მთელი თემა წავიკითხე. ძალიან დავიღალე და დასაძინებლად დავწექი უკვე. მაგრამ ვერ მოვისვენე.
ერთ ძალიან ბანალურ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც პირადად გადამხდა მეხუთე კლასში. ძალიან ბევრს ვიცი რომ გაეცინება. მაგრამ მაინც...
ვარ მეხუთე კლასელი ბავშვი. საღამოა. სახლში ვართ მარტო მე და დედა. დედა სამზარეულოში ფუსფუსებს, მე მოწყენილად ვზივარ მისაღებში. აბაზანის კარები ღიაა და შუქი გამოდის. მიშტერებული ვარ ამ შუქს და გავიფიქრე: "აბა თუ ეშმაკი არსებობს, ეს შუქი ეხლა ჩაქრეს" ( ბავშვი ვარ

) შუქი ჩაქრა. თუ სწორად მასოვს - ჩავიჯვი. ( ვხუმრობ

) რამოდენიმე წამში აინთო.
რათქმაუნდა ბანალურია, რათქმაუნდა სასაცილოა. უამრავი რამის თქმა შეიძლება: ნათურა ეს-ესაა უნდა გადამწვარიყო, მოკლე ჩართვა, სუსტი კონტაქტი, და უბრალოდ დამთხვევა.
ეს არ არის მთავარი.
იცით რა არის საინტერესო და რაზე მინდა რომ ყურადღება გაამახვილოთ? რა არის ის ძალა, რომელიც თქვენ გიბიძგებთ დაგმოთ, უარყოთ, გააპროტესტოთ და საკუთარი გულებიდან განდევნოთ ის, რაც თვქვენ, თუ არაფერ სიკეთეს არ გმატებთ,
არაფერს არ გაკლებთ და არაფერს არ გიშავებთ!? რატომ ებრძვით იმას რაც არაფერს გიშავებთ?
უბრალოდ მინდა გთხოვოთ, იქნებ დაუფიქრდეთ სუფთა რაციონალურად. რა გაიძულებთ ამას?
ალბათ დაფიქრდებით ამაზე და პასუხიც არ დააყოვნებს. მაშინ კიდევ ერთი რამ მაინტერესებს:
თუ თქვენ მართლაც რაციონალური ანალიზით მიხვედით ათეიზმამდე, უარყავით ღმერთი და რელიგია, ვინაიდან დაასკვენით რომ ის ილუზიაა და მიგაჩნიათ რომ ილუზიებით ცხოვრება თქვენი ტიპის ინდივიდისთვის არ არის საჭირო და საზიანოც კი არის, მითხარით რაში გჭირდებათ ამ შემთხვევაში ამ ყველაფრის აფიშირება? რაში გჭირდებათ არც თუ ისე უარგუმენტოდ რელიგიის სწავლების და მისი ჭეშმარიტების შერყევა? მასში ეჭვის შეტანა საჯაროდ? რას გაძლევთ ეს? რას გმატებთ? რაში გჭირდებათ ათეიზმის პროპაგანდა და მისი კონკრეტული არგუმენტებით გამყარება საჯაროდ?
რა გამოძრავებთ ამ დროს? შიშნარევი კომპლექსი? - ("აშკარად ათეიზმი ჭარბობს ჩემში. კიდევ ვინმე ხართ ათეისტები? უი რამდენი ყოფილხართ. რა კარგია. მარტო არ ვყოფილვარ. FიუუუF")
პატივმოყვარეობა? "тщеславие" - ("რელიგია უსუსურებს ჭირდებათ, რადგანაც სუსტი ბუნებისა არიან და მფარველის გარეშე ცხოვრება უჭირთ. მე კი იმდენად ძლიერი პიროვნება ვარ, რომ არ მჭირდება. ხედავთ?!") - ("რელიგიური ზღაპრების მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილებს სჯერათ. მე კი ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ სისულელე და აბსურდია. ხედავთ რა ჭკვიანი ვარ?!")
ან მესამე: სინამდვილეში რწმენა და ღვთის სიყვარული. გულაცრუებული სიყვარული. რელიგიაზე და ღმერთზე ნაწყენი მორწმუნენი ხართ. როგორც დიდმა ქართველებმა საქართველოს შეაფურთხეს საქართველოს დიდი სიყვარულის გამო!
იცით, მე ათეისტი ვარ. დიახ.
ფორუმზე 2006 წლიდან ვარ და ეს ჩემი პირველი პოსტია "რელიგიაში".
როგორ მივედი ათეიზმამდე? რათქმაუნდა გონებით. რაციონალური ანალიზით, ინდივიდუალური ფიქრით.
მაგრამ მიფიქრია, რამ მიბიძგა ამ რაციონალური ანალიზისკენ, ამ ფიქრებისკენ? რათქმაუნდა გულაცრუებამ, წყენამ.
ღვთის სიყვარული და სიკეთის დიადი ძალის რწმენა დედამ ჩამაქსოვა ადრეული ასაკიდან. სამი წლიდან ყოველ ღამე ძილისწინ საბავშვო ბიბლიას მიკითხავდა, მასწავლა ლოცვა, განმიმარტა მისი ძალა და მადლი... ადრეული ასაკიდანვე გავიჟღინთე ამ სულისკვეთებით, ღვთის სიყვარულით და რწმენით. ჩემს წარმოსახვაში და ფანტაზიებში იხატებოდა რაღაცა დიადი, უკეთილშობილესი, ლამაზი აბსტრაქტული ფორმები. ანგელოზები, ნათელი სხივები, ტკბილი ჰანგები... ყოველღამეს ძილისწინ ვლოცულობდი და ლოცვას ბავშურად ვასრულებდი: - "ძილინებისა ღმერთო"
გვიან მოვინათლე. ისევ იმ მეხუთე კლასში. (რაც მიმაჩნია რომ კარგია, რადგანაც დამამახსოვრდა) ნათლობის დღეს მზიანი ამინდი იყო. ტაძრიდან სახლში დავბრუნდით თუ არა ეგრევე წვიმა წამოვიდა. მერე სეტყვა. (კახეთში ვიყავით აგარაკზე) ისეთი სეტყვა წამოვიდა კაცები გარეთ გავარდნენ და მანქანებს საბნებს აფარებდნენ ჟესტსა დაჭეჭყამსო. უცებ გადაიღო, მზე გამოვიდა და პირდაპირ ჩვენი სახლის წინ ცისარტყელა გადაიჭიმა და მის ზემოდან მეორე! (ასეთი რამ არც მანამდე მენახა, და არც მას შემდეგ) სასწაული სილამაზე იყო. რათქმაუნდა პარალელები ჩემს ნათლობასთან გავავლე. ეს ხომ პირდაპირ ჩემი სახლის წინ ხდებოდა! და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა! "ეს რა სასწაულს ვეზიარე!" ჰეჰე...
ეს უბრალოდ სეტყვა იყო რომელიც მაგ დროს კახეთში ხშირად იცის და უბრალოდ ორი ცისარტყელა. არც მესია ვარ და არც წმინდანი. ერთი უბრალო მოკვდავი ვარ. მტვერის ნამცეცი, არარაობა.
მაგრამ ეფექტი მოახდინა! ისევ რაღაც სიკეთით და სილამაზით ამავსო.
ცხოვრებაში ერთად-ერთი პრობლემა მქონდა! მხოლოდ ერთი. ამის დედავატირე... მეტი არ იყო პრობლემა!
მე არ შემწევდა ამ პრობლემის მოგვარების უნარი და არც მასზე რაიმე ზემოქმედების ძალა გამაჩნდა. მხოლოდ ლოცვა და ვედრება შემეძლო. მხოლოდ ლოცვა, ვედრება და რწმენა რომ ღმერთი შეისმენს ჩემს ლოცვებს და აღასრულებს თავის კეთილ ნებას, რათა აღარასოდეს მოხდეს ის საშინელება, რაც თითქმის ყოველდღე ხდებოდა. არადა არ იყო ეს რთული! ამას არ ჭირდებოდა სასწაულები.
ეს იყო ჩემი ერთადერთი ვედრება 20 წლის განმავლობაში!
და მიუხედავად ლოცვებში გათენებული ღამეებისა, ბავშვის სუფთა ცრემლებისა და რონჩ პაწუკა ხელებზე დაღვენთილი უამრავი სანთელისა ეს პრობლემა არ გვარდებოდა. არაფერი არ ხდებოდა. არაფერი არ იცვლებოდა. უფრო მეტიც; წლიდან - წლამდე უფრო რთულდებოდა და უფრო და უფრო საშინელი და აუტანელი ხდებოდა.
სულ რაღაც ერთი წელი იქნება რაც ასე თუ ისე დაშოშმინდა, დაწყნარდა და რაღაც კალაპოტში ჩადგა.
28 წლის ვხვდები მალე. ასრულდა ჩემი ვედრება? ჰეჰე... ალბათ. დაგვიანებულია? რათქმაუნდა დაგვიანებუილია. ასრულდა რომ? იქნებ ისევ განმეორდეს? ასე ხომ ადრეც ხდებოდა და ისევ მეორდებოდა. აბა რავიცი...
ეგ არ არის მთავარი!
სხვა რამეს ვფიქრობ ეხლა.
იქნებ იმ რწმენის დამსახურებაა მე რომ ეხლა აქ ვარ. ხო აქ, სადაც ვარ, როგორც ვარ...
იქნებ ამ რწმენამ გადამარჩინა სუიციდისგან... შემინარჩუნა ასე თუ ისე ფსიქიკა და დღეს პარალიზებული არ ვარ.
და იქნებ ამ რწმენამ დამიფარა, არ ავცდი გზას და დღეს ჩემს ძარღვებში სუფთა სისხლი ჩქებს წამალგაუნარევი.
რომ არავარ ისეთივე მოძალადე.... არ ვიძიე შური როცა მეგობრებმა მიღალატეს, არ გამოვკარი ჩახმახს როცა სულში ჩამაფურთხეს და დღეს სისხლით დასვრილი არ მაქვს ხელები....
ათეისტი ვარ? კი ვარ. ადამი, ევა, ვაშლი, სამოთხე? ჰეჰ... არა.
ღმერთი ღრუბლებში თეთრი წვერებით? არა. არა.
მაგრამ მე ვხედავ ღმერთს.
დედის ცრემლებში. მაზოლებში ვხედავ მამის ხელებზე. ახალშობილის პირველ ბღავილში ღმერთს ვხედავ. ეს ხომ სასწაულია! საყვარელი ქალის თმების სურნელში ღმერთია. მეგობრის "რავახარ შეჩემა"-ში ღმერთს ვხედავ. მეზობლის გამარჯობაში ღმერთია. ქართულ სიტყვაში ღმერთია, შენ შემოგევლე, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე. ქართულ სუფრაზეც ღმერთია, მოდი დავლოცოთ, მოვიგონიოთ, მას გა
ემარჯვოს, შენ გაგ
ემარჯვოს! ვაზის ნაყოფში ღმერთს ვხედავ, მთის ძირას ანკარა წყაროს წყალში ღმერთია, ასფალტში ამოხეთქილ ბალახში ღმერთს ვხედავ, ჯვარზე გაკრული იესო ღმერთია, ქეთევან დედოფალში ღმერთს ვხედავ, ცოტნე დადიანში. შენ რომ კითხულობ შენში ღმერთს ვხედავ. განა არა ხარ შენ სასწაული? რაღაც გაწუხებს, რაღაცა გტკივა, რაღაც გინახავს, კიდევ ბევრს ნახავ, სუნთქავ, ოცნებობ, რაღაცა გიყვარს, იქნებ შევხვდებით? ან უკვე შევხვდით? ვინ ხარ, საიდან? რისთვის? როდემდე? რაღას დაეძებ? რა არ გასვენებს?
შვილი მამას რომ ჰგავს, ან დედას, ან ბაბუას! განა ეს არ არის სასწაული?
მე სიყვარულში ღმერთს ვხედავ. ბავშვის ჩასახვა სასწაულია და თვით სიცოცხლე სასწაულია.
რა სასწაულს ველოდებით? რას ვეძებთ? ხატები უნდა ალაპარაკდნენ? მკვდრეთით უნდა აღსდგეს ვინმე? სული გამოგვეცხადოს ან იქნებთ თვით ღმერთი გამოგვეცხადოს და გვითხრას საით წავიდეთ? თუ ნათურა უნდა ჩაქრეს?

სამოთხედან გამოგვაგდეს იმიტომ რომ შევცოდეთ? არა.
ჩვენ თვითონვე გავრბივართ სამოთხედან ყოველდღიურად!
პატივისცემით
გიორგი ჩხაიძე
მტვერის ნამცეცი, არარაობა.
This post has been edited by Dont_touch_my_guitar on 18 Apr 2011, 08:17