წილხვედრი და ყვავ-ყორანთაგან დაჯიჯგნილი არწივი, ფრთების და კუდის ბუმბულს ატანდა ქარს და უილაჯობისაგან გატანჯული ხაფი ხმით დაჭყივლების ნაცვლად წიავ-წიავსღა გაიძახოდა, კუდმოჭრილი თავსაც იჭრიდა და არავინ ყავდა პატრონი და თავლაფდამსხმელი.
შინ და გარეთ ნაომარი ახალგაზრდა, ადუღებული, ცხელი სისხლი იღვრებოდა უხვად და ისმებოდა დიდი ყანწებით, განსხვავებული სასმისებით, გულიდანამომსკდარი სადღეგრძელოებით. ნადიდგორალი, ნაშამქორალი, ნაგაგრალი, ნაჯავარი, ნაგუმისთარი, ნატამიშარი, ნავერალი, ნავაკარი სად არ დაღვრილი და შეგროვებული ოცლიტრიანებში, ჩარექებში, ტიკებში, ბოთლებში არაწმინდა ზიარებისთვის ინახებოდა და გროვდებოდა ჰამლეტისკომპლექსგადატანილი, მამამოკლული, ბავშვობაში ჩარჩენილი ბიძებისათვის, მამები სოსო და ლავრენტი ბიძიებმა რომ დაუხოცეს და ახლა თვითონ ვერაფრით გამძღარიყვნენ საკუთარი შვილების სისხლით.
მამა დრაკულების სისხლიან ეშვებს გამორიდებული რამდენიმე ახაგაზრდა, მაგრამ გადაღლილი მეომარი ხარაგაულის მაღალმთიან სოფელს აფარებდა თავს. წარღვნისგან თავდასაღწევად და წინასწარ წაგებული ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად ნოეს კიდობანს ეძებდნენ.
ბიბლიის ერთი ოღრაში წამკითხველის თქმულების თანახმად, ნოეს კიდობანი რაღაც საშუალო იყო კოსმოსურ ხომალდსა და ქვისგან აგებულ ტაძარს შორის და უეჭველად ხარაგაულის მთებში იყო გადამალული გლობალური ფორს-მაჟორის გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.
ბრაზილიის ამაზონიის გაუვალ სელვაში ნაკლებ იზოლირებულად იგრძნობდა თავს ცივილიზაციას ცალთვალმოკრული ადამიანი, ვიდრე ხარაგაულის მთებში, სადაც დროც გაჩერებულიყო და მბრუნავი წუთისოფელიც მუშტაიდის ბაღის კარუსელივით.
***
ბიჭები დაიღალენ. არ იყვნენ ბევრ სიარულს მიჩვეული ქალაქში, მით უმეტეს ტყიანი მთის ტალახიან ბილიკებზე. ფეხის გასვრა არ უყვარდათ და ფეხგაუსვრელად სიარული ყოველთვის შორი გზით მოვლას ნიშნავს. თუმცა ახლო გზაც დაღლიდათ, გაუჩვევლები იყვნენ. პირველად გივიკო მიხვდა, რომ გზა დაებნათ. ცოტა ხანში ყველანი მიხვდნენ. ძროხის ჩლიქების ორად გაყოფილი ნაკვალევი ნელ-ნელა მოუშინაურებელი ცხოველების ნაირ-ნაირმა ნაკვალევმა შეცვალა.
კიდობანი არსად ჩანდა და ღრმად, ბოლისგამოუშვებლად დარტყმული მწკლარტე ნაფაზებიც ფერაფრით შეცვლიდნენ ჯიუტ ფაქტს. გზა დაებნათ.
ვიღაცამ მოისაზრა და მდინარის კალაპოტს ჩამოყვნენ. დასველდნენ, ტალახში ამოვლებულებმა რამდენიმე პატარა ჩანჩქერი დალაშქრეს გინებ-გინებით და შაღამისას ძაღლების ყეფა მოესმათ.
ეს არ იყო ის სოფელი, სადაც გივიკოს გეოლოგი ბიძის აშენებული სახლი იდგა, ახლა რომ ULTIMA THULE-დ გადაქცეოდათ, მაგრამ გზაზე გამოვიდნენ. ახლა დასვენებაც შეიძლებოდა პირდაპირ გზისპირას ამოშენებულ ჭასთან.
_ არ არის, სიმონ. სიაფანდია. რამდენი რეისი უნდა დავარტყათ? – ნიკუშამ წყალი დალია და გაბრის მიაწოდა ათლიტრიანი ვედრო.
_ ხვალაც გავიდეთ. აქაურებმა რაღაცა იციან, მაგრამ გვიმალავენ, – გაბრიმ შეიგინა და გივიკოს გადახედა _ შენ ხო დადიოდი აქ ბავშვობაში, მაშინ არაფერს ბაზრობდნენ კიდობანზე?
_ არა, იმ წიგნის მერე ატყდა ამბავი.
_ რა ამბავი, ტო, ჩვენს მეტი არავინაა.
_ ხვალ ჩამოდიანო ჰაიბერნიელები. თურმე დიდ პალატაჩნი ლაგერს შლიან სოფლის ზევით, ეკლესიასთან.
_ ვაა, რია-რია იწყება. არადა კაი იყო, წყნარად ვიყავით.
გივიკოს ათი გაკვირვებული თვალი მიაჩერდა და მეტი აღარაფერი უთქვამს.
***
_ ეს რა კიდობანია, ტო, _ გაბრის სისხლმა აასხა ტვინში. რაღაც ქინძი გამოქვაბულები, ვარძიაა, ბლიად?!
_ დაწყნარდი, ქვევითაც ხო არი ამოქოლილი ჩასასვლელები. რა იცი რა არის ქვევით, _ გივიკომ კარგად იცოდა, რომ ქვევით მიწით ამოვსებული ბერების საძვლე იყო, მაგრამ ახლა გაბრი რომ არ დაეწყნარებინა, მერე ჰაიბერნიელებთან ომი მოუწევდათ ბრესტის გმირი დამცველებივით.
გაბრი არ წყნარებოდა. გივიკომ ჩამოიყვანა ქვევით, ბიჭებთან, რომლებიც სხვადასხვა ვარაუდის გამოთქმით იყვნენ დაკავებული.
_ შეხედეთ, თითქოს დიდი ლოდებისგანაა აშენებული _ ამბობდა ნიკუშა და წარმოსახვით ხაზებს ავლებდა კლდის გლუვ ზედაპირზე.
_ ბიჭო, შენც დაგაბოლეს? რა ქვები, რა ლოდები, კლდეა და გამოქვაბულები, კლდე დაცურავდა წყალში?! - გაბრი ხმამაღლა იგინებოდა იქვე ჩამომსხდარი წვერ-ულვაშიანი დაკუნთული ვაჟების გასაგონად. ეს ბიჭები თავს ჰაიბერნიელებს უწოდებდნენ და იაფფასიანი სპორტულები და დაგლეჯილი კეტები რომ არ ცმოდათ ეგრევე გაუშვებდი გიორგი სააკაძეში ან არსენა მარაბდელში მასოვკაში სათამაშოდ.
_ არა, ტო, აქ სხვა პონტია. ყველაფერი რო წყალმა დაფარა, აქ, ქვევით სიცარიელე იყო, ახლა წყლითაა ამოვსებული. ხოდა მანდ მოიმარაგეს საკვებიც და მანდ შეყარეს ცხოველებიც, მერე ჩასასვლელიც კარგად ამოქოლეს. აბა მთელი ფლორა-ფაუნა რა გემზე დაეტეოდა. იმენა გამოთვლილია და ყველაზე დიდი ლაინერი როა, ქვინ მერი, წყნარი ოკეანის ფლაგმანი, იმაზეც ვერ დაეტეოდნენ.
_ ჟანგბადს საიდან იღებდნენ? – გივიკოს უყვარდა ჩამჭრელი შეკითხვების დასმა, მაგრამ ახლა ენაზე იკბინა გაბრის ნიშნისმოგებით სავსე საზეიმო მზერას რომ წააწყდა.
_ იასნია ქვევით ენერგიის რაღაცა წყარო ქონდათ, ხოდა ჩაკეტილი ეკოსისტემა მოაწყეს. _ ნიკუშა უკან არ იხევდა. – გიგანტური სათბური, რომელიც მზის ალტერნატიული ენერგიით ამარაგებდა ქლოროფილს.
_ ეგეც იმ ქინძის წიგნში წერია?! – გაბრიმ ისევ შეიგინა და დამცინავად გადახედა ჰაიბერნიელებს, რომლებიც ყველაფერს უსმენდნენ და არაფერი არ ესმოდათ.
_ კაი რა, ვისაც გვჯერა გაგვატარე. ცოტა დრო მჭირდება და ბოლომდე დავაიასნებ ამ ამბავს, ხვალიდან გათხრებს იწყებენ ბიჭები და ჩვენც მივეხმაროთ, – ნიკუშას ენთუზიაზმი გადამდები არ იყო, მაგრამ ბიჭებს ახალისებდა.
_ ხვალამდე დიდი დროა, დავაი, დავეშვათ, თორემ დაგვაღამდება. ჩავხაზოთ, _ გივიკოს გამოსვლა, როგორც ყოველთვის, ახლაც დროული იყო. პრეფერანსი აწეწილ ნერვებს უწყნარებდათ. როცა თამაშობ, მხოლოდ თამაშზე ფიქრობ, უკვე მოგებული ხარ და თუ კარგად თამაშობ ან გიმართლებს და იგებ, გული სიხარულით და სიამაყით გევსება. Vae victis! დამარცხებულებისთვის პატარა გამარჯვებები განსაკუთრებით ძვირფასია!
***
გაბრი, პაატა, ნიკუშა და გივიკო პრეფერანსს თამაშობდნენ. ნოდარა და აჩი – დომინოს, ხუთი ათასამდე. ნოდარას უკვე ათასშვიდასზე ამოუვიდა ყელში და იმ ტუზსა წყევლიდა, მის მაგივრად გივიკოს რომ მიუვიდა და პრეფერანსის ოთხეულს მიღმა დატოვა. აჩიმ შეჩენა იცოდა. კარტს არ თამაშობდა საერთოდ და ამის მიზეზი მხოლოდ თვითონ იცოდა, სამაგიეროდ დომინოში კაპაბლანკად მოჰქონდა თავი, ოღონდ წყვილებში არ თამაშობდა და ორიათასზე ნაკლებ პარტიაზეც ვერ დაითანხმებდი. ნოდარას დროზე მოუსწრო ამინისტიამ _ აჩის მოშივდა და აწრიალდა, _ ვახშამი არავის მოუმზადებია.
_ ჰა, ვისტი ვარ – თქვა პაატამ _ ბიჭო, ნუ წრიალებ, პურის ნატეხი უნდა იყოს დარჩენილი, ეგერ პლიტასთან ზეთია, ხახვი შეიწვი, დავაი, ჩავიხადეთ.
ჩაიხადეს.
_ ვახ, ბლიად, ერთ ხელზე როგორ დაჯდა ოთხივე ჯვარი _ გაბრიმ კარტი დაყარა, ბეზ ადნოი ვარ.
_ დაიჭი, დაიჭი _ პაატამ ჩაიცინა _ ბეზ ადნოიც ხარ და ბეზ ტროიხაც სვისტამი, თავიდანვე უნდა დაგეყარა. ჯანდაბა, რა სუნია?
_ ე, მართლა რა სუნია? – ივიკომ აჩის გახედა, რომელიც კულინარილ საქმიანობაში იყო ჩაფლული და ტაფას უკვე მერამდენედ ზეთის ნაცვლად ძმარს ასხამდა.
_ რა ზეთია, ტო, ეგრევე ორთქლდება _ აჩიმ მხრები აიჩეჩა და ტაფაზე დაჭრილი ხახვი დაყარა.
ოთახი დიდი იყო, მაგრამ მაინც სწრაფად გაივსო ორთქლით.
_ იდიოტი არ არის? _ ნიკუშამ ქაღალდი დაყარა და ცრემლები მოიწმინდა _ დავაი, ახლა ყველა ფანჯარა გააღე, ღამე რა დაიძინებს ამისი კრეტინი...
აჩი დაბნეული იყურებოდა. გივიკომ ფანჯრები გამოაღო.
_ ეტყვი რამეს და იცრება ეს იმბეცილი. ზეთის ბოთლი გვერდითაა, ეგ ძმრის ბოთლია, გაიგე?
_ აა, _ თქვა აჩიმ _ მიხრაკულ ხახვს ზეთი მოასხა და მაგიდის კუთხეში მოკალათდა.
_ შენ რა, ამის ჭამას აპირებ? – გულწრფელი ინტერესით გადმოხედა გაბრიმ.
_ მშია, _ თქვა აჩიმ. მეტი არც არაფერი უთქვამს.
* * *
იმ ღამეს პირველად იძინებდა ფხიზელი და არც გამოუვიდა. კარგა ხანს იწრიალა ლოგინში, მერე ცხვრების დათვლა დაიწყო, მაგრამ ცხვრების ნაცვლად ჰაიბერნიელები დახტოდნენ და დაკუნტრუშებდნენ, ზოგს მეწამული ფრთები გამოესხა და შორს მიფრინავდნენ, თვალს ეფარებოდნენ, სათვალავი ერეოდა. ადგა და შუშაბანდში გავიდა. გივიკო და ნიკუშა ხმადაბლა მასლაათობდნენ.
_ ვახ, უძინართა მზეც მოსულა, პატიკო, ჩეფირნიოშ ბრატჯან? ტრეტიმ ბუძიშ.
_ ნეტ, ტოლკა პერვიმ, _ პაატამ გაიღიმა და ჭიქა გამოართვა.
_ არ დაგვებრიდოს ის დეგენერატი, რა ჭამა აზრზე ხარ? სუნი კიდე არ გავიდა _ ნიკუშა ადგა და ფანჯარასთან მივიდა.
_ გივი, ამას რო სჯერა ვიცი და შენც გჯერა რო იქ რამე არი? _ თქვა პაატამ და გივიკოს თვალებში ჩახედა.
_ ხვალ ვნახავთ _ გივიკომ თვალი აარიდა.
_ უკვე დღეს, შუაღამე გადასული იქნება, რას ელაპარაკებოდი გუშინ იმ ამბალებს?
_ რა ვიცი, აქეთურზე-იქითურზე ვიბაასეთ – გივიკო უხალისოდ ყვებოდა.
_ მაინც?
_ თავიანთ ამბავს მოყვნენ, საერთოდ, უყვართ ლაყბობა, ქადაგად დავარდნა, ხო იცი რა ხალხია.
_ რაო მერე, ვინ ვართო?
_ გრაალის რაინდები ვართო.
_ უყურე შენ! – პაატამ ხმამაღლა გაიცინა, _ მაგათ გრაალიც ექნებათ სადმე გადამალული.
_ ხო, კავკასიონის მეთორმეტე მთაშიო, ასე თქვეს.
_ მეთორმეტეშიო? ათვლას საიდან იწყებენ, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან? პირველი რომელია? _ პაატა გამხიარულდა.
_ ხო, რა ვიცი, ეგრე თქვეს.
_ გვეკაიფებიან, ან მართლა მაგრა უბერავენ. ის რო ყავთ გლავარი, იორისპირელი, თუ რა ქვია?
_ ხო. სოლომონი, იორისპირელი, წიგნი ხო მაგან დაწერა.
_ მაგასთან არ გიბაზრია?
_ არა, სადღაც იყო წასული, დილით უნდა ჩამოვიდეს.
_ კიდე კაი გაბრი არ მივუშვით მაგათთან საბაზროდ, მაგრა ვერ იტანს მაგ სასტავს, თან იმენა აბიჟნიკობს, პრიჩინაზეა. არადა არ იყო ეგეთი.
_ ხო _ თქვა გივიკომ. _ იმ გოგოსთან ერთად კვდებოდა მთელი ორი წელი. მერე კაი ხანი მაგისთვის ყველაფერი სულერთი იყო. ახლა რაღაცაზე ნერვები მაინც ეშლება.
_ შევეცადოთ, რომ მარტო არ დავტოვოთ ხოლმე, შარს არ გადაეყაროს. _ ან კიდობანს, – გივიკოს გაეცინა.
_ შენ რა არ გჯერა, რომ კიდობანი მანდაა? – Nნიკუშა ჩამოჯდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
_ კარგი რა, ახლა არ დაიწყო. გვიანია, წავედი მე, კალკულატორი მაინც წამომეღო.
_ რად გინდა კალკულატორი?
_ ვითვლი, რომ დამეძინოს, კალკულატორზე უფრო ადვილია.
_ კალკულატორი არ გვაქვს, აგერ ჩოთქზე დათვალე – ნიკუშაც გამხიარულდა, არ გინდა დომინო შვიდიათასამდე?
_ ახლა აჩი არ გამაღვიძებინო.
_ არა, ძმაო, წავედი, მეც ვიძინებ. აბა, დილამდე.
* * *
საშუალო ხნის წვერ-ულვაშიანი კაცი, მონღოლივით ყვრიმალები და სოკრატესავით ცხვირი რომ ჰქონდა, ქადაგად დავარდნილიყო პატარა მინდორზე, ბუნებრივ ამფითეატრს რომ წააგავდა. მაყურებლები, იგივე მსმენელები, ცვალებადი ინტერესით უსმენდნენ. ანუ ზოგი ინტერესით უსმენდა, ზოგი – გასართობად და სეირისთვის.
_ როგორც ვამბობდი, მატერია ორნაირი არსებობს – მკვდარი და ცოცხალი. ღმერთმა თავიდან მკვდარი მატერია შექმნა. სიცოცხლე რომ შეექმნა, უფალმა უფალოსოდ გაანაყოფიერა მატერია და დიდი ხნის შემდეგ, როდესაც ადამიანებმა დაივიწყეს ამის შესახებ, მისმა ერთ-ერთმა შვილმა, რომელიც ასევე უფალოსოდ განაყოფიერებული მატერისაგან იშვა, დაუწყო ხალხს იმის შეხსენება, რაც დაავიწყდათ. ახალგამოღვიძებულს რომ გკითხავენ გამრავლების ტაბულას, ასეთი სპონტანური აგრესიით გაიმეტეს და დააბრუნეს იქ, საიდანაც მოვიდა – მამის წიაღში.
_ აზრის ან უაზრობის ხატოვნად გადმოცემას ნიჭი უნდა, ნახე რა ახალგაზრდა და ლამაზი ცოლი ყავს? მაგარი ბაზარნიკია, ეტყობა ქადაგებით შეაბა, _ გივიკომ ხმადაბლა გადაულაპარაკა ბიჭებს, და მერე ორატორს უბოდიშოდ შეაწყვეტინა. _ რაღაც საინტერესო სიტყვების თამაში გამოდის “უფალი”, “უფალოსო” თუ ვაბშე “ფალოსი”, სწორად მივხვდი? უფალი ის არის, ვინც უფალოსოდ ანაყოფიერებს? თუკი ადამი საკუთარი პორტრეტის და ფიზიოლოგიის მიხედვით შექმნა, მაშინ თვითონ ფალოსიც უნდა ჰქონოდა და თუ ჰქონდა, მაშინ უფალოსოდ რატომ ანაყოფიერებდა?
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს _ სოლომონს გაეღიმა _ ფალოსით განაყოფიერების დროც მოვა. დედამიწამ ნელ-ნელა დაკარგა სულიერების ღვთიური იმპულსი და უნაყოფო გახდა. ძველ ეზოთერულ წიგნებში და ასევე შუმერულ ენაზე ნუნ – საშოს ნიშნავს, ნუნისი დედამიწის საშოა, აქვე არის ნოეს კიდობანიც საიდანაც თავიდან დაიწყო სასიცოცხლო ციკლი განწმენდილმა კაცობრიობამ. განსაცდელით განწმენდის დრო იწურება, განაყოფიერების დრო მოდის, კოსმოსიდან დაშვებული ღვთიური ფალოსი დაეცემა ზუსტად აქ, ამ ადგილას დედამიწას და გაანაყოფიერბს! ამის შემდეგ მხოლოდ სიცოცხლე იქნება...
_ თქვენ ეზოთერიკაზე ბრძანეთ და საიდუმლო წიგნები მოიხსენიეთ, შეგიძლიათ არც თუ ისე გასაიდუმლოებული წყაროები მაინც დაგვისახელოთ? რომელი მოძღვრებას ან მეცნიერულ მიმდინარეობას ეყრდნობა თქვენი თეორიები? რა წყაროებით სარგებლობთ, სანტერესოა, _ პაატას ირონიას საზღვარი არ ქონდა, ყოველთვის უსერიოზულესი გამომეტყველებით ხუმრობდა ან იაზვობდა ხოლმე. ახლაც ისეთი სერიოზული ხმით და ინტონაციით იკითხა, რომ მაშინვე მოიპოვა ორატორის კეთილგანწყობა.
_ მეტაფიზიკას ვსწავლობდი დიდი ხნის მანძილზე. თეოლოგიაც შევიწავლე, მართლმადიდებლური, რასაკვირველია, იოანე ზოსიმეს შრომები, პეტრე იბერიელს აქვს ბევრი საინტერესო მინიშნება. ქართულ მართმადიდებლობაში ეგზოთერული და ეზოთერული სიბრძნე თითქმის განუყოფელი იყო, რადგან შავსა და თეთრ სამღვდელოებას შორის არსებითი განსხვავება არ არსებობდა. ამათ გარდა, ხელმისაწვდომი წიგნებიდან შეიძლება მოიძიოთ თადეოზ მესვეტის «ცდომილთა ბუნებაი”, ათონელი ბერძენი წმინდა მამის გაბრიელ დოლჩინის «ხსნაი სამშვინველისაი ელიენთაგან”, ქართულად ნათარმნი თეოფილე მცირის მიერ. აგრეთვე შუა საუკუნეების თეოლოგიაში და ანტიკური სიბრძნეში უზომოდ განსწავლული ბერის მელქისედეკ გელათელის ტრაქტატი «ჯოჯოხეთის ბჭეთა შესახებ”. ამის გარდა გერმანიაში ყოფნისას გავეცანი რომაელი იეზუიტის, გერმანელი ბერის ათანასიუს კირხენის ტრილოგიას “შუქთა და ჩრდილთა უდიდესი ხელოვნება”, ამის გარდა ჩეხი მოაზროვნის იან ამოსის ტრაქტატს “სინათლის ლაბირინთი და სამოთხე გაბზარულ გულთათვის”. ასევე გერმანულ ენაზე გავეცანი ფრანგი ოკულტისტის ჟაკ გაფარელის წიგნს “პატრიარქების ჰოროსკოპი და მომავლის წინასწარმეტყველება ვარსკლავების განლაგების მიხედვით”. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის თეოსოფებს და ანტროფოსოფებს არ ვენდობი, ჩემის აზრით იაფფასიან პოპულარობას გამოკიდებული შარლატანები არიან. აი ამ წიგნების მოძიება შეგიძლიათ, თუმცა ამათ გარდა არის წიგნები, რომლების წაკითხვასაც სპეციალური მომზადება უნდა და მხოლოდ განდობილების რჩეულთა წრისთვის არის ხელიმსაწვდომი.
_ და ბევრნი ხართ განდობილები საქართველოში? – გაბრის პაატასგან განსხვავებით ირონიის შენიღბვა არ გამოსდიოდა _ რაც ახლა მოვისმინე ამას ერესი არ ქვია მართლმადიდებელი ქრისტიანების ენაზე? თუ მეშლება რამე?
_ ბატონო ჩემო, თქვენ ჰოროსკოპით ალბათ კურო ხართ.
_ კი, ასეა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? – გაბრი ცოტათი შეცბა.
_ თქვენი ჰოროსკოპის ადმიანები ფიზიკური სილამაზით და ძლიერი ინტელექტით გამოირჩევიან, რაც თქვენ მაგალითზეც კარგად ჩანს, _ ზუსტად მოარტყა, გაბრი დადნა ამ კომპლიმენტზე, ცოტა დააკლდა, რომ შუბლზე ჩამოშლილი კულულები ხელით უკან არ გადაევარცხნა, _ მაგრამ თქვენი გული რაღაც საშინელი ტკივილით და ჩრდილით არის სავსე, თითქოს ეწინააღმდეგებით სინათლეს, სიხარულს, თითქოს წინასწარ შეეგუეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში არც რწმენის, არც ბედნიერების ადგილი აღარ არის, რატომ?
_ არავის საქმე არ არის ჩემი რწმენა და ჩემი ბედნიერება – გაბრის სახე მოექცა და გაფითრდა.
_ ნუ ცხარობთ, ბატონო ჩემო, მაპატიეთ, თუ რაიმე ზედმეტი გითხარით, ჩვენ სიცოცხლის შესახებ ვსაუბრობდით, ახლა განვაგრძობ. რა არის სიცოცხლე? სიცოცხლის ბუნების გასაგებად სიკვდილის შესახებ მოგვიწევს საუბარი. ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ისიც ხომ ცნობილია, რომ ადამიანი ერთბაშად არ კვდება? ადამიანის უჯრედები გამუდმებით იხოცებიან და მათ ადგილს ახალი უჯრედები იკავებს. როდესაც ექიმი ადამიანის სიკვდილის მომენტს აფიქსირებს, როდესაც ეკრანზე ტეხილი კარდიოგრამის ნაცვლად სწორი ხაზი გაირბენს, ამის შემდეგ ადამიანის სხეულში მილიონობით ცოცხალი უჯრედია, რომლებითაც შემდეგ ბაქტერიები იკვებებიან. ვინ იცის როდის კვდება ადამიანი?
დღეს კაცობრიობა უზომო ინფრმაციას ფლობს. უამრავი რამ იცის ბუნებრივი მოვლენების წარმოშობის მიზეზების შესახებ, ადამიანის სხეულსაც მეტ-ნაკლებად იცნობს, მაგრამ მაინც გაცილებით ნაკლები იცის სიცოცხლის შესახებ, ვიდრე ძველმა ეგვიპტელებმა იცოდნენ და თითქმის არაფერი იცის სიკვდილზე. ესენი მივიწყებული ინტერესებია.
ძველმა ეგვიპტელებმა რაღაც იცოდნენ, ამიტომ ყველანაირად ცდილობდნენ გარდაცვლილის სხეულის შენარჩუნებას რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე.
მოდით, ახლა ამ ყველაფერს თანამედროვე მეცნიერების მიღწევების გათვალისწინებით შევხედოთ. ადრე თუ გვიან, გენეტიკურ კოდს ბოლომდე გაშიფრავენ და ადამიანის კლონირება დეენემის მოლეკულის საშუალებით ჩვეულებრივ ამბად იქცევა. ამის შემდეგ თუნდაც დაზიანებული უჯრედი, თმის ერთი ღერიც საკმარისი იქნება ადამიანის კლონირებისთვის, ანუ ადამიანის აღსადგენად, იმ ადამიანის ზუსტი ასლის გადასაღებად, რომელც ათასწლეულების წინ ცხოვრობდა. დაბადება ხომ ღრმა ძილიდან გამოფხიზლებაა. სიკვდილიც.
_ სული? სულის კლონირებასაც შეძლებენ? _ გაბრიმ ცარიელი მზერა შეავლო სოლომონს.
_ ჩვენ არაფერი ვიცით სულის შესახებ, იმის გარდა, რომ სული უკვდავია და განსაწმენდელის გავლის შემდეგ ან სამოთხეში ხვდება ან ჯოჯოხეთში. მეტაფიზიკოსებიც ვერ თანხმდებიან, ზოგი ამტკიცებს, რომ სული სავსებით მატერიალურია, ზოგიც პირიქით. ვფიქრობ, რომ სული სიცოცხლეა, ღვთისგან წამოსული იმპულსი, რომელიც მუდამ ეძებს მკვდარ მატერიას, რომ გააცოცხლოს...
_ და ამას მეცნიერები შეძლებენ, თან არც ისე შორეულ მომავალში? _ პაატამ ისევ სერიოზულად იკითხა.
_ ყველაფერი ღვთის ნებაა, _ სოლომონი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამფითეატრში ეპიზოდური როლის უნიჭო შემსრულებელივით შემოჭრილმა სახეშეშლილმა, ამოთხვრილმა და დასისხლიანებულმა ჰაიბერნიელმა შეაწყვეტინა.
_ მოძღვარო... ჩამოინგრა... ჩასასვლელი _ სულს ძლივს ითქვამდა _ ექვსი კაცი მოიყოლა ქვეშ, ბიჭებს ამოყავთ..
_ ნიკუშა და აჩი იქ არიან! დავაი, დროზე! _ გივიკო გაიქცა და ბიჭებსაც აღარ დაუცდიათ როდის გამოვიდოდნენ ექსტაზიდან გაბრუებული ჰაიბერნიელები, გივიკოს მიყვნენ უკან.
* * *
პატარა აივანზე ისხდნენ. მთაში ადრე ღამდება და დედაბრის მთა უკვე ბუნდოვნად ჩანდა. თვალს აღარ ახარებდა მაღალი, ცისფერი, მაღალი ნაძვების მასივი, მწვანე, ხაოიანი ხალიჩის ფონზე რომ იხატებოდა ქვეყნად ყველაზე ბებერი და ნიჭიერი მხატვრის პალიტრიდან. ჩახუთული დღის შემდეგ მთებიდან წამოსული ნიავი წყნეთის ნიავს აგონებდათ. ბიჭები ჩაფიქრებული უსმენდნენ ნიკუშას.
_ უკვე ბლომად მიწა გვქონდა ამოღებული. ძვლები ამოვასვენეთ, ეტყობა მანდ ადრე ბერები ცხოვრობდნენ და მიცვალებულებს იქვე მარხავდნენ. კაი დიდი ოთახი მოვასუფთავეთ და ქვევით რაღაც ხვრელია, ისიც მიწით ამოვსებული. ნელ-ნელა დაიწყეს მიწის ამოღება, მე ამოვედი სიგარეტის მოსაწევათ, რო ჩავედი – ვხედავ, ამოუწმენდიათ, ვიწროა, შკურაძიორია, მარა ჩასვლა შეიძლება. ესენი დგანან, მეთქი დავაი, რას უყურებთ, ჩავედით, თოკი გაჩითეთ და რამე, მარა არაო, მოძღვარს უნდა დავუცადოთო. ცოტა ხანს ვებაზრე, მაგრამ დადგნენ ვირებივით და ამოვედი ნერვებმოშლილი. ხოდა ამოვედი თუ არა, ეგრევე ჩაწვა ჭერი. მაგრა დაილეწენ, ვერ ვხვდები ცოცხლები როგორ ამოვათრიეთ, თქვენ რო არ მოსულიყავით, გაიგუდებოდნენ.
_ ჭერი ხო კლდისა იყო, როგორ ჩამოწვა?
_ ხო გეუბნებოდით, დიდი ლოდებისგან არის მეთქი აშენებული, ეტყობა ჭერი იყო გაქვავებული კირქვის და ჩვენ გვეგონა კლდე, ამიტომ აღარ გავფრთხილდით და რაღაც დამპალი ბოძები რო ქონდა შეყენებული, ისინი გამოვიღეთ. ახლა რაღას იტყვის გაბრი? კსტაწი, სადაა?
_ ეგ და ნოდარა ჩავიდნენ ჩანჩქერზე საბანაოდ, უნდა ამოსულიყვნენ აქამდე, _ გივიკოს სიტყვა არ ქონდა დამთავრებული, რომ ნოდარა და გაბრი ჭიშკარს მოადგნენ.
_ რა იყო, მთვარის შუქზე ბანაობდით? – სირინოზების ხომ არ გადაეყარეთ _ პაატას გულმა ცუდი უგრძნო და შეეცადა ეხუმრა.
_ სირინოზებს არა, სირს გადავეყარე, ბლიად. ჰაიბერნიელი დაჭრა ამ ჩემისამ.
_ რა ქნა?
_ რა ქნა და და ესროლა, ფეხში, ორი მეტრიდან.
_ შიგა გაქვს, ბიჭო? _ ბიჭები ფეხზე წამოცვივდნენ, – რას ერჩოდი?
გაბრი ოთხში შევიდა ისე რომ არავისთვის ხმა არ გაუცია. ბიჭები შეყვნენ.
_ ეე, ბიჭო ხმა ამოიღე! _ გივიკოს მოთმინებიდან გამოყვანა ძალიან ძნელი იყო მაგრამ ხანდახან გამოდიოდა _ სუ გამოყლევდი? მაკაროვი რაღა ფეხში გისვრია და რაღა თავში, რისთვის ბრიდავდი? რა დაგიშავა?!
გაბრი ისევ ჩუმად იყო.
პაატას ტვინში სისხლმა აასხა.
_ რას გვეკაფები შეჩემა, რას ეჩი ვაბშე მაგ ხალხს? ეგეთი უწყინარი სასტავი არ შემხვედრია, ყოველ საღამოს ზიან, ლოცულობენ და ცას უყურებენ, როდის დაეცემათ თავზე კოსმოსიდან ჩამოვარდნილი შიბლა და შენ რაღა შიბლა გინდოდა, იბიომატ, არ მოყვები რა მოხდა?!
გაბრი არაფრის მოყოლას არ აპირებდა, ინსტინქტურად გაიწია პაატასკენ და იარაღის ამოღება სცადა, მაგრამ გივიკომ გაარტყა და მერე ნიკუშამ წაართვა მაკაროვი.
აჩიმ და ნიკუშამ ხელები გადაუგრიხეს, გევრდითა ოთახში გაიყვანეს და კარებთან დადგნენ ნადზორივით.
_ მიდი, მოყევი რა მოხდა, რამ გააცოფა – ნოდარას მიუბრუნდა გივიკო.
_ აზრზე არა ვარ, ჩანჩქერიდან რო მოვდიოდით, ორნი შეგვხვდნენ იმ სასტავიდან. ეს დაებაზრა, დობრათ. ცოტა ხანს ვიდექით და ვბაზრობდით იმ ამბავზე დღეს რო მოხდა. ერთმა უთხრა, მოძღვარს უნდა შენთან ლაპარაკიო და ამან მე მაგასთან სალაპარაკო არაფერი მაქვსო, მერე იმათმა იბაზრეს რაღაც ნათლობაზე. თურმე იმ მოძღვრის ერთი ნაგიჟარი პადძელნიკი ხალხს ნათლავს, ვერ გავიგე ნიტო სხვა რჯულზე, ნიტო ქრისტიანულათ და უცებ ეს გაფითრდა და ეუბნება ეგ ეგეთ რამეს თუ კიდე გააკეთებსო, ეგ სიაფანდი ნათლისმცემელიო, თავს მოვაჭრიო და იმათაც რაღაც უთხრეს, მერე ამან აგინა და ესროლა. მერე ჩვენ წამოვედით და ეგენი დარჩნენ.
_ რელიგიური ომებიღა გვაკლდა, _ პაატამ ფანჯარაში გადააფურთხა _ არ შეგვარჩენენ, ორმოცდაათი კაცია, სულ ნაკაჩევები და მაგათი გლავარები იარაღითაც დამინახია.
_ ხო, თქვა აჩიმ _ ტყეშიც ხო შევხვდით ზასადაში რო ისხდნენ, დათვზე, კალაშებით ნადირობდნენ.
_ არა, ეგენი აქაურები არიან, ადგილობრივები. ახლა იარაღი ყველგან ყრია _ თქვა გივიკომ.
_ კაროჩე, ასე ვქნათ, ამაღამ ფეხს არსად გავადგამთ, სახლი გორაზეა, სულ ორი ბილიკი ამოდის და ორივეზე ვიმორიგევებთ. იარაღი ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ არც გვჭირდება, თუ წამოვიდნენ, გავისვრით და მერე სოფელი ჩაერევა, სოფელი აქვეა. ხვალ დილიდანვე ჩავალთ სოფელში და დავებაზრებით, ეგენი გულზე არც მაგათ ეხატებათ, მგონი ძროხის ქურდობას აბრალებენ, – გივიკოს მოხაზულ სტრატეგიას არავინ შეკამათებია.
ცოტა ხანში ტაძრიდან მომავალ გზიდან ხმაური შემოესმათ. მერე გარკვევით მოისმა ხმამაღალი ლაპარაკი, თოფიც გავარდა. მთვარე მილეული იყო, თუმცა მთა ეფარებოდათ და დღეც რომ ყოფილიყო ვერაფერს დაინახავდნენ.
_ აჰა, დაიწყო. შეტევაზე გადმოვიდნენ, ტამიშია, ბლიად! – ნიკუშამ სანადირო თოფი აიღო და ეზოში გავიდა.
_ ფეხი არ გაადგა ეზოდან, გესმის?! – დაადევნა გივიკომ და გაბრისთან შევიდა ოთახში.
* * *
დაძაბული და ხმაურიანი ღამის შემდეგ აღმოსავლეთიდან წამოსულმა ცისკარმა ყველაფერს ნათელი მოფინა.
ახლო-მახლო სოფლებში ჯერ კიდევ ჩარჩენილი ახალგაზრდობა თავიდანვე ვერ შეეწყო ამდენი უცხო ხალხის უეცარ გამოჩენას მათ მიდამოში და საბაბს ეძებდნენ, რომ უკანვე ჩაერეკათ, ბარში. საბაბიც მალე გამოჩნდა. ერთი სოფლის ძროხა მეორე სოფლის ჯეელობამ წამოაქცია და კარგადაც მოულხინეს იმ ღამეს.
ქურდობა, რა თქმა უნდა ჰაიბერნიელებს დაბრალდა. მეორე საღამოს კაცი დაუჭრეს გრაალის რაინდებს და კარაბინგადაკიდებული ნათლისმცემელი შურის საძიებლად ღამითვე დაადგა ომის ბილიკს მოძღვარის პროტეტსის მიუხედავად. უკან ორი ათეული ხმალ-ყამით შეიარაღებული ვაჟკაცი მისდევდა. ამ დროისთვის სოფლელებს უკვე ალყაში მოექციათ ბანაკი და მხიარული ეგზეკუციის მოწყობას აპირებდნენ. გზაზე შეიარაღებულ ხალხს რომ გადაეყარენ მათ შორის ყველაზე მშიდობისმოყვარეთა მრისხანებასაც საზღვარი არ ქონდა.
ამბობენ შეტაკებაში არავინ დაღუპულაო, დაჭრილები ბლომად იყვნენ, ძირითადად რაინდების მხრიდან. აბორიგენებმა ბანაკი დაარბიეს და ჰაიბერნიელები ხეობიდან გარეკეს, ნიკუშა ამბობდა რკინიგზის სადგურამდე სდიესო, დაჭრილების ჩაყვანაშიც ეხმარებოდნენო.
* * *
ბიჭები პატარა აივანზე ისხდნენ და დედაბრის მთას უყურებდნენ. მთის ფერდობებზე ნისლი ნელ-ნელა იფანტებოდა და უკვე კარგად ჩანდა ცისფერი ნაძვების წამახული ტეხილი კენწეროები.
_ რომელია საათია? – იკითხა გივიკომ
_ მე სამი დღის წინ დამავიწყდა საათის მოქოქვა _ თქვა აჩიმ.
_ მე ერთი კვირის წინ, _ ჩაეცინა ნოდარას.
_ ვაფშე რა დღეა? – იკითხა პაატამ.
_ სამშაბათი იქნება, ან პარასკევი _გაიხუმრა ნიკუშამ.
_ დრო გაჩერდა, _ გაეცინა პაატას, _ულტიმა თულე...
_ ეგ რა არის? - იკითხა ნოდარამ
პაატა ფიქრებიდან გამოერკვა, _ რა რა არის?
_ აი, ეგა, ახლა რო თქვი.
_ კიდობანია, _ თქვა პაატამ.
ჰეფიგრაფი
უკვდავებას, შენ რომ ეძებ, ვერასოდეს იპოვი.
გილგამეშიანი, შუმერული ეპოსი წარღვნის შესახებ
დიდება შენდა, ჰოი უფალო, დიდება შენს დას – ხორციელ სიკვდილს.
ფრანჩესკო ასიზელი, “მზის ხოტბა”
პრიკუპი რომ მცოდნოდა, მინისტრი ვიქნებოდი.
აბრაამ ლინკოლნი
მაპატიეთ გაოFტოპიკებისთვის