ღირსი წმიდა სერაფიმე საროველი სასწაულთმოქმედი
საროველი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამა სერაფიმეს სახელი განთქმულია მთელს რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, მას თაყვანს სცემენ საყოველთაოდ ცნობილი ძველი წმიდანების თანაბრად.
სერაფიმე საროველი დაიბადა 1759 წლის 19 ივლისს ქალაქ კურსკში, კეთილმორწმუნე და შეძლებული მშობლების - დიდვაჭარ ისიდორე მოშნინისა და მისი მეუღლის - აღათიას ოჯახში. მისი ნათლობის სახელი იყო პროხორი.
ათი წლის პროხორს მძიმე სნება შეეყარა. ბავშვი სასიკვდილოდ იყო განწირული. ამ სასოწაკრვეთილების ჟამს ყმაწვილს ძილში გამოეცხადა ღვთისმშობელი და განკურნება უწინასწარმეტყველა. მალე ქალაქში ლიტანიობა მოეწყო - ღვთისმშობლის ხატს მოასვენებდნენ სწორედ იმ ქუჩაზე, სადაც მოშნინები ცხოვრობდნენ. წვიმდა და გზის შესამოკლებლად პროცესიამ მოშნინების ეზოში შეუხვია. პროხორის დედამ სწრაფად დასტაცა ბავშვს ხელი და ხატთან მიიყვანა. ხატი ბავშვის თავზე გადაატარეს; იმ დღიდან ბავშვმა მოიხედა და მალე სრულიად გამოკეთდა.
დედა გრძნობდა შვილის განწყობილებას. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ნათელი ხდებოდა მისთვის, თუ როგორ ცხოვრებას ირჩევდა მისი ვაჟი. როდესაც პროხორმა მონასტერზე ჩამოაგდო სიტყვა, დედას წინააღმდეგობა არ გაუწევია. რამდენიმე კურსკელმა მოქალაქემ გადაწყვიტა პროხორთან ერთად ერს გასცლოდა. ჩვიდმეტი წლის პროხორმა დედას კურხევა გამოსთხოვა და დაემშვიდობა.
სავანეში გამგზავრებამდე პროხორი ეახლა რუსეთის ბერ-მონაზონთა მთავრებს - ღირს ანტონს და კიევ-პეჩორელ თეოდოსის; კიტაევოს (კიევის მახლობლად მდებარეობს) უდაბნოს განდეგილი ბერის - დოსითეოზისგანაც აიღო კურთხევა სავანეში დასაყუდებლად. დოსითეოზმა პროხორს უთხრა: „ღმერთის შვილი ყოფილხარ... საროვოს მონასტერში გაემგზავრე, სულის ხსნას თუ ეძებ. შენი მიწიერი გზა იქ დაასრულე. საროვოში ჰპოვებ სულიწმიდას - ყველა სათნოებათა საუნჯეს, რომელიც შენს სულს სიწმიდისკენ წარუძღვება“. მოიარა პროხორმა ეს სავანე და კურსკში დაბრუნდა, სადაც რამდენიმე ხანი დაჰყო დედისეულ სახლში, შემდეგ კი გამოეთხოვა მშობლიურ მიწა-წყალს.
1778 წლის 20 ნოემბერს ცხრამეტი წლის პროხორ მოშნინი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინა დღეს, საღამოჟამს, საროვოში ჩამოვიდა
მონასტერში პროხორს მძიმე სნება შეეყარა. ბერებმა მკურნალობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა და ღვთის გულმოწყალებას მიენდო. პროხორის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ღვთისმშობელი გამოეცხადა და განკურნა. მალე ის სენაკი, სადაც ეს გასაოცარი ხილვა მოხდა, დაანგრიეს, იმ ადგილზე საავადმყოფოს კორპუსი ააგეს და ტაძრითავ შეამკეს
1786 წლის 13 აგვისტოს 28 წლის პროხორი ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა სერაფიმე (ცეცხლის სადაგი)... 1787 წლის დეკემბერში ღირსი სერაფიმე მთავარდიაკვნად აკურთხეს.
სერაფიმემ ბერებს უამბო შემდეგი:
„ერთხელ წირვის დროს, დიდ ხუთშაბათს, აღსავლის კარით რომ შევედი საკურთხეველში და წარმოვთქვი „უკუნითი უკუნისამდე“, უეცრად აღმობრწყინდა ნათელი, რომელშიც ვიხილე უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, გაბრწყინებული, მზეზე უფრო ელვარე, გარემოცული გამოუთქმელი შუქით და გარშემორტყმული ანგელოზებით, მთავარანგელოზებით, ქერუბიმებითა და სერაბიმებით. ის ჰაერში მოდიოდა ტაძრის შესასვლელიდან ვიდრე საკურთხევლადმე. მერე აღაპყრნა ხელნი თვისნი, საკურთხევლის წინ შეჩერდა და აკურთხა მსახურნი და ყველა მლოცველი. შემდეგ კი აღსავლის კართან დაკიდებულ ხატში ჩაესვენა. მაშინ ჩემმა გულმა განიხარა ამ ნათლით და უფლის სიყვარულის სიტკბოებით“.
ამ ხილვის შემდეგ მამა სერაფიმეს წამიერად შეეცვალა იერი - ადგილზე გაშეშდა და სიტყვით თქმა ვეღარ შეძლო. მთავარდიაკვანი ხელით შეიყვანეს საკურთხეველში, სადაც დაახლოებით ორი საათი გაუნძრევლად იდგა. სახე წამისწამ ეცვლებოდა - ხან მიტკლისფერი დაედებოდა, ხან სიწითლე გადაჰკრავდა. ხშირად მამა სერაფიმე უდაბნოში მიდიოდა და ღამეს ლოცვებში ატარებდა, დილით კი კვლავ სავანეში ბრუნდებოდა.
ერთხელ, როდესაც ღირსი სერაფიმე ტყეში შეშას აპობდა, მასთან მივიდა სამი უცნობი გლეხი და უტიფრად მოსთხოვა ფული. წმიდანი ეუბნებოდა მათ: „ფულს არავისგან ვიღებ“-ო. პირველი გლეხი, რომელიც მას თავს დაესხა, დაეცა, დანარჩენებიც შეშინდნენ. წმიდა სერაფიმე ძალიან ღონიერი იყო და ცულიც თან ჰქონდა, მაგრამ მას ახსოვდა მაცხოვრის სიტყვები: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდნენ“. მან ცული დაუშვა, ხელები ჯვარედინად გადაიწყო მკერდზე და თქვა: „რაც გინდათ, ის მიყავით“. მაშინ ცულის ყუა თავში ჩასცხეს. პირიდან და ყურებიდან სისხლი წასკდა ბერს და ცოცხალმკვდარი ძირს დაეცა. ყაჩაღებმა სენაკისკენ წაათრიეს, ფეხებით შედგნენ, გათოკეს, და რაკი მკვდარი ეგონათ, სენაკში შეცვივდნენ ფულის წასაღებად. მაგრამ იქ მხოლოდ ხატი და რამდენიმე კარტოფილი იპოვეს; ბოროტმოქმედნი შიშმა აიტანა და გაიქცნენ.
ღირსი სერაფიმე გონებაზე მოვიდა, გაჭირვებით გაითავისუფლა თავი, ღმერთს მადლი შესწირა, რომ უდანაშაულოდ ევნო და ილოცა, რათა ღმერთს მიეტევებინა მძარცველებისათვის. დილით ძლივს მილასლასდა სავანემდე - საშინლად გამოიყურებოდა: ტანსაცმელშემოფლეთილი, სისხლში მოსვრილი, ჭრილობებზე სისხლი მიხმობოდა. ექიმებმა ნახეს, რომ თავი გატეხილი ჰქონდა, ნეკნები ჩალეწილი, მკერდი დათეთქვილი, სხეულზე რამდენიმე ადგილას სასიკვდილო ჭრილობდა ჰქონდა მიყენებული და გაოცდნენ, ცოცხალი რომ გადარჩა. ვიდრე ისინი ლათინურ ენაზე ბჭობდნენ, მამა სერაფიმეს ჩაეძინა და იხილა გამოცხადება:
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მოსილი შარავანდედით, მოციქულების - იოანე ღვთისმეტყველის და პეტრეს თანხლებით, მიუახლოვდა მის სარეცელს და წარმოსთქვა ექიმების მისამართით: „რისთვის ირჯებით?“ შემდეგ ბერს შეხედა და თქვა:
„აჰა, ნათესავი ჩემი!“ - ეს სიტყვები მხოლოდ ბერმა გაიგონა.
როცა გაიღვიძა, მამა სერაფიმემ უარი განაცხადა მკურნალობაზე, იმავე დღეს მომჯობინდა და ფეხზე დადგა. ხუთი თვე მაინც დარჩა სავანეში, ვიდრე სრულიად არ გამოჯანმრთელდა, შემდეგ კი უდაბნოში დაბრუნდა, რათა უწინდებურად გაეგრძელებინა თავისი სულიერი ღვაწლი.
მძარცველები ამხილეს, მაგრამ მამა სერაფიმემ საროვოს განმგებელ მემამულეს განუცხადა, რომ სამუდამოდ გადაიხვეწებოდა საროვოდან, გლეხებს თუ დასჯიდნენ. ბერის თხოვნით ბოროტმოქმედნი შეიწყალეს, მაგრამ მალე ხანძარმა გადაწვა მათი სახლები; მათ მოინანიეს და მამა სერაფიმეს ეახლნენ.

ღირსმა მამა სერაფიმემ ისეთ სულიერ სიმშვიდეს მიაღწია, რომ მის დანახვაზე ტყის ნადირიც კი მოწიწებით იმსჭვალებოდა. სავანის სტუმრებს ხშირად უნახავთ მამა სერაფიმეს გვერდით უზარმაზარი დათვი, რომელსაც ის საკუთარი ხელით აჭმევდა. დათვი თურმე ზოგჯერ ტყეში მიდიოდა, შემდეგ კი კვლავ უკან ბრუნდებოდა. ბერი ხან საკუთარი ხელით აჭმევდა მას, ხანაც თავის სტუმრებს სთხოვდა დათვი დაეპურებინათ. ასეთ დროს წმიდა სერაფიმე აღვსილი იყო ნეტარებით და სახე ანგელოზივით უბრწყინავდა. მნახველები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ბერის სიცოცხლეში ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ.
ათი წლის მდუმარებისა და განმარტოების შემდეგ, უდაბნოში ცხოვრების გამოცდილებით გამდიდრებულმა და გონება-გასხივოსნებულმა, მადლის მოზღვავებით შთაგონებულმა მოსაგრემ კვლავ განიხვნა ბაგენი. ღირსი მამა სერაფიმე შეუდგა ღვაწლს იმ ურიცხვ სულთა გადასარჩენად, რომლებსაც ცხოველმყოფელი, მადლიანი სიტყვა ენატრებოდათ.
მას გამოეცხადა ღვთისმშობელი, ღირსი მეუდაბნოის ონოფრე დიდის და პეტრე ათონელის თანხლებით და უბრძანა მიეღო მნახველები, რათა რჩევა დარიგება მიეცა მათთვის. იმ დღიდან მოკიდებული, წირვის შემდეგ თეთრ კაბასა და ოლარში გამოწყობილი ბერი, სამკლაურებით და ნახევარმანტიით შემოსილი, საღამოს რვა საათამდე იღებდა სტუმრებს თავის სენაკში

Преподобный Серафим Саровский в молении на камне
ღირსი სერაფიმე ყველას ურჩევდა, მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატები. მას ხშირად მოჰყავდა ნეტარი მარკოზ ეფესელის მაგალითი, რომელმაც ფლორენციის საეკლესიო კრებაზე ურყევად დაიცვა აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოება. თავადაც საგულდაგულოდ განუმარტავდა მორწმუნეებს მართლმადიდებლობის საფუძვლებს, დაწვრილებით უამბობდა მრევლს მართლმადიდებლობის არსზე და დასძენდა: „ეს არის ერთადერთი წმიდა და ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრება“-ო.
თავის სიცოცხლეში ღირსი მამა სერაფიმე უამრავ სასწაულს ახდენდა უფლის განგებით. ავადმყოფებს არჩენდა, მრავალი განწირული ადამიანი იხსნა, ზოგსაც მომავალი უწინასწარმეტყველა და ამ გზით საფრთხეს განარიდა. ჩვეულებრივ ის ავადმყოფებს ზეთს სცხებდა ხოლმე იმ კანდელიდან, რომელიც მის სენაკში ღვთისმშობლის ხატის წინ ენთო ჩაუქრობლად. ეს იყო ხატი „გიხაროდენ“, რომელსაც იგი „უზესთაეს ნეტარებას“ უწოდებდა.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ღირსი სერაფიმე თავგამოდებით ზრუნავდა დივეევოს მონასტერზე, რომელიც მანვე დააარსა თავისი სულიერი შვილების თანადგომით.უდაბნოში ცხოვრების დროს ღირს სერაფიმეს სიზმარში გამოეცხადა ღვთისმშობელი თორმეტი მოციქულის თანხლებით, ენით უთქმელი დიდებითა და ნათლით მოსილი, და უბრძანა სამი სავანის - დივეევოს, არდატოვოს და ზელენოგორსკის - კეთილმოწყობა და ზედამხედველობა
1831 წლის 25 მარტს, თავის ნეტარ აღსასრულამდე ერთი წლითა და ათი თვით ადრე ღირს სერაფიმეს ზეციური წყალობის დასტურად ცხადად მოევლინა ღვთისმშობელი, უკვე მეთორმეტედ, და ეს იყო ნიშანი მისი ნეტარი მიცვალებისა და უხრწნელი დიდების. ამ გამოცხადებას დაესწრო დედა ევპრაქსია დივეევოს მონასტრიდან.
მოეჩვენათ, რომ ქარი ამოვარდა, ელვარე ნათელი მოეფინა იქაურობას და მოესმათ გალობა. ბერის სენაკი განივრცო და ჭერიც განათდა, თითქოს კაშკაშა სანთლების შუქით გაჩირაღდნებულ დარბაზში მოხვდნენ. მზის ნათელზე უფრო მცხუნვარე იყო ეს შუქი. ბერი მუხლებდე დაეცა და გულათრთოლებულს ესღა აღმოხდა: „ჰოი, კურთხეულო, ნეტარო ქალწულო, ყოვლადწმიდა დედა-ღვთისმშობელო!..“ წინ ორი ანგელოზი მოდიოდა, ხელთ ეპყრათ ახლადაყვავებული რტოები; შემდეგ მობრძანდებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, თორმეტი ქალწულის, იოანე ნათლისმცემლისა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით, რომლებსაც სპეტაკი, ელვარე სამოსელი ემოსათ. ღვთისმშობელს ულამაზესი მოსასხამი ებურა, ენით აუწერელი, სწორედ ისეთი, მგლოვიარე ღვთისმშობლის ხატზე რომაა გამოსახული. მოსასხამდე ჯვრებით შემკული დიდი მრგვალი საკინძე ებნია. მოსასხამს ზემოთ ოლარი ემოსა და მაჯაზე საბუხარეები ეკეთა. ოლარიც და მოსასხამიც ჯვრებით იყო გაწყობილი. ღვთისმშობელი სხვა ქალწულებთან შედარებით უფრო მაღალი ჩანდა. თავს უმშვენებდა ნაირ-ნაირი ჯვრებით შემკობილი გვირგვინი, რომელიც თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას ასხივებდა. წმიდა ქალწულნი წყვილ-წყვილად მოაცილებდნენ ღვთისმშობელს, მათაც გვირგვინები ედგათ, თმა გაშლილი ჰქონდათ და ნარიფერი სამოსი შვენოდათ... როდესაც მონაზონი ქალი გონს მოეგო, ღირსი სერაფიმე უკვე აღარ იყო დაჩოქილი; ფეხზე იდგა ღვთისმშობლის წინ და ღვთისმშობელი ისე მიმართავდა თავის რჩეულს, როგორც ღვიძლ ადამიანს. მონაზონმა გაიგონა მისი სიტყვები: „არ მიატოვო ჩემი დივეევოს ასულები“. რაზეც ბერმა უპასუხა: „ცის და მიწის დედოფალო, ვცდილობ ყველას ერთად მოვუყარო თავი, მაგრამ მარტო ვეღარ ვუძღვები!“
„ჩემო სანატრელო, - მიუგო ღვთისმშობელმა, - ყველაფერში შეგეწევი... ვინც მათ აწყენინებს, დავამხობ, და თუ ვინმე დაეხმარება მათ ღვთის სადიდებლად, შეწყალებულ იქნება უფლის მიერ“. შემდეგ ღვთისმშობელმა მონაზონს უბრძანა გაეგო ქალწულთა სახელები და ეკითხა მათთვის, თუ რა ტანჯვა განვლეს ქრისტეს გულისათვის. ესენი იყვნენ დიდმოწამე ბარბარე და ეკატერინე, პირველმოწამე თეკლე, დიდმოწამენი მარინე და ირინე, ღირსი ევპრაქსისა, წმიდა დიდმოწამენი პელაგია და დოროთეა, ღირსი მაკრინე, მოწამე იუსტინა, წმიდა დიდმოწამე იულიანა და მოწამე ანისია. „აბა შეხედე ამ ქალწულებს, - წარმოთქვა ღვთისმშობელმა, - მათ უარყვეს ამქვეყნიური სიმდიდრე და მეფობა, რადგან მიწიერ განცხრომას ზეციური, მარადიული მეფობა არჩიეს, საკუთარი ნებით იტყვირთეს სიგლახაკე, ერთარსი ღმერთი შეიყვარეს და ხომ ხედავ, ამის სანაცვლოდ რა დიდება და პატივი მოიმკეს. ასე იყო უწინ, ასეა ახლაც. ოღონდ ძველად მოწამენი ცხადად იტანჯებოდნენ, ახლა კი - ფარულად, გულის სევდით, მაგრამ საზღაური ახლაც იგივეა...“
ხილვა იმით დასრულდა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა წმიდა სერაფიმეს უთხრა: „ჩემო სანატრელო, მალე ჩემთან იქნები“, - და აკურთხა. სხვა წმიდანებიც დაემშვიდობნენ: წმიდა იოანე ნათლისმცემელმა და წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა აკურთხეს ის, ქალწულებმა კი სათითაოდ ხელი ჩაჰკიდეს და გადაკოცნეს

1902 წელს უწმიდესი სინოდის მიერ შედგენილი კომისიის განკარგულებით გამოიკვლიეს სასწაულებრივი განკურნების ასზე მეტი შემთხვევა. განკურნებული ავადმყოფები მართლმადიდებელი რუსები იყვნენ და ისინი აღფრთოვანებით შეხვდნენ სინოდის 1903 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებას ამ ახალი მლოცველის წმიდანად აღიარების და მისი სასწაულთმოქმედი ნაწილების გახსნის შესახებ, რომელიც შედგა საზეიმო და ხალხმრავალ ვითარებაში 1903 წლის 19 ივლისს.
სერაფიმ საროველს ერთ ერთი გამოცხადების დროს ეუწყა ღვთისმშობლის ოთხ წილხვედრ ადგილზე, სადაც არ დაიდგმება ანტიქრისტეს ფეხი და არ გავრცელდება მისის ძალაუფლება
1) პირველი წილხვედრი ქვეყანა იყო იბერია
2) მეორე - ათონსი მთა
3) მესამე პეჩორის მონასტერი
4) დივეევო, რომელიც თავად მამა სერაფიმმა დაარსა.
სწორედ სერაფიმ საროველს ესტუმრა იმპერატორი ნიკოლოზი და მან იწინასწარმეტყველა რომანოვების გვარის განადგურება