ამ აპოკრიფის შინაარსი უდავოდ საინტერესოა. იგი იესოს ცხოვრების იმ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს, რომლის შესახებაც კანონიკური სახარებები დუმან (მისი ცხოვრების 14-დან 29 წლამდე).
ტიბეტური სახარება ცხოვრება წმინდა ისა-სი,
ადამიანთა ძეებს შორის საუკეთესოსი.
1. თავი 1. მიწა იძროდა, ზეცა ტიროდა უდიდესი ბოროტების გამო, რომელიც სულ ახლახან მოხდა ისრაელის ქვეყანაში.
2. იქ სულ ახლახან აწამეს და სიკვდილით დასაჯეს უდიდესი წმინდანი ისა, რომელშიაც სამყაროს სული ბინადრობდა,
3. რომელიც უბრალო მოკვდავში განსხეულდა, რომ ყველა ადამიანისთვის სიკეთე გაეკეთებინა და მათიდან ცუდი აზრები ამოეძირკვა,
4. ცხოვრებაში მშვიდობა, სიყვარული აღედგინა სიკეთისა და ადამიანის მიმართ, რომელიც ცოდვებითაა შერცხვენილი, ადამიანები დააბრუნოს ერთიან და განუყოფელ შემქმნელთან, უსაზღვროდ გულმოწყალესთან.
5. აი რას ყვებოდა ამის შესახებ ვაჭარი ხალხი, რომელიც ისრაელის ქვეყანაში დადიოდა.
2. თავი 1. ძალიან ნაყოფიერ მიწაზე (რომელიც წელიწადში ორ მოსავალს იძლეოდა) მცხოვრებმა ისრაელის ხალხმა, დიდი ნახირის პატრონმა, თავისი ცოდვების გამო ღვთის მრისხანება გამოიწვია,
2. რომელმაც საშინლად დასაჯა იგი – წაართვა მიწა, მსხვლფეხა და წვრილფეხა საქონელი და მთელი მისი მდგომარეობა; ისრაელი მონად აქციეს ძლიერმა და მდიდარმა ფარაონებმა, რომლებიც მაშინ ეგვიპტეში მეფობდნენ.
3. ისინი ისრაელთ ცხოველზე უარესად ეპყრობოდნენ, მძიმე სამუშაოთი ტვირთავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, ჭრილობებს აყენებდნენ, დაჭრილებს კი საჭმელს და ჭერქვეშ ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ,
4. რომ მუდამ შიშის ქვეშ ჰყოლადათ სახემწიფოში და ყოველივე ადამიანური წაერთვათ მათთვის.
5. ასეთი უდიდესი უბედურების დროს ისრაელმა ხალხმა გაიხსენა თავისი ზეციური მფარველის შესახებ, მიმართა მას და წყალობა და გულმოწყალება სთხოვა.
6. იმ დროს ეგვიპტეში მეფობდა სახელგანთქმული ფარაონი, მრავალრიცხოვანი გამარჯვებით, დაგროვებული სიმდიდრითა და ვრცელი სასახლეებით ცნობილი, რომლებიც მონებმა საკუთარი ხელებით აუშენეს.
7. ამ ფარაონს ორი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან უმცროსს ერქვა მოსა; ბრძენმა ისრაელებმა მას სხვადასხვა მეცნიერება შეასწავლეს.
8. და მოსა უყვარდათ ეგვიპტეში მისი სიკეთისა და თანაგრძნობის გამო, რომელსაც იგი ყველა ტანჯულის მიმართ იჩენდა.
9. ხედავდა რა, რომ ისრაელთ, აუტანელ წამებაში მყოფებსაც კი, არ უნდოდათ თავის ღმერთზე უარის თქმა, რომ ადამიანის ხელით გაკეთებული ადგილობრივი ღმერთებისათვის ეცათ თაყვანი,
10. მოსამ იწამა მათი უხილავი ღმერთი, რომელმაც არ დაუშვა, რომ მათი სუსტი ძალები მოტეხილიყო.
11. ისრაელ მასწავლებლებს უყვარდათ მოსას გულმოდგინება და სთხოვდნენ მას ფარაონთან, მამამისთან, ეშუამდგომლა მათ ერთმორწმუნეთა მიმართ მოწყალების თაობაზე.
12. პრინცი მოსა სთხოვდა უბედურთა ხვედრი შეემსუბუქებინა, მაგრამ ფარაონი მხოლოდ განრისხდა მასზე და მონების წამება უფრო გააძლიერა.
13. ამის შემდეგ, სულ მალე, ეგვიპტეს დიდი უბედურება დაატყდა თავს: გაჩნდა შავი ჭირი, რომელმაც მრავალ ახალგაზრდას და მოხუცს, ჯანმრთელს და ავადმყოფს წაართვა სიცოცხლე. ფარაონმა ეს ახსნა როგორც თავისი ღმერთების მრისხანება მის მიმართ.
14. მაგრამ პრინცმა მოსამ მამას უთხრა, რომ მისი მონების ღმერთმა გადაწყვიტა უბედურებს დახმარებოდა და ეგვიპტელები დასაჯა.
15. მაშინ ფარაონმა მოსას უბრძანა, რომ ებრაელთა თემის ყველა მონა ქალაქიდან გაეყვანა და დედაქალაქიდან შორ მანძილზე სხვა ქალაქი დაეარსებინა, და თვითონაც მათთან ეცხოვრა.
16. მოსამ ნიშანი მისცა ებრაელ-მონებს, რომ ღმერთის სახელით, ისრაელთა ღმერთისა, მან ისინი გაათავისუფლა. და წავიდა იგი მათთან ერთად ქალაქიდან და ეგვიპტის მიწიდან.
17. და ამგვარად მიიყვანა ისინი მიწაზე, რომელიც მათ ცოდვების გამო დაკარგეს, მისცა კანონები და არწმუნებდა მუდამ ელოცათ ღმერთისთვის, რომლის სიკეთეც უსაზღვროა.
18. პრინც მოსას სიკვდილის შემდეგ ისრაელები მკაცრად იცავდნენ მის კანონებს; ამიტომ ღმერთმა ისინი დააჯილდოვა ყველა უბედურების გამო, რომელიც მათ ეგვიპტეში დაატყდათ თავს.
19. მათი სამეფო ყველაზე ძლიერი გახდა მთელ დედამიწაზე, მათი მეფეები სიმდიდრით გახდნენ ცნობილნი, და ხანგრძლივი მშვიდობა მეფობდა ისრაელთა ხალხში.
3. თავი 1. დიდება ისრაელის სიმდიდრის შესახებ მთელ დედამიწაზე გავრცელდა, მეზობელ ხალხებს შურდათ მისი.
2. უზენაესი ამ ხალხებზე ებრაელთა ძლევამოსილ იარაღს მიმართავდა, და წარმართები მათზე თავდასხმას ვერ ბედავდნენ.
3. საუბედუროდ, ადამიანი ყოველთვის არ ემორჩილება საკუთარ თავს, ამიტომაც თავისი ღმერთის მიმართ ისრაელთა ერთგულება დიდხანს არ გრძელდებოდა.
4. მათ თანდათან დაივიწყეს ყველა ის მადლი, რასაც უფალი მათთვის არ იშურებდა, იშვიათად ახსენებდნენ მას და დახმარებისათვის ჯადოქრებს მიმართავდნენ.
5. მეფეები და ბელადები თავისი კანონებით ცვლიდნენ იმ კანონებს, რომლებიც მათ მოსამ მისცა; ღმერთის ტაძარი და ღვთისმსახურება მიტოვებულ იქნა, ხალხმა სიამოვნებას მისცა თავი და თავდაპირველი სიწმინდე დაკარგა.
6. ეგვიპტედან გამოსვლის შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა, როცა ღმერთმა კვლავ გადაწყვიტა მათი დასჯა.
7. უცხოქვეყნელებმა ისრაელის მიწაზე იწყეს თავდასხმა. ისინი ანადგურებდნენ მინდვრებს, სოფლებს და მცხორებლები ტყვედ მიჰყავდათ.
8. წარმართები ზღვების იქითა მხრიდან მოვიდნენ, რომეების ქვეყნიდან; მათ დაიპყრეს ებრაელები და მხედართმთავრები დანიშნეს, რომლებიც კეისრის ბრძანებით მართავდნენ მათ.
9. ისინი ტაძრებს ანგრევდნენ, მცხოვრებლებს აიძულებდნენ უხილავი ღმერთისთვის თაყვანი აღარ ეცათ და წარმართთა ღმერთებისთვის შეეწირათ მსხვერპლი.
10. კეთილშობილებს მეომრებად ხდიდნენ, ქალები ცოლებად მიჰყავდათ, მონებად ქცეულ უბრალო ხალხს კი ზღვის იქით აგზავნიდნენ;
11. მათს ბავშვებსაც კი მახვილზე აგებდნენ. ისრაელის მთელ ქვეყანაში მხოლოდ ქვითინი და კვნესა ისმოდა.
12. ასეთ უკიდურეს უბედურებაში გაიხსენეს მათ თავისი დიადი ღმერთი: ევედრებოდნენ, წყალობას სთხოვდნენ, პატიებას ითხოვდნენ. და ჩვენმა მამამ თავისი დაუშრეტელი სიკეთით მათი ვედრება შეისმინა.
4. თავი 1. და აი სწორედ მაშინ დადგა ჟამი, რომელიც გულმოწყალე მოსამართლემ აირჩია, რომ ადამიანად განსხეულებულიყო.
2. და მარადიული სული, რომელიც სრული სიმშვიდისა და უმაღლესი ნეტარების სამეფოშია დასახლებული, აღიგზნა და გამჟღავნდა განუსაზღვრელი დროით მარადმსუფევიდან,
3. რომ ადამიანური გარეგნობა მიიღოს, ხალხს ღვთაებასთან მიერთების საშუალება მიუთითოს, რომ მარადიულ ნეტარებას მიაღწიოს;
4. რომ თავისი მაგალითით აჩვენოს, როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ზნეობრივ სიწმინდეს, განაცალკევოს სული მისი უხეში გარსისგან, მიაღწიოს მის სრულყოფილებას, რაც დაულეველ ზეციურ სამეფოში ასვლისთვისაა აუცილებელი, სადაც მარადიული ნეტარებაა გამეფებული.
5. მალე ისრაელის მიწაზე საუცხოო ბავშვი დაიბადა; თვით ღმერთი ლაპარაკობდა ამ ბავშვის პირით სხეულის სიღატაკისა და სულის დიდების შესახებ.
6. ახალშობილის მშობლები საწყლები იყვნენ, მაგრამ წარმოშობით იმ მოდგმას ეკუთვნოდნენ, რომელიც ღვთისმოსაობით იყო ცნობილი, და თავისი წინანდელი დიდებულება დაივიწყა მიწაზე, რომ უფლის სახელი ედიდათ და მადლობა ეთქვათ უბედურებისთვის, რომელიც მან გამოუგზავნა, როგორც გამოცდა.
7. იმისათვის, რომ ჭეშმარიტების გზიდან არ გადავიდნენ, ღმერთმა მათი ოჯახის პირველშობილი დალოცა: მან იგი თავის რჩეულად დანიშნა და ცოდვაში ჩავარდნილთა დასახმარებლად და ტანჯულთა განსაკურნებლად გამოგზავნა.
8. ღვთაებრივმა პატარა ბავშვმა, რომელსაც ისა შეარქვეს, ერთიან და განუყოფელ ღმერთზე დაიწყო ლაპარაკი, გზააბნეულ სულებს არწმუნებდა ცოდვები მოენანიებინათ და განწმენდილიყვნენ.
9. მის მოსასმენლად ყოველი მხრიდან მოდიოდნენ. ბავშვის მიერ თქმული სიტყვების გამო გაოცებულები იყვნენ. ყველა ებრაელი თანხმდებოდა, რომ ამ ბავშვში მარადიული უმაღლესი სულია ჩასახლებული.
10. როდესაც ისამ 13 წელს მიაღწია (ამ ასაკში კი ყოველმა ებრაელმა ცოლი უნდა ამოირჩიოს),
11. მისი ღარიბი მშობლების სახლში მდიდარმა და წარჩინებულმა ხალხმა იწყო სიარული; მათ სურდათ ახალგაზრდა ისა ჰყოლოდათ სიძედ, რომელმაც უკვე სახელი გაითქვა თავისი სამოძღვრებო სიტყვებით უზენაესისთვის.
12. მაგრამ ისამ მშობლების სახლი ფარულად მიატოვა, იერუსალიმიდან წავიდა და ვაჭრებთან ერთად ინდისკენ გაემართა,
13. რომ საღვთო სუტყვაში სრულყოფილი გამხდარიყო და დიადი ბუდას კანონები ესწავლა.
5. თავი1. თოთხმეტი წლის ახალგაზრდა ისა, ღვთის მიერ კურთხეული, ინდას მეორე ნაპირზე გადავიდა და დასახლდა არიელებთან, ღვთის მიერ კურთხეულ ქვეყანაში.
2. საუცხოო ყმაწვილის შესახებ დიდება ჩრდილოეთ ინდას სიღრმეში გავრცელდა; როდესაც იგი პენჯაპისა და რაჯპუტანას ქვეყანას გადიოდა, ღმერთ ჯაინის თაყვანისმცემლები სთხოვდნენ მათთან დასახლებულიყო.
3. მაგრამ მან მიატოვა შეცდომაში შესული ჯაინის თაყვანისმცემლები და ჯაგერნატში, ორსისის ქვეყანაში გაჩერდა, სადაც ვიასა-კრიშნას ნეშთი განისვენებს, და იქ ბრაჰმას თეთრმა ქურუმებმა იგი გულთბილად მიიღეს.
4. მათ ისას ასწავლეს კითხვა და ვედების გაგება, ლოცვებით განკურნება, ხალხისთვის საღმრთო წერილების სწავლება და განმარტება, ადამიანის სხეულიდან ავი სულის განდევნა და მისთვის ადამიანური სახის დაბრუნება.
5. ჯაგერნატში, რაჯაგრიჰში, ბენარესში და სხვა წმინდა ქალაქებში მან ექვსი წელი დაჰყო; ყვალას უყვარდა იგი, რადგან ისა ვაიშებთან (მიწათმოქმედთა, ხელოსანთა, ვაჭართა ვარნა, კასტა) და შუდრებთან (მონათა კასტა) მშვიდობიანად ცხოვრობდა, რომლებსაც იგი საღმრთო წერილებს ასწავლიდა.
6. მაგრამ ბრამინებმა (უმაღლესი კასტა) და ქშატრიებმა (მეორე კასტა, მეომართა ვარნა) უთხრეს მას, რომ დიადმა პარა-ბრაჰმამ აუკრძალა მათ მიახლოება მისი მუცლიდან და ფეხებიდან შექმნილებთან,
7. რომ ვაიშებს უფლება აქვთ მხოლოდ უსმინონ ვედების კითხვას, და ისიც მხოლოდ დღესასწაულის დროს,
8. შუდრებს კი ეკრძალებოდათ არა მხოლოდ ვედების კითხვაზე დასწრება, არამედ მათი ყურებაც კი; ისინი ვალდებულნი არიან მხოლოდ მუდამ ემსახურონ ბრამინებს, ქშატრიებსა და ვაიშებსაც კი.
9. "მხოლოდ სიკვდილს შეუძლია მათი მონობიდან გათავისუფლება, - თქვა პარა-ბრაჰმამ. – მიატოვე ისინი და წამოდი ჩვენთან, თაყვანი ვცეთ ღმერთებს, რომლებიც შენზე არიან განრისხებულნი დაუმორჩილებლობის გამო".
10. მაგრამ ისა მათს სიტყვებს არ უსმენდა და ბრამინებისა და ქშატრიების საწინააღმდეგოდ შუდრებთან დადიოდა ქადაგებისთვის.
11. იგი ამხედრდა იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანი თავის თავზე უფლებას იღებს ახლობლებს ადამიანური ღირსება წაართვას; იგი ამბობდა: "მამა-ღმერთი თავის შვილებს ერთმანეთისაგან არ ასხვავებს, მისთვის ისინი ერთნაირად ძვირფასნი არიან".
12. ისა უარყოფდა ვედებისა და პურანების ღვთაებრივ წარმოშობას, რადგან თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ კანონი ადამიანს მისი მოქმედებების სახელმძღვანელოდ მიეცა.
13. "გეშინოდეს შენი ღმერთის, მხოლოდ მის წინაშე მოიხარე მუხლი და მხოლოდ მას მიართვი მსხვერპლი, რომელიც მოგებიდან მიიღე".
14. ისა უარყოფდა ტრიმურტის და პარა-ბრაჰმას ვიშნუში, შივაში და სხვა ღმერთებში განხორციელებას; იგი ამბობდა:
15. "მარადიულმა გამსჯელმა, მარადიულმა უმაღლესმა სულმა შექმნა სული ერთადერთი და განუყოფელი სამყაროში; იგი ერთია, შექმნილი, ყველაფერს ინახავს და ასულდგმულებს".
16. "და მხოლოდ ის ერთი არსებობს, რომელსაც უნდა და ქმნის; იგი მარადისობისგან არსებობს, მის ყოფიერებას არა აქვს დასასრული, მისი მსგავსი არ არსებობს არც ზეცაში, არც დედამიწაზე".
17. "დიადმა შემქმნელმა თავისი ძალაუფლება არავის გაუყო, მით უმეტეს უსულო საგანს, ისე, როგორც თქვენ ამას გასწავლიდნენ, რადგან მხოლოდ მისი ყოვლისშემძლეობაა მპყრობელი".
18. "მან ისურვა, და სამყარო გაჩნდა; ღვთაებრივი აზრით მან წყლები შეკრიბა და მათგან დედამიწის სფეროს ხმელეთი გამოყო. იგი მიზეზია ადამიანის საიდუმლო სიცოცხლისა; ადამიანს მან თავისი ყოფიერების ნაწილაკი ჩაჰბერა".
19. "მან დაუმორჩილა ადამიანს მიწები, წყლები და ყოველივე ის, რაც შექმნა, უცვლელ წესრიგში უკავია, ყოველ საგანს მისი ზუსტი არსებობა დაუნიშნა".
20. "ადამიანის მიმართ ღმერთის მრისხანება მალე ბორკილს გაწყვეტს, რადგან მან დაივიწყა თავისი შემქმნელი, ტაძრები სისაძაგლით შეავსო, და ბრბო იმ არსებებს სცემს თაყვანს, რომლებიც ღმერთმა მას დაუმორჩილა".
21. "ვინაიდან, ქვებისა და მეტალების გულის მოსაგებად მას (ადმიანს) მსხვერპლად სწირავს ადამიანებს, რომლებშიც უზენაესის სულის ნაწილაკი ბინადრობს".
22. "იგი ამცირებს გულმოდგინედ მომუშავეებს, რომ მუქთამჭამლის წყალობა დაიმსახუროს, რომელიც მდიდრულ სუფრას უზის".
23. "ვინც თავის ძმებს ღვთაებრივი ნეტარება წაართვა, მას თვითონვე წაერთმევა იგი, და ბრამინები და ქშატრიები შუდრების (უზენაესი მუდამ მასთან იქნება) შუდრები გახდებიან".
24. "ვინაიდან უკანასკნელი სამსჯავროს დღეს შუდრები და ვაიშები შეწყალებულნი იქნებიან მათი უცოდინარობის გამო; პირიქით, ღმერთი მკაცრად დასჯის იმათ, ვინც მათზე უფლება მიითვისეს".
25. ვაიშები და შუდრები ძალიან გაოცდნენ და ისას ჰკითხეს იმის შესახებ, როგორ უნდა ელოცათ, რომ თავიანთი ნეტარება არ დაეღუპათ.
"თაყვანს ნუ სცემთ კერპებს, რადგან მათ არ ესმით თქვენი; ნუ მიჰყვებით ვედებს, სადაც ჭეშმარიტება დამახინჯებულია; ნუ თვლით თქვენს თავს ყოველთვის პირველებად და ნუ დაამცირებთ ახლობელს".
26. "დაეხმარეთ საწყლებს, დაიცავით სუსტები, არავის მიმართ ბოროტება არ ჩაიდინოთ, ნუ ისურვებთ იმას, რაც თქვენ არა გაქვთ და რასაც სხვების ხელებში ხედავთ".
6. თავი 1. როდესაც ისას სიტყვები გაიგეს, თეთრმა ქურუმებმა და მეომრებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს, რისთვისაც მსახურები გააგზავნეს, რომ ახალგაზრდა წინასწარმეტყველი მოეძებნათ.
2. მაგრამ შუდრებმა ისა ხიფათის შესახებ გააფრთხილეს და მან ღამით ჯაგერნატას მიდამოები მიატოვა და მთას მიაღწია. იგი გაუტამიდების ქვეყანაში დასახლდა ხალხთა შორის, რომელიც ერთიან და დიად ბრაჰმას სცემდა თაყვანს. ამ ქვეყანაში დიადი ბუდა საკია-მუნი დაიბადა.
3. წმინდანმა ისამ იქ პალის ენა სრულყოფილად შეისწავლა და სუტრების – წმინდა ტექსტების – შესწავლას მისცა თავი.
4. ექვსი წლის შემდეგ ისას, რომელიც ბუდამ თავისი წმინდა სიტყვის გასავრცელებლად აირჩია, სრულყოფილად შეეძლო წმინდა გრაგნილთა განმარტება.
5. მან ნეპალი და ჰიმალაები დატოვა, დაეშვა რაჯუპუტანას ველზე და დასავლეთისკენ გაემართა. გზად სხვადასხვა ხალხებს ადამიანის უმაღლეს სრულყოფილებაზე უქადაგებდა,
6. იმაზე, რომ ახლობლისთვის სიკეთის კეთება ყველაზე უფრო საიმედო საშუალებაა სწრაფად დაემორჩილო მარადიულ უმაღლეს სულს: "იმას, ვინც თავის თავდაპირველ სიწმინდეს დაიბრუნებს, - ამბობდა ისა, - ცოდვები ეპატიება და სიკვდილის შემდეგ უფლება ექნება ღმერთის დიდებულ სახეს უმზიროს".
7. როდესაც წარმართთა მხარეებს გადიოდა, ღვთაებრივი ისა ასწავლიდა, რომ ხილული ღმერთებისთვის თაყვანისცემა ბუნებრივ კანონს ეწინააღმდეგება.
8. "რადგან ადამიანს, - ამბობდა იგი, - არ გააჩნია უნარი ღმერთის სახეს უმზიროს და პირველადი ღვთაების მსგავსი მთელი გუნდი შექმნას".
9. "უფრო მეტიც, ადამიანის სინდისს არ უთავსდება ის, რომ ღვთაებრივი სიწმინდის დიდებულებას ცხოველებზე ან საგნებზე დაბლა აყენებენ, რომლებიც ადამიანის ხელითაა გაკეთებული "ქვისგან ან მეტალისგან".
10. "მარადიული კანონმდებელი ერთია, მის გარდა არ არსებობენ სხვა ღმერთები. მას სამყარო არ გაუყვია სხვა ვინმესთან, თავისი განზრახვების შესახებ არავისთან საუბრობს".
11. "როგორც მამა მოეპყრობოდა თავის შვილებს, ასევე თვით ღმერთი განსჯის ადამიანებს სიკვდილის შემდეგ თავისი მოწყალე კანონებით. არასოდეს დაამცირებს თავის შვილს და მის სულს არ აიძულებს გადასახლდე ცხოველის სხეულში, როგორც განსაწმენდელში".
12. "ზეციური კანონი, - ამბობდა შემქმნელი ისას პირით, - კერპისთვის ან ცხოველისთვის ადამიანის მსხვერპლად შეწირვის წინააღმდეგია; რადგან მე, ჩემი მხრივ, ადამიანს შევწირე ყველა ცხოველი და ყველაფერი, რაც სამყაროში იმყოფება".
13. "ყველაფერი ადამიანს მიეძღვნა, რომელიც ჩემთან, მის მამასთან უშუალო და მჭიდრო ერთიანობაში იმყოფება. ამიტომ მკაცრად განისჯება და დაისჯება ის, ვინც მე ძეს წამართმევს".
14. "ადამიანი არარაა მარადიული განმკითხველის წინაშე, ისევე როგორც ცხოველი ადამიანის წინაშე".
15. "და მე თქვენ გეუბნებით: მიატოვეთ კერპები და ნუ ასრულებთ იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც თქვენს მამასთან გაშორიშორებთ და ქურუმებთან გაკავშირებთ, რომლებსაც ზეცამ ზურგი შეაქცია".
16. "მათ ჭეშმარიტ ღმერთს აგაცდინეს, მათი ცრურწმენა და სისასტიკე სულს გიფუჭებთ და ყოველგვარ ზნეობრივ გრძნობას გიკარგავთ".
7. თავი 1. ისას სიტყვები წარმართთა შორის ვრცელდებოდა იმ ქვეყნებში, რომელზედაც იგი გადიოდა, და მცხოვრებლები თავიანთ კერპებს ტოვებდნენ.
2. ამის მნახველმა ქურუმებმა ხალხის თანდასწრებით მოსთხოვეს იმას, ვინც ღმერთს ადიდებდა, მათი გაკიცხვის ჭეშმარიტი მტკიცებულება, აგრეთვე კერპების არარაობის მტკიცება.
3. და ისამ უპასუხა: "თუ თქვენი კერპები და თქვენი ცხოველები ძლიერები არიან და სინამდვილეში ზებუნებრივ ძალაუფლებას ფლობენ, მაშ დაე ამ ადგილას მეხი დამცენ".
4. "მაშ გააკეთე სასწაული, - შეეპასუხენ ქურუმები. – დაე, შენმა ღმერთმა ჩვენი ღმერთები შეარცხვინოს, თუკი ისინი ზიზღს ჰგვრიან მას".
5. მაშინ ისამ უპასუხა: "ჩვენი ღმერთის სასწაულებმა გამოვლენა იწყო სამყაროს შექმნის პირველივე დღიდან; ვინც მათ ვერ ხედავს, იგი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო ნიჭსაა მოკლებული".
6. "და არა ქვის, მეტალის ან ხის ნაჭრის (რომლებიც სრულიად უსულოა) წინააღმდეგ იქნება ღვთის რისხვა მიმართული; იგი იმ ადამიანებს დაატყდება თავს (რომ ამით ისინი გადარჩნენ), რომლებიც კერპების შექმნისთვის უნდა განადგურებულიყვნენ".
7. "როგორც ქვა ან ქვიშის ნამცეცი, ადამიანთან შედარებით უმნიშვნელონი, მორჩილად ელოდება იმ მომენტს, როცა ადამიანი აიღებს მათ, რომ მათგან რაიმე სასარგებლო ნივთი გააკეთოს,
8. ასევე ადამიანიც უნდა ელოდოს უდიდეს წყალობას, რომელსაც მას ღმერთი ჩუქნის – თავისი გადაწყვეტილებით აჯილდოებს".
9. "ვაი თქვენ, ხალხის მტრებო, თუ ეს ღვთის რისხვაა, და არა წყალობა, რომელსაც თქვენ ელით. ვაი თქვენ, თუ იმას ელით, რომ თავის ძლევამოსილებას ღმერთი სასწაულებით დაამოწმებს".
10. "თავისი მრისხანებით იგი არა მარტო კერპებს მოსპობს, არამედ იმათაც, რომლებიც ამ კერპებს ააგებენ; მათი გულები მარადიული ცეცხლის ნადავლი გახდება, ხოლო მათი დაფლეთილი სხეულები გარეულ ცხოველებს გააძღებს".
11. "ღმერთი განდევნის იმ ცხოველებს, რომლებმაც მისი ფარა წაბილწეს. მაგრამ გზააბნეულებს დაიბრუნებს, რომლებმაც თავის თავში ის ზეციური პატარა ნაწილაკი არ ცნეს, რომელიც მათში სახლობდა".
12. როდესაც თავისი ქურუმების უძლურობა დაინახეს, წარმართებმა ისას სიტყვები იწამეს და ღვთის რისხვის შიშით კერპები დაამსხვრიეს, ქურუმები კი ხალხის შურისძიების შიშით გაიქცნენ.
13. ისა კი წარმართებს აგრეთვე ასწავლიდა, რომ თავისი საკუთარი თვალებით კი არ ეცადათ მარადიული უმაღლესი სული დაენახათ, არამედ გულით ეგრძნოთ იგი და ჭეშმარიტად წმინდა სული გამხდარიყვნენ, რომელიც ღვთის წყალობის ღირსი იქნებოდა.
14. "არა მარტო ადამიანის მსხვერპლად შეწირვა არ უნდა ასრულოთ, - ეუბნებოდა იგი, - საერთოდ არც ერთი ცხოველი არ უნდა დაკლათ, რომელსაც სიცოცხლე მიეცა, ვინაიდან ყველაფერი ადამიანის სასარგებლოდ იქნა შექმნილი".
15. "ნუ მოიპარავთ სხვის ქონებას, ვინაიდან ეს იქნებოდა ახლობლის იმ ნივთების მოპარვა, რომელიც მან გულმოდგინე შრომით შეიძინა".
16. "ნურავის მოატყუებთ, რომ თქვენ თვითონ არ მოგატყუონ. ეცადეთ უკანასკნელ სამსჯავრომდე გაიმართლოთ თავი, მერე უკვე გვიან იქნება".
17. "ნუ იმრუშებთ: ეს ღვთის კანონებს ბილწავს".
18. "თქვენ უმაღლეს ნეტარებას მიაღწევთ, თუკი არა მარტო საკუთარ თავს გაწმენდთ, არამედ სხვებსაც უხელმძღვანელებთ იმ გზაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს პირველყოფილი სრულყოფილება შეიძინონ".
(დანარჩენ თავებს მერე დავამატებ)