mamuka90
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2928
წევრი No.: 65792
რეგისტრ.: 26-June 08
|
#13546497 · 24 Apr 2009, 16:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მღვდლობის საიდუმლოს, როგორც სამღვდელო იერარქიის შესახებ საუბრისას აღვნიშნეთ, გააჩნია სამი ქიროტონია, ანუ ხელდასხმა: დიაკვნის, მღვდლის და ეპისკოპოსის. მღდვლობის საიდუმლო ხასიათდება თავისი საეკლესიო-სამართლებრივი ბუნებით, იწვევს მრავალი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.
საეკლესიო სამართალი სამართლის სუბიექტებს ფაქტობრივად ორ კატეგორიად ჰყოფს: სამღვდელონი და საერონი. საერო პირებზე ვრცელდება სასულიერო პირებისაგან განსხვავებული კანონები, თუმცა, ცხადია, არსებობს საერთო კანონებიც და უნდა ითქვას, რომ ამგვარი სახის კანონები მრავალია.
სამღვდელო საიდუმლოს პირველი ქიროტონია - დიაკვნობა იწყებს ახალი სამართლებრივი ურთიერთობების დაწყებას: საერო პირი ხდება სასულიერო, ერისკაცი გარდაიქმნება დიაკვნად. დიაკონს, ცხადია, გააჩნია ერისკაცისაგან განსხვავებული უფლებები და ვალდებულებები. კერძოდ, მას შეუძლია მიეხმაროს მღვდელს ან ეპისკოპოსს მსახურების აღსრულებაში, წარმოთქვას დიაკვნისთვის დასაშვები ლოცვები, მოვალეა ატაროს წვერი და შესაბამისი შესამოსელი, ეკრძალება მონაწილეობა მიიღოს ჯვრისწერის საიდუმლოში და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ დიაკონი ბერია, ე. ი. იეროდიაკონია ან არქიდიაკონი, მასზე დამატებით ვრცელდება ბერის ვალდებულებანი. საერთოდ, ბერდიაკვნები და დიაკვნები იურიდიულად თანასწორნი არიან, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. აუცილებელია აქვე აღინიშნოს, რომ ის ბერები, რომელთაც არ გააჩნიათ სამღვდელო ხარისხი, ნიკეის II მსოფლიო კრების თ (9) კანონის თანახმად, სამართლებრივად ერისკაცთა თანასწორნი არიან. აქაც მხედველობაშია მისაღები გამონაკლისი შემთხვევები, კერძოდ, ბერობასთან დაკავშირებული აღთქმები.
დიაკვნობა ასევე იწვევს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტას. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთია ჯვრისწერაში მონაწილეობის აკრძალვა, ანუ ჯვრისწერის უფლების ჩამორთმევა. ასევე ეკრძალება საერო სანახაობებში მონაწილეობა, საერო სამსახურში შესვლა (გარდა პედაგოგიურისა), სამხედრო სამსახურში შესვლა და სხვა.
მეორე ქიროტონია არის მღვდლად კურთხევა. მღვდლად მხოლოდ დიაკონი იკურთხება. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმა აღესრულება ქიროტონიის თანმიმდევრობის მკაცრი დაცვით და ყოვლად დაუშვებელია რომელიმე საფეხურის გამოტოვება. აუცილებელია ითქვას, რომ მოციქულთა ბ (2) კანონით დიაკვნისა და მღვდლის კურთხევისათვის საკმარისია ერთი ეპისკოპოსი.
მღვდლობა დიაკვნობისგან განსხვავებით ნაკლებად აწესებს ახალ აკრძალვებს, რადგან, ფაქტობრივად, დიაკონიც და მღვდელიც სასულიერო პირია. სამაგიეროდ, დიაკვნისაგან განსხვავებით მღვდელი იძენს ახალ უფლებებს და ეკისრება განსხვავებული ვალდებულებანი.
მღვდელს უფლება აქვს:
ა) შეასრულოს ყველა საიდუმლო, გარდა მღვდლობისა; ბ) აკურთხოს ყველა საღვთისმსახურო ნივთი, გარდა წმ. ოდიკისა; გ) იქადაგოს საღმრთო სჯული; დ) შეასრულოს სხვა მღვდელმოქმედებანი, გარდა წმ. მირონის კურთხევისა.
მღვდელი ვალდებულია:
ა) იზრუნოს სამწყსოზე; ბ) იცხოვროს წმიდა სახარების მიხედვით და იყოს მაგალითი ქრისტიანული და ზნეობრივი ცხოვრებისა; გ) შეასრულოს საეკლესიო სამართლის ყველა მოთხოვნა, აგრეთვე სინოდის განჩინებანი, საპატრიარქო და სამღვდელმთავრო კურთხევა; დ) მკაცრად დაიცვას მსახურების განწესი, განსაკუთრებით საღმრთო საიდუმლოებისა.
ეპისკოპოსი წმიდა მოციქულებიდან მომდინარე უწყვეტი იერარქიული ხელდასხმის მადლით არის ეპარქიის საჭეთმპყრობელი და მისი კანონიკური მმართველი. ეპისკოპოსის კურთხევა, მოციქულთა ა (1) კანონით აღესრულება 2 ან 3 ეპისკოპოსის მიერ.
სამოციქულო მადლის მქონე ქრისტესმიერი მღვდელმთავარი:
ა) უფლებამოსილია შეასრულოს ყველა მღვდელმოქმედება, მონაწილეობა მიიღოს მღვდელმთავრის კურთხევაში; ბ) წარმოადგენს ეპარქიის ადმინისტრაციულ მმართველს; გ) წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს ეპარქიის მრევლისა და სამღვდელოებისათვის; დ) უფლებამოსილია თავისი ომოფორის ქვეშ მყოფ ქრისტიანებს შეუფარდოს და მოუხსნას საეკლესიო სასჯელი; ე) უფლებამოსილია გააუქმოს ჯვრისწერა დადგენილ შემთხვევებში და წესით; ვ) უფლებამოსილია გააუქმოს, თუკი ეს დასაშვებია, გარკვეული დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც ხელს უშლის მორწმუნეს მღვდელმოქმედებაში მონაწილეობაში.
მღვდელმთავრის ქიროტონიაში გამოიყოფა სამი ხარისხი: ეპისკოპოსის, მთავარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის. დღესდღეობით, საქართველოს ეკლესიაში ეს ხარისხები მხოლოდ პატივით არიან განსხვავებული და მათ არანაირი იურიდიული სხვაობა არ გააჩნიათ. ყურადსაღებია მღვდელმთავრის, როგორც ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის უფლებები და მოვალეობები. ეკლესიის საჭეთმპყრობელი, ცხადია, ქიროტონიით თანასწორია მღვდელმთავრებთან, მაგრამ აღემატება მათ უფლებრივად. მას შეუძლია მოიწვიოს და უხელმძღვანელოს წმიდა სინოდს, გასცეს კურთხევა მთელი ეკლესიის მრევლისა და სამღვდელოებისთვის, გამოიტანოს სავალდებულო ძალის მქონე განჩინება ან ბრძანება. იგი ხელს აწერს და ამტკიცებს წმიდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
დიდ სჯულისკანონში სამღვდელო პირთა უფლება-მოვალეობანი მოცემულია გაბნეულად და არაერთგვაროვნად. ზოგიერთი ეხება სამივე ქიროტონიის სასულიერო პირებს, როგორიცაა, მაგალითად, სამხედრო სამსახურის აკრძალვა, ზოგი მხოლოდ დიაკონს, ღვთისმსახურთათვის დახმარებასთან დაკავშირებით, ზოგიც მხოლოდ მღვდელს, წირვის აღსრულებისთვის კურთხევის სავალდებულობასთან დაკავშირებით, ასევე დიაკონს და მღვდელს, ან მღვდელს და ეპისკოპოსს ან მხოლოდ ეპისკოპოსს და ა. შ.
|