კოლხური ენის კვალი ბიბლიის წიგნ "დაბადება"-ში.
მთავარი კვალი "ბერეშით"-ის ეტიმოლოგიაა, რომელიც ადრე გამოვაქვეყნეთ.
"და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა (დაბად. 1:26)".
ლათინური ბიბლიის ამავე მუხლში სიტყვის "ხატებისაებრ" ადგილზეა სიტყვა "imaginem", რისი კოლხური პარალელია სიტყვა "მეჯინა" (შეხედულება, გარეგნობა, შემყურეობა), რომელიც უკავშირდება სიტყვას ჯინა (ცქერა, მზერა, ლოდინი; ზვერვა, ხედვა; ჩინი თვალისა). სიტყვების: ინგლისური image (სახე, გამოსახულება) და კოლხური მეჯინა ნათესაობაზე უწერია ბატონ ნუგზარ კვაშილავას.
"და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა (დაბად. 2:22)".
ლათინური ბიბლიის ამავე მუხლში სიტყვის "ცოლად" ადგილზეა სიტყვა "mulierem". ცოლი არის ღმერთისგან მოყვანილი, მოსული ადამთან. სიტყვა მოსული კოლხურად არის მულირ, რომლის შემადგენლობაა: "მ-" (მიმღეობის მაწარმოებელი), "ულა" (სვლა), "რე" (არის). ძალიან ჰგვანან ერთმანეთს შემდეგი სიტყვები: კოლხური მულირ (მოსული) და ლათინური mulier (ქალი; გათხოვილი ქალი), ასევე mulieritas (გათხოვება). შინაარსით მსგავსი სიტყვებია მულირ (მოსული) და მოჸონაფა (მოყვანა), შეადარეთ გამოთქმას: ოსურიშ მოჸონაფა (ცოლის მოყვანა). ეს ყოველივე გარკვეულწილად ასაბუთებს შემდეგ გადასვლას: მულირ -> mulier.
"და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი (დაბად. 2:23)".
ბიბლიის ამავე მუხლიდან ებრაულ, ლათინურ და რუსულ-სლავურ ენებზე გვაქვს შემდეგი ეტიმოლოგიები: იშ (ქმარი) -> იშა (ცოლი); vir (ქმარი) -> virago (ცოლი); муж (ქმარი) -> жена (ცოლი) (ვებ-წყარო:
http://azbyka.ru/otechnik/Biblia/tolkovaja_biblija_01/2/). ხოლო კოლხურ და ქართულ ენებში ბიბლიის იგივე მუხლზე დაყრდნობით გვაქვს: კოჩი (კაცი) -> ჩილი (ცოლი). ბიბლიის ამავე მუხლში სიტყვა "ჩემი" ორჯერაა გამოყენებული, აქ ჩანს რომ აქცენტი კეთდება სიტყვაზე "ჩემი". ამიტომ კოლხური ენიდან გამომდინარე დამატებით გვაქვს შემდეგი ვარაუდი: ჩქიმი (ჩემი) -> ჩილი (ცოლი). შესაძლოა სიტყვის ჩილი (ცოლი) ადრეული ფორმა იყო ჩქილი, შეადარეთ სიტყვას რჩქილა (სმენა, მოსმენა). რაც ჩემია იმან უნდა მომისმინოს, ცოლმა უნდა მოუსმინოს ქმარს. დედაკაცმა მოუსმინა გველს. ანუ შესაძლოა შემდეგი გადასვლა: ჩქიმი -> ჩქილი -> ჩილი.
"ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა.
და ჰრქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ.
ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ.
და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ.
რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა.
და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს (დაბად. 3:1-6)".
ეშმაკი ცრუ რჩევას აძლევს ადამის ცოლს. ცოლი ტყუვდება, ცდება და აცდენს ქმარსაც. ეკლესიის სწავლებით ღმერთზე მიმსგავსება ყოველი ადამიანის მიზანი უნდა იყოს, მაგრამ ღმერთთან მცდარი გზით ან მომზადების გარეშე ვერ მივალთ. ღმერთისკენ სვლა, გაღმერთება არის პროცესი, რომელსაც რამე თუ მოვაკელით მიზანს ვერ მივაღწევთ, #####უვდებით. ანუ გაღმერთების პროცესზე რამეს მოკლება მოტყუებაა. აქ გამოიკვეთა შემდეგი კოლხური ეტიმოლოგია: სიტყვაზე "გაღორონთება" (გაღმერთება) მარცვლების მოკლებით ვღებულობთ სიტყვას ღორება (მოტყუება). მოტყუებას მოჰყვა ცოდვით დაცემა და შედეგად სიკვდილი. მივიღეთ ასეთი ჯაჭვი: ღორონთ -> გაღორონთება -> (გა)ღორ(ონთ)ება -> ღორება (მოტყუება) -> ღურა (სიკვდილი).
ბიბლია მოგვითხრობს, რომ ჯერ ცოლი შეცდა, შემდეგ ქმარი. ეტიმოლოგია ჩილი (ცოლი) -> ჩილათა (ცდომა) მაღალი გრამატიკული გამართულობისაა (ჩილი -> ჩილათა მითხრა ბატონმა მალხაზ გრიგოლიამ). მივიღეთ მეორე ჯაჭვი: კოჩი -> ჩილი -> ჩილათა;
"უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა (დაბად. 3:20)".
ამ მუხლს პროფესორი ა. პ. ლოპუხინი განმარტავს ასე: "ამ დრომდე მას (დედაკაცს), როგორც წმიდა წერილიდან ჩანს, არ ჰქონდა საკუთარი სახელი, ის იწოდებოდა სიტყვით "ცოლი". მისთვის ახლა მიცემული სახელი ებრაულად გამოითქმის როგორც ხავვა და ნიშნავს სიცოცხლეს, სიცოცხლის მაწარმოებელს ან სიცოცხლის მომცემს".
(ვებ-წყარო:
http://azbyka.ru/otechnik/Biblia/tolkovaja_biblija_01/3/ ).
კოლხურ ენაში გვაქვს სიტყვა ხალა (იგივეა, რაც ხაფა, ხუალა), მისი მნიშვნელობაა - შობა, გაჩენა; დასმა, მოგება (ხბოსი). სიტყვაში ხალა ძირი და შინაარსის მატარებელია "ხ", დაბოლოება "-ალა" აწარმოებს აბსტრაქტულ სახელებს, მაგ: ბოშ-ალა (ბიჭობა); ოსურ-ალა ქალობა. "ხა" რომ შობას აღნიშნავს ჩანს სიტყვებიდან: ხანს (შობს, აჩენს); ნახა (ნაშობი). კოლხური სიტყვა დიხა (მიწა) შედგენილია სიტყვებისგან: დიდა, დია (დედა); ხა (შობა). სიტყვა დიხა მსგავსია ქართული სიტყვის დედამიწა. საინტერესო ეტიმოლოგია აქვს კოლხურ სიტყვას რსხა, რსხება (ხსნა). სიტყვა რსხა ნაწარმოებია კოლხური სიტყვებისგან რსული (სრული) და ხა (შობა). ანუ რსხა (ხსნა) არის სრულყოფილის შობა, ხსნა ღმერთის შობიდან, განკაცებიდან მოდის. ეს ასაბუთებს რსხა -> ხსნა გადასვლას.
დავუბრუნდეთ ებრაულ სიტყვას ხავვა (ევა). კოლხურში სუფიქსი "-უა" აწარმოებს მოქმედების აღმნიშვნელ აბსტრაქტულ სახელებს, მაგ: წყარუა (რწყვა); ხაშუა (ხარშვა); დოკარუა (დაკარვება). თუ გავითვალისწინებთ "უ" -> "ვ" ფონეტიკური გარდაქმნის ზოგად ტენდენციას, მაშინ ებრაული ხავვა-ს ადრეული ფორმა შეიძლება ყოფილიყო ხაუა, რაც კოლხური გაშიფვრით მშობელობას ნიშნავს და რაც შინაარსით ეთანხმება "ხავვა"-ს ებრაულ მნიშვნელობას - სიცოცხლის მაწარმოებელს.
"იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა (დაბად. 6:14)".
ამ მუხლის განმარტებას პროფესორი ა. პ. ლოპუხინი იწყებს ასე: ებრაულ ტექსტში ეს "კიდობანი" აღნიშნულია ტერმინით "ტება", რომელიც კიდევ ერთხელაა ნახსენები ბიბლიაში იმ კიდობნის აღსანიშნავად, რომელშიც მოსე გადარჩა (გამოს. 2:5) ... (ვებ-წყარო:
http://azbyka.ru/otechnik/Biblia/tolkovaja_biblija_01/6/ ).
ებრაული სიტყვა ტება (კიდობანი) შეიძლება უკავშირდებოდეს კოლხურ სიტყვებს ტება (განტევება) და გინოტება, ეტება (ხსნა, გადარჩენა). წმიდა მამების განმარტებით ნოეს კიდობანი ჩვენი გადამრჩენელი ეკლესიის სიმბოლური სახეა.
"ხოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი.
აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა (დაბად. 14:18-19)".
ლათინური ბიბლიის ამავე მუხლში სიტყვების "აკურთხა" და "კურთხეულ" ადგილზეა "Benedixit" და "Benedictus". სიტყვა benedictio (შექება, კურთხევა) შედგება სიტყვებისგან bene (კარგი) და dictio (თქმა, ლაპარაკი. იგივეა რაც dico, dixi, dictum).
კოლხურ ენაში ბატონ ალიო ქობალიას ლექსიკონის მიხედვით არის სიტყვა ბენი - გამოთავისუფლებული სალოცავი ქვევრი; ლოცვა ვაჟიშვილისთვის და ამ ლოცვისთვის სახელდებული ქვევრი, სახმარი ღვინო; საწყისი, დასაბამი, მბჟუტავი ცეცხლი; რაიმე სახელდებისგან ან ტაბუსგან თავისუფალი. აღსანიშნია ის, რომ ლათინური სიტყვა bene ნიშნავს კარგს და ამით მორჩა, ხოლო კოლხური სიტყვა ბენი ღვინით დალოცვას უკავშირდება, რაც ბიბლიის ზემორე მუხლში გადმოცემულ ამბავთან პოულობს პარალელს.