პროკლიანუ! ანაფემე პრედამ! ოტლუჩუ!
კიდევ ერთი გამოხმაურება ჟურნალ გარდამოხსნაში გამოქვეყნებულ აზრებზე:
ნოდარ ლადარია
26 იანვრის ნომერში გია ნოდიამ სტატია გამოაქვეყნა - სეკულარიზაციის ვნებები. ეს, ასე ვთქვათ, ბოლო მაშხალა იყო ინტელექტუალური ფეიერვერკისა, რომელიც "24 საათში" იმის წინა კვირას გაიმართა: დავით დარჩიაშვილი, გიგა ზედანია, გიგი თევზაძე... ბოლოს კი გია ნოდია. თვით ტექსტიდანაც ჩანს, რომ მას სწორედ რომ დასკვნითი სიტყვის თქმა სურდა.
ჯერ ვნახოთ, როგორ არის აგებული სტატია:
1. ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრობლემა მტკივნეულია საქართველოში ისევე, როგორც განვითრებული დემოკრატიის მქონე მრავალ ქვეყანაში.
ეს პირველი პოსტულატი მართლაც რომ პოსტულატია და არა რაიმე დაკვირვების შედეგი, რადგან ზედსართავი სახელი "მტკივნეული" მხოლოდ მეტაფორაა და მეტი არაფერი. ამას ავტორიც გრძნობს და ამბობს შემდეგს: "ჩვენ ამ უკანასკნელთაგან განგვასხვავებს ის, რომ ამ თემაზე საჯაროდ თითქმის არ ვდავობთ". ესე იგი, სადავო საგანთა შინაარსით არ განვსხვავდებით. საინტერესოა. მაგრამ შემდეგ პუნქტში ტექსტი სწორედ ამ ასპექტის განხილვას იწყებს.
2. კონტრასტი თემის მნიშვნელობასა და საბაბის სიმჩატეს შორის. მართლაც, "საქართველოს დიდი ათეულის" მიმართ საპატრიარქოს მიერ წაყენებული პრეტენზიების შინაარსი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. და გონიერი ადამიანის მიერ ვერ მიიჩნევა პრობლემის არსის გამომხატველად. ვეთანხმებით და დუმილით ვუვლით გვერდს დისკუსიის კონკრეტულ შინაარსს: უკვე საკმარისი ითქვა.
აი ამის შემდეგ, ანუ სწორედ მაშინ, როცა ავტორი პრობლემის არსებით ჩამოყალიბებაზე გადადის, ტექსტი ერთობ ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი ხდება.
3. ეკლესიის თვითშეგნება. მეეჭვება, რომ ზოგადობის იმ დონისათვის, რომლითაც ავტორი იწყებს საკითხის გადმოცემას, ტერმინი "ეკლესია" ადეკვატური იყოს. მაგრამ ამაზე კამათი ზედმეტად აკადემიური იქნებოდა და ძალიან შორს წაგვიყვანდა. დავკმაყოფილდეთ იმით, რომ ყველას შეუძლია ემოციურად თუ ინტუიციურად განასხვავოს ერთმანეთისაგან ცხოვრების საკრალური და პროფანული ასპექტები. მაგრამ განხილვის ამ დონეზეც კი ტექსტში გამოთქმული აზრები ერთობ უცნაურად მოგვეჩვენება: "ის, რომ ეკლესიას უნდა, ერმა ყველაზე მეტად მას დაუჯეროს, სრულიად ბუნებრივია. საპირისპირო ვითარება იქნებოდა პათოლოგია". აქ ორი კითხვა ჩნდება. პირველი, ასე ვთქვათ, ტერმინოლოგიურია: რას ნიშნავს დაუჯეროს? საკუთრივ რაში დაუჯეროს? მეორე შეკითხვა კი ბევრად უფრო მძიმეა: ნუთუ ვითარება, როცა ეკლესია არ ისწრაფვის საერო ძალაუფლებისაკენ, პათოლოგიას წარმოადგენს? - როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში ეკლესია წმინდანებად სწორედ მათ აღიარებს, ვინც ამგვარი პათოლოგიის სახელით უპირისპირდებოდა საეკლესიო მთავრობას, და სწორედ მათ კიცხავს, ვინც საერო ძალაუფლების მოპოვებასა და ჩანაცვლებას ესწრაფოდა.
არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ეკლესია თავისი არსით საერო ხელისუფლების ჩასანაცვლებლად არის მოწოდებული. ყველა, ვინც საეკლესიო კულტურას გულის სიღრმეში ატარებს, ძალიან კარგად გრძნობს ამ კულტურის გამოყენების საზღვრებს. ეს ყველა დონეზე გამოიხატება და არავის არ აკვირვებს, როცა პუშკინის დრამაში ბრძენი პიმენი ასე მიმართავს ბორის გოდუნოვს: "მდაბალი ბერი, საერო საქმეებში არცთუ გონიერი მსაჯული, დღეს შენ წინაშე ხმის ამოღებას ბედავს". ეს სიტყვები შეგვიძლია მივიჩნიოთ ეკლესიასა და საერო ხელისუფლებას შორის ურთიერთობის მოდელად, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო, ასე ვთქვათ, მდგრადი წონასწორობის წერტილი.
პოზიციას, რომელიც გია ნოდიას უჭირავს საკითხის განხილვისას, ასევე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ანტიისტორიული. ოდნავ ქვემოთ ეს კიდევ უფრო აშკარად ჩანს: "ის, რომ ეკლესიას დღეს აღარ უკავია ის ცენტრალური ადგილი საზოგადოებაში, რაც შუა საუკუნეებში ჰქონდა, არ ყოფილა მისი არჩევანი ან შიდა ევოლუციის შედეგი: მისი გავლენა შესუსტდა, რადგან საზოგადოება და პოლიტიკური სისტემა შეიცვალა, ხოლო ეკლესიას ამ ცვლილებებთან შეგუება მოუხდა". გასაოცარი მაგალითია: არც ერთი ტერმინი არაა გამოყენებული სწორად! არც ერთი პროცესი არაა აღწერილი ან დახასიათებული ადეკვატურად!
რას ნიშნავს, მაგალითად, "ცენტრალური ადგილი საზოგადოებაში"? - შუა საუკუნეები სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ცენტრის მოძებნაა რთული. რას ნიშნავს "არჩევანი" ან "შიდა ევოლუცია"? — ერთიც და მეორეც, განსაზღვრის თანახმად, სწორედ რომ გარემო პირობების შეცვლაზე პიროვნების ან ორგანიზმის რეაქციას წარმოადგენს. მაგრამ ესეც არ არის მთავარი: სწორედ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები არის იმის ყველაზე ნათელი მაგალითი, რომ, ერთი მხრივ, ეკლესია საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის ცვლილების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო, მეორე მხრივ კი ეს ცვლილებები ძალიან ძნელად თუ დახასიათდება როგორც ეკლესიის გავლენის ცალსახა "შესუსტება". უბრალოდ, გავლენის განხორციელების გზები შეიცვალა.
მიზეზი, თუ რის გამო ვარდება ავტორი ამ შეცდომაში, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, პოლიტიკის სფერო აქ საზოგადოებრივი გავლენის რეალიზაციისა და გავრცელების ერთადერთ ასპარეზადაა მიჩნეული. სხვა სიტყვებით, თუ აშკარად ვერ უგულებელყოფ კანონს ან პირდაპირ ვერ იმორჩილებ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და გადაწყვეტილების მიღების უნარით აღჭურვილ კონკრეტულ პიროვნებებს, გამოდის, რომ არც გავლენა გაქვს. მეორე მხრივ, აქ საზოგადოებისა და ეკლესიის ორგანული კავშირია უარყოფილი, უგულებელყოფილია ის, რომ ხშირად სწორედ ეკლესიიდან მოდიოდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცვლილებების ინიციატივა.
მართლაც, რა ვუყოთ XVII და XVIII საუკუნის ფრანგი სამღვდელოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც აღიარებდნენ, რომ აბსოლუტიზმის მიერ მოცემული საეკლესიო პრივილეგიები და კანონისაგან იმუნიტეტი კი არ აძლიერებს, არამედ ასუსტებს ეკლესიას?
მაგრამ ავტორი ამ სიღრმეებში არ შედის და სწორედ აქედან გამომდინარეობს არნახული დასკვნა: "ნებისმიერ ქვეყანაში ეკლესია ყოველთვის შეეცდება, გააფართოვოს თავისი გავლენა და ისე შორს წავა, როგორც შეძლებს". უჰ, კიდევ კარგი, აკავებენ, თორემ ერთ მშვენიერ დღეს ჯაჭვი რომ გადაღრღნას, რა გვეშველება?!
ავტორის, ასე ვთქვათ, განყენებული და მეტაფიზიკური მიდგომა იმაშიც იჩენს თავს, რომ ის ვერ ამჩნევს კონკრეტულ ვითარებას: ის მდგომარეობა, რომლის მოწმენი დღეს ვართ საქართველოში, საერთოდ არ გვაძლევს უფლებას ზოგადობის ამ დონეზე გამოვიყენოთ ტერმინი "ეკლესია", რადგან საქმე საერთოდ არ ეხება ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის სოციალურ-პოლიტიკურ პროცესს. ამას აუცილებლად დავუბრუნდებით, ახლა კი ვნახოთ, რას ამბობს გია ნოდია დისკუსიის მეორე მხარეს მყოფებზე.
ჯერ ერთი ეს "მეორე მხარე" მისთვის რატომღაც მხოლოდ ლიბერალური ინტელექტუალები არიან, რომელთაც იგი "მწუხარე სეკულარისტებად" მოიხსენიებს. სტატიაში ვკითხულობთ: "ესე იგი, რაში გამოვიდა პრობლემის ძირი? ის იმ ხალხშია, რომელსაც არ მოსწონს ეკლესიისა და სახელმწიფოს, ან ეკლესიისა და პოლიტიკური კლასის დღევანდელი ურთიერთობის წესი... აქტიურია მხოლოდ ფუნდამენტალისტ ლიბერალთა მცირე ჯგუფი, რომელთა შორის განსაკუთრებით ბევრია გულაცრუებული სემინარისტი". აქაც ძალიან საგულისხმო ლექსიკაა: "არ მოსწონს" — გემოვნების საკითხია, ბატონებო, ზოგს მოსწონს, ზოგსაც არა! ეკლესია თურმე ბუნებრივად იქცევა, როცა კანონს უგულებელყოფს (ეს ნუ იტყვით და მის საფუძველში ძევს), ლიბერალები კი, რომელთაც ეს "არ მოსწონთ", ფუნდამენტალისტები არიან. თანაც ამ ფუნდამენტალიზმს ერთობ მდაბალი, პირადული მიზეზი აქვს: გულაცრუებული სემინარისტები არიან. ნეტა რაზე აიცრუეს გული? — ყველამ გავიგონეთ, რა თქვა პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მათგანმა, ბექა მინდიაშვილმა: ვერაფერს მასწავლიდნენო.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გია ნოდიას სტატიაში იგივე ზედაპირული მიდგომა ვლინდება, რაც ლაშა ბუღაძის სვეტში, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა. აქ შედარებულია "უცნობი" გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის ტელეგამოსვლები და გამოვლენილია ამ ორ ფენომენს შორის ხილული ანალოგიები. მსგავსება მართლაც თვალშისაცემია, მაგრამ განხილვის მხოლოდ ზედაპირულ დონეზე. შედარება ძალიან ფაქიზი რამაა: გენიალური ტილოს ორიგინალი იმაზე ბევრად ნაკლებ შთაბეჭდილებას მოახდენს ბრმა და გულგრილ ადამიანზე, ვიდრე მხედველმა და მგრძნობიარემ შეიძლება მიიღოს ასლისაგან. ასეა, მაგრამ ეს გარემოება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ორიგინალისა და ასლის ფასებზე.
ფუნდამენტალიზმიც ყოველთვის არ ემთხვევა რადიკალიზმსა და შეუპოვრობას. ეს უკანასკნელი ხშირად მორალურ სიცხადესთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ლიბერალური ფუნდამენტალიზმი უფრო მეტად სწორედ იმაში იჩენს თავს, როცა ნებისმიერი დისკუსიის განსჯას ყბადაღებული "ბალანსის" კრიტერიუმებით ვიწყებთ და ვცდილობთ ფორმალური მოთხოვნების სიბრტყეს მივაჭყლიტოთ მოცულობითი და მრავალმხრივი სინამდვილე.
პრობლემის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ აქ საქმე არ ეხება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას. აქ ეკლესია, როგორც ასეთი, საერთოდ არ მოქმედებს. აქ ვლინდება დესტრუქციული ძალა, რომლისგანაც სახელმწიფომ, სამოქალაქო საზოგადოებამ და ეკლესიამაც ერთნაირად უნდა დაიცვას თავი.
ეს ძალა ერთობ მოურიდებლად და აშკარად ვლინდება. და თუმცა ქვემოთ მოყვანილ მაგალითებს, თავისთავად, დამამტკიცებელი ძალა არა აქვს, ისინი მაინც გვიჩვენებს, თუ რაზე უნდა დაიწყოს დღეს მსჯელობა საზოგადოებამ და რა გამოიყენოს ამ მსჯელობაში სამხილად.
ქვემოთ მოყვანილი ციტატების წყარო შემდეგია: "ქვაკუთხედი" — ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი N8 (27), სექტემბერი, 2008. გამოდის რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, იობის ლოცვა-კურთხევით, გამომცემლობა "აცხოვნე სული შენი".
აქ, რედაქტორის სვეტში, მე-4 და მე-5 გვერდებზე ვკითხულობთ: "უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ მთელი თავისი ამბიციურობის მიუხედავად, რუსეთი მაინც თავისი მადლის მატარებელი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს წმინდანთა ზეციური ლოცვა-კურთხევა?! ... სულ მაინტერესებდა, ახლა კი დაუშვებდა ღვთის განგებულება დასავლეთთან უმჭიდროვეს ინტეგრაციას?! იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად ამ ინტეგრაციის გზაზე?"
როგორც ვხედავთ, რუსული ბლოკ-პოსტები (რა ტკბილი და ალერსიანია ეს "აქა-იქ აღმოცენებული" — ნამდვილი ყვავილები, ჭრელი, ათასფერადი) ზეციური მადლით არის მოსილი.
შემდეგ: "რუსეთს როგორც ლანძღავდა ჩვენი ხელისუფლება და მისი ქვეშევრდომი მედია, ამის მეასედი რომ აშშ ეკრიტიკებინათ, მიწის პირისაგან აღგვილი ვიქნებოდით ალბათ უკვე... მსოფლიო ბედისათვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი რუსეთი როგორც გლობალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორი".
ვაჰ, ჩვენ კი ვიღაც ხუბუტიას ლანძღვას ვუნდებით დღე და ღამე!
და კიდევ: "იქნებ რუსეთის ყუმბარები, როგორც გარყვნილ სოდომ-გომორზე ცეცხლი და წუნწუბა, ისე აწვიმა უფალმა საქართველოში ამ ბოლო დროს გამეფებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ჯეობარულ სულსა და "ბუჩქების" იდეოლოგიას?!".
აი, ხედავთ, ბატონებო: თურმე ჩვენი ეკლესია მიტროპოლიტის ლოცვა კურთხევითა და განათლებულ თეოლოგთა კონსულტაციებით იმ ღმერთს ქადაგებს, რომელმაც "ყვავასა" და "მულატკას" ოინბაზობას, ასეულობით ბავშვის მიერ ლაღად გატარებულ ზაფხულს "ისკანდერებითა" და კასეტური ბომბებით უპასუხა, ხოლო სრულიად რუსეთის წმინდანები მესამე რომის მთავრობისა და მხედრობის გამარჯვებისთვის მეოხნი იყვნენ!
ცხოვრება არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების სკოლა, სადაც სახენათელი სათვალიანი მასწავლებელი რიგრიგობით წევს მაღლა ფერად სურათებს — "აბა, ბავშვებო, ვინ ახატია აქ?" — და ბავშვებიც ერთხმად და დამარცვლით უპასუხებენ: "მღვდე-ლი"... "ლი-ბე-რა-ლი". ცხოვრება ბევრად უფრო რთულია და საინტერესო. ეს ბობოქარი და მოულოდნელობებით აღსავსე ნაკადია, რომელშიც ერთი "ბურთივით მრგვალი" ლიბერალი უკვე შემოსა ეკლესიამ წმინდანის შარავანდედით, და სადაც აუცილებლად დგება წამი, როცა მღვდელი უნდა ჩაეჭიდოს დასახმარებლად გამოწვდილ ლიბერალის ხელს.
http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...8&info_id=45325 უფლის სასწაული ხდება. როგორც კი სტატიის ტექნიკურ რედაქციას ვაკეთებ (ავტორს და რაღAც აბზაცებს ვაბოლდებ), სტატია ქრება!
ფუი ეშმაკსა!
This post has been edited by Judas Iscariot on 3 Feb 2009, 11:50