mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#40171608 · 12 Mar 2014, 10:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,გარდაქმნის“ გამოცხადების შემდეგ, როცა ათეისტური რეჟიმი მომაკვდავის რეჟიმში გადავიდა და ეროვნული მოძრაობა იღვიძებდა, ჩვენშიც კვლავ გაიღვიძა სასულიეროში სწავლის დროებით მიძინებულმა ლტოლვამ. ამაში ღვაწლი მიუძღვით ეპ. ქრისტეფორე წამალაიძეს (საბერძნეთის ერთ-ერთი განხეთქილება), ამჟ. ეპ. სპირიდონ აბულაძესა (სხალთის ეპარქია _ საქ. საპატრ.) და ამჟ. დეკ. ზაქარია ფერაძეს (კვიპროსის კუნძული _ საქ. საპატრ.), რომლებმაც თავიანთი ცოცხალი რწმენით, პიროვნული პატიოსნებითა და უშიშარი ქადაგების პირადი მაგალითით _ ქვეყნიერების რწმენაში მოქცევა რომ სურდათ და ეს მეც გადმომდეს _ დამაჯერებლად გამაცნობიერებინეს, რომ ადამიანის, ერისა და კაცობრიობის გადარჩენის გასაღები ეკლესიაში ძევს და თავი ჩვენი შემქმნელის საქმეს უნდა მივუძღვნათ. ამ სამმა ადამიანმა* მშვა ქრისტეში ,,ახალ ადამიანად“, რადგან მანამდე ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს მხოლოდ ეროვნული დამოუკიდებლობისათვის თავგანწირვა და პოეტური მუსიკა და მუსიკალური პოეზია წარმოადგენდა... მოგვიანებით, მათ იდეებს ჩვენში მართლმადიდებლური ფრთები შეასხა თბილისის, წმ. პეტრე-პავლეს ტაძრის დეკ. არჩილ მინდიაშვილმა, რომელიც ეპ. ქრისტეფორეს შემდეგ, გახდა ჩვენი მეორე მოძღვარი... ხოლო თუ რატომ ,,მეორე“, ამაზეც, საჭიროდ ვთვლით, მოგახსენოთ, რახან ერთ-ერთი ,,ფორუმელი“ [,,კაიროსი“ _ იგივე სერგო (სოსო) ფარულავა] ,,სამსაპატრიარქოგამოცვლილ მღვდლად“ მოგვიხსენიებს და მოძღვართა ,,გამოცვლის“ შეპირაპირებით, იქნებ, საპატრიარქოთა ,,გამოცვლის“ (არა სამის _ ორის) დედააზრის ჩაწვდომა გავუადვილოთ: ______________ *მათ გაცნობამდე ნანახი მყავდა მხოლოდ ისეთი ,,მღვდლები“, მათ და მათნაირებს ახლაც რომ გავურბივარ... მაგრამ, ბავშვობიდან მოყოლებული და ასეთი ,,მღვდლებისგან“, სკოლისგან და სახელმწიფოსგან გაბზარული რწმენა ისევ შემიხორცა ამ სამი კაცის მაშინდელმა მოშურნეობამ. მართალია, ჩვენი ,,ნავები“, კარგა ხანია, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიმართულებით ცურავენ, მაგრამ მათდამი ადამიანური მადლიერება და სიყვარული უფალმა ნურასოდეს გამინელოს! დიახ, ,,ბიბლიაში“ ხაზგასმულია: ებრაელმა ხალხმა ირწმუნა უფლისა და ირწმუნა მოსესი.
როგორც ლუდვიგ-ვან ბეთჰოვენი ეძებდა თავის მომავალ მოძღვარს _ ქრისტიან-გოტფრიდ ნეეფეს, ისე (შედარებითად და რა თქმა უნდა, არა გატოლებითად _ შდრ. I კორ. 11,1) ყრმობიდანვე ვეძებდი სულიერ მამას და განგებამ ამად ეპისკოპოსი მარგუნა.
ეპ. ქრისტეფორე წამალაიძე ერისკაცობაში გახლდათ პროფესიით ეკონომისტი კაცი, რომელიც, გახდა რა სიძე ,,ბაპტისტური“ ოჯახისა, მისი გავლენით, ამ პროტესტანტულ მიმდინარეობას _ ,,ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიას“ დაუკავშირდა (სიდედრი ცნობილი ბაპტისტი იყო კავკასიაში). ბუნებით პატიოსანი ადამიანი იყო და ესმა რა ქრისტეზე, მთელი გულით შეუვრდა ,,სახარებას“. ამ დაჯგუფებაში, რომელიც სარწმუნოების გავრცელებას მეტად ცდილობდა, ვიდრე საპატრიარქოს ეკლესია, მქადაგებლად დაადგინეს, რადგან ჰქონდა საერო (საუნივერსიტეტო) განათლება და იმჟამად, კულტურის სამინისტროში მუშაობდა. მალე, პატრიარქად მისი კუთხის _ მოხევე კაცი დაადგინეს და ამის ზემოქმედებითაც ქართული ეკლესიის დაქვებდებარებაში გადმოვიდა; მაგრამ ყოველგვარი მართლმადიდებლური მომზადების გარეშე (რაზეც, პირველ რიგში, პატრიარქ ილიას უნდა ეზრუნა): პროტესტანტული წარმოდგენებით, რაც ცნობიერად გამოჰყვა და გამოჰყვა... ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის“ _ მასზე დაუწერიაო ეს აფორიზმი ნ. ბარათაშვილს! მაგ., როგორც პროტესტანტობის ყველა დენომინაცია, ისიც არ აღიარებდა ღვთისმშობელს ,,უპატიოსნესად ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესად სერაფიმთასა“ და ეს ჩანართი (მისამღერი) ,,ღირს-არსის“ ლოცვიდან ამოღებულიც კი ჰქონდა და ასე ავრცელებინებდა (როგორც მოგვიანებით შევიტყვე)...Aეს, ამ ბავშვური ბუნების კაცს, ანგელოზებისადმი გულუბრყვილო შიშითა და პატივისცემით მოსდიოდა, _ აქაოდა, არ ვაწყენინოთ, მათზე მაღლა ვინმე რომ დავაყენოთო (!); ბოლომდე არ სცნობდა წმ. მამათა ავტორიტეტს და ,,სჯულისკანონს“... მაგრამ გასაოცარია, რატომ არ აღიარებდა (დღესდღეობით _ აღარ ვიცი) ღმერთკაც ქრისტეს შემოქმედად, როცა ეს ასე სწამს ყველა პროტესტანტს?! აი, ასეთი თეოლოგიური ბაზის მქონე, მართლმადიდებლობაში ახალმოქცეული ომარ (თორღვა) წამალაიძე დაადგინა დიაკვნად და ხუცესად (მღვდლად) კათალიკოსმა. უკვე, მამა თორნიკემ თბილისის ,,სიონის“ ტაძარში გააგრძელა მისიონერული სულისკვეთების საქმიანობა: ქადაგება, ურთიერთობა ინტელიგენციის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდობასთან. შენიშნეს რა მხურვალედ მქადაგებელი და პატრიოტული სულისკვეთებით მოცული ღვთისმსახური (რაც სანთლით საძებარი იყო ,,უძრაობის ხანაში“), მას დაუკავშირდნენ ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა (სხვა დისიდენტებიც), რომლებიც პირდაპირ ეძიებდნენ ასეთ თანამოაზრებს. მერე, ერთად დადიოდნენ ხალხის რწმენაში მოსაქცევად და პატრიოტული გრძნობების გასაღვივებლად. ქართული ეკლესიის ,,ქუაბ-ავაზაკთაგან“ განწმენდას _ ახალი ,,რუის-ურბნისის“ მოწყობას ესწრაფვოდნენ სამივენი. განსაკუთრებით, ზვიადი ყველანაირად მხარში ამოუდგა პატიოსნად მოღვაწე კაცს (ნათელ-მირონულადაც დანათესავდნენ); ეს უკანასკნელიც იფარავდა, თავისთან მალავდა ხოლმე დასაპატიმრებლად ძებნილ დისიდენტს. ბუნებრივია, ეს მხედველობის არედან არ გამოეპარებოდა ,,უშიშროების“ სამსახურს და ამუშავდა ერთობლივი მანქანა: სახელმწიფო+საპატრიარქო...
მ. თორნიკე, იყო რა ,,თეთრი სამღვდელოების“ წარმომადგენელი (ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი), მოულოდნელად დაბარებულ იქნა საპატრიარქოში და... _ მღვდელმთავრობა შესთავაზეს. მოგეხსენებათ, VI წმ. მსოფლ. კრების (VIIს.) გადაწყვეტილებით (12), მომავალი ეპისკოპოსობისთვის განკუთვნილი პირი უნდა აირჩეს ,,შავი სამღვდელოებიდან“ ანუ უკვე ბერად აღკვეცილ მსახურთაგან; ან თუ ეკლესიას სჭირდება რწმენითა და ცოდნით გამორჩეული ოჯახიანი კლერიკოსის (ან ერისკაცის) მღვდელმთავრად დაწინაურება, ხდება შემდეგი: ღვთისმსახური ან დაქვრივებულია (ცოლის შერთვის უფლება კი აღარა აქვს), ან მისი მეუღლე, მისივე სურვილით თუ ღვთისა და სამშობლოსათვის მსხვერპლგაღებით, ქმართან შეთანხმებით, დგამს იგივე ნაბიჯს და მონაზვნად იღკვეცება აწ უკვე ყოფილი მეუღლისგან შორეულ მონასტერში (თუ ღირსეულია, იღუმენიად ანუ წინამძღვრად დგინდება _ სხვა კანონი). აქედან გამომდინარე, უპირატესისგან (მიტროპოლიტისგან, პატრიარქისგან) ხდება მეუღლე წყვილის დაბარება, ამ ყველაფრის ახსნა და შეთავაზება (ან თხოვნა). ამ წეს-კანონის, ისევე, როგორც ყველა კანონის, შეცვლის უფლება არათუ პატრიარქს, არც რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას და არც ყველა ეკლესიას, ერთად აღებულს, აქვს, რადგან როგორც იგივე (VI) კრების პირველივე კანონი ხმობს: მათ ,,სოფლის აღსასრულამდე შეურყევლად და შეუცვლელად დატოვებას ვადგენთ“.
მოგვიანებით, თვითონ მღვდელმთავარი ქრისტეფორე ამბობდა ჩვენთნ პირად საუბრებში, რომ ამით _ ეპისკოპოსად კურთხევით _ მოიშორეს თბილისიდან (,,საშიში ზონიდან“), რადგან სხვაგვარად ოჯახიან კაცს პროვინციაში გადასვლას ვერ აიძულებდნენ და გამონახეს გამოსავალი: თან დააწინაურეს, თან ,,განარიდეს“, რადგან ეპარქიასა და დედაქალაქში ორი მღვდელმთავარი ვერ იქნებოდა (თბილელი მიტროპოლიტის კათედრა კარგა ხანია, გაუქმდა) _ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსიც ხომ კათალიკოს-პატრიარქია. გადაიყვანეს ნიკორწმინდის ეპარქიაში (იმ დროს, ბავშვობაში, იქ ვისვენებდი და მახსოვს, წმ. ნიკოლოზის სახ., დიდი პოეტისგან ქებათა ქებაშესხმული, ტაძარი არც მოქმედებდა). ჰოი, საოცრებავ! _ ეპ. ქრისტეფორეს მეუღლემ, დაახლოვებით 15 წლის შემდეგ, პირველად ჩემგან გაიგო ზემოხსენებული კანონები (როგორც თვითონვე მითხრა გაოცებულმა); ანუ პატრიარქს ეს ქალბატონი არც დაუბარებია თავისთან, არც არაფერი აუხსნია მისთვის, არაფერიც უთხოვია და ისე შეუყენა ქმარი ბერად ახალგაზრდა ქალს... ისიც უნდა ითქვას, რომ არათუ მის მეუღლეს, თვით მომავალ ეპისკოპოსსაც არ ჰქონდა ბოლომდე გაცნობიერებული ეპისკოპოსობისა და ბერობის რაობა.
ახალდადგენილი ეპისკოპოსი აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას, უკვე რაჭაში. იქიდან ზემო იმერეთში გადმოჰყავთ, მარგვეთის ეპარქიაში (სადაც გავიცანი, კიდეც და დავუახლოვდი). მისიონერი, რომელიც ამავე დროს კომუნისტურ სისტემასაც ამხილებს, არ ჩერდება და შესაბამისი სამსახურებიც არ ჩერდებიან: უწყებენ დევნას, უწყობენ ავტოკატასტროფის მცდელობას, ერთ-ერთ ოჯახში წამლავენ გულის შეტევამდე, მას და მის რეზიდენციას შორიახლო დარაჯობენ და დასტრიალებენ მაღალანტენიანი სპეცმანქანები; განსაკუთრებით, მაშინ, როცა დისიდენტები სტუმრობენ (ეს საკუთარი თვალითაც გვაქვს ნანახი).
ქრისტეფორე წამალაიძე ბუნებით მოსიყვარულე, კეთილშობილი ადამიანია. მისგან ყველას მიმართ მოედინებოდა სიყვარული და მამობრივი ზრუნვა (განსაკუთრებით, ჩვენზე _ მის უახლოეს გარემოცვაზე, მომავალ სემინარისტებზე), რომლის მსგავსი არათუ მანამდე არვისგან მიგრძვნია, სხვა სასულიერო პირებსაც არ გააჩნდათ. მე იგი ნამდვილი მამასავით შევიყვარე (მით უფრო, ის იყო ჩემი შეყვარებულის _ მომავალი მეუღლისა და რამდენიმე ახლობლის მოძღვარიც); ისე, რომ გადაწყვეტილი მქონდა, მთელი ცხოვრება მის გვერდით ვყოფილიყავი, როგორც, გნებავთ, მდივანი, მსახური თუ მცველი (ეს _ დამცველობა _ ჩემს სულიერ ძმებთან ერთად, მიხდებოდა, კიდეც, როცა ის უზარმაზარ მიტინგებს მიუძღვოდა, ზვიადთან და მერაბთან ერთად*). ______________ *რამდენადაც, ეპ. ქრისტეფორე იმ დროს მათი მოძღვარიც იყო, მათი სულიერი ძმაც გამოვდიოდით და თუნდაც, აქედან გამომდინარე, გვქონდა მათთან ახლო, კეთილი დამოკიდებულება და არამხოლოდ _ როგორც ეროვნული საქმის თავკაცებთან; ,,აგენტების“ გარემოცვაში მყოფი დისიდენტები ამიტომაც გვეპყრობოდნენ ამ პატარა ბიჭებს ნდობით, პატივისცემითა და ქრისტესმიერი სიყვარულით.
მიუხედავად მღვდელმთავრისა და მოძღვრისადმი ასეთი დამოკიდებულებისა, როცა სარწმუნოებრივ-დოგმატურ საკითხებში ცოტა გავთვითცნობიერდით, სულიერმა შვილებმა (სემინარისტებმა) მორიდებულად რამდენიმეგზის შევკადრეთ, ეკლესიის დოგმატების დამახინჯებას (რაზეც ზემოთ ვწერდით) რომ არ ვიზიარებდით; რომ ამით ამ ცოდვის თანამონაწილენი არ გავმხდარიყავით. ამას დაემატა ზნეობრივი საკითხიც: მიუხედავად იმისა, რომ ეპ. ქრისტეფორე რამოდენიმე წელი ცდილობდა სამონაზვნო ქალწულების დაცვას (ოჯახში _ !), 1988წ. მეოთხე შვილი გაუჩნდათ... ახლა, უკვე, ეს გახდა ჩვენი დამაბრკოლებელი, ხოლო მისთვის დასაყვედრებელ-წამოსაძახებელი (მაკომპრომატირებელი) _ საპატრიარქოს მხრიდან. მეუფე თავისას არ იშლიდა და იძულებულნი შეგვქმნა, მწარე გრძნობით განვშორებულიყავით: ,,გამოთხოვების ხელოვნებისთვის, ნუთუ, არვინ არს პოეტის მეტი?“ (გალაკტიონი). ამ შემთხვევაში, ისაკს უნდა შემეწირა ჩემი აბრამი... _ ვიცი, რომ თქვენც იცით, მეუფეო, არისტოტელეს ფორმულა: ,,პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება _ უფრო ძვირფასი“. ეს იყო ჩემი ბოლო სიტყვები მასთან მტკივნეული, მაგრამ სავალდებულო დაშორიშორებისა (თუმცა, ეს ადამიანი დღემდე ამაღლებული გრძნობით მიყვარს და არასდროს დამავიწყდება).
ასე გავხდით იძულებული, არცთუ საპატრიარქოს ,,დაუხმარებლად“, სულიერი მოძღვარი შეგვეცვალა. არა დასაქადებლად, _ ვინმემ რომ არ იფიქროს, ჩემს ყოფილ მოძღვარზე პიროვნულად ნაწყენი ვარ და ამიტომ ვაქციე იგი ,,ყოფილად“, გავიხსენებ, რას მეძახდა მოფერებით _ ,,პატარა გრიგოლს“ (20 წლის ასაკში მწერალ გრიგორი* რობაქიძეს მადარებდა**). მისგან ჩემს მიმართ, სიყვარულისა და პატივისცემის მეტი, არაფერი მახსოვს. ______________ *გრიგორი და არა გრიგორ, რადგან ეს სახელი ორიგინალში (γρηγορέω, ძველბერძნ. ,,გრეგორეო“) ხმოვანფუძიანია, ისევე, როგორც მაგ., Γεώργιος (,,გეორგიოს“) და ქართ. სახელობით ბრუნვაში არ ვამბობთ გიორგ (გრიგორ), არამედ გიორგი (გრიგორი). მსგავსია ,,ბასილი“ და მისთ.. **ამას თუ ვინმე მაინც დაქადებად ჩაგვითვლის, წმ. პავლე მოციქულის რჩევასღა მოვიშველიებთ: ვინც იქადოს, ღმერთით იქადოს!
გავიდა 7-8 წელიწადი და როცა საქართველოდან საზღვარგარეთ წასვლამ მომიწია, საფრანგეთიდან განგებ ჩავედი გერმანეთში (1997-8წწ..), სადაც გვერდიდან განრიდებული, მაგრამ გულიდან ვერმოშორებული ყოფილი მოძღვარი მეგულვებოდა (იმჟამად, ოჯახთან ერთად, იქ ლტოლვილობდა). ვფიქრობდი, _ ეგებ ემიგრანტულმა ნოსტალგიამ მაინც ჩააღრმავა იმ საკითხებამდე, რამაც გაგვთიშა! მეც კიდევ ერთხელ მოვიხდი ჩემს მოვალეობას ღვთისა და მის წინაშე _ სულიერ ფარაში დავაბრუნო საჩეხეში მიდენილი მწყემსი-თქო... ადამიანურად გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით... მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ადამიანურად. ბევრი რამე გავიხსენეთ. მახსოვს, იქ მომითხრო: ზ. გამსახურდიამაც მთხოვა, ერეტიკულ აზრებს ნუ გაავრცელებო; რის გამოც ,,კოლხური კოშკიდან“ ნაწყენი წამოვედიო...
ეს იყო ჩემგან მისი ბოლო მხილება. მალევე სამშობლოში დაბრუნდა და მის მერე, დღემდე აღარანაირი კავშირი გვქონია ერთმანეთთან. ახლა, შევეხოთ მისი განკვეთა-არგანკვეთის საკითხს. საეკლ. კანონით, არსებობს დასჯის საფეხურებრივი ფორმა: გაცილებით მსუბუქი დარღვევისათვის (ცოდვას გააჩნია) ღვთისმსახურს ჯერ სიტყვიერად აფრთხილებენ, შეუსმენლობის შემთხვევაში მღვდელმოქმედების უფლებას უჩერებენ (დროებით განაყენებენ _ ძვ. ენაზე _ დააყენებენ), ხოლო კვლავ გამოუსწორებლობისთვის ხარისხიდან განკვეთენ (სამუდამოდ განყენება) ანუ ერისკაცად ჩამოაქვეითებენ. გვინდა თუ არ გვინდა, ასე იყო თუ ისე იყო, სამწუხაროდ ეპ. ქრისტეფორემ, დიდი ხანია, განკვეთა დაიმსახურა წმინდად სარწმუნოებრივ და ზნეობრივ მიზეზთა გამო. მაგრამ დღემდე ის განუკვეთელია, მხოლოდ დაყენებულია (სხვა საკითხია, რომ მისი დამსჯელები თვითონაც არიან დასასჯელები). ამაზეც არსებობს საეკლ. კანონი და ამას საღი აზრიც ეთანხმება: თუ დაყენებული სასულიერო პირი ერთხელ მაინც ეცდება სამღვდელო მსახურების გაწევას, ის, თუნდაც ამისთვის, დაუყონებლივ (ავტომატურად) განეყენება საბოლოოდ. აქ კი რა ხდება? _ როგორც საქ. სინოდის გადაწყვეტილებებიდან (ოქმებიდან) ჩანს, არა ერთხელ და ორჯერ, წლების მანძილზე ხდება ეპისკოპოსის გაფრთხილება; ის კი ძველებურად ასრულებს ,,მსახურებას“. უფრო მეტიც, სინოდი შესაძლებლად უშვებს მის აღდგენასაც ხარისხში (რაც შეუძლებელია), თუ მას დაემორჩილება და მონასტერში მოინანიებს... ესაა არგაგონილი ამბავი: პატრიარქისა და სინოდის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, ბოროტად გამოყენება, წმ. კანონთა უხეში დარღვევა (ამ საკითხზე პირადად გვქონია საუბარი პატრიარქთან, ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუაწელში). ეპ. ქრისტეფორეს, გამომდინარე ცოდვების სიმძიმიდან*, მღვდელმსახურების ხარისხის დაბრუნება არანაირად ეკუთვნის (საპატრიარქო კი ამას ჰპირდება). რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა რელიგიური პროვინციალიზმი, ზეპაპიზმი, სულიერი უილაჯობა და გონებრივი უუნარობა (ბერძნ.Mმარაზმი)?!. ______________ *ბერს, თუნდაც ყოფილ მეუღლესთან თანაცხოვრება, სიძვად ეთვლება. ამ ცოდვის ჩამდენი სასულიერო პირი _ იპოდიაკონიც კი _ უცილობლად განიკვეთება.
ამ, პიროვნულად სამწუხარო და ეროვნულად სამარცხვინო, ისტორიაში კი ყველაზე სამწუხარო და სამარცხვინო ესაა: სინოდი ბოლომდე ,,არ იმეტებს“ ეპისკოპოსს, რადგან ეს უკანასკნელი, თუ აქამდე მხოლოდ ,,სოფლის საბჭოზე“ საუბრობს, მერე მისი ,,თავმჯდომარის გვარსაც დაასახელებს“... ეს იცის ორივე მხარემ და ასეთი გუმანური (ჰუმანური არ გეგონოთ) ურთიერთგარიგება ძალაშია. მეორე მხარეზე რა მოგახსენოთ და _ ეპ. ქრისტეფორეს პატიოსან კაცად ვიცნობდი (იმიტომაც დავუდექი გვერდით). მას მაინც არ ეკადრება სიმართლის ბოლომდე ართქმა და ბოლომდე არგახსნა ,,შავი ყუთისა“ (საარქივო საცავისა), რაც, ალბათ, ქართულ დღევანდელობას შემოატრიალებდა...
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|