Fitzcarraldo
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3323
წევრი No.: 33077
რეგისტრ.: 14-April 07
|
#6081483 · 8 Jul 2007, 04:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცნება – თანამედროვე ხელოვნება თავად ფრაზიდან გამომდინარეობს: დღეს თანამედროვეა ხელოვნება, რომელიც ამ დროში იქმნება, მაგრამ იქნება კი ის თანამედროვე სხვა ეპოქაში? – თქვენ ამბობთ, რომ არ არის აუცილებელი, კონკრეტულ სინამდვილეს უნდა ასახავდეს. თქვენ თუ ხელოვანები ხარ, აბა შექმენით რამე სხვა წიაღიდან და დაკმაყოფილდით ამით! ვიცი, ვერ ისვენებთ, თავი ნოვატორი გგონიათ, აქტუალურს აწვებით. გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენს მიერ ერთხელ შექმნილი თქვენ თვითონ ვერ გიძლებთ, თუ მეორე დღეს ის უკვე მოძველებულად გეჩვენებათ, მაშინ გამოდის, რომ მნახველს გამუდმებით მოტყუებულს ტოვებთ. მე შევძელი და აღსარებასავით მოგანდეთ ერთხელ შექმნილები. რას უნდა ემყარებოდეს ხელოვნება, რომ ყველა დროსა და ხალხში იყოს აქტუალური? ლოგიკურად იმას, რაც ყველა დროისა და ხალხისათვის საერთოა. ჰოდა, მოვძებნოთ რაც უნდა იყოს. “არაცნობიერი ფსიქიკა შემოქმედია ცნობიერი ფსიქიკის”.(2) ფსიქოანალიზის ეს ძირითადი თეზისი, რომელმაც სცადა შეეცვალა ფილოსოფიური ანთროპოლოგია, მოკლებულია ემპირიულ ნიადაგს და როგორც გვინდა, ისე მოვატრიალებთ: მე ვიტყოდი – ცნობიერებაა არაცნობიერი ფსიქიკის შემოქმედი და, საერთოდ, როგორც არ უნდა იყოს, მქმნელი და ქმნილი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებდნენ. ეს ის პრინციპია, ურომლისოდაც არ გვეცოდინებოდა თითოეული ჩვენგანის არსებობა (sum), ანუ არ ვიქნებოდით. ჩემი სიზმრებიც, ჩემი ხელოვნებაც ერთი ჩემი ზღაპრის ნაწილია, ხოლო ეს ფსიქიკა ორგანიზმის ფუნქციური მხარეა. რომ ადამიანში იმთავითვეა პოტენციური არქეტიპი, რომელიც ზრდასრულ ასაკში მართლაც გვევლინება ფსიქიკის სტრუქტურულ დომინანტად, ოღონდ მხოლოდ აქ აკრეფილი ინფორმაციის მეშვეობით: დროთა განმავლობაში ჩნდება ფსიქიკის ნაირსახეობები. სხვისი არ ვიცი, მაგრამ არასოდეს მქონია ისეთი სიზმარი, სადაც “მე” არ ვყოფილვარ, სადაც ესა თუ ის პოტენციური ლტოლვა არარსებულ ანუ არნახულ გარემოში დაბადებულიყო. “ღვინო ღვთაებრივი სასმელია და, ჩემი აზრით, არასწორი იქნებოდა, ღვინო დაგვედანაშაულებინა იმაში, რომ ბევრი გათიშვამდე თვრება”.(3) მართლაც, ბუნებაში დოზას გადამწყვეტი როლი ენიჭება. განა ღვინის მიღების დოზა არსობრივ განსხვავებას არ გვაძლევს ამაღლებული განწყობიდან ცუდად გახდომამდე? ასევე განუსაზღვრელია ობიექტური განსხვავება სიცოცხლის ფორმებს შორის, არსობრივი კავშირის გასაწყვეტად. ადამიანი – აბსტრაქტულად მოაზროვნე, ცნობიერი ცხოველი?! თითქოს ცნობიერება არ გვაქცევდეს ფილოსოფოსებად, კოსმონავტებად, ან არ გვიქადდეს ოდესმე ანგელოზებად და ღმერთებად ქცევას. თუ არა, მაშინ იგივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ: ადამიანი ცნობიერი, ინსტინქტების მქონე, გადაადგილების უნარის მქონე მცენარეა; ან კიდევ, ამ ყველაფერთან ერთად თვითგანვითარებადი და თვითრეგულირებადი ვირუსია. იქნებ ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა: ვცადოთ, რომ ერთი დღის განმავლობაში სასაუბრო ლექსიკონიდან ამოვაგდოთ სიტყვა – მაგრამ; წარმოუდგენელია, არა? რა თქმა უნდა, არასოდეს ვფიქრობთ ამ სიტყვაზე, - ჩვენი სიცოცხლესავით თავისთავადზე, სულ ჩვენთან რომაა და ცხადში თუ ძილში გვანუგეშებს. სიცოცხლე(4) მატერიის მოძრაობის ფორმაა. სიცოცხლის რეალიზება ხდება ინდივიდუალურ ბიოლოგიურ ორგანიზმებსა და მათ ერთობლიობებში. ყოველი ორგანიზმი ღია სისტემაა. ყველა დიდი სისტემისთვის დამახასიათებელი მიზანი ყველა უმცირეს სისტემაშიც მეორდება და ეს კოსმოსია (წესრიგი). “უმოქმედობას სიმშვიდე მოაქვს. ცა და მიწა მარადიულნი არიან. რად არიან ცა და მიწა მარადიულნი? თავიანთთვის არ არსებობენ. აი, რად არიან მარადიულნი”(5). კოსმოსი მიზანია, მაგრამ უმოქმედობით არა. – ეს არაა ადამიანის – ყველაზე რთული – ცნობიერი სისტემის გზა, არამედ შობის პრინციპი. ქმედება ტოლია უკუქმედების - ფიზიკის კანონია. ფიზიკური სხეულის მქონე არსებათაგან მეტაფიზიკა მხოლოდ ადამიანის პრიორიტეტია: - იმის, ვისაც დასჭირდა ეს ცნება. XX ს-ში ეგონათ, რომ სინთეზური ხელოვნება პროგრესული ნაბიჯი იყო, რომ სხვადასხვა დისციპლინების შეერთება მიგნება და სიახლე იყო. მე ამის ისევე არ მჯერა, როგორც იმის, რომ ადამიანისთვის ფიზიკური გამრავლებაა შობის პრინციპი. შეჯვარება და გამრავლება არსობრივად სხვისი პრიორიტეტია, არა ჩვენი. ფორმულა – ადამიანის პირველსაწყისი ვერ იქნებოდა ფიზიკური მოძრაობა. მოძრაობაცაა და მოძრაობაც. რაოდენ რეგრესული ქმედება-მოძრაობაა შეჯვარების აქტი (სექსს რომ ვეძახით). “თავად დაუბადებელნი, ისინი არ საჭიროებენ სხვათა დაბადებისთვის მამრულ საწყისს. ასეთია ძველი ნამმუ (შობის პრინციპი), იგი იყო ყოვლის გაჩენამდე, - მშობელი უამრავ ღმერთთა”(6). მოდი, ცოტა ავურ-დავურიოთ: თავდაპირველად იყო გონი (სპირიტუს), მაგრამ გონი ობიექტურ ყოფნას არ ნიშნავს. ის ყოფნის წინაპირობაა, ამიტომ “თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი: ის იყო დასაწყისში ღმერთთან: და ყოველივე შექმნილია მის მიერ და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია, მასში იყო სიცოცხლე”(7)... ასე, უსაგნო იქცა საგნობრივად, უძრაობა – მოძრაობად. – “ნამმუს მტკნარი ოკეანური წიაღიდან შეიქმნა ენქი (მიწის უფალი), ხოლო ამ ენქის ბაბილონურმა კოსმოგონიამ გაუჩინა დედრული ცალი – დამქინა – იმ კოსმიური ნამმუს დაკნინებული შთამომავალი – ორი მდინარე ერთმანეთთან წყალნაზიარები”(8). ახალი კონტექსტის მოლოდინში, უკვე სხეულნაზიარებმა უბიწოებამ კვლავ შვა ღმერთი, - ჩვენი ყოვლისმომცველი, აგრერიგად მინავლებული მეტაფიზიკური საწყისი. ვერავინ შემედავება იმაში, რომ უბიწოება (უბიწოება შეიძლება მშვენიერების უმაღლეს საფეხურადაც აღვიქვათ) არის მარიამის ამოსავალი წერტილი. მიჩვენეთ მასზე ძლიერი სტერეოტიპი! ნუთუ დიდყურება(9) ბრძენმა არ იცოდა, რომ მის მიერ შექმნილი “ცვლილებათა წიგნი” შობის პრინციპია და არა უმოქმედობა? იცოდა, იცოდა. – ეს ადამიანური მისწრაფება! თუკი ყოფილხარ და თუკი ხარ, რაც უნდა გეფიქრა, გეთქვა, გექნა; რაც არ უნდა გეფიქრა, არ გეთქვა, არ გექნა, შენი სახელით იქნებოდა მაინც! ისევე როგორც ცნება – სუბიექტი ვერ იქნება ცნება – ობიექტი. “ლამა საბაქთანი”(10) – რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ამ ფრაზას? ყველაზე შორეულს და უცხოს იესოს უჭკნობი ლეგენდიდან. რომ არა ეს ფრაზა – აღსარება საუკუნეების მიმართ. ჩემო სიცოცხლევ! – და სხვა არაფერი. წრფელი სიცოცხლე. თავისუფალი რიტუალებისაგან, ინსტინქტებისგან. მისი ფილოსოფია, ანუ ძე კაცისა – ღმერთი, იწყება იქ, სადაც წყდება კავშირი მისტიკასთან: “მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე!”(11) 1. იყო ცოცხალი, იგივეა, რაც იყო გზა. არა აქვს მნიშვნელობა სხვა დანარჩენს; უბრალოდ, გზა, თუნდ უკან – არსად მიმავალი. 2. ყოველი ჩვენგანი არის ჭეშმარიტება! და თუ იტყვი, რომ შენ არ ხარ, მაშინ ახლავე გაქრი! ჭეშმარიტება ეხება აზრებს და არა თვით საგნებს.(12) ხოლო აზრები საგნებიდან გამომდინარეობს. რჩება მხოლოდ ერთი აგნოსტიკური ჭეშმარიტება: ჩემი ახლა არსებობა, - კონკრეტული წამი, პირობა. როცა არსებობს საგანიც და აზრიც. 3. დაბოლოს: მე ვარ სიცოცხლე! შენ? იქნებ წამოგვცდეს, რომ სუბიექტური იდეალიზმი არ არის ყველაზე დიდი ჰუმანიზმი? იმ დღიდან, როდესაც იესომ ძე ღმერთისად გამოაცხადა თავი, დღემდე ყველას მასთან არ უნდა ღვთაებრივ სავანეში”? იესოს შემდეგ ცოტა უფრო არ დააფასა ყველამ საკუთარი სიცოცხლე? მაშ, შობის პრინციპი ადამიანისთვის არის საკუთარი თავის განცდა, დამოუკიდებლად გარე მოვლენებისგან და საგნებისგან; დიახ, თუნდ მხოლოდ საკუთარი თავის – ყოველგვარი მანკიერებით და ხრწნადობის თვისებით. `ჭეშმარიტება ეხება აზრებს და არა თვით საგნებს...~ `რომ მოტრფიალე უფრო ახლოა ღვთაებასთან, ვიდრე სატრფო, უკეთუ მათგან მხოლოდ პირველშია ღმერთი და მეორეში კი არა, - ყველაზე დახვეწილი და კვიმატი აზრი, რომელიც კი ოდესმე მოსვლია ადამიანს თავში~.(13) “როცა ვსაუბრობთ სხეულზე, როგორც ფიგურაზე, ის არ ნიშნავს სახეს და მას ეს სახე არც შეიძლება ჰქონდეს. მას აქვს თავი, რადგან თავი სხეულის განუყოფელი ნაწილია. სხეული შეიძლება მთლიანად შემცირდეს და სულ თავად იქცეს. ფრენსის ბეკონი – პორტრეტისტი თავების მხატვარია და არა სახეებისა. ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა: სახე სტრუქტურიზებული სივრცობრივი ორგანიზაციაა, რომელიც ფარავს თავს”...(14) ეს ფილოსოფოსი მგონი ცხოველად ქცევით იყო დაინტერესებული და უყურადღებოდ დარჩა მეორე მიმართულება: თუ თავიანი სხეული არ ნიშნავს სახეს (და ასეც არის), სწორედ ისევე, სახეს შეიძლება არ ჰქონდეს თავი... მე მინდა სახეების მხატვარი ვიყო! თუ მაქვს სახე (ერთხელადი, განუმეორებელი), ის ყველაფერში იქნება, რაც ჩემთან კავშირშია. ანუ, არსებობს მარტო ერთი: ვინ იბრძოდა არარსებულისთვის, არარსებულის გადასარჩენად! მე ვარ სამყარო! ჩემს გარდა სხვა სამყარო არ არის. მის დამთავრებასთან ერთად ყველაფერი მთავრდება. – ეს არის აპოკალიფსი. ახლა კი ჩემში გამუდმებით უთვალავი გალაქტიკა იბადება და კვდება. რამდენჯერ დამდგარა ჩვენს ცხოვრებაში წამი, რომელიც თითქოს მთელ სიცოცხლედ ღირდა; საიდანაც თითქოს ახალი ათვლა უნდა დაწყებულიყო, ან სადაც ჯობდა ყველაფერი დამთავრებულიყო. მაგრამ ის წამები... მგონი არც ყოფილა! ჩაბეჭდილი გვაქვს მხოლოდ საცოდავი სტატისტიკა: იმ გრძნობების გამომწვევი ფაქტები, საგნები და ეს უკანასკნელნი ვეღარასდროს გამოიწვევენ იმ განცდას. თუმცა, დგება მომენტი, როცა საოცარი რამ გვემართება ძველ ადგილებზე, ძველ ნაცნობებზე ფიქრისას; - ამას ერთი სიტყვით ნოსტალგია ჰქვია. ეს გრძნობა უშუალოდ წარსულის შედეგია. ნუთუ იმ ვიღაცის ან რაღაცის ჩემს მეხსიერებაში არსებობა იწვევს ამ საოცრებას? არა! ამას ვერ მოახერხებდა ცალკე მეხსიერება. ადამიანი განიცდის სიცოცხლეს ცოდნაზე დაყრდნობით. ემოციები ცოდნის შედეგია. ამჯერადაც ნაცნობი საგნები მახსენებენ ჩემს წამებს, დაკარგულ წამებს. – მაშინაც ვარსებობდი, განვიცდიდი და ყველაფერი ეს ახლა მაღელვებს, ახლა მეხება. რა ვუყოთ, რომ მხოლოდ ამ წამს განვიცდი; წინას კი არა, ამ წამს... ასე უსაზღვროდ გადაედინება ერთმანეთში წამები და განცდები. თან, ვერ ვიგებთ სწრაფად - თუ ნელა. - 400-სიცხიანივით, როცა ყველაფერი ერთნაირად ისტერიულია. მაშ, ნოსტალგია ახლა მეუფლება და ალბათ ადრეც ეგ მეუფლებოდა. ესე იგი, შემიძლია ჩემი გრძნობა მთელი ცხოვრება სხვადასხვანაირად გადმოვაწვიმო. განახორციელო, ან როგორც მე ვთქვი – გადმოაწვიმო შენი სასიცოცხლო აღტკინება,(15) ანუ მოერიო შენს ინერტულ მატერიას, გულისხმობს განავითარო ის. შემოქმედებითობა (რეალიზება) ნიშნავს სხეულის მოძრაობას. ნებისმიერი ადამიანი ოდესმე მაინც გრძნობს კონკრეტულ მომენტს, რაც უნებურად გამოდის სხეულის რაიმე მოძრაობა, რადგან ადამიანისთვის სწრაფვა მარადისობისკენ იგულისხმება მოცემული ფორმით. წინასწარ დადგენილი მიზანიც (ტელეოლოგია)(16) უშუალოდ აწმყოდან გამომდინარეობს.დაეთანხმო ამ ყველაფერს, ვიცი – ძალიან ძნელია! და მაინც, ვეცდები ამის მიზეზიც ავხსნა: ხელშემშლელი ისტორიზმის(17) პრობლემაა: ისტორიზმის, რომელიც აყალიბებს სტანდარტულ ფენოტიპებს, რომლის მორალის წყარო განსაზღვრულია შენამდე, შენგან დამოუკიდებლად და ცხოვრებას რიტუალების ერთობლიობად აქცევს. გარემო, სადაც გვიწევს ყოფნა, ცოცხალი ისტორიაა. ჩვენც, მის შემყურეს, ისღა დაგვრჩენია, ვტკეპნოთ. ბუნების მეხსიერებაში(18) გადანახული გაგვიხდია ჩვენი მეხსიერების საგნად; ამის პირმშოა საკუთარი თავის ისტორიულ ელემენტად მიჩნევა. განა საკუთარი ისტორია არ მანიპულირებს შენით? ადამიანი ჯამია თავისი წარსულისა? – ისევ რაოდენობრივი დეფინიცია! – ისეთი, როგორიცაა ისტორიზმის მთელი კომპლექსი. იმ ხალხს – გენიოსებს რომ არაფერი დაეფიქსირებინათ თავისი სხეულით (ჩემი აზრით, ისინი მაინც გენიოსები იქნებოდნენ), ანუ თითოეულ ჩვენგანს არ დაგვხვედროდა საუკუნეების განმავლობაში შეკოწიწებული აზრი, რამდენად უსუსურები იქნებოდით თქვენ, ვინც აქტუალურ ხელოვნებას თხზავთ: ხან ძველის წინააღმდეგ, ხანაც მისი გადამუშავებით. ვხვდები, როგორ არა: ადამიანი ჯერ მაინც სუსტია (ჯერ თუ უკვე), რომ ერთმანეთის ხელოვნება ასე დაუფიქსირებლად ესმოდეთ. თორემ მაშინ ხელისგულებზე გამოესახებოდათ საყვარელი დედამიწა. არ ვიცი, არ ვიცი... იმედი მაქვს, ადამიანები ოდესმე შეძლებენ ერთმანეთი განიცადონ რაღაცების გარეშე! შემეძლო არაფერი გამეკეთებინა, თუმცა დღევანდელი ადამიანი ვარ (ესე იგი, არ შემეძლო), და მეც ამ დრომდე სულ რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ რაც უფრო ვშორდები ჩემს პირველყოფილებას, მით უფრო მაოცებს მაშინდელი (3 წლის ასაკში) დახატული ადამიანი. განსაკუთრებული არაფერიაო! – მეუბნებიან, - ბავშვობაში ყველა ხატავსო (ყველაო, ალბათ ადამიანებზე მეუბნებიან)! ის კი არა, თურმე მამრი ორანგუტანები მდედრს სიმღერით მოინადირებენ. მაგრამ რატომ იწყებს ბავშვი ხატვას? რატომაა ეს ჩვეულებრივი? აბა წარმოიდგინეთ: 3 წლის ხარ, 3 წლის! მოსანადირებელი არავინაა; თითქოს არც რაიმე იდეალია ჯერ, და ცხოვრებაში პირველად მიდიხარ, იღებ ფურცელს, ფლომასტერს და ხატავ ადამიანს. როცა არ ხარ საზოგადოების სრულყოფილი წევრი, თითქოს მაშინ არ უნდა იყო ყველაზე სუბიექტური? ველური, ზოგჯერ მხეციც. რამ ამარჩევინა მაშინ მე ფორმა, რომელსაც ორგანიზმისთვის სარგებლობა არ მოუტანია; მაშინ, როდესაც ფსიქიკაც არ მქონდა ჩამოყალიბებული და როცა ჯერ არ ვიყავი საკუთარი ისტორიის ტყვე. სხეულის მოძრაობა არ შესრულდა მაშინ, როგორც მოძრაობის საგანი, არამედ ეს იყო მოძრაობის ფორმა აბსტრაქტულ სიბრტყეზე, სიტყვის ახალი ფორმა. დაგროვებულმა წამებმა მოუყარა თავი ალბათ პირველ გრძნობას, - წამებმა, - არა ისტორიამ. და გავაბრტყელე წამი! ყოველი გრძნობა ხილვადია, ყოველი ხილვადი(19) ფერია, რომელიც მუდამ რაიმე სხეულებრივი სახით ვლინდება. რამდენი ხნის წინ მითქვამს – მთავარია გხედავდე; როცა მინდა მაშინ; სანამ ჩემში ხარ ბოლოს ნანახი; და მე სულ გხედავ. ნანახი ხდება იდეალი. ნანახს აქვს გაიდეალების თვისება, უფრო სწორად შენ და მე გვაქვს... მთელ ამ წერილში შეამჩნევდით: რაღაცის თქმა მსურდა. რას აღარ მივედ-მოვედე; ვცდილობდი ამ სათქმელისკენ წამომეყვანა ყველა აზრი თუ მოვლენა და აჰა – მე ვამბობ: მორალი არ არის სოციალური მოვლენა და ევოლუცია არ ნიშნავს პროგრესს! ჩემმა სხეულმა და ფსიქიკამ განიცადა ევოლუცია – ინფორმაციული ვაკუუმიდან animal sociale-მდე.(20) ჩემი მარცხენა ხელი ხატვასთან (ფერწერასთან) ასოცირდება. ხანდახან დავიხედავ - ფუნჯის ფორმა ხომ არ მიიღო-მეთქი. მაგრამ, ბავშვობისგან განსხვავებით, ახლა უკვე მეხსიერებაში გამუდმებით მიბუყბუყებს უამრავი რამ: ყოველი ვიზუალური ინფორმაცია თუ ყრუ გუგუნი და ხატვის დროს იმდენივე ნაწილად იბნევა ეს ჩემი არსება. ვხვდები, რომ სულ უფრო და უფრო ვშორდები ადრესატს, რისთვისაც დავიწყე მაშინ – 3 წლის ასაკში ხატვა. მუშაობის პროცესში წინ მეღობება უთვალავი რამ: რაც ვნახე, მოვისმინე... შეიძლება სხვაზე არაფერზე ვფიქრობდე, კონცენტრირებული ვიყო კონკრეტულ განცდაზე, მაგრამ ხელის პირველი მოქმედებისთანავე ჩნდება ტილო და ყველაფერი ის, რაც უკვე იყო. მერე ყოველი მომდევნო მოქმედება იმეორებს ოდესღაც ნანახს, როგორც ჭაობში ყოფნისას ნებისმიერი მოძრაობა უფრო დიდი ნაწილით გაახლოებს მასთან. ზოგჯერ, ნამუშევრის დასასრულს, კმაყოფილი ვარ და მთელი დღე მის წინ გაშხლართული ვუყურებ. – ჩემია, ჩემს მიერ შექმნილი! ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია. ესე იგი, რაღაც უკვე იყო სასიამოვნო, თუ ვიცი, რა არის სიამოვნება. ჰო, იმ პირველი ნახატის მერე სულ რაღაცისთვის ვქმნი. ესეც, ამას რომ ვწერ, ამის დასტურია. მაშ ადამიანი განიცდის ფიზიკურ ევოლუციას; ყველა განიცდის, მაგრამ რაც უფრო დავმკვიდრდი თქვენს სოციალურ გარემოში, მით უფრო უარვყავი ჩემი დაუსაბამო – ადამიანური მისწრაფება. გათიშული, ოღონდ ინტუიციური. ის არსებობდა ალბათ ადრეც და გადადიოდა ჩემნაირიდან ჩემნაირში, როგორც ხდება დედამიწაზე წყლის ბრუნვა.(21)მე დიდი ხანია, რაც ვიცი: სასწაულები ჩემს გარეთ არ ხდება! და თურმე თუ შენს შესახებ რამე იცი, იმ აზრს ემსგავსები. ამას წინათ მე და ხვლიკი საერთო მეგობრებს შინაარსით გეომეტრიულ სხეულებს ვადარებდით. რამაზით დავიწყეთ: - რამაზა, რამაზა იმენა ამობრუნებული პირამიდაა! - ჰო, ჰო, ცვეტში! (იშვიათად ვეთანხმები ვინმეს, მაგრამ თუ ვეთანხმები, მკაფიოდ ვადასტურებ) – გამოქვაბულა? – ვთქვი მე. - გამოქვაბულა კვადრატია. (სიცილით) - ალეკო, ალეკო ტეხილია, კლაკნილი. - ეგ მრავალკუთხედია, მონსტრული. ამასობაში ჩვენი ჯერიც დადგა: - მე, ბიჭო, უფრო ცილინდრი ვარ. – მითხრა ხვლიკმა. - კი, შეიძლება პარალელოგრამი (სხვას ეს დამატება არ მოეწონებოდა, მაგრამ ხვლიკი იმდენად მენდობა, რომ...) და გავაგრძელე: - მე სფერო ვარ. - არა, ეგრე სად არი (სიცილით) სფეროობა ყველას უნდა (ხვლიკი მიამიტი ტიპია: ტელეფონზე მირეკავს ხოლმე და რამე სენსაციურს მეუბნება. თუ მოვტყუვდი, უხარია. – ზოგჯერ ძალით ხვლიკდება, მაგრამ ამჯერად დარწმუნებული ვარ, სრულიად გულწრფელად არ მამსგავსებს სფეროს. ალბათ გვერდიდან საერთოდ არ ვგავარ სრულყოფილებას). და გააგრძელა: - შენ იცი რა ხარ? – აი, რომ იწყება და არ მთავრდება, რა ჰქვია მაგას? - სხივი. - ჰმმ. ეგ ხარ შენ. ისიც ვიცი: - ბეწვზე ვკიდივარ; თავის ტკივილის დროს ვაგდივარ ლოგინში მიკნავებული. ზოგჯერ კიდევ, ჩვეულებრივი ობობას ან სხვა რამის დანახვაზე მაფორიაქებს სიცოცხლის უთვალავი ფორმა. მერე ყურებზე შიგნიდან გარეთ რაღაც მაწვება... ვხვდები და მესმის, თუ რა პირობითია დრო. მართლა წამის მეასედში ვარსებობ! როგორ ჩნდებიან და ქრებიან აქტუალობები... რაღა შორს მივდივარ: სულ ცოტა დაკვირვება გმართებს იმის შესაგრძნობად, თუ როგორ გარდაიქმნება ერთ წამში შენი მფეთქავი ორგანიზმი სანუკვარ სიცოცხლედ, რომელსაც ვერასოდეს შეელევი. – და პირიქით. ყველაფერი ეს ჩვეულებრივი არაა. მე რომ ვარ, განა ეს უჩვეულო არაა? – შენ არა? ადამიანმა თავისუფლად შეიძლება დაკარგოს სახე: `აქ ხდება ის, რომ ადამიანის თავი იცვლება ცხოველის თავით, მაგრამ ეს არ არის ცხოველი, როგორც ფორმა, არამედ ეს არის ცხოველი, როგორც მოხაზულობა – კონტური~. მაგრამ ვერასოდეს მოხდებოდა პირიქით: ცხოველს არასოდეს დასჭირდებოდა ის, რაც არ სჭირდებოდა. ვინ იბრძოდა არარსებულისთვის-მეთქი; სწორედაც, როგორ იბრძოლებდა ცხოველი არარსებულისთვის? ხოლო რომელი უწოდებს იმ ჩემს პირველ ქმნილებას უტილიტარულს,(22) გინდ პრაგმატულს.(23) ეს უკანასკნელი ხომ გონებისმიერ სიამოვნებას გულისხმობს, ხოლო მე მაშინ არ ვიცოდი, რა იყო გონებისმიერი სიამოვნება; და თუ ჩემს “პირველ ადამიანს” პრაგმატულად მაინც შერაცხავენ იმ არგუმენტაციით, რომ 3 წლის ასაკში გონებამ თავისი განვითარების შესაბამისად მიიღო სიამოვნება, მე ვიტყვი: ჩემმა მეტაფიზიკურმა სამყარომ შობის პრინციპით იმოქმედა, რადგან გონებას რაღაცისადმი გამიზნული გადაწყვეტილება არ მიუღია. მაშინ მე თქვენ შემიყვარდით ყველაფრის გარეშე, როცა ალბათ პირველად განვიცადე ჩემი – ახალი სიცოცხლე, ჩემი ხატება და დავხატე ჩემი სახე, დაგხატე შენ! როცა სენიორიტო აუგუსტო პერესის(24) ამბავს ვკითხულობდი, მეგონა, ჩემზე ვკითხულობდი. მაგრამ ბოლოს მივხვდი: ის მე არ ვიყავი. ის თქვენ უფრო ხართ: ფიზიკური ქმედება – უკუქმედება; საკუთარი ხელით შექმნილი ფატალიზმი... აუგუსტოს მეტი გასაქანი ვერც ექნებოდა; მისი შემქმნელის(25) სიტყვები არაა: “თუ ადამიანის დასასრული მართლაც არარა არის, თუ ცნობიერება წამიერი ფეთქვაა წყვდიადის ორ მარადისობას შორის, მაშინ არაფერია უფრო ბილწი, ვიდრე ადამიანის არსებობა!” ბილწი? ბილწი მხოლოდ შენთვის – დონ მიგელ! – ვინც ასე ფიქრობ. ნიცშესაც გადავწვდეთ: რატომ ვერ შეცვალა ჩვენი ცხოვრება ზარატუსტრამ? – არ მჭირდებოდა გამოსავალი. აკი ვთქვი, იესო ღმრთად “ლამა საბაქთანმა” აქცია-მეთქი. – ეს გამარჯვება იყო. ხოლო ზეკაცი მარცხია. არის მასში ევოლუციური თეორიის(26) მარცვალი, ისეთივე უტოპიური, რადგან თუ დღევანდელი კაცი დედამიწის გარსის სნეულებათაგანია, - Herr Priedrich!(27) ამ კაცს მხოლოდ წინდებული – `ზე~ ემატება. რაზეა ლაპარაკი, როცა დევიდ ფიშლი და პიტერ უაისი ამ დროშიც ვერ მიმხვდარან, რომ მათი “მოძრავი საგნების” იმედისმომცემი დასასრული მარტო იმედისმომცემია. მე კი ისევე დავსრულდები, როგორც მათი ვიდეოინსტალაციის ერთ-ერთი საგანი. და თუ გაგრძელება არსებობს, მას უკვე სხვა იხილავს. – რატომ ვერ წარმოუდგენიათ? მათ არც ის უწყიან, თუ რა არის ინტუიციური სიკეთე. როცა სიდიდე – სიკეთე რაღაცასთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში აღარ არსებობს (გამქრალია). სიცოცხლე გულისხმობს თავის თავს და ხელოვნება ადამიანურ სიცოცხლეს. ხელოვნების ნიმუში არის ფენომენი, რომელიც აღარ საჭიროებს არსის დასაბუთებას. მაშასადამე, ადამიანი ყოველგვარი მისტიკური დანამატების გარეშე შეგვიძლია მოვიაზროთ ეიდეტურ(28) არსებად. La maladie est l`etat naturel des chrestiens!(29) – ავადმყოფობა ქრისტიანის ბუნებრივი მდგომარეობააო!” – არა, ბლეზ (ბლეზი(30) კარგი სახელია), უბრალოდ, მოლოდინია ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა და რაღას არ ვიგონებთ ამ მოლოდინის გასამართლებლად! ვიქნები სხივი! სანამ ვარ მე – ასეთი, როგორიც ვარ, მაგრამ ბისეივით(31) და მისი ავტორივით მეც დღედაღამ ვოცნებობ და ნიადაგ ველი რაღაც უჩვეულოს, რაღაც სასწაულს, რომელიც არასოდეს მოვა.
--------------------
mediocrities everywhere...
|